საერთაშორისო მიმოხილვა. 27 იანვარი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 იანვარი 2022 წელი

აფხაზეთში `მრისხანედ ახლოვდება` 12 მარტის საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ნამდვილად შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო ომში. მით უმეტეს, როცა ბევრი ოპოზიციონერი ციხეში ზის და მათი პარტიები ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ  დაადანაშაულებენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში რეპრესიებით, მედიის მონოპოლიზებით და ა.შ.

აფხაზეთში არჩევნები ტარდება მხოლოდ მაჟორიტარული წესით. ახლა დარეგისტრირებულნი არიან Партия "ЭРА", "Народный фронт за справедливость и развитие", "Амцахара" "Народная партия Абхазии" "Апсны".

ყველა ეს `პოლიტიკური ორგანიზაცია` დაჯგუფებულია საქართველოსთან ომის ვეტერანთა ორი რაზმის გარშემო: `ამცახარა` და `არუაა`. პირველი ხელისუფლებას უჭერს მხარს, მეორე - ოპოზიციას. აფხაზეთში იარაღი ყველას აქვს: არსენალებს ინახავენ ოჯახებში. ყუმბარმტყორცნების ჩათვლით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში გრძელდება საინტერესო მსჯელობა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებაზე, რომ აფხაზეთში უნდა აიკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან.

ოპონენტები ახსენებენ მინისტრს, რომ გასული წლის ბოლოს აფხაზეთის `პარლამენტმა` მიიღო რეზოლუცია `საქართველოს მიერ აფხაზეთის იზოლაციის შესახებ`და ამტკიცებენ, რომ......დასავლური არასამთავრობო ორგანზიაციები აფხაზეთს ამ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაში ეხმარებიანო.

სინამდვილეში, არძინბამ გააჟღერა მოსკოვის მოთხოვნა, რომ აფხაზეთში აიკრძალოს ყველა დასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია და დარჩნენ მხოლოდ რუსული ორგანიზაციები, რასაც `გორჩაკოვის ფონდები`, `პრიმაკოვის ფონდები` და სხვა ამგვარი კლოაკები აფინანსებენ მოსკოვიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლური სახელისუფლებო კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რით ემუქრება პუტინი დასაველთს, თუ დასავლეთი შემოიღებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დანგრევის და უკრაინაში შეჭრის შემდეგ. პირდაპირ ეუბნებიან დახურულ კარს მიღმა, თან `გრადაციას` ალაგებენ ამ 4 ოფციიდან იმის მიხედვით, რამდენად ღრმა იქნება დასავლური საქნციები

ა) უძლიერესი კიბერ-შეტევების განხორციელება დასავლეთის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ბანკებზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ა.შ.

მაგალითად, როგორც ადრეც ვწერდით, რუსეთის საინფორმაციო ჯარებმა რამდენიმე თვის წინ მწყობრიდან გამოიყვანეს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე სტრატეგიული ნავთობსადენი, რის შედეგადაც რამდენიმე შტატი ბენზინის აგრეშე ადრჩა და რაც მთავარია, ეს ბლოკადა ამერიკელებმა კი ვერ მოხსნეს, არამედ `ხაკერებად` გადაცმულმა რუსულმა კიბერ-ჯარებმა გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობამ 5 მილიონი დოლარი გამოსასყიდი გადაუხადა `ხაკერებად გადაცმულ` რუსეთის სპეცსამსახურებს!

თუმცა პუტინისთვის და მისი საინფორმაციო ჯარების სარდლობისთვის მთავარი, რასაკვირველია, ის 5 მილიონი დოლარი კი არ იყო, არამედ შანტაჟი, საბოტაჟი და ამერიკის გაფრთხილება, რამდენად ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის კიბერ-შეტევა.

სამწუხაროდ, საბანკო ინფრასტრუქტურის დესტაბილიზირებაც შეუძლიათ და ამით ლამის მთელი ეკონომიკის ჩამოშლა. რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას ამ უბრალოდ გამაოგნებელ (!!!) ფაქტს, რომ გრანდიოზული ქვეყნის სტრატეგიული მილსადენი ამუშავდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გამოსასყიდი გადაიხადა ბიუჯეტიდან!

