პიატიგორსკი, როგორც ახალი რუსული კონფედერაციის ცენტრი

პიატიგორსკი, როგორც ახალი რუსული კონფედერაციის ცენტრი

  

   14 აგვისტოს, ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ პიატიგორსკში შეიკრიბა რეგიონის «სოციალურ-ეკონომიკური ასოციაცია», რომელზეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთით წარმომადგენლებიც მიიწვიეს.
    რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის კონფერენციის გახსნა სწორედ 14 აგვისტოს - აფხაზეთში ომის დაწყების მეექვსე წლისთავზე. ამით გამჟღავნდა ღონისძიების ანტიქართული ხასიათი; აფხაზი და ოსი სეპარატისტების მიწვევაც თავისთავად ძალზე მეტყველი ფაქტია. ღონისძიებაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურები მონაწილეობდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, ასევე რუსეთის მხარეებიდან (ოლქებიდან). კერძოდ, ჩრდილოკავკასიელმა ლიდერებმა საბოლოოდ აღიარეს: სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეები რეგიონის განუყოფელი ნაწილია.
    აი, ასეთ დონეზე დავიდა «კავკასიური ერთობის იდეა». ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც იყო. თავდაპირველად იგი მოიაზრებოდა, როგორც ყველა კავკასიელი ხალხის გაერთიანება. რუსეთის ჩარევა ამ პროცესში სამართლიანად აღიქმებოდა ნონსენსად, ვინაიდან ისინი არც ერთი თვალსაზრისით არ წარმოადგენდნენ «კავკასიელ ხალხს».
    შემდეგ, რუსეთის წყალობით, «კავკასიური ერთობის» იდეა ტრანსფორმირდა «ჩრდილოკავკასიურ, ანუ მთიელთა ერთობაში», რაც შესანიშნავად გამოიყენა კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ნათელი გახდა, რომ «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» იდეის პროფანაცია იყო. ამასთან, საქართველომ თავად მიიღო მონაწილეობა იმ მხეცის შექმნაში, რომელმაც იგი დაგლიჯა და დაასისხლიანა.
    «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» დიახაც გამოხატავდა ჩრდილოკავკასიელთა (მათ შორის აფხაზ სეპარატისტთა) ინტერესებს; პოლიტიკა, ზოგადად, ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა. აფხაზეთის კონფლიქტმა ეს დებულება ნათლად დაადასტურა; არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რატომ «გაქრა» მოულოდნელად მთიელ ხალხთა კონფედერაცია ჩეჩნეთის ომის დროს, ანუ რომელ სოროში შეძვრნენ ის ცოფიანი ვირთხები, რომლებიც ასე აქტიურად ებრძოდნენ საქართველოს და რატომ არ გაილაშქრეს მათ ასეთივე აქტიურობით რუსეთის წინააღმდეგ - ჩეჩნეთის დასაცავად?
    მაგრამ მაშინ კრემლის და «კონფედერაციის» ინტერესები აღარ დაემთხვეოდა ერთმანეთს. ამ კითხვაზე პასუხისას უკლებლივ ყველა ჩრდილოკავკასიელი, დაწყებული აფხაზიდან (ისიც ჩრდილოკავკასიელია წარმოშობით და მენტალიტეტით) დამთავრებული ჩერქეზით, ყაბარდოელით და დაღესტნელით, მით უმეტეს ოსით, თავხედურად აცხადებს: «Россия сильна а Грузия - слаба».
    რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი პასუხია! მაგრამ მეტისმეტად ნუ ავღელდებით. «კონფედერაცია» სწორედ ასეთი პრინციპით შეიქმნა: გავერთიანდეთ საძულველი საქართველოს წინააღმდეგ, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად შესაძლებელია, რუსეთის (არანაკლებ საძულველი რუსეთის) წინააღმდეგ გაერთიანება კი შეუძლებელი ჩანს - რუსეთი - დიდია, საქართველო – პატარა; საქართველოს შეიძლება მოვერიოთ, რუსეთს - ვერ მოვერევით.
    ასე წარმოიშვა და გაქრა «კონფედერაცია», რომელიც შინაარსობრივად ახლაც არსებობს, ოღონდ სხვა ფორმით, განსხვავებული შინაარსით.
    ყველა შემთხვევაში, კავკასიელი მთიელები ერთიანდებიან რუსეთის ინტერესების დასაცავად და სრულიადაც არ აღელვებთ, როგორ იქნება მათი ქმედება აღქმული საქართველოში.
    რუსეთიც, ისევ და ისევ «ჩრდილოკავკასიური ბერკეტის» გამოყენებით, აგრძელებს უაღრესად რაფინირებულ (გაიძვერულ) პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ.
    პიატიგორსკის კონფერენციის უმთავრესი მიზანიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარება იყო. ისევე, როგორც მისი ჩართვა ჩრდილოკავკასიურ სოციალურ სისტემაში. თანაც, მხოლოდ აფხაზეთით საქმე არ შემოიფარგლება.
    ე.წ. «სამხრეთ ოსეთი» აქტიურად ერთვება «ჩრდილოკავკასიურ ასოციაციაში», ვინაიდან ამგვარი ინტეგრაცია მისთვის უმოკლესი გზაა რუსეთთან (ჩრდილოეთ ოსეთთან) გასაერთიანებლად.
    ოს სეპარატისტთა ლიდერის ლუდვიგ ჩიბიროვის განცხადებაც («ჩვენი საბოლოო მიზანი ჩრდილო ოსეთთან შეერთებაა») ნათლად ადასტურებს, რამდენად ფუჭია საქართველოს ხელისუფალთა ოცნება, თითქოს «ქართულ-ოსური კონფლიქტი» უფრო მალე მოწესრიგდება, ვიდრე აფხაზური. საქართველოსადმი სიძულვილით კავკასიელი მთიელები ოსებთან ისტორიულ მტრობასაც ივიწყებენ.

მერიდიანი 19 აგვისტო, 1998 წ.