პუტინი აწ და....მარადის?

პუტინი აწ და....მარადის?

 

რუსული „ცეესსკო“-ს ინფორმაციით, კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნის მრავალწლიანი მმართველისთვის „სარეკორდო“ აღმოჩნდა: ვლადიმერ პუტინმა ხმათა 76,66% მიიღო. შევადაროთ: 2000წ - 52,9%....... 2012წ  - 63%...... ანუ ხმების რაოდენობა იზრდება.

პუტინი კიდევ 6 წლით აირჩიეს, - 2024 წლამდე. მაშინ მაინც თუ დათანხმდება ძალაუფლების ვინმესთვის გადაცემას, ესეც საკითხავია. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევს უკვე თითქმის უსწრებს, რაკი ბრეჟნევი 18 წლის განმავლობაში (1964-1982წწ) ხელმძღვანელობდა „დერჟავას“. ჯერ-ჯერობით  სტალინს ჩამორჩება, რომელიც, სხვადასხვა ათვლით,   1924 წლიდან (ლენინის სიკვდილიდან) ან 1929 წლიდან (ტროცკის გაძევებიდან) ერთპიროვნულად მეთაურობდა სახელმწიფოს.

არ არის გამორიცხული, იოსებ სტალინსაც გაუსწროს საბოლოოდ. ამის ყველა წინაპირობა აქვს. მათ შორის მასის გულმხურვალე მხარდაჭერა.

პირწმინდა დემაგოგიაა, თითქოს „რუსეთში რომ სიტყვის თავისუფლება იყოს......ოპოზიციას რომ დამოუკიდებელი არხები ჰქონდეს მაშინ......“  პოლიტიკური  „თოლქ-შოუების“ მეტი რა არის რუსულ ტელეარხებზე? გამოდი და ილაყბე რამდენიც გინდა, რაც გინდა...... რეალური მიზეზი პუტინის პოპულარობისა ისაა, რომ მან შეძლო „ეპასუხა“ მასის გრძნეული გულისთქმისათვის: დერჟავის აღორძინება! "Чтоб нас по прежнему боялись" - „რომ ჩვენი კვლავინდებურად ეშინოდეთ“ - ძრწოდნენ რუსეთის ხსენებაზე და რუსეთის დროშა კვლავ აღიმართოს სხვათა დედაქალაქებზე; „შეჰკრბეს მიწანი“ ("Собирание земель") და განხორციელდეს Соборность народа - „ტაძრეულობა ერისა“.

Православие, Самодержавие, Соборность!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ფონზე უბრალოდ სასაცილოა ევრო-ატლანტიკური ცივილიზაციური და კულტურული კოდის მატარებელთა გაკვირვებული აღშფოთება: „აბა ეს რა არჩევნებია - მთავარი კანდიდატი დებატებში არ მონაწილეობდა და ტელეეკრანებზეც კი იშვიათად სჩანდაო“............

რუსები ხომ იმპერატორს ირჩევდნენ და არა პრეზიდენტს?! სწორედ იმ კულტურული კოდით, რომელიც ჯერ პირველი, შემდეგ მეორე რომიდან გამოჰყვათ.

ეს ცივილიზაციური, კულტურული, მათგან გამომდინარე მენტალური სხვაობა  განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ხოლმე ინაუგურაციათა ცერემონიალზე. შევადაროთ ამერიკის პრეზიდენტთა ინაუგურაცია - პუტინის ინაუგურაციებს: ვაშინგტონში, ასიათასობით უბრალო ამომრჩეველი ქუჩაში მთელს გზაზე თეთრი სახლიდან - კონგრესამდე, სადაც პრეზიდენტმა ხალხის წინაშე უნდა დაიფიცოს;  რუსეთში......იმპერატორი მუდამ მარტო გამოდის კრემლიდან, ეულად ჯდება პრეტორიანელებით გარსშემორტყმულ ლიმუზინში და ასევე მარტო მიემართება სამსხვერპლოსკენ, სადაც უმაღლეს ქურუმთა თანდასწრებით დებს ფიცს.

„ხალხი“ კი, როგორც მდუმარე, მრისხანე, იდუმალი ფენომენი, საკრალური სიცარიელიდან ახლავს თან ხელმწიფესა და „მამას“.

Держава!  -  ესაა მასის გულისთქმა, ესაა აბსოლუტური უმრავლესობის ოცნება-სწრაფვა და არა მოსკოვისა თუ პიტერის ვიწრო „ინტელიგენტური“ ფენის ფუჭი ლაყბობა „დემოკრატიაზე“, „ადამიანის უფლებებზე“, „ცივილიზებული მსოფლიოს წევრობაზე“ და ა.შ.

ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ  დავაკვირდეთ შედეგებს: დემოკრატიული ძალების ერთადერთმა წარმომადგენელმა გრიგორი იავლინსკიმ სულ 1,04% მიიღო. იმაზე ნაკლები, ვიდრე შოუვუმენმა ქსიუშა სობჩაკმა (1.67%). არადა, განა ბლოკავდნენ? ყველა არხზე სჩანდა, ყველგან იწვევდნენ, პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდა, რაც უნდოდა იმას ამბობდა.....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაშასადამე, გვინდა თუ არა, მოგწონს თუ არა,  ჩვენც და მთელს მსოფლიოსაც სწორედ პუტინთან ექნება საქმე როგორც მინიმუმ უახლოესი 6 წლის განმავლობაში. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი? სირიაში, უკრაინაში, „სოლსბერიში“ თეორიულად შესაძლო მარცხი ბევრს ვერაფერს დააკლებს: მაშინვე ჩაკეტავს ტელე-სივრცეს და „გადაიზამთრებს“. ერთადერთი, რამაც შეიძლება მისი რეჟიმი დაშალოს, მხოლოდ ისეთი გამანადგურებელი მარცხია, რაც თვით „დერჟავულობის“ კულტურულ და მენტალურ კოდს მოსპობს, როგორც გერმანული ნაციზმი მოსპო „1945 წელმა“.

ოღონდ..... დღეს „ბირთვული ეპოქაა“ და მსოფლიო ომი ბირთვულ კატასტროფას ნიშნავს. ეს იციან ვაშინგტონშიც, ლონდონშიც და ბერლინშიც. მთავარი პრობლემა სწორედ ესაა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა თვით პუტინის ფენომენი კიდევ სხვა რამდენიმე თვალსაზრისითაცაა საინტერესო. რატომღაც არავინ სვამს კითხვას: როგორ აღმოჩნდა КГБ-ს საშუალოზე დაბალი რანგის ჩინოვნიკი ამოდენა „დერჟავის“ სათავეში? აბა დავაკვირდეთ მის ბექ-გრაუნდს: ჯერ „დემოკრატი“ ანატოლი სობჩაკის „მარჯვენა ხელი“ იყო პეტერბურგში და სწორედ სობჩაკი გახდა მისი პოლიტიკური „ნათლია“; შემდეგ „დემოკრატი“ ბორის ელცინი - რუსეთის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, ვინც იგი მემკვიდრედ დანიშნა.

არ გეჩვენებათ ასეთი ბექ-გრაუნდი და მისი „ნათლიების“ ვინაობა უცნაურად?! უცნაურია აბა რა არის: „დემოკრატიულ ძალთა ლიდერად“ მიჩნეული ელცინი თავის შემდეგ „ტოვებს“ იმ ტოტალიტარული რეჟიმის „ხერხემლის“ განმასახიერებელ პერსონაჟს, რომელსაც ებრძოდა და რომელიც ვითომდაც „დაამხო“.

ამ უცნაურობას ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: „ხელდამსხმელი“ რუსი „დემოკრატები“ პუტინს და მის გუნდს ანუ ინსტიტუციას, რომელსაც იგი წარმოადგენდა, განიხილავდნენ იმავე „კოდის“ მატარებლად, რომელსაც თავად ატარებდნენ ფარულად: ესე იგი „დერჟავულობისა!“

სხვა  ახსნა არ არსებობს, რადგან სხვა შემთხვევაში პუტინი ვერც ანატოლი სობჩაკის „მარჯვენა ხელი“ გახდებოდა და ვერც ელცინის მემკვიდრე.

გამოდის, ელცინის საქმეც სწორედ „დერჟავის აღორძინება“ იყო და არა ევროპული ტიპის ლიბერალური, მშვიდობიანი დემოკრატიის დაფუძნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კიდევ სხვა საკითხია, რომ ვლადიმერ პუტინი პიროვნულად.........

იმავე ლევ ტროცკიმ იოსებ სტალინს „Выдающаяся посредственность" ანუ „გამოჩენილი უღიმღამობა“ უწოდა!

თუნდაც ხსენებულ ბორის ელცინთან შედარებით პუტინი სწორედაც ნაცრისფერი უღიმღამობა და უბადრუკობაა პიროვნულად. მაგრამ......ის სისტემის განსახიერებაა! სისტემის წარმომადგენელია.  იმ დერჟავული სისტემისა, ანუ იმპერიისა, რომელიც ამ უზარმაზარი  ქვეყნის ლამის ამოუწურავ რესურსებს ეყრდნობა საუკუნეთა განმავლობაში.

პუტინი არის კრემლი (მისი Царь-пушка-თი და Царь-колокол-ით), ხოლო კრემლი არის პუტინი! სანამ იარსებებს კრემლი, იარსებებს „პუტინიც“.

2018