ბ) თუ ამერიკა სანქციის სახით აუკრძალავს რუსეთს დოლარით ოპერირებას, დოლარში ვალუტის კონვერტაციას, მაშინ რუსეთის ცენტრალური ბანკი განაცხადებს, რომ წყვეტს იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, კორპორატიული და ბიზნეს-ვალების მომსახურებას და გადახდას, რაც დოლარში აქვს აღებული. ასევე ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. თან დემაგოგიურად და, სამწუხაროდ, არც თუ უსაფუძვლოდ იტყვის: კონვერტაცია ხომ თავად აგვიკრძალეთ და ახლა თქვენ რაშიც გაწყობთ,  იმ მიზნით კონვერტაციის გამონაკლისის სახით დაშვება უკვე ჩვენ არ გვაწყობსო.

გ) უფრო სერიოზული სანქციების და სამხედრო ჩარევის პასუხად, რუსეთი მთლიანად შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპისთვის. ეს დაახლოებით 30%-ია საუკეთესო შემთხევავში. სხვა მონაცემებით კი 40% მთელი ევროპის გაზის მოხმარების.

ამ მოცულობის ჩანაცვლება ცივი ზამთრის პირობებში, როცა `გაზპრომი` ყველაფერს აკეთებს (წარმატებით, სამწუხაროდ), რომ ევროპის გაზსაცავები დაიცალოს, ძალიან რთული იქნება. შესაძლებელი, თუმცა ძვირი და ინფრასქტრურულად რთული, რადგან ამერიკამ და ევროპამ ვერ მოასწრეს ევროპის ჩრდილოეთში ამერიკული თხევადი გაზის (ფიქალის გაზის) გადამუშავების საწარმოები იმ რაოდენობით და სიმძლავრეებით, რომ საკმარისი იყოს.

ჩაანაცვლებენ მაინც რასაკვირველია, ოღონდ ეს იქნება ძვირი და გერმანიას, ასევე სხვა სახელმწიფოებს მოუწევთ `ქამრების შემოჭერა` თან მტკივნეულად შემოჭერა, რაც ევროპელ ამომრჩეველს არ უყვარს.

დ) უკიდურეს შემთხვევაში, რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს, ასევე დამატებით ბირთვულ ტექნოლოგიებს მიაწვდის ირანს, გააგზავნის ბირთვულ წყალქვეშა ნავებს ნიუ იორკის და ლოს ანჟელესის მიმდებარე ნეიტრალურ წყლებში, სადაც მათი `ბლოკირება` თვით ზემძლავრი ამერიკული ფლოტისთვისაც კი რთული იქნება.

წყალსზედა სამხედრო გემის (ვთქვათ `პეტრე დიდის`) ბლოკირება ამერიკულ ფლოტს რამდენიმე წუთში შეუძლია მაგრამ ყალქვეშა ნავი, რომლიც არ იმალება, როგორ უნდა გააძევო ნეიტრალური წყლებდიან? მხოლოდ წყალქვეშა  ბომბების ან ტორპედოების მეშვეობით. ეს კი ომია. ბირთვული ომი!

ნებისმიერ შემთხვევაში, პოსტკოვიდური ამერიკული საზოგადოება, რომელსაც მოენატრა თავშეყრა, მოენატრა გართობა, რომელიც ლოკდაუნების გაუქმების შემდეგ მიაწყდა, ბარებს, კალათბურთის არენებს -  `გოლდენ სტაიტსა` და `ლეიკერსს` შორის პრინციპული დაპირისპირებით დასატკბობად, სტივ  კარის ჯადოსნობის სანახავად,  უსაყვარლესი (კალათბურთზე პოპულარული) ბეისბოლის და ბეისბოლზე პოპულარული `ამერიკული ფეხბურთის` მატჩებს......ამგვარ დაპირისპირებას დიდხანს ვერ აიტანს. ბაიდენის  რეიტინგი კატასტროფულად დაეცემა შემოდგომაზე დანიშნული საშუალედო არჩევნების წინ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკამ წერილობითი პასუხი გასცა მოსკოვს პუტინის ულტიმატუმზე, მაგრამ დაბეჯითებით სთხოვა, ეს პასუხი არ გამოაქვეყნოს. ლავროვმა, გუშინ, გოსდუმის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რაკი ამერიკელი პარტნიორები ამას მოითხოვენ, ``დიპლომატიური ეთიკა გვავალდებულებს, არ გამოვაქვეყნოთო``. კრემლის ულტიმატუმი ხომ თვითონ კრემლმა გამოაქვეყნა და არა ამერიკამ.

