ოსები საქართველოსთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ

ოსები საქართველოსთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ

  

    თბილისის ხელისუფლება ილუზიების ტყვეობაშია
    ორშაბათს, ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება ე.წ. «სამხრეთ ოსეთის» რესპუბლიკის ლიდერს ლუდვიგ ჩიბიროვს. «ყველა პრობლემა არც ამ ერთი შეხვედრით მოგვარდება, მაგრამ იგი მაინც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ნდობის განმტკიცების გზაზე», - ბრძანა პრეზიდენტმა.
    შეხვედრის ინიციატივა ლუდვიგ ჩიბიროვისაგან მოდის, რამაც ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამძაფრა «კონფლიქტის სწრაფად დასრულების» ილუზია.
    უნდა ითქვას, რომ პრობლემასთან დაკავშირებით ერთგვარი ილუზია არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებაშიც არსებობს. ზოგიერთს ჰგონია, აფხაზეთის პრობლემასთან შედარებით, «ოსური საკითხი» ადვილად მოგვარდება და საკმარისია ქართული მხარე შედარებით დათმობაზე წავიდეს (ვთქვათ, დათანხმდეს ოსური პოლიტიკური ავტონომიის ლეგიტიმაციას შიდა ქართლში), რომ ეს პრობლემაც «ამოიწურება». ამგვარი აღქმა უდიდესი შეცდომაა, - მას ძალიან მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა უნდა ითქვას, ქართულ საზოგადოებაში ამ დამღუპველი სტერეოტიპის გაღვივებას თვით ოსი სეპარატისტები უწყობენ ხელს, ვინაიდან მათთვის მომგებიანია «უკანა პლანზე» გადანაცვლება დროებით.
    ზვიად გამსახურდიამ ერთხელ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკის ნიშანდობლივი უცნაურობა აღნიშნა: როდესაც აფხაზეთში პრობლემა იქმნება, სამხრეთ ოსეთში სიმშვიდეა, და პირიქით. არადა, ორივე კონფლიქტი ხომ აშკარად მოსკოვიდან იმართება?! მაშასადამე, აქ არის პოლიტიკური ელემენტი, რომელსაც ქართული საზოგადოება დღემდე ვერ აცნობიერებს: ეს ორი კონფლიქტი თვისობრივად (შინაარსობლივად) განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა მათ შორის თითქოს ბევრი მსგავსებაა.
    რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, საქართველოსთვის «ოსური პრობლემის» გადაწყვეტა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე აფხაზეთისა, ვინაიდან ოსებს სხვა (აფხაზეთისგან განსხვავებული) გეოპოლიტიკური ორიენტირი აქვთ. - ისინი ისწრაფვიან ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას, რომელიც სისხლხორცეულადაა დაინტერესებული რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციით და კრემლის ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირეს წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიაში. აფხაზეთის «პრორუსული» ორიენტაცია კი უფრო ტაქტიკური ხასიათისაა, ანუ მოჩვენებითია. ისტორიულ ტრადიციას მდგრადობა ახასიათებს. იგი ძნელად იცვლება. თუ, რასაკვირველია, თვით ერმა არ შეიცვალა კულტურული თვისებრიობა. ამდენად, აფხაზთა «პრორუსული» მისწრაფება სხვა შინაარსისაა, ვიდრე ოს სეპარატისტთა.
    არავის ეგონოს, თითქოს საქართველოსთვის (შედეგის თვალსაზრისით) ბევრი არაფერი იცვლება ამ განსხვავების გამო. იგივე რუსეთი აფხაზეთზე ზემოქმედებისათვის გაცილებით ნაკლებ ბერკეტს ფლობს, ვიდრე ოსეთზე. ამდენად, აფხაზთა ლიდერებს, ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელი ქმედების უნარი აქვთ: ოსი სეპარატისტები კი მართლა რუსული სპეცსამსახურის «ყურმოჭრილი მონები» არიან.
    ჯერჯერობით ეს სხვაობა კონკრეტულად არ მჟღავნდება», - თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკება, ლუდვიგ ჩიბიროვიც საუბრობს კომპრომისის აუცილებლობაზე, მზად არის, შეხვდეს შევარდნაძეს, მაგრამ ყოველივე მოჩვენებითია. თუ «საქმე საქმეზე მიდგება», ოსები ისეთივე (და უფრო მეტად) უკომპრომისო პოზიციას დაიკავებენ, როგორც არძინბას ხროვა.
    ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ოსური სეპარატიზმი დაკმაყოფილდება «ავტონომიის აღდგენით» ან ფედერაციის სუბიექტის სტატუსით. ოსები (ისევე როგორც აფხაზები) უეჭველად მოითხოვენ «საერთო სახელმწიფოს შექმნას», ანუ კატეგორიულად უარს იტყვიან ერთიანი სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღიარებაზე. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა სხვადასხვა დონის მოლაპარაკებებისას. მაგალითად, «სამხრეთ ოსეთის» წარმომადგენელთა აზრით, ეს ტერიტორია საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ნაწილი. რაკი საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამიერიდან «ავტონომიის აღდგენა» სტატუს-კვოს აღდგენა აღარ იქნება, ამიტომ «ოსეთის» სტატუსიც ხარისხობრივად უნდა გაიზარდოს. «საერთო სახელმწიფო» კი სწორედ ის ფორმირებაა, რომელიც საშუალებას აძლევს ოსურ სეპარატიზმს (და მის მიღმა მდგომ რუსეთს), გააგრძელოს შენელებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და, ამავე დროს, საერთაშორისო სამართლისადმი ფორმალური ლოიალობაც შეინარჩუნოს.
    არ არის ძნელი განსაჭვრეტი, რით დამთავრდება მომავალი მოლაპარაკება. «მხარეები» დაადასტურებენ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კურსის მიმართ ერთგულებას, გამოთქვამენ მზადყოფნას, დააბრუნონ ლტოლვილები და განაგრძონ კონსულტაციები რეგიონის სტატუსის თაობაზე. სანამ აფხაზეთში დღევანდელი ვითარებაა შენარჩუნებული, ჩიბიროვი «ჩრდილში ყოფნას» ამჯობინებს, მაგრამ საკმარისია, შევარდნაძემ მოსკოვში ხელი მოაწეროს ცნობილ «ოქმს» არძინბასთან, რომ ჩიბიროვი უმალვე გაიხსენებს «ხალხთა თანასწორუფლებიანობის» პრინციპს და ანალოგიურ სტატუსს მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, აფხაზეთი და «სამხრეთ ოსეთი» დღესაც თანასწორნი არიან: ცხინვალში კარგა ხნის წინათ გამოაცხადეს «რესპუბლიკა» და კონსტიტუციაც მიიღეს ყველა თანამდევი ატრიბუტით. რამდენიმე დღის წინ დასრულდა ვლადიკავკაზ - ცხინვალის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რის შედეგადაც ცხინვალს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია. ამ ენერგიის საფასურს საქართველო (!) იხდის. ოსი ლტოლვილები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან თანდათან ბრუნდებიან ცხინვალში და ქართველთა სახლებში მკვიდრდებიან, რის შედეგადაც ომამდელი დემოგრაფიული ვითარების აღდგენა შეუძლებელი ხდება; რუსეთის სამშვიდობო ძალები ამ რეგიონში (განსხვავებით ენგურის აუზისაგან), ფაქტობრივად, უვადოდ იმყოფებიან, ამ საკითხში ეუთო რუსეთის მოკავშირეა, ვინაიდან ევროპის პოლიტიკური ტრადიცია «პრეცედენტს» ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას. სამოცდაათი წლის განმავლობაში «სამხრეთ ოსეთის» არსებობა სწორედ ამგვარ პრეცედენტს ქმნის. როგორც ჩანს, ეს გამოუყენებელი ნაღმი კრემლში ჯერ კიდევ არ აუფეთქებიათ. მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ, როდესაც «აფხაზური ფაქტორის» შესაძლებლობები ამოიწურება.
    მანამდე კი კვლავ გაგრძელდება ჩიბიროვის თვალთმაქცური პოლიტიკა და ქართველ პოლიტიკოსთა თავის მოტყუება «იოლი კომპრომისის შესაძლებლობით, მაშინ, როდესაც არათუ იოლი, არამედ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია.
    «7 დღე», 1 ოქტომბერი, 1997 წ.