საერთაშორისო მიმოხილვა. 29 აპრილი. 2022 წელი.
აფხაზეთში ე.წ. NGO-სექტორი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ იმატა ნიგერიიდან (!) იმიგრირებულთა რიცხვმა.
სინამდვილეში ეს იმიგრანტები კი არ არიან, არამედ მუშები, ხელოსნები, რომლებიც აფხაზებს სჭირდებათ ნებისმიერ საქმეში.
10 წლის წინ დაქირავებული მუშების ფუნქციას სამეგრელოდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მიწვეული ქართველები ასრულებდნენ, მაგრამ ამას ისტერიკა მოჰყვა სეპარატისტთა შორის.
მერე უზბეკეთიდან თუ ცენტრალური აზიიდან ჩამოსულ მუშათა რიცხვმა იმატა.
ახლა უკვე ნიგერია......
ზოგადად მუშა-ხელი აფხაზეთში სერიოზული პრობლემაა. რუსები არ შემოდიან, რაკი ძარცვავენ და ამცირებენ, ქართველებს აღარ უშვებენ, აზიელებმაც აითვალწუნეს სეპარატისტული ანკლავი და ახლა ნიგერიას დაადგეს თვალი, როგორც იაფი მუშა-ხელის წყაროს.
. . . . . . . . . . . . .
რუსეთის არმიამ კიევს 5 ბალისტიკური რაკეტით დაარტყა ზუსტად მაშინ, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოლაპარაკებას ასრულებდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან. რაკეტები საცხოვრებელ უბნებში აფეთქდა.
ეს არის გაუგონარი, ისტორიაში არნახული, უპრეცედენტო თავდასხმა უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციაზე. და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის შეურაცხყოფა.
პუტინს მიაჩნია, რომ `ესეც გაუვა`.
ამ დემონსტრაციული თავდასხმის მიზეზი ის გახდა, რომ გუტიერეში რამდენიმე დღის წინ მოსკოვში იმყოფებიდა და პუტინისგან მარიუპოლის გმირი დამცველებისთვის დერეფნის დაშვება მოითხოვა, რათა მათ მარიოპოლიდან გამოაღწიონ და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
თუმცა გუტიერეშმა ამაზე უარი მიიღო თან ძალიან საინტერესო ფორმულირებით: `უკრაინელ მეომრებს გმირებად ვერ ვაქცევთო`.
ანუ პუტინს სურს ეს მეომრები ტყვედ ჩაიგდოს, აწამოს, დაამციროს და ამით უკრაინელი ერის წინააღმდეგობის უნარი გატეხოს.
. . . . . . . . . . . . .
პუტინის სამხედრო წარუმატებლობის ფონზე იზრდება იმის შანსი, რომ იგი ბოლოს და ბოლოს გამოიყენებს სტრატეგიულ ბალისტიკურ რაკეტებს. მათ შორის ახლახანს გამოცდაჩაბარებულ `სარმატს`, რომელსაც NATO-ს კლასიფიკაციით ეწოდება Satan-2 (სატანა). მისი საბრძოლო ნაწილი 200 ტონაა. ჩვეულებრივი ბომბითაც კი მას შეუძლია მთელი კიევის ცენტრი დაანგრიოს ისე, ატომური ბომბი არ გამოიყენოს.
პუტინის შეშფოთებას ის იწვევს, რომ რუსეთში ომით უკმაყოფილოთა რიცხვი 6%-ით ანუ 18%-მდე გაიზარდა.
ოღონდ, როგორც ბევრი წინასწარმეტყველებდა, გაიზარდა არა იმათ ხარჯზე, ვინც აგრესიის წინააღმდეგია, არამედ იმათ ხარჯზე, ვისაც მიაჩნია, რომ პუტინი ჩაფლავდა და უკრაინას ვერ ანადგურებს.
. . . . . . . . . . . . .
