რუსი კვლავ ნაჯახისკენ იყურება

რუსი კვლავ ნაჯახისკენ იყურება

    ორშაბათს რუსეთში დატრიალებული ტრაგიკომედია ამ ქვეყნის უღრმესი სახელმწიფოებრივი კრიზისის მაჩვენებელია. მთავრობის შეცვლა (მით უმეტეს ასეთი ფორმით) უეჭველად იმაზე მიუთითებს, რომ არათუ პოლიტიკურად, არამედ სახელმწიფოებრივადაც ძალზე სერიოზული, შეიძლება ითქვას ტექტონიკური ძვრები ხდება.
    რა მოხდება ამ ქვეყანაში ხვალ - ისევ არავინ იცის. რუსეთი სრულიად არაპროგნოზირებად სახელმწიფოდ რჩება და მსოფლიოს ნამდვილად აქვს საფუძველი ისევე შეშფოთებული იყოს, როგორც (ვთქვათ) 1983 წელს, როცა ხელისუფლების სათავეში იური ანდროპოვი მოვიდა. ხვალ პრეზიდენტი შეიძლება ალექსანდრე ლებედი გახდეს ანუ სწორედ ის «სალდაფონი გენერალი», რომლის შესახებაც ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა ედუარდ შევარდნაძემ.
    «დიპლომატიური ავადმყოფობის» შემდეგ კრემლში დაბრუნებულმა ბორის ელცინმა მოულოდნელად უბრძანა თანაშემწეებს მოემზადებინათ ბრძანებულებები მთავრობის თავმჯდომარე ვიქტორ ჩერნომირდინის, აგრეთვე ვიცეპრემიერების - ანატოლი ჩუბაისისა და ანატოლი კულიკოვის გადადგომის შესახებ. ისინი საბოლოოდ ეთხოვებიან მთავრობას. სხვებს კი, ჯერაც აქვთ შანსი, პოსტები შეინარჩუნონ. სავარაუდოა, რომ ასეც მოხდება - საეჭვოა, მაგალითად ელცინი შეელიოს ევგენი პრიმაკოვს, ვინაიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ერთადერთია, ვისაც ოპოზიცია არ ლანძღავს და ვის გადადგომასაც არ მოითხოვს. საყურადღებოა ელცინის გადაწყვეტილება ახალი პრემიერის თაობაზე – მისი ბრძანებით, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია სერგეი კირიენკო (სხვათა შორის, წარმოშობით სოხუმელი) - 35 წლის ენერგეტიკის მინისტრი. რა თქმა უნდა, ვიქტორ ჩერნომირდინის ნაცვლად ელცინს სწორედ ენერგეტიკის მინისტრი უნდა დაენიშნა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და აი, რატომ: რაკი პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება პრემიერის შეცვლის თაობაზე, მას ყველა ღონე უნდა ეხმარა, რათა არ გაენაწყენებინა ის სოციალური და ფინანსური დაჯგუფება ანუ ის ზემძლავრი კორპორაცია, რომელსაც ჩერნომირდინი წარმოადგენდა - რუსეთის უკიდეგანო, კოლოსალური სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი.
    ელცინმა ამ კორპორაციას (კირიენკოს დანიშვნით) აგძრნობინა, რომ მისი ინტერესები კვლავინდებურად დაცული იქნება და ჩერნომირდინის მთავრობიდან წასვლა ამ ინტერესთა იგნორირებას არ ნიშნავს; რაც შეეხება ჩუბაისს - იგი რუსული სახელმწიფოებრივი ტრადიციის მსხვერპლი გახდა. ვისაც რუსეთის ისტორია უსწავლია, დამეთანხმება: ამ ქვეყანაში ასწლეულების განმავლობაში მეორდებოდა ერთი და იგივე სიუჟეტი: მეფე ზღუდავდა ბოიართა უფლებებს, ირჩევდა მათგან ერთ ფავორიტს, ბოიარები ხალხის უკმაყოფილების პროვოცირებას ახერხებდნენ, «ფავორიტი» მასის სიძულვილის მთავარი ობიექტი ხდებოდა, ბოლოს კი ფავორიტს მეფე ბრბოს მიუგდებდა შუაზე გასახლეჩად და თავად ბოიარებს ურიგდებოდა.
    სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვაგვარი მოდიფიკაციით ეს სიუჟეტი უამრავჯერ განმეორდა რუსეთის ისტორიაში. ახლაც დაახლოებით იგივე ხდება, ოღონდ (ჩუბაისისათვის საბედნიეროდ) გააფთრებული ბრბო მას წითელ მოედანზე ნაკუწ-ნაკუწ ვეღარ აქცევს (სურვილის მიუხედავად). იგი რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება და «მსუყე ლუკმაც» გარანტირებული აქვს.
    უფრო რთულად და (ჩვენთვის) საინტერესოდაა საქმე ანატოლი კულიკოვთან დაკავშირებით; შინაგან საქმეთა მინისტრი ელცინის კიდევ ერთი რჩეული გახლდათ, ოღონდ არა იმ კატეგორიისა, რომელსაც პლებეებს