პირისპირ

პირისპირ - ეროვნული მოძრაობა

პირისპირ

თბილისში გაცხარებული დაპირისპირების დროს, პრესაში გამოქვეყნდა ედუარდ შევარდნაძის განცხადება, რომლითაც იგი «დაპირისპირებულ მხარეებს» შუამავლობას სთავაზობდა. იმ პერიოდში ქვეყნდებოდა აგრეთვე უბადრუკი ოპუსები «დომუხოვსკიმ დაკითხა შევარდნაძე». ედუარდ შევარდნაძეს არც მეორე მხარე აკლებდა ხელს მაინც და მაინც.
    შევარდნაძის განცხადება («შუამავლობის» შესახებ), თუ პოლიტიკის ენიდან გადმოვთარგმნით, ორივე დაპირისპირებული მხარისაგან გამიჯვნას ნიშნავდა, რამაც არა მხოლოდ «ზვიადისტები» განარისხა (ეგ «კრემლის აგენტი» საქართველოს საქმეებში რატომ ერევაო), არამედ ყრუ გაღიზიანება გამოიწვია გამსახურდიასთან ფანატიკურად დაპირისპირებული «ელიტარული ინტელიგენციის» წრეში.
    18 დეკემბერს, როდესაც ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩებოდა, ოპოზიციურმა ძალებმა მორიგი მიტინგი გამართეს, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა - ომამდე.
    ამ მიტინგმა საბოლოოდ ცხადყო: სისხლისღვრა გარდაუვალი ხდებოდა. ოპოზიციას უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა. ჯანსუღ ჩარკვიანმა წვერი მოუშვა - როგორც ჩანს კონსპირაციის მიზნით. თენგიზ სიგუას ხმაში განწირულობის ნოტა შეეპარა. თუმცა, უკან დახევას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებდა. თუნდაც იმიტომ (ვიმეორებ), რომ უკანდასახევი გზა უკვე მართლაც აღარ იყო.
    მიტინგზე ირინა სარიშვილის განცხადებამ ბევრს ჟრუანტელი მოჰგვარა დაფარული, ქარაგმულად ნათქვამი აზრით. სარიშვილის თქმით, სტუდენტები, რომლებიც პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციებს აწყობდნენ პირველ საშუალო სკოლასთან, «ძალიან დიდ რისკზე მიდიან, ვინაიდან, როგორ ჩანს, ზვიად გამსახურდიამ მართლა რაღაც საშინელება უნდა ჩაიდინოს, რათა მის დამხობას ყველა დაეთანხმოს».
    მკითხველს ვთხოვ, სარიშვილის ფრაზას ყურადღებით დააკვირდეს. ვის გულისხმობდა იგი? ვის უნდა მოეწყო პროვოკაცია «ანტიზვიადისტი» სტუდენტების წინააღმდეგ, რათა შემდგომ ზვიად გამსახურდიას დაბრალებოდა დაღვრილი სისხლი და მისი დამხობის აუცილებლობაში ყველა დარწმუნებულიყო? ვიმეორებ: სტუდენტთა აქცია იმართებოდა პირველ საშუალო სკოლასთან, ანუ პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგიდან რამოდენიმე მეტრში.
    დარწმუნებული ვარ, ბევრი იმ სტუდენტთაგანი ირინა სარიშვილს უნდა უმადლოდეს, რომ ცოცხალი გადარჩა და «ტირანის მოშორებას» ზვარაკად არ შეეწირა. თუ რატომ, მკითხველი თავად მიხვდება.
    მიტინგზე თენგიზ სიგუამ, რომელიც იმ დღეებში ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად აღარ ტოვებდა, ჩახლეჩილი ხმით და აშკარა სიხარულით ამცნო შეკრებილ საზოგადოებას, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას «დინების საწინააღმდეგოდ მცურავი» უწოდა, სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა კი საქართველო იმ ქვეყნად აღიარა, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.
    მაშინდელი ოპოზიცია დღემდე ამტკიცებს: გამსახურდიას რეჟიმის არადემოკრატიულობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ხელს უშლიდაო. მაგრამ ისმის სავსებით ლოგიკური კითხვა: ნუთუ ისლამ კარიმოვის რეჟიმი უზბეკეთში ან საფარმურად ნიაზოვის რეჟიმი თურქმენეთში უფრო დემოკრატიული იყო? არადა ეს ქვეყნები (ისევე, როგორც საქართველო) ამერიკამ დამოუკიდებლად აღიარა უმალვე, როგორც კი დარწმუნდა, რომ ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» დამოუკიდებლობის აღიარება კრემლთან ურთიერთობაში პრობლემებს აღარ შეუქმნიდა. ეს მოხდა მხოლოდ ალმა-ათის სამიტზე (1991 წლის 21-23 დეკემბერი) საბჭოთა კავშირის საბოლოო იურიდიულად დაშლის (მისი გაუქმებისა და დსთ-ს სრული შემადგენლობით დაფუძნების) შემდეგ, ანუ 1991 წლის დეკემბრის ბოლოსა და 1992 წლის იანვრიდან.