კანადის პარლამენტის თემთა პალატამ `უკრაინელი ერის გენოციდი` უწოდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
ეს უმნიშვნელოვანესი ვერდიქტია, რადგან ზოგადად, დასავლეთი ერიდება ისეთი ტერმინების დაკანონებას (!) როგორიცაა `გენოციდი`
ერთია `შეფასებითი მსჯელობა`, როგორიც იყო მაგალითად პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთმა ბუჩაში გენოციდი ჩაიდინა და სულ სხვა დონეა, როცა საკანონმდებლო ორგანო ამბობს იგივეს ანუ აკანონებს ტერმინს და მის მიერ გამოხატულ მოვლენას.
თუ რატომ უფრთხიან დასავლეთში ამ ტერმინის დაკანონებას - რთული თემაა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ებრაელთა გენოციდი მეორე მსოფლიო ომის დროს არა მხოლოდ `კლასიკურად` ითვლება, არამედ ებრაელი ერის აღქმით `ექსკლუზიურადაც`.
გარდა ამისა, ტერმინი `გენოციდი`, საკანონმდებლო დონეზე არის `უკანმიუბრუნებლობის` წერტილი - პუტინი ამით ხდება `ხელჩამოურთმევადი პერსონა` ხოლო მისი ქვეყანა - გარიყული.
კანადის პარლამენტმა დიდი ხნის წინ `გენოციდი` უწოდა ასევე `გოლოდომორს`, ანუ სტალინის სსრკ-ს მიერ უკრაინელთა შიმშილით ამოწყვეტას 1930-იან წლებში.
მაგრამ ის საბჭოთა რეჟიმი იყო.....რომელიც აღარ არის.
პუტინის რეჟიმი და პუტინის რუსეთი კი ჯერ კიდევ არსებობს
. . . . . . . . . . . . .
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უკვე დევს მტკიცებულებანი რუსეთის 64-ე მოტომსროლელთა შენაერთის იმ ჯარისკაცთა და ე.წ. `ოფიცერთა` წინააღმდეგ, რომლებმაც აწამეს უმწეო ადამიანები ბუჩაში.
ყველა მათგანის სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი იციან უკვე გამომძიებლებმა, ფოტოები აქვთ, სამხედრო თანამდებობების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, მათ კარიერასაც იცნობენ, ოჯახის წევრებსაც და ა.შ.
ბუნებრივია, რუსეთი მათ ჰააგას არ გადასცემს, თუმცა კონკრეტული ქეისები და ამ საქმეებზე კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება უბრალოდ სამარცხვინო თავსლაფდასხმაა პუტინისა და მისი ე.წ. `სახელმწიფოსთვის`.
პუტინი ყველანაირად შეეცდება ეს არ შეიმჩნიოს და ყურადღება არ მიაქციოს. სწორედ აქ მჟღავნდება მისი КГБ-შნიკური მენტალობა.
პუტინს გულწრფელად, ამ მენტალობიდან გამომდინარე ჰგონია, რომ `საერთაშორისო სამართალი`, მათ შორის `საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი` `ადამიანის უფლებები` და მათდამი ერთგულება და ა.შ და ა.შ.....რომ ეს ყოველივე მხოლოდ თამაშია, მხოლოდ ფარისევლობაა, ხოლო `ნამდვილი` არის მხოლოდ პრაგმატიზმი, ცინიზმი, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ.
აი ამაში პუტინი სასტიკად ცდება. სინამდვილეში, ეს ყოველივე ნამდვილი ღირებულებებია და სწორედაც მათზეა აგებული დღევანდელი მსოფლიო წესრიგი. ამიტომ რუსეთი აუცილებლად, სასტიკად დაისჯება ასეთი აგრესიისა და ადამიანურობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის. დაისჯება სხვადასხვა ფორმით, თუმცა ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ.
და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრაგმატიზმი და `Real policy`, რადგან სხვაგვარად `მსოფლიო წესრიგი`, რომელიც პატარა ქვეყნებს იცავს ძალმომრეობისაგან, მთლიანად დაინგრევა
ზუსტად ამით აიხსნება, რომ რუსეთის გარიცხვას გაეროს `ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან` იმ ქვეყნებმაც კი მისცეს ხმა (თავიც არ შეუკავებიათ), რომლებიც პუტინს თავის მარიონეტებად და მეგობრებად მიაჩნდა.
პუტინის მენტალობა მისი КГБ-შნიკური მენტალობიდანაც მოდის და ისტორიული წარმომავლობიდანაც: 1946 წლის `ნიურნბერგის ტრიბუნალზე, სადაც სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით გაასამაღთლეს ფაშისტი კრიმინალები, ერთ-ერთი ბრალმდებელი საბჭოთა კავშირი (რუსეთი) იყო, რომელიც არაფრით `სჯობდა` ამ მხრივ ნაცისტურ გერმანიას და არანაკლები დანაშაულებები ჰქონდა ჩადენილი ომამდეც და ომის დროსაც ადამიანურობის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . .
ბაიდენმა კონგრესისგან მოითხოვა 33 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად.
ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ან მხოლოდ სამხედრო თუ ჰუმანიტარული დახმარება. ფაქტობრივად ესაა `მარშალის გეგმა` უკრაინის სახელმწიფოს აღსადგენად. ესე იგი პუტინის გეგმის ჩასაშლელად, რომ მთლიანად გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო, როგორც Entity მსოფლიოში.
`მარშალის გეგმა` არის სახელწოდება უდიდესი ფინანსური დახმარებისა, რაც ამერიკამ გაუწია ევროპას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ასევე, რომ რუსი ოლიგარქების ქონება, რომელიც დაყადაღებულია, გაიყიდება აუქციონზე და შემოსული თანხები დაიხარჯება იმავე `მარშალის გეგმის` ფარგლებში უკრაინის აღსადგენად.
რაც ყველაზე მთავარია, ამ თანხაში ($ 33 მილიარდი) არ შედის ის 300 მილიარდი სავალუტო რეზერვი, რაც მოსკოვმა გაუყინა რუსეთს ამერიკულ ბანკებში. ეს რსუეთსი ოქროს/სავალუტო რეზერვების ნახევარია. თუ ამერიკის კონგრესმა ეს კანონი მიიღო, მაშინ 300 მილიარდი უკრაინის ანგარიშზე ჩაირიცხება. მოხმარდება არა მხოლოდ ეკონომიკურ აღდგენას, არამედ იაარღის შესყიდვას და რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებას.
სამწუხაროდ, ამ კანონპროექტის ანუ `ახალი მარშალის გეგმის`წინააღდმეგ გამოდიან ჯერ ჯეროიბით `რესპუბლიკური პარტიის` ის ლიდერები, რომლებიც მუდამ სკეპტიკურად აღიქვამენ დემოკრატებისა და ჯო ბაიდენის ყევლა ინიციატივას.
მოსალოდნელია, რომ გეგმა მაინც იქნება მიღებული რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ბაიდენმა უკვე თქვა, რომ ფინანსური თვალსაზრისით უკრაინის გადარჩენა და აღდგენა ამერიკას ძვირი დაუჯდება, მაგრამ.....უკრაინის რუსეთისთVის ჩაბარება ბევრად ძვირი დაუჯდებაო.....
შეიძლება ითქვას, ისტორიული ფრაზაა.
. . . . . . . . . . . . .
ვაითუ ახალი პანდემია იწყება?
ჩინეთის ხელისუფლებამ შანხაის შემდეგ უკვე პეკინიც ჩაკეტა Covid-19 ახალ შემთXვევათა სწრაფი ზრდის გამო. ლოკდაუნი შეეხო მთლიანობაში 165 მილიონ ადამიანს, რადგან ჩაკეტვა ეხება არა მხოლოდ ქალაქის მოსახლეობას, არამედ მთლიანობაში აგლომერაციებს.
არსებობს ეჭვი (საზარელი ეჭვი და ინფორმაცია), რომ საქმე გვაქვს რაღაც ახალ შტამთან. ან (ეს არანაკლებ ცუდია) ვაქცინაციის სისუსტესთან, ესე იგი ვაქცინები ვერ უმუშავებს ადამიანთა პოპულაციას იმდენად მყარ იმუნიტეტს, რომ თავი დაიცვას სხვა, არანაკლებ სახიფათო შტამებისგან. ამგვარი შტამები კი, - როგორც ექსპერტები შიშობენ, - გაუთავებლად შეიძლება წარმოიშვას.
დათო