ბევრის აზრით, ეს მოთხოვნა არის ვაშინგტონის უმძიმესი შეცდომა, რომელსაც `თამაში` გადაჰყავს ისეთ სივრცეში, სადაც პუტინს და განსაკუთრებით `გენიალურ გაიძვერა` ლავროვს  თამაშს ვერაფრის დიდებით ვერ მოუგებენ:

რა თქმა უნდა უმალვე დაიწყება ჭორების გავრცელება, რომ იმ `დახურულ წერილში` (თითქოს) ამერიკა დაჰპირდა პუტინს ისეთ რამეს, რაც გამოქვეყნების შემთხვევაში, ეწყინებათ ქართველებს და ეწყინებათ უკრაინელებს.

ან შესაძლოა იქ ისეთი კომპრომისებია შეთავაზებული, რაც ასევე არ გაუხარდებათ უკარინელებს და ქართველებს.

ასეც რომ არ იყოს, მოსკოვი აუცილებლად დაიწყებს ამგვარი საინფორმაციო დივერსიების განხორციელებას და სხვათა შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ (მათ შორის უკრაინასა და საქართველოში) ომის `არდაწყებას` გაყიდის ისე, თითქოს იმ `საიდუმლო წერილით` მიიღო ის, რაც სურდა ამერიკისაგან. და ამიტომ ომიც აღარ სჭირდება.

ხომ გაჩნდება ამგვარი ნარატივი უკრაინაშიც და საქართველოშიც? კი გაჩნდება. და რაც მთავარია აბსოლუტურად გულწრფელი, არა პროვოკაციული.

ბევრი თვლის, რომ  რაკი მოსკოვმა წამოიწყო Public diplomacy, გამოაქვეყნა თავისი პოზიცია სრულად, მაშინ სჯობდა ამერიკას ეპასუხა იმავე სივრცეში!

თუ არა და ვნახავთ, რამდენად დააზიანებს ეს ამერიკის ინტერესებს უკვე განურჩევლად იმისა, იქნება უკრაინაში ომი თუ არა: რამდენი კონსპირაციული თეორია გაჩნდება, რამდენი ფეიკური თუმცა ქმედითი არგუმენტი `დაიდება`, როგორ გაიზრდება წყენა, ეჭვიანობა, როგორ აიხსნება რუსეთის ნებისმიერი გადაწყვეტილება (არასაომარი თუ საომარი) ან ამერიკის ნებისმიერი გადაწყვეტილება (ასევე არასაომარი თუ საომარი - ვთქვათ საქართველოში წელს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გაუქმება ან მასშტაბის შემცირება) იმით, თითქოს აი თურმე......აი თურმე რას გულისხმობდა ის საიდუმლო პასუხი.......

და რამდენიც არ უნდა იძახონ მერე ამერიკელმა მეგობრებმა, რომ მათ იმ წერილში კატეგორიულად უარყვეს პუტინის ულტიმატუმი ნატო-ს არგაფართოებაზე, უკრაინა/საქართველოს არმიღებაზე, ევროპის მიტოვებაზე 1997 წლის საზღვრებამდე, მაინც მუდამ იარსებებს ლეგიტიმური კითხვა: ``თუ ასეა, მაშინ რა უშლიდა ხელს საპასუხო წერილის გამოქვეყნებას?``.

ბიზანტიას ბიზანტიური თამაშის წესებით ვერ დაამარცხებ, გამორიცხულია!