    ბალტიის რესპუბლიკები სხვა საქმეა - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის სხვა სიბრტყეში იმყოფებოდნენ იმთავითვე. დასავლეთს არც არასდროს უცვნია ამ ქვეყნების ინკორპორირება სსრკ შემადგენლობაში (რაც სტალინმა განახორციელა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესაბამისად), ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა ბალტიის სახელმწიფოთა დამოუკიდებლობა სცნეს 19 აგვისტოს პუტჩის დასრულებისთანავე - განსხვავებით უკლებლივ ყველა სხვა «მოკავშირე რესპუბლიკისაგან», რომელთა დამოუკიდებლობის აღიარებას არ ჩქარობდნენ.
    «ანტიზვიადისტები» დღემდე იხსენებენ ზვიად გამსახურდიას სენსაციურ განცხადებას ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ (უფროსის) წინააღმდეგ. 1991 წელს აშშ პრეზიდენტი საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა. მოსკოვში მან მიაღწია უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს ბირთვული შეიარაღების შემცირების თაობაზე. საბჭოთა კავშირის დედაქალაქიდან კიევში გაემგზავრა და უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას მოუწოდა უკრაინას, აგრეთვე სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს (ბალტიის ქვეყნებს არ გულისხმობდა) ხელი მოეწერათ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის ანუ შეენარჩუნებინათ ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფო.
    საქართველოს პრეზიდენტმა, საპასუხო განცხადებით, ჯორჯ ბუში მთლიანობაში მაინც საკმაოდ კორექტულად, მაგრამ შინაარსობრივად ლაზათიანად გამოლანძღა: «Джордж Буш, - наследник Вашингтона, Джеферсона, Линкольна и других великих деятелей, призывает порабощённые народы добровольно надеть на себя ярмо империи и смирится с рабством….»
    ზვიად გამსახურდიას განცხადება იმავე დღეს რამოდენიმეჯერ გადასცა ახლადშექმნილმა ტელეკომპანია Cnn-მა სააგენტო «როიტერზე» დაყრდნობით. განცხადების ტონალობა განცვიფრებას იწვევდა ისევე, როგორც მისი შინაარსი: ერთადერთი ზესახელმწიფოს პრეზიდენტს ასეთი ტონით ლაპარაკს იმ დროს უკვე ვერავინ უბედავდა. გორბაჩოვი და ელცინი ბუშის გარშემო «ცუციკებივით» დარბოდნენ და ლამის ხელისგულს ულოკავდნენ. ზვიად გამსახურდიას გარდა ამგვარი განცხადება არც ერთი რესპუბლიკის ლიდერს არ გაუკეთებია – ძლევამოსილი ამერიკის განაწყენებას ხომ ყველა ერიდებოდა.
    თავად ბუშმა კი ეს განცხადება უდავოდ იმიტომ გააკეთა, რომ სინამდვილეში საბჭოთა კავშირის დაშლა (კვლავ ვიმეორებ - ბალტიის ქვეყნების გარდა) ამერიკას სულაც არ ეპიტნავებოდა, ვინაიდან უამრავ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემას შეუქმნიდა (მარტო «ატომურ ღილაკზე» კონტროლის დივერსიფიცირება რად ღირს) და აუტკივარ თავს «აატკივებდა». ჯორჯ ბუში, რასაკვირველია, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობდა - საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთის ან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა მას სულაც არ ანაღვლებდა.
    ზვიად გამსახურდიას დემარშმა, რომელსაც (უჩვეულობის გამო) მსოფლიოში საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა, ამერიკის პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და შესაბამისმა რეაქციამაც არ დააყოვნა: «მე მგონი ეს კაცი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს» - ითქვა საქართველოს პრეზიდენტის შესახებ.
    ანტიზვიადისტურმა ოპოზიციამ ფრაზა უმალვე აიტაცა. სამწუხაროდ მათ ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა – ეს სამოქალაქო ომის კიდევ ერთ ფსიქოლოგიურ და პროპაგანდისტულ ფაქტორს ქმნიდა, ვინაიდან ქართული ეთნოფსიქოლოგიის, მსოფლხედვის, მსოფლგაგების, შემეცნების, თვით ეროვნული კულტურის ერთ-ერთი საფუძველია საპირისპირო პარადიგმა: «დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!»
    აქედან კვლავ და კვლავ გამომდინარეობს დასკვნა, რომ «ანტიზვიადისტური კოალიციის» იდეოლოგთა სიჩლუნგე - «ზვიადისტთა» სიჩლუნგეზე არანაკლები მიზეზი გახდა ფანატიკური სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისა საქართველოში.

    რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ამგვარი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. ამით მან მხოლოდ გაირთულა საქმე და გაანაწყენა თეთრი სახლის ადმინისტრაცია, რომლის ნება-სურვილზე არათუ ბევრი რამ, არამედ მაშინ უკვე ყველაფერი იყო დამოკიდებული. არც ერთი გამოცდილი, კომპეტენტური პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას (ზესახელმწიფოს პრეზიდენტის წინააღმდეგ) არ გააკეთებდა. ანუ ეს ზვიად გამსახურდიას არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა მაგრამ. . . მაგრამ ზემოთთქმული იმას არ ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიამ ტყუილი თქვა და ჯორჯ ბუშის მოწოდება (საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ) მაკიაველიზმის, პოლიტიკური უზნეობისა და პროსტიტუციის ნიმუში არ იყო - სანამ სსრკ-ს ძლევამოსილების «საპირწონედ» სჭირდებოდა, ვაშინგტონი ხომ თავად ყველანაირად უწყობდა ხელს «ანტიმოსკოვური» განწყობილებების გაღვივებას მოკავშირე რესპუბლიკებში?!

    ოპოზიციისათვის მთავარი მაინც ითქვა: ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას მხარს არ უჭერდა. ცოტა არ იყოს ამაზრზენ შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორ ცმუკავდა ზოგიერთი სიხარულით: «გაიგეთ, თურმე ტყუილი ყოფილა, - უკრაინას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უცვნია, არ უცვნია თურმე, არა!» სინამდვილეში უკრაინამ მართლაც სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ისევე, როგორც ყველა სხვა მოკავშირე რესპუბლიკამ, - ერთმანეთის დამოუკიდებლობა. უბრალოდ, «ზვიადისტების» მიტინგებზე იმის გამოცხადება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უზბეკეთმა სცნო, ნაკლებ «პრესტიჟულად» ეჩვენებოდათ, ვიდრე ის ფაქტი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა «ევროპის უდიდესმა სახელმწიფომ (უკრაინამ) აღიარა!».
    1991 წლის 8 დეკემბრის (ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერის) შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის აღიარება დასავლეთის სახელმწიფოებმაც დაიწყეს. სწორედ ეს პროცესი აშინებდა ყველაზე მეტად ოპოზიციას.
    მომდევნო წლებში ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ: «22 დეკემბერს ომის დაწყება აზრადაც არ მოგვსვლია, გადაწყვეტილი გვქონდა საპროტესტო აქციები შეგვეჩერებინა და გაგვეახლებინა მხოლოდ თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში».
    ეს რა თქმა უნდა ტყუილია. სინამდვილეში სიგუა-კიტოვანის დაჯგუფებას და მათ ირგვლივ შემოკრებილ პოლიტიკურ კოალიციას შესანიშნავად ესმოდა, რომ თუ ზვიად გამსახურდიას დაუყოვნებლივ არ დაამხობდნენ, ან, ყოველ შემთხვევაში, ისეთ ვითარებას არ შექმნიდნენ ქვეყანაში, როცა ხელისუფლება პარალიზებული იქნებოდა, - უეჭველად დაიწყებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი, რასაც ხელისუფლება მძლავრ პროპაგანდისტულ არგუმენტად გამოიყენებდა და საკუთარ დამსახურებად გამოაცხადებდა. «ზვიადისტები» დარწმუნებულნი იქნებოდნენ, რომ «თავისუფლება ზვიადმა მოგვიტანა». ამის გამო, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა კიდევ უფრო გართულდებოდა. ამიტომ ოპოზიცია (უპირველესად შეიარაღებული) უკვე ჩქარობდა - იგი სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყო ჩაბმული და მის ბედს არათუ დღეები, არამედ საათები და წუთები წყვეტდნენ.

