მსოფლიო სანავთობო ომი

მსოფლიო სანავთობო ომი

       ერთ ერთ გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს «მსოფლიო ომი» უწოდა. მართლაც, თუ საერთაშორისო პრესას გადავხედავთ, კომენტატორთა უმრავლესობა თვლის, რომ ლამის მთელი დედამიწა და კაცობრიობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგას.
        2008 წელს დაწყებული კრიზისი არ გავს ადრინდელ კრიზისებს. კაპიტალისტურ ეკონომიკაში კრიზისები ციკლურად ხდება. ყველაზე მწვავე იყო 1929 წლის ფინანსური აფეთქება უოლ სტრიტზე, მაგრამ ის კრიზისიც ჩაცხრა და დაწყნარდა. 1998 წლის კრიზისი რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 2008 წლის კატასტროფა კი ვერა და ვერ მოშუშდა. თითქოს იზრდება ინდექსები, სამომხმარებლო აქტიურობა, მაგრამ მუდმივად ხდება რაღაც ისეთი, რაც ყველაფერს წყალში ყრის.
        მაგალითად არაბულ ქვეყნებში დაწყებულმა არეულობამ კრიზისი შეიძლება ისევ უკან «შემოაბრუნოს». თანაც, ბევრად უარესი ფორმით. საერთო ისევ და ისევ ნავთობის ფასებია. სამი წლის წინ, სანამ ამერიკაში უძრავი ქონების და იპოთეკის ბაზარზე აფეთქება მოხდებოდა, 1 ბარელი ნავთობის ფასმა 150 დოლარს მიაღწია. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ ეს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ გამოიწვია.
        რა თქმა უნდა სიმართლე იყო, მაგრამ სწორედ ამ ფანტასტიურმა ფასმა განაპირობა ისეთი გლობალური ეკონომიკური დაძაბულობა, რომ გაიბერა უზარმაზარი «საპნის ბუშტი». შემდეგ კი ერთბაშად გასკდა.
        საქმე დღესაც იქეთ მიდის: სისხლიანი რევოლუციები არაბულ ქვეყნებში არასტაბილურ გარემოს ქმნიან. ამჟამად ტრენდი იგივეა: ტუნისის რევოლუციის დროს ნავთობის ბაზარი «აცახცახდა», ანუ მხოლოდ მერყეობდა. ეგვიპტეში პირველი მიტინგისთანავე 80 დოლარს მიუკაკუნა, ხოლო მას შემდეგ, რაც სიბერეში საბოლოოდ გაგიჟებულმა კადაფიმ საკუთრ ქვეყანაში სასაკლაო მოაწყო, - ას დოლარს ისევ გადააჭარბა.
        ლიბია ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა (ეგვიპტისგან განსხვავებით), ამიტომ ზრდაც უფრო სწრაფი იყო. მაგრამ ბარელის ფასი 200 დოლარსაც მიაღწევს, თუ სერიოზული არეულობა დაიწყო ირანში, სადაც უკვე მოხდა შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის.
        ნებისმიერმა თბილისელმა დიასახლისმა იცის, რომ «როდესაც ბენზინი ძვირდება, ძვირდება ყველაფერი». ეს იციან დიასახლისებმა არა მხოლოდ ჩვენს დედაქალაქში, არამედ ნიუ იორკში, პრაღაში, იოჰანესბურგსა თუ ისლამაბადში.
        ევროპა და ამერიკა გაფაციცებით ცდილობენ იპოვონ გამოსავალი. პირველ რიგში მათი იმედი საუდის არაებთია. ამ ქვეყანას არა მხოლოდ ნავთობის ულევი მარაგი აქვს, არამედ (რაც ბევრად მნიშვნელოვანია) იქ საწვავის მოპოვება ძალიან იაფი ჯდება. ამიტომ, თუ საუდის მეფე მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველდღიური მოპოვება გაზარდოს, ეს დააგდებს ფასებს. ყოველ შემთხვევაში, შეაჩერებს ზრდას. ბარელი ნავთობის 80 დოლარზე გაყინვა იდეალური არ არის, მაგრამ ნაკლებ ბოროტებად ითვლება.
        თუმცა, ეს ყოველივე მაინც დროებითი და წვრილმანი ზომაა. გრძელვადიანი თვალსაზრისით კი, დასავლეთი მუდმივად ამგვარ გაურკვევლობაში, შიშსა და უბედურებაში იქნება, სანამ ეყოლება ისეთი ლიდერები, როგორიც ანგელა მერკელია!
        ოღონდ რუსეთი არ გაღიზიანდეს და ყოველნაირად აფერხებენ, მაგალითად, ტრანსკასპიური ენერგომაგისტრალის შექმნას, რომელიც თურქმენეთის და ყაზახეთის რესურსებს ყველაზე იაფი და მოკლე გზით გაიტანდა დასავლურ ბაზარზე. ამას ემატება ე.წ. «ეკოლოგიური მოძრაობა», რომელიც ყოველნაირად ხელს უშლის და აფერხებს ნავთობისა და გაზის მოპოვებს იმავე ევროპასა თუ ამერიკაში.
        შესაბამისად, თუ ვინმე იგებს ამ «მესამე მსოფლიო ომით» და გლობალურ ეკონომიკაში არსებული დომხალით, იგებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი: ვლადიმერ პუტინმა სიხარულით ამცნო მოქალაქეებს, რომ მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის სავალუტო რეზერვი ათი მილიარდი დოლარით გაიზარდა და თუ ასე გაგრძელდა, მთლიანობაში სულ მალე ტრილიონ დოლარს მიაღწევს. პირველ რიგში ხელფასები სამხედრო მოსამსახურეებს ეზრდებათ. მათ შორის იმათ, ვინც ე.წ. «კალინინგრადის ოლქში» ევროპაზე დამიზნებულ «ისკანდერის» რაკეტებს მოემსახურება

2011