პარტიებმა მთავარი პარტია დაიწყეს

პარტიებმა მთავარი პარტია დაიწყეს

        მერობის კანდიდატად გიგი უგულავას დასახელების შემდეგ, საარჩევნო კამპანია საქართველოში ნამდვილად დაიწყო. მანამდე ძირითადი მოთამაშეები მხოლოდ ერთმანეთს აკვირდებოდნენ. ამ «დაკვირვების» დროს კი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატს ელიან, რათა ყველანი ერთად მას შეესიონ.
        სინამდვილეში, მეორე-მესამე ადგილებისთვის ოპოზიციურ კანდიდატთა შორის გააფთრებული ბრძოლაა მოსალოდნელი. უგულავას რომ ვერ დაამარცხებენ, ამას ყველანი შეურიგდნენ. ამიტომაც ავრცელებდნენ ჭორებს «ნაციონალებში» დაპირისპირების შესახებ – აქაოდა, «ამდენი ხნის განმავლობაში კანდიდატი რით ვერ დაასახელესო». არადა, უგულავა მხოლოდ იმიტომ არ სახელდებოდა, რომ ოპოზიციას მისთვის «ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება» არ დაებრალებინა: კანონის თანახმად, მერობის კანდიდატი (თუნდაც ის მოქმედი მერი იყოს), ამ კანონმდებლობით შეზღუდულია. მაგალითად ტელევიზიით მისი საქმიანობის გაშუქებისა და სიხშირის მხრივ.

30 მაისის «პრაიმერიზი»

        ეს ოპოზიციური «მოლოდინი» და ნერვიულობა ცოტა არ იყოს კომიკურ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა: ამით ძალაუნებურად აღიარებდნენ, რომ გიგი უგულავა თვითონაც ფავორიტად მიაჩნიათ. თუმცა, შარშან მიტინგებზე ხშირად გაიძახოდნენ (განსაკუთრებით რატომღაც ქალბატონი ეკა ბესელია აქტიურობდა ამ მხრივ) «უგულავა ყოვლად ურეიტინგოაო». თუ «ყოვლად ურეიტინგოა», მაშინ ასე რატომ ნერვიულობდნენ?
        ჯერ ისეთი საარჩევნო ტექნოლოგია და «ადმინისტრაციული რესურსი» არ მოუგონია ვინმეს, «ყოვლად ურეიტინგო» კანდიდატს მოაგებინო. Aასეთს არანაირი გაყალბება არ უშველის.
        რეალურად, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს ძალიან კარგად იციან, ამიტომ 30 მაისისთვის ერთმანეთს უფრო ეჯიბრებიან, ვიდრე მმართველ პარტიას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, მაისის ბოლოს საქართველოში ორი არჩევნები ჩატარდება: პირველში მოსახლეობა აირჩევს თბილისი მერს და ადგილობრივ ხელისუფლებებს. მეორე არჩევნები კი ისევ ე.წ. «პრაიმერიზია», რაზეც ოპოზიციამ ამდენი ხნის განმავლობაში ყურები გამოგვიჭედა: - ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან, თუ რომელი მათგანი იქცევა «მეორე ნომრად» და 2012-2013 წლებისთვის ნაციონალთა მთავარ მოწინააღმდეგედ.
        სწორედ ამით აიხსნება ის უცნაურობა, რომ უკვე 6 თვეა, ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათივე აღიარებით, «ერთმანეთს უფრო ებრძვიან, ვიდრე ხელისუფლებას». ეს გასაგებიცაა: «მთავარი» და «ნამდვილი» ოპოზიციონერის ტიტული პოლიტიკურ სცენაზე ადგილის მოპოვების გარანტიას ქმნის. ოღონდ თუნდაც ოპოზიციური ფრაქციის ან «საპრეზიდენტო ალტერნატივის» სახით.
        ასე ჩამოყალიბდა საქართველოში ორფეროვანი პოლიტიკური სპექტრი: ხელისუფლება და ოპოზიცია (მთლიანად).ოპოზიციის შიგნით კი გრძელდება გააფთრებული ბრძოლა «ნამდვილი ოპოზიციონერობისთვის». ყველა მონაწილეს მიაჩნია, რომ სწორედ ის არის «ნამდვილი ოპოზიცია», ხოლო ოპოზიციური კონკურენტი – ფსევდოპოზიციაა ან ხელისუფლების მოსყიდული სატელიტი.
        ამ კომიკური ძიძგილაობის პროცესში «სათქმელი» ყველა მხარეს აქვს. თუ, მაგალითად, «რესპუბლიკელები» - «დემოკრატ ქრისტიანებზე» ამბობენ, რომ ისინი «მიშას ფინიები არიან», «ქრისტიან დემოკრატებს» თავის მხრივ, შეუძლიათ თქვან, რომ რესპუბლიკელები ქუჩის საპროტესტო აქციებში თავიდანვე იმ მიზნით მონაწილეობდნენ, რათა ეს პროცესი ემართათ: საჭირო მომენტში ხალხი «არ დაეძრათ» სახელმწიფო კანცელარიისკენ და იპოდრომზე წაეყვანათ. ანუ, «კიდევ გასარკვევია ვინ არის აგენტი».
        როგორც ჩანს, 30 მაისსაც სწორედ ეს ორი პოლიტიკური ძალა შეეჯახება ერთმანეთს ოპოზიციურ მზისქვეშეთში ადგილის მოსაპოვებლად: გიორგი თარგამაძის «ქრისტიან დემოკარტები» და ძმები ბერძენიშვილების «ალიანსი».
        ხსენებული ალიანსის «ლიდერ» ალასანიას თავი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ეგონა, მაგრამ ჭადრაკის სასახლეში მისი გამოჩენის შემდეგ «ძმებმა» შეახსენეს, ვინ არის სახლში უფროსი.
        ის, რაც მაშინ მოხდა, გასაკვირი არ არის და სწორედ იმას ადასტურებს, რომ «რესპუბლიკელები» ნამდვილ მოწინააღმდეგედ არა გიგი უგულავას და მმართველ პარტიას, არამედ სხვა ოპოზიციურ ძალებს თვლიან. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი ის კი არ არის, გაიმარჯვებს თუ არა უგულავა, არამედ ის, ვინ დაამარცხებს მას.
        «ძმებისთვის» მიუღებელია უგულავა გია ჭანტურიამ, გოგი თოფაძემ ან ზვიად ძიძიგურმა (ესე იგი ნოღაიდელმა) დაამარცხოს და არა მათმა კანდიდატმა.

