მოსკოვისაკენ - როკის გვირაბის გავლით

მოსკოვისაკენ - როკის გვირაბის გავლით

    
       

 დღეს რუსეთის დედაქალაქში იწყება ქართულ-რუსულ-ოსური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ (არსებული ფორმატის შესაბამისად) საქართველოს, «ჩრდილო» და «სამხრეთ» ოსეთების და რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლები.
        საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს მინისტრი გოგა ხაინდრავა. ნიშანდობლივია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შედის აგრეთვე, ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი.
        ეს ფაქტი, აგრეთვე, გოგა ხაინდრავასა და თვით დავით კეზერაშვილის განცხადებები ცხადყოფენ, რომ მოლაპარაკებათა ძირითადი თემა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე «ანტიკონტრაბანდული ოპერაცია» და როკის გვირაბის ერთობლივი გაკონტროლება იქნება.
        გოგა ხაინდრავას თქმით, ქართული მხარე მკაფიოდ და პრინციპულად დასვამს ამ საკითხს კოლეგა-პარტნიორების წინაშე: «თუ ნამდვილად სურთ ანტიკონტრაბანდული ოპერაციის შეწყვეტა სამხრეთ ოსეთში, მაშინ უნდა დაეთანხმონ როკის გვირაბის ერთობლივ გაკონტროლებას და საბაჟო პუნქტის შექმნას უშუალოდ საზღვარზე».
        დავით კეზერაშვილის დადასტურებით კი: _ რა თქმა უნდა, თვენთვის ბევრად იოლი იქნება კონტრაბანდის შეჩერება როკის გვირაბთან, ვიდრე ცხინვალის მიდამოებთან.
        აქედან ჩანს, რომ «კონტრაბანდის შეჩერება» ქართულმა მხარემ, მთლიანად, კონფლიქტისა და «სამხრეთ ოსეთის» პრობლემის ცენტრალურ საკითხად აქცია. ღიად არავის უთქვამს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოსური მხარე დაეთანხმება როკის გვირაბთან ერთობლივი საბაჟოს გახსნას, საბაჟო შემოსავლების ნახევარი (ისევე, როგორც აჭარაში), შესაძლოა, «სამხრეთ ოსეთის» ბიუჯეტში დარჩეს.
        საქართველო ამით ბევრს არაფერს დაკარგავს, ვინაიდან ხსენებული თანხა ისედაც ბიუჯეტის მიღმა მოძრაობდა, ხოლო დემპინგურ ფასებად შემოტანილი კონტრაბანდა მთლიანად ანგრევდა ქავეყნის შიდა ბაზარს. მაშასადამე, უმთავრესი საკითხია, თუ როგორ მიიღებენ რუსები და ოსები წინადადებას როკისთან ერთობლივი საბაჟოს დაფუძნების შესახებ.
        მიუხედავად ოპტიმისტური განცხადებისა, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალის, ვლადიკავკაზისა და მოსკოვის ამ წინადადებაზე თანხმობის ალბათობა ზუსტად ნულის ტოლია. ასეთი შეთანხმება, უბრალოდ, გამორიცხულია, რადგან ოსები არაფრის დიდებით არ შეურიგდებიან «ორ ოსეთს შორის ქართველი მებაჟეების არსებობას», როგორც ედუარდ კოკითმა განაცხადა ერთ-ერთ მიტინგზე, რაკი მათი მიზანია «ორი ოსეთის გაერთიანება და მათ შორის ყოველგვარი საზღვრის მოსპობა».
        ბუნებრივია, ამ ვითარებაში, პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც ისედაც მწვავედ აკრიტიკებენ «მოკავშირე ოსების ხარჯზე სააკაშვილთან გარიგების გამო», საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის სტრატეგიულ მოკავშირეებს ნამდვილად არ აწყენინებს.
        არსებობს ილუზია, თითქოსდა კონტრაბანდის შეწყვეტის შედეგად «სამხრეთ-ოსეთის» ბიუჯეტი დაზარალდება და ეს აიძულებს ცხინვალს, თბილისთან დათმობაზე წასვლას.
        ასეთი იმედი აშკარა პოლიტიკური ილუზიაა: ჯერ ერთი, რუსეთს სულ მცირე პრეფერენციებით შეუძლია აუნაზღაუროს «სამხრეთ ოსეთს» ეკონომიკური ზარალი. გარდა ამისა, ოსებს (და მათ მფარველებს) აშკარად აქვთ იმედი, რომ «ანტიკონტრაბანდული კამპანია» დიდხანს ვერ გასტანს, ერგნეთის მოვაჭრეები, ვინც უმუშევარი დარჩა, მოაწყობენ მიტინგებს, დემონსტრაციებს, გადაკეტავენ გზებს, დაიწყება შეტაკებები ხელისუფლების სტრუქტურებთან, იქნებ სისხლიც დაიღვაროს (რაც ძალიან სურთ) და ხელისუფლება იძულებული გახდება, აღადგინოს ერგნეთის ბაზრობა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ანადგურებდა ქვეყნის ეკონომიკას და რომლითაც მრავალი ბობოლა ჩინოსანი ითბობდა ხელს.
        ამ ვითარებაში, საქართველოს დელეგაცია, ალბათ, მწვავე განცხადებებს გააკეთებს იმ «არაკონსტრუქციული პოზიციის» გამო, რასაც «პარტნიორები» დაიკავებენ.
        მაგრამ ამგვარი განცხადებებით ვერავის გავაკვირვებთ.
        აუცილებელია არა მხოლოდ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ძალიან ფრთხილად მოქმედება თვით ცხინვალის რეგიონში, კოკოითის ბოლო განცხადება, რომლითაც მან მოუწოდა «ქართული სოფლების მოსახლეობას, არ დაუშვან მათი დასახლებული პუნქტების ქცევა აფხაზეთიდან გადმოსული ქართველი ბანდიტების (პარტიზანების) კონცენტრაციის ადგილად», ძალიან საშიში სიმპტომია. როგორც ჩანს, ცხინვალის მმართველი დაჯგუფება ამზადებს მასშტაბურ პროვოკაციას, რომლის მიზანია ცხინვალის რეგიონის (ლიახვისა და ფრონეს ხეობების) მთლიანად გაწმენდა ქართული მოსახლეობისაგან და ქართული სოფლების განადგურება.
        ამას ყოველნაირად შეუწყობს ხელს რუსეთი, რომელსაც აწუხებს საქართველოში სახელმწიფოებრივი იდეის აღორძინება და ის პირველი წარმატებები, რასაც ქვეყანამ აჭარაში მიაღწია.
        ამ ოპტიმიზმის «ჩაშხამება» დღეს რუსული პოლიტიკის უმთავრესი მიზანია, რაკი საქართველოს ფეხზე წამოდგომა და ჭაობიდან ამოსვლა მას საშიშად მიაჩნია - მისი გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე.
        მიზნის მისაღწევად კი, ამ ეტაპზე, კრემლმა, შესაძლოა, ოსი მარიონეტები გამოიყენოს.

30 ივნისი, ოთხშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი