ნავთობის მაგისტრალი ორიენტაციას ინარჩუნებს

ნავთობის მაგისტრალი ორიენტაციას ინარჩუნებს

      

        ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად, კვლავ გააქტიურდა დისკუსია «ნავთობსადენთა მარშრუტების» შესახებ. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ჯორჯ ბუში ტეხასელია, ტეხასი კი მსოფლიოს ნავთობის ინდუსტრიის დედაქალაქია.
        საკმარისია ითქვას, რომ სწორედ ჰიუსტონშია თავმოყრილი უდიდეს ამერიკულ ნავთობისა და გაზის კონცერნთა შტაბბინები, გარდა «შევრონისა», რომლის ოფისი სან-ფრანცისკოში მდებარეობს.
        ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ჯორჯ ბუშ-უმცროსმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველაზე მოკლე და ეკონომიკურად მომგებიანი მარშრუტი კასპიის შელფის დასავლეთში ტრანსპორტირებისათვის იქნებოდა ირანის გავლით - თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტ ჯეიჰანამდე.
        ამ განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ყველა დედაქალაქში, სადაც ამ გეოპოლიტიკურ «პოკერს» თამაშობენ. ტყუილად როდი უწოდა პრეზიდენტმა კლინტონმა «ბაქო-ჯეიჰანს» მე-20 საუკუნის უდიდესი პროექტი.
        ერთი მხრივ, ჯორჯ ბუში აბსოლუტურად მართალია ეკონომიკური თვალსაზრისით. დახედეთ მსოფლიოს ფიზიკურ რუკას და თავად დარწმუნდებით: უმოკლესი და ყველაზე იაფი (რელიეფის გათვალისწინებითაც) გზა ბაქოდან ჯეიჰანამდე სწორედ ირანზე გადის.
        მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ პროექტის განხორციელება (სანამ ირანს მრისხანე აიათოლა ჰომეინის სულიერი მემკვიდრენი მართავენ) - აბსოლუტურად გამორიცხულია. ამრიგად, რჩება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (ვინაიდან ბაქო-ერევანი-ჯეიჰანი საერთოდ არ განიხილებოდა) და უნდა ითქვას, ეს მარშრუტიც რენტაბელური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთი დაუმატებს თავის 20 მილიონ კუბურ მეტრ ნედლ ნავთობს ყოველწლიურად.
        სხვაგვარად, აზერბაიჯანის ნავთობი დასავლეთის ბაზარზე მაინც გადაიტვირთება, ოღონდ არა «ბაქო-ჯეიჰანის» ნავთობსადენით, არამედ ამჟამად მოქმედი ორი მარშრუტით: ბაქო-სუფსა და ბაქო-ნოვოროსიისკი, რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მომგებიანია რუსეთისთვის და წამგებიანი - ამერიკისა და თურქეთისათვის.
        შესაძლოა, ორივე შემთხვევაში აუცილებელი გახდეს მილსადენთა გაფართოება, ახალი მილსადენის აგება ან უფრო მოცულობითი ტერმინალების აშენება, მაგრამ ბაქო-ჯეიჰანის პროექტისაგან ამ ვარიანტს ის განასხვავებს, რომ აუცილებელი იქნება ბოსფორის სრუტის გავლა.
        მონტრეს კონვენციით, ბოსფორის სრუტე გამოცხადებულია «ღიად» საერთაშორისო ნაოსნობისათვის (სამხედრო გემების გარდა). მიუხედავად ამისა, წარმოუდგენელია თურქეთი დაეთანხმოს სრუტეში ნავთობმზიდთა მიმოსვლის გაათმაგებას.
        არადა, სწორედ ასე მოხდება, თუ განხორციელდა თენგიზ-ნოვოროსიისკის, ბაქო-სუფსისა და ბაქო-ნოვოროსიისკის პროექტები (დიდი ნავთობისთვის). ანკარას შეუძლია მოიმიზეზოს ეკოლოგიური ფაქტორები და თანამედროვე მსოფლიოში ამ საბაბს, რასაკვირველია, დიდი «გასავალი ექნება».
        იმავდროულად, უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ყაზახეთის ორჭოფულ პოზიციას «დიდ ნავთობსადენთან დაკავშირებით» და ბაქოს ალტერნატივას სთავაზობს: უკრაინის გეგმით, სუფსაში უნდა აშენდეს ახალი, დიდი ტერმინალი, რომლიდანაც ნავთობმზიდებით ნედლეული გადაიტვირთება ოდესაში, საიდანაც ყოფილი სსრკ-ს «დრუჟბას» ნავთობსადენით გადაიტვირთება ევროპაში.
        სხვათა შორის, ეს არც ისე «ფანტასტიკური პროექტია», ვინაიდან თუ ბაქო-ჯეიჰანის პროექტი არ განხორციელდა, მაშინ სუფსადან ევროპის ბაზრებზე ნავთობის ტრანსპორტირებისათვის, «უკრაინული ვარიანტი» უფრო მომგებიანი და მიზანშეწონილია.
        ოღონდა უკვე თურქეთი ვარდება ორაზროვან მდგომარეობაში, ანუ ანკარა კვლავინდებურად ყველაფერს იღონებს ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განსახორციელებლად.

დილის გაზეთი, 16 იანვარი, 2001 წ.