პარტიზანული დაჯგუფება «თეთრი ლეგიონი» ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

პარტიზანული დაჯგუფება «თეთრი ლეგიონი» ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

    ქართული პარტიზანული მოძრაობა «თეთრი ლეგიონი», რომელიც იმედის ერთადერთი სხივია აფხაზეთის უკუნეთში, აშკარად უკმაყოფილოა ხელისუფლების «შემრიგებლური» პოლიტიკით სეპარატისტთა მიმართ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბოლო აქცია (რუსი «მედესანტეების» მოტაცება) სწორედ ამ უკმაყოფილების გამოხატულება იყო. თუმცა მას სხვა (უპირველესი) დანიშნულებაც ჰქონდა: «ლეგიონერები» მოითხოვდნენ მათთვის ბოჯგუასა და ხუხუას ცხედართა გადმოცემას. ისინი აფსუა მილიციელებმა დახვრიტეს ოჩამჩირე-გალის საზღვარზე 14 აგვისტოს - თბილისში ვლადისლავ არძინბას ჩამოსვლიდან ერთი საათის შემდეგ. ესეც ნიშანდობლივია: როდესაც სეპარატისტთა ლიდერი საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა, აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი. მათ უმალ დაიწყეს დამსჯელი ოპერაციები ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ ამ «ოპერაციას» შეეწირა ორი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე.
    «თეთრი ლეგიონის» ქმედებამ ერთხელ კიდევ შეგვახსენა, რომ ქართველები ბოლომდე არ გადაშენებულან თუ გადაგვარებულან და ზოგი რამ მათაც შეუძლიათ. მძევლად აყვანილი ორი რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი გუდაუთაში დისლოცირებულ ¹345 სადესანტო პოლკში მსახურობდნენ, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ანტიქართულ ომში და, ამდენად, «ნეიტრალურ» ძალად ვერ ჩაითვლებიან.
    რუსეთმა მძევალთა გასათავისუფლებლად აქტიური საქმიანობა გააჩაღა. პირველსავე დღეს საქმის ვითარების გარკვევა სცადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი პრიმაკოვმა. ის გალის რაიონში დამსჯელი ექსპედიციის ორგანიზებით დაემუქრა ქართულ მხარეს, თუ მძევლები დაუყოვნებლივ არ იქნებოდნენ გათავისუფლებულნი.
    მიუხედავად მუქარისა, რუსებს და აფხაზებს მაინც მოუწიათ დათმობაზე წასვლა - ცხედრები პარტიზანებს გადასცეს და მედესანტეები მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი აქ იმ გარემოებამ შეასრულა, რომ რუსები და აფხაზები მოერიდნენ საქმის მეტისმეტ გახმაურებას, რათა საბოლოოდ ნათელი არ გამხდარიყო 14 აგვისტოს თბილისში მათ მიერ ორგანიზებული სპექტაკლის ჭეშმარიტი არსი.
    თუ ქართველი პარტიზანების ქმედების გამო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბებოდა, ასევე «აირეოდა» რუსეთისათვის «ხელსაყრელი» საინფორმაციო ფონი და მოსკოვის მიერ შევარდნაძე-არძინბას შეხვედრის ორგანიზებით ჩაწერილ პოლიტიკურ ქულათა ოდენობაც მკვეთრად შემცირდებოდა.
    ამიტომ რუსებმა არძინბა აიძულეს, ცხედრები დროულად დაებრუნებინა, რათა ინციდენტი ამოწურულიყო. საქართველოს ხელისუფლებისათვის კი ეს ინციდენტი მკაცრ გაფრთხილებად იქცა: როგორც ჩანს, აფხაზებთან შერიგება იმას არ ნიშნავს, რომ ის ხალხიც «შერიგდება» და დაბრუნდება სამშობლოში, ვინც იარაღით ხელში იცავდა საკუთარ მიწა-წყალს. გამოდის, ამ ადამიანებს დასაკარგი არაფერი აქვთ, - სულ ერთია, მათ აფხაზეთში არავინ დააბრუნებს. მაშასადამე, როგორი ხელშეკრულებაც არ უნდა დადონ თბილისმა და სოხუმმა, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ. საამისოდ მათ ყველა პირობა აქვთ: სარგებლობენ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, გააჩნიათ შეიარაღება, საბრძოლო აღჭურვილობა და ა.შ. ფაქტობრივად, რუსი სამხედროების მოტაცებით «თეთრმა ლეგიონმა» ხელისუფლებას მიანიშნა, რომ მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი «სამშვიდობო ხელშეკრულება» შეიძლება მკვდრადშობილი აღმოჩნდეს.

მერიდიანი, 26 აგვისტო, 1997 წ.