პანკისის გარშემო რკალი ვიწროვდება

პანკისის გარშემო რკალი ვიწროვდება

        კვირას ურეკში ჩატარებულმა ოპერაციამ, რომლის შედეგადაც უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ადამ დეკკუშევი (სინამდვილეში, მისი გვარი გამოითქმის, როგორც დეგკუშევი) დააკავა, სერიოზულად შეცვალა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ტონალობა. პრეზიდენტმა პუტინმა პირადად დაურეკა პრეზიდენტ შევარდნაძეს და მადლობა გადაუხადა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომისთვის. ეს ძალიან სერიოზული არგუმენტი იქნება მოსკოვიდან წამოსულ ცნობილ ბრალდებათა საწინააღმდეგოდ. როგორც ჩანს, რუსები არც ელოდნენ, თუ ქართველი სამართალდამცავები ხატაბის ტერორისტული დაჯგუფების წევრთა დაპატიმრებას შეძლებდნენ ან მოინდომებდნენ.

        ადამ დეგკუშევი, 1999 წლის სექტემბერში, რუსეთის დედაქალაქში განხორციელებული მაშსტაბური ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა. ეთნიკური წარმომავლობით, იგი ყარაჩაელია. სამ თანამზრახველთან ერთად, რომლებიც, სავარაუდოდ, პანკისში იმალებიან, დეგკუშევმა დაგეგმა და განახორციელა ორი სახის აფეთქება, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. რუსული სპეცსამსახურების ცნობით, დეგკუშევმა ბრძანება უშუალოდ ხატაბისგან მიიღო, რომელიც განრისხებული იყო რუსული არმიის მიერ დაღესტნის სოფელ ყარამახისა და ჩობანმახის გადაწვით, რის შედეგადაც ასეულობით ისლამისტი დაიღუპა, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. თავის მხრივ, რუსების მოქმედება განპირობებული იყო ჩეჩნეთის ტერიტორიიდან დაღესტანში ვაჰაბიტთა შეჭრით და ასე შემდეგ.
        ერთი სიტყვით, ჩრდილოეთ კავკასიაში უმოწყალო ომი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები მეთოდებისა და ხერხების კეთილშობილებას არ დაგიდევენ.
        ამჟამად აქტიურად მსჯელობენ, უნდა გადაეცა თუ არა საქართველოს დეგკუშევი რუსეთისთვის. საქმე ის არის, რომ ადამ დეგკუშევის (ისევე, როგორც ტერორისტული ჯგუფის სხვა წარმომადგენელთა) ადგილსამყოფელი რუსეთის უშიროების ფედერალური სამსახურის თანაშმრომლებმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცნობეს საქართველოს უშიშროების სამინისტროს. მათ დაასახელეს კონკრეტულად ის სახლი, სადაც ტერორისტები ცხოვრობდნენ პანკისის ხეობაში. ამის შემდეგ ქართულ მხარეს ან სამხედრო ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა პანკისში, ან სხვა ზომები მიეღო, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი ვაშინგტონთან დაგვასმენდა: ხომ ხედავთ, საქართველოს ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული, 11 სექტემბრის ტოლფასი ტერაქტების წინააღმდეგ არავითარი ნაბიჯის გადადგმა არ სურსო. ამას კი ამერიკელები ნამდვილად არ მოგვიწონებდნენ – ისინი ხომ თავად ეძებენ მთელ პლანეტაზე უსამა ბინ ლადენსა და მის თანამზრახველებს.
        არ არის გამორიცხული, ადამ დეგკუშევი ქართველ სპეცსამსახურებს გამოეტყუებინათ პანკისის ხეობიდან – ურეკში საკუთარი აგენტების მეშვეობით, რომლებიც ტერორისტს ჯერ თურქეთში, იქიდან კი რომელიმე არაბულ სახელმწიფოში გადაყვანას შეჰპირდნენ.
        თუ ეს ნამდვილად ასეა, ოპერაცია მით უფრო წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან დეგკუშევის დაპატიმრება პანკისის ხეობაში ვითარების დესტაბილიზირების გარეშე მოხერხდა.
        რაკი დააკავეს, ბუნებრივია, მისი ექსტრადირებაც გარდაუვალი იყო – წინააღმდეგ შემთხვევაში, პლანეტარული სკანდალი არ აგვცდებოდა. მიუხედავად ამისა, პანკისში დაძაბულობა განუხრელად მატულობს, ვინაიდან იქ მყოფი ჩეჩნური ფორმირებები გრძნობენ თბილისის დამოკიდებულების შეცვლას. დიდწილად ეს მათივე ბრალია: კეთილი ენებათ და შარშან აფხაზეთში გამაგრებულიყვნენ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ. დღეს კი საქართველო, უბრალოდ, იძულებულია, პანკისი, როგორც «გამაღიზიანებელი», მოსპოს. ეს არ ნიშნავს რუსებთან «ერთობლივი ოპერაციის» განხორციელებას, მაგრამ პანკისის «შესავიწროვებლად» სხვა უამრავი მეთოდიც არსებობს, _ ამ საკითხში ამერიკა და რუსეთი იდენტურ პოზიციას დაიკავებენ.
        მოსკოვმა ძალიან ოსტატურად მოახერხა ამერიკელთა მიმხრობა «კონტრტერორისტული ოპერაციის» ფარგლებში, ანუ ისღა დაგვრჩენია, რეალობას შევურიგდეთ.
        ზოგიერთი ცნობით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე მოინახულებს პანკისის ხეობას, სადაც, ალბათ, შეეცდება, პრობლემა მშვიდობიანად გადაწყვიტოს, ანუ შესთავაზებს ჩეჩენ «ბოევიკებს», დატოვონ საქართველოს ტერიტორია.
        ადრე თუ გვიან პანკისის პრობლემა უეჭველად გადაიჭრება, ვინაიდან ამას მოითხოვს რეგიონში გეოპოლიტიკურ ძალთა წონასწორობა.
        ერთადერთი, რამაც ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს, ჩეჩნეთში საომარ მოქმედებათა მკვეთრი გააქტიურება და ჩეჩენ მეამბოხეთა სერიოზული წარმატება იქნებოდა.

დილის გაზეთი, 18 ივლისი, 2002 წელი