პაიკები

        ამრიგად, 30 მაისისათვის პარტია შემდეგი ფიგურებით გათამაშდება: მმართველი პარტიის კანდიდატი, გიგი უგულავა, რომელიც ყველა გამოკითხვით უსწრებს მოწინააღმდეგეებს; ირაკლი ალასანია, ვინც იმავე გამოკითხვებით უსწრებს ყველა სხვა ოპოზიციურ კანდიდატს; გოგი თოფაძე, ვისი შანსიც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმ არჩევნებში უფროსი თაობის ამომრჩეველი; ქრისტიანი, აგრეთვე დემოკრატი გია ჭანტურია, ვინც მუშურ-გლეხურ ლეიბორისტულ პარტის (რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს) ედავება ამომრჩეველს პოპულისტური დაპირებებით «უფასო» წყლისა და გაზსა თუ დენზე «კომუნისტების დროინდელი ფასების» შესახებ.
        ამ პირველ ოთხეულს დიდად ჩამორჩება დანარჩენი კამარილია – რამდენიმე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიის სახით. მათგან მეტნაკლები შანსი, ევაჭროს სხვებს, მხოლოდ ნოღაიდელის დაჯგუგებას აქვს. თვით ექსპრემიერი არჩევნებში არ მონაწილეობს, მაგრამ მისი ფინანსური შესაძლებლობები მაინც აძლევს შანსს ზვიად ძიძიგურს, «საკუთარი ხმები» ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური ობლიგაციის სახით დააბანდოს და მოგება მხოლოდ 2 წლის შემდეგ – საპარალმენტო არჩევნებისას მიიღოს.
        30 მაისი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამით «ჭადრაკის დაფაზე» ფიგურები საბოლოოდ დალაგდება მომავალი დიდი არჩევნებისთვის. მონაწილე პარტიებს სინამდვილეში მხოლოდ ეს აინტერესებთ, ამდენად, «ჭექა-ქუხილის» მოსურნე რევოლუციონერებს (მათ შორის ქალბატონ ბურჯანაძეს, ვისაც თავი შეცდომით ლაზიერი ეგონა და ალბათ ახლაც ჰგონია) არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ არც სხვა პარტიები მისცემენ საშუალებას, დაფა «აყაროს» და თამაში საერთოდ შეწყვიტოს: მათ ჯერ ერთმანეთთან აქვთ საქმე გასარკვევი და სანამ ამ «გარჩევას» არ მორჩებიან, რევოლუციისთვის არ ეცლებათ.
       2010