    დაახლოებით 16-17 დეკემბრისათვის, საბოლოო გადაწყვეტილება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შესახებ სიგუა-კიტოვანს უკვე მიღებული ჰქონდათ. მათთვის ერთადერთი პრობლემა უკვე ის გახლდათ (ამ მომენტს დღემდე არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება) თუ როგორ დაეყენებინათ «ფაქტის წინაშე» ოპოზიციის ზომიერი ნაწილი, რომელსაც გამსახურდია არ სურდა, მაგრამ სისხლისღვრასაც ერიდებოდა (უფრო ეშინოდა).
    იმავდროულად, «შეიარაღებული ოპოზიცია», რასაკვირველია, იმასაც ითვალისწინებდა, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა არჩევნების, ან ნებაყოფლობით გადადგომის გზით, მაშინ პოლიტიკურ ოპოზიციას «გვარდია» და «მხედრიონი» შეიძლებოდა აღარც დასჭირვებოდათ, ხოლო სიგუა-კიტოვანი ახალ ხელისუფლებაში წამყვან პოზიციებს ვეღარ დაიკავებდნენ.
    პოლიტიკური ფონი გამსახურდიას დამხობისათვის სწორედ «შეუიარაღებელმა ოპოზიციამ» შექმნა (თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მრავალი «პარტიელი» იარაღით ხელშიც იბრძოდა რუსთაველზე), განსაკუთრებით ე.წ. «კონგრესში» თავმოყრილმა ძალებმა. მაგრამ მათი არგუმენტების და პრეტენზიების სერიოზულად განხილვა არც ღირს.
    მაგალითად «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია», ჯერ კიდევ სექტემბერში გამოქვეყნებული მანიფესტით, ზვიად გამსახურდიას ბრალს სდებდა «სამაჩაბლოში ოს სეპარატისტებთან ერთობლივი პროვოკაციის მოწყობაში» და იმავე მანიფესტით ადანაშაულებდა, რომ «დანაშაულებრივად გაურიგდა აფხაზ სეპერატისტებს». ანუ ერთ შემთხვევაში თუ სამხრეთ ოსეთში ომის გაჩაღებას უყენებდა ბრალად, მეორე შემთხვევაში იმის გამო ადანაშაულებდა, რომ აფხაზეთში ომი არ გააჩაღა და აფხაზებთან მორიგება გადაწყვიტა. მაშასადამე, ასე მოიქცეოდა, - ისე რატომ არ მოიქცაო; ისე მოიქცეოდა, - ასე რატომ არაო. . . და ა.შ.

    საერთოდ, მთელი იმ ფსევდო «ეროვნული მოძრაობის» უდიდესი სიცრუე ის გახლავთ, რომ ზვიად გამსახურდიას ფრთას თვისებრივად მიჯნავენ იმავე მოძრაობის მეორე («კონგრესულ») ფრთასთან. სინამდვილეში, ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ტაქტიკური აზრთა სხვაობის მიუხედავად, სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს იყო ერთიანი კონცეფციის და იდეოლოგიის პოლიტიკური ძალა. ხოლო ზვიად გამსახურდია ნამდვილად არ ყოფილა იმავე «მოძრაობის» მეორე ფრათასა და დანარჩენ ლიდერებზე უკეთესი, ან უარესი და არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც მთლიანობაში ეწინააღმდეგებოდა «მოძრაობის» იდეოლოგიას, მის მიზნებსა და ამოცანებს.
    პირიქით, მენტალიტეტითა და განწყობით «მოძრაობის» დანარჩენი ლიდერები მისი ტყუპისცალნი იყვნენ. სხვა საქმეა, რომ ოდნავ უფრო ეშმაკები აღმოჩნდნენ ან ოდნავ მეტად გაუმართლათ დროსა და სივრცეში.

