რუსი «მშვიდობის მტრედები» აფხაზეთიდან ვერ გაფრენილან

რუსი «მშვიდობის მტრედები» აფხაზეთიდან ვერ გაფრენილან

 

    31 ივლისს ამოიწურა აფხაზეთში მყოფი რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» მანდატის ვადა, მაგრამ მათი გაყვანის საკითხი კვლავაც გაურკვეველია. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს მოითხოვოს მათი გაყვანა, თუმცა არც დატოვებას ითხოვს.
    გამოდის, რომ 1 აგვისტოდან სამშვიდობო კონტიგენტი აფხაზეთში ფაქტიურად უკანონოდ იმყოფება. წლის დასაწყისში დაახლოებით ანალოგიური ვითარება შეიქმნა, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ძალზე მტკივნეული პოლიტიკური ფაქტორი - პარლამენტის დადგენილება რუსული ჯარის გაყვანის თაობაზე. ფორმალურად მანდატის ვადის გაგრძელებისათვის საჭიროა «ესენგეს» სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს თანხმობა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტის სიტყვიერი განცხადებაც კმარა. ედუარდ შევარდნაძე კი ამგვარი განცხადებისაგან თავს იკავებს, ვინაიდან რუსეთის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება და საკუთარი პარტიის განაწყენება არ სურს. ისე გამოვა, თითქოს იგი თავიდანვე წინააღმდეგი იყო «რადიკალური ნაბიჯებისა». არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველა განცხადება და ნაბიჯი აფხაზეთთან დაკავშირებით სწორედ პრეზიდენტის ფარული თუ აშკარა «ლოცვა-კურთხევით» კეთდებოდა.
    თავის მხრივ, რუსეთიც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისმა «სამშვიდობო მისიამ» სრული კრახი განიცადა. წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის მეშვოებით პოსტსაბჭოურ სივრცეზე წარმოშობილი კონფლიქტების გადაწყვეტის მცდელობაც.
    კრემლისათვის ესეც ძალიან უსიამოვნო პრეცედენტია. მაგალითად, ამის შემდეგ პოლიტიკურად უხერხული იქნება საუბარი ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანის თაობაზე - რა აზრი აქვს რუსეთის «ჩარევას» სხვა კონფლიქტში, თუ მან აფხაზეთშიც ვერ შეძლო ვერაფრის გაკეთება?! მეორეს მხრივ, რუსეთს ხელთ უპყრია ძალიან მძლავრი კოზირი: იგი უეჭველად მოიგებს, თუ კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის შემდეგ რეგიონში იმაზე უარესი მდგომარეობა შეიქმნება, ვიდრე ჯარების გაყვანამდე იყო. ამ შემთხვევაში წაგებული დარჩება მხოლოდ საქართველო, აფხაზეთი კი უეჭველად მიაღწევს ეკონომიკური ბლოკადის მოხსნას.
    «უარესი მდგომარეობა» კი იმას ნიშნავს, რომ რეგიონში კვლავ განახლდება საომარი მოქმედებები. თუ საქართველო იქცა ჯარების გაყვანის ინიციატორად, მაშინ პასუხისმგებლობაც მასვე დაეკისრება განურჩევლად იმისა, ვინ არის დამნაშავე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, რა პოზიცია უკავიათ დაპირისპირებულ მხარეებს და ა.შ.
    არადა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება უკვე აშკარად მოუწოდებს ომისაკენ. მოსკოვში მყოფი თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, 1 აგვისტოდან დაიწყება საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურების დისლოცირება ენგურის სანაპიროზე და სამშვიდობო ძალების გაყვანისთანავე სწორედ ისინი დაიკავებენ მათ ადგილებს კონფლიქტის ზონაში. ეს, რასაკვირველია, ომის დაწყების მომასწავებელია. თანაც, სამშვიდობო ძალების გაყვანის შემთხვევაში ომის დაწყება რამდენიმე საათის საქმე იქნება: თუ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ არ შეიყვანს ჯარს გალის რაიონის ქვედა ზონაში, მაშინ ამ რეგიონს აფხაზური ფორმირებები დაიკავებენ.
    ისინი მოაწყობენ ქართული მოსახლეობის გენოციდს და გამაგრდებიან ენგურის მარჯვენა სანაპიროზე. პასუხისმგებლობა კი ყველაფრისათვის საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება, რომელმაც «დროულად არ მიიღო საჭირო ზომები».

მერიდიანი, 1 აგვისტო, 1997 წ.