ზურაბ ჟვანია - ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრე?

ზურაბ ჟვანია - ედუარდ შევარდნაძის მემკვიდრე?

 

    რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვაჟი შეეძინა. ამრიგად, ზურაბ ჟვანიას საკუთარი მემკვიდრის პრობლემა უკვე გადაწყვეტილი აქვს. უფრო რთულად არის საქმე პოლიტიკური მემკვიდრეობის თვალსაზრისით, - საქართველოს პრეზიდენტი ჯერჯერობით «კაჟივით» ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ პოლიტიკური ელიტა ყოველთვის და ყველგან (ყველა ქვეყანაში) აუცილებლად ფიქრობს პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხზე; ამგვარი ძიება თანამიმდევრულობასა და პროგნოზირებადობას მატებს სახელმწიფოებრივ პროცესს; ამრიგად, იგი საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალურ ატრიბუტად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, საქართველოში, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, აქაც იჩენს თავს ერთგვარი გაზვიადება და სავსებით ბუნებრივი რეალობის ჰიპერტროფირებული აღქმა, - «მემკვიდრეობის» საკითხს იმთავითვე უკავშირებენ რაღაც ინტრიგებს, შეთქმულებებს და ა.შ. არადა, სინამდვილეში, არავითარი «შეთქმულება» და «ფარული ინტრიგა» აქ არ არის, - პოლიტიკა, უბრალოდ, ვერ ითმენს სიცარიელეს და ყოველთვის ცდილობს იგი შეავსოს არა მხოლოდ აწმყოში, არამედ მყოფადშიც ანუ პერსპექტივაში.
    ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ორ მოღვაწეს თვლის თავის მემკვიდრედ - ნიკო ლეკიშვილს და ზურაბ ჟვანიას; სახელმწიფო მინისტრის დასახელება ამ კონტექსტში გარკვეულ ეჭვს მართლაც აღძრავს; წარმოუდგენელია, შევარდნაძეს ლეკიშვილი სერიოზულად მიაჩნდეს თავის მემკვიდრედ, რადგან ნიკო ლეკიშვილი (მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მინისტრია), პოლიტიკური ფიგურა არ არის და არც არასდროს ყოფილა. თუ დღევანდელ ვითარებას გავითვალისწინებთ, მას არც მომავალში აქვს შანსი პოლიტიკური ქარიზმა შეიძინოს; უფრო რთულად არის საქმე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით - იგი «ახალი ელიტის» გამოკვეთილი ლიდერია, ანუ სათავეში უდგას იმ დაჯგუფებას, რომელსაც «პოსტკომუნისტურ-ნომენკლატურულ» ოლიგარქიასთან სოციალური თვალსაზრისით საერთო არაფერი ჰქონია; რამდენიც არ უნდა იყვირონ «პროვინციელმა დემოკრატებმა», რომ «ესენი კომკავშირელები არიან» - ფაქტი ფაქტად რჩება: სწორედ «ახალი ელიტა» უჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ გატარებულ რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმას, სწორედ მან მოახდინა ე.წ. «მხედრიონის» საბოლოო დისკრედიტაცია და სწორედ მან აიმაღლა ხმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თბილისშიც და სტრასბურგშიც.
    ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტი არ ყოფილიყო, მაგრამ ზურაბ ჟვანიას აქვს კიდევ ერთი თვისება, რომელიც ზრდის მის შანსებს, - იგი ახერხებს პარალელურად შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა «ძველი ელიტის» ამ ნაწილთან (ნუვორიშები, ელიტარული ინტელიგენცია და სხვა), რომელიც უეჭველად მოიპოვებს ადგილს ახალ სოციალურ იერარქიაშიც; ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ფიგურა ამ თვალსაზრისით შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს ორივე თაობისათვის და იქცეს იმ ისტორიული კომპრომისის განსახიერებად, რომელიც თანამედროვე ქართულ ისტებლიშმენტის ფარგლებში გაფორმდება.

«მსგეფსი», 24 ოქტომბერი, 1996 წელი.