    21 დეკემბერს, საღამოს, თენგიზ სიგუამ პირველ საშუალო სკოლასთან მორიგი მიტინგი მოაწყო. «მიტინგების გაერთიანება და ზვიადისტებთან ერთობლივი მიტინგის გამართვა», რა თქმა უნდა საბაბი და ერთგვარი პოლიტიკური ტექნოლოგია იყო, რათა გაემართლებინათ ოპოზიციური მიტინგის მოწყობა მაინც და მაინც იქ, სადაც ხელისუფლების მომხრეები მართავდნენ მიტინგს და, შესაბამისად, შეტაკებაც ადვილი მოსაწყობი ყოფილიყო საჭიროების შემთხვევაში.
    ორივე მხარის ფანატიზმმა და ურთიერთსიძულვილმა მწვერვალს მიაღწია. რუსლან მიქაბერიძე გურამ პეტრიაშვილს ამასხარავებდა: «ამოისუნთქე ბიჭო, ამოისუნთქე. . . !» მიტინგიდან-მიტინგზე გადაძახილი საღამომდე გაგრძელდა. ოპოზიციამ დაიწყო სატვირთო ავტომანქანების გადათრევა, რომლებითაც ხელისუფლების მხარდამჭერთა მიტინგი იყო შემოსაზღვრული. დილარ ხაბულიანი ვითომ მოსალაპარაკებლად გაიტყუეს და თვალებში მჟავა შეასხეს. ამით ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი სერიოზული მოკავშირე ჩამოაშორეს.
    ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების ძალით დამხობის გადაწყვეტილება იმ დროს უკვე მიღებული იყო, ხოლო ხაბულიანის «ნეიტრალიზება» წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი გახლდათ. ამდენად, შემდგომდროინდელი განცხადებები, ხელისუფლების დამხობა აზრადაც არ მოგვსვლია მას პირველს თავად რომ არ ესროლაო, - ცრუპენტელობაა და სხვა არაფერი.
    21 დეკემბერს, საღამოს, კიტოვანის გვარდიის ნაწილმა უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, - ქაშუეთის ეზოსთან, სასტუმრო თბილისთან, კავშირგაბმულობის სამინისტროსთან, აგრეთვე ამ შენობების სახურავებზე პოზიციათა დაკავება დაიწყო. იმ გვარდიელებს შემდგომ «სიგუას დაცვად» ასაღებდნენ. ერთობ შთამბეჭდავი დაცვა იყო: ტყვიამფრქვევებითა და ნაღმსატყორცნებით შეიარაღებული 30-40 კაციანი რაზმი. თავად სიგუა მეგაფონებიან «ფურგონში» იჯდა და საშინელი ხმით ხაოდა: «მოვიდა თქვენი აღსასრულის ჟამი. . . ! მოვიდა თქვენი აღსასრულის ჟამი. . .!!!» პასუხად ზვიადისტები რაღაც სისულელეებს როშავდნენ თავიანთ მიტინგზე. გამოიყვანეს საცოდავი, ცალფეხა კაცი, რომელიც «ძმათა შერიგების» მოწოდებით ჩამოსულიყო სამეგრელოდან - ყავარჯნებით.
    ოპოზიციამ შეძლო «გადამწყვეტ» მიტინგზე ზვიად გამსახურდიაც გამოეყვანა. ეს შემდეგნაირად მოახეხეს: სიგუას «ფურგონიდან» დაიწყეს ყვირილი: «თქვენი პრეზიდენტი გაქცევას აპირებს, ამიტომ ტრანსპორტისაგან წმენდენ გზას - აეროპორტისაკენ». რათა დაედასტურებინა შენობაში ყოფნა, გამსახურდია იძულებული გახდა მიტინგზე გამოსულიყო.
    მოულოდნელად, ორივე მიტინგზე სრული სიჩუმე ჩამოწვა. ზვიად გამსახურდია უჩვეულოდ მშვიდი ხმით ლაპარაკობდა: «მე მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც სისხლისღვრას გამოიწვევს».
    თენგიზ სიგუა გვიან მოეგო გონს და იმავე ჩახლეჩილი ხმით დაიწყო ლაპარაკი: «პრეზიდენტო გამსახურდიავ, რა პასუხს გასცემთ ქართველ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მომართვასთან დაკავშირებით, რომელშიც დაგმობილია თქვენი ხელისუფლება?!»
    - «ეს კითხვა თქვენს არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, სახელმწიფო დეპარტამენტი არასდროს მიმართავს იმ ქვეყნების ხელისუფლებას, რომელთა დამოუკიდებლობა ჯერ ოფიციალურად არ უცვნია. აი, ასეთი უმეცარი რომ ხარ, სწორედ ამიტომ გაგათავისუფლე თანამდებობიდან.»
    - «შენი გასათავისუფლებელი არავინ არ იყო! შენი გასათავისუფლებელი არავის არ იყო!!! . . . გამსახურდია ცრუპენტელააა, გამსახურდია ცრუპენტელაააააა!!!».
    აკი მოგახსენეთ, იმ დროს სიგუას ნახვა და მოსმენა ნორმალურ ადამიანს შეზარავდა.
    გამსახურდია შენობაში შებრუნდა. დაპირისპირება გრძელდებოდა. თუმცა მხარეები გადაიქანცნენ და სულ ცოტა ხანში მიტინგებზე მხოლოდ ზანტი შეძახილი ისმოდა.
    თენდებოდა 22 დეკემბერი - მხოლოდ იმ შემაძრწუნებელმა ატმოსფერომ, რაც პირველი ტყვიის გასროლამდე სუფევდა რუსთაველზე, მომცა საშუალება წარმოსახვით გამეხსენებინა და ბოლომდე შემეგრძნო დიდი სალვადორ დალის სულისშემძვრელი სურათი: «სამოქალაქო ომის წინათგრძნობა».

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა