მოსკოვი და თბილისი აფხაზეთში მართვადი ქაოსის შექმნას ცდილობენ

მოსკოვი და თბილისი აფხაზეთში მართვადი ქაოსის შექმნას ცდილობენ

        გუშინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ რუს კოლეგასთან, აგრეთვე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურებთან, რომლებიც ეროვნული უშიშროების სფეროს კურირებენ. მოსკოვიდან თედო ჯაფარიძე ბუქარესტში მიფრინავს, თუმცა, ამჯერად ევროპაში მის მისიას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს. გაცილებით ნიშანდობლივია სტუმრობა რუსეთის დედაქალაქში. თანაც აშკარაა, რომ ვიზიტი იმართება იმ დროს, როცა თბილისშიც და სოხუმშიც ვითარება შესამჩნევად დაიძაბა.

        რუსთაველის გამზირზე გრძელდება შიმშილობა აფხაზეთიდან სამშვიდდობო ძალთა გაყვანის მოთხოვნით. ამასობაში კი თვით აფხაზეშთიც მწიფდება ძალზე საგულისხმო მოვლენები.
        ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვში მოლაპარაკებათა ძირითადი თემაც სწორედ ეს მოახლოებული აფეთქება გახდება. თბილისში ამ მოვლენათა შესახებ ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. არადა, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არასდროს სეპარატისტთა ბანაკში ისეთი დაძაბული ვითარება, ისეთი შუღლი და დაპირისპირება არ ყოფილა, რგორიც ამჟამად.
        არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში საქმე მივიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებამდე არძინბას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. თვით არძინბას, პრინციპში, სეპარატისტები არაფერს ერჩიან. პირიქით, ალო წარსულში ლეონ მეორის (VIII საუკუნე) შემდეგ უდიდეს აფხაზ მოღვაწედ აღიარებენ. დღეს რომ მოკვდეს, ყველაფრის მიუხედავად, ძეგლსაც დაუდგამენ, მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ არძინბა უიმედოდ არის დაავადებული ძალზე იშვიათი ავადმყოფობით (ალცჰაიმერის სინდრომით), რომელი იწვევს სისხლძარღვების დამბლას, მაგრამ იმავდროულად, ავადმყოფი «ფორმალურად» ინარჩუნებს სიცოცხლეს სრული უმოქმედობის პირობებში. ამ სინდრომით არის ავად დიდი რონალდ რეიგანი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფება თითქმის სრული ათი წელია, მაგრამ, ცოცხალია.
        რეიგანთან ძაღლთაპირი არძინბას შედარება რა მოსატანია – აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ სისხლძარღვთა პათოლოგიის მიზეზი, ფსიქიკური აშლილობაც შეიძლება იქცეს.
        ვლადისლავ არძინბა მძვინვარე ნაციონალიზმის სიგიჟეში გადაზრდის კლასიკური ნიმუშია. ვინც ახლოს იცნობდა, ყველა ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან არ ტოვებდა ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას. ამდენად, მისი სულიერი ავადობაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ, ვიდრე ეს სიგიჟე ქმედითობაზე არ ზემოქმედებდა, სეპარატისტები ყოველივეს ნორმალურად აღიქვამდნენ. ოღონდ, როდესაც არძინბას ლაპარაკი გაუჭირდა და ზოგჯერ ოჯახის წევრებს ვეღარ ცნობდა, აფხაზეთში გაუჩნდათ არცთუ უსაფუძვლო შიში, რომ პრეზიდენტის ავადმყოფობას შეეძლო ნეგატიურად ემოქმედა აფხაზეთის ინტერესებზე და ქართულ მხარეს ამით ესარგებლა კიდეც.
        პირველი სიმპტომი იყო გელაევის ჯგუფის გადაბარგება აფხაზეთში, რამაც ნამდვილად დააშინა სეპარატისტთა ელიტა. ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ კი სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა (ისე, რომ თბილისს არ ეუპებოდნენ) დაიწყეს ლაპარაკი პრეზიდენტის წასვლის აუცილებლობაზე.
        მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ თვით სასიკვდილოდ განწირული არძინბა მიანც ეჭიდება ძალაუფლებას, როგორც ხავსს, რაც ცოდვილ სიცოცხლეს აკაშვირებს და არაფრის დიდებით არ უნდა წასვლა.
        საქმე იქამდე მივიდა, რომ არძინბა იძულებული გახდა, დაპირისპირება ანქვაბთან და სხვა კონკურენტებთან სააშკარაოზე გამოეტანა. ამას წინათ, «რესპუბლიკა აბხაზია»-მ სხვისი მეშვოებით, ვინც მისი საცოდავი ბლუყუნი ჩაიწერა) განაცხადა, რომ აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი (აწ, უკვე მისი კონკურენტი) ალექსანდრე ანქვაბი მოღალატეა, მან თვითნებურად გამოაძევა (!) შინაგან საქმეთა მინისტრი კაბინეტიდან გივი ლომინაძე 1992 წლის 24 ივნისს (ეს აშკარა ტყუილია – ავტ.), რითაც საქართველოსთან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა, ხოლო შემდეგ აფხაზურ გვარდიას იარაღი დაუმალა, რათა ქართველებისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ.
        ასეთი ბრალდება აფხაზური სეპარატიზმის ერ-თერთი ლიდერის მიმართ მართლაც ძალიან დიდ მოვლენებს მოასწავებს, მით უმეტეს, რომ იმავე ინტერვიუში არძინბა მომხრეებს აფრთხილებს, არ გაჰყვნენ ანქვაბს, ვინაიდან «ის დიდი ხნის განმალვობაში მუშაობდა შევარდნაძესთან შინაგან საქმეთა სამინისტროში და ქართველების აგენტია».
        გარდა ამისა, არძინბა წუწუნებს, რომ აფხაზები მას უსინდისოდ და უმადურად ეპყრობიან: «საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ორგანიზაცია «ამცახარამ» ჩემი გადადგომა 14 მაისს მოითხოვა, ჩემს დაბადების დღეს, განა ეს მეკუთვნის მას შემდეგ, რაც გავაკეთე აფხაზი ხალხისთვის უმძიმეს წლებში, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს?»
        საამისოდ არძინბამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ სეპარატისტებს ამ, ეგრეთ წოდებული, «დამოუკიდებლობის» ამჟამინდელი ხარისხი და რაობა არ აკმაყოფილებთ.
        გარდა ამისა, ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ საქართველო აფხაზეთის დაკარგვას არ შეურიგდება. ამიტომ მომავალი (შესაძლო) ომის დროს ქმედითი ხელისუფალი და «მხედართმთავარი» სჭირდებათ.
        სწორედ ამ ვითარებას განიხილავენ მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის უშიშროების საბჭოთა მესვეურები. რუსეთის ინიციატივა კი იმას ნიშნავს, რომ კრემლი არცთუ კმაყოფილია აფსუანური ელიტით, რომლეიც აფხაზეთის რუს მოსახლეობას არ სწყალობს. ამიტომ, მოვლენათა შესაძლო განვითარების გზათა პროექტირებისას თბილისთან ურთიერთმოქმედებასაც არ გამორიცხავს, მით უმეტეს, რომ სოხუმში უკვე ყველაფერია მოსალოდნელი – სამოქალაქო ომის ჩათვლით. არძინბას ხომ ფანატიკოსი მომხრეები არ აკლია.

დილის გაზეთი, 14 ივლისი, 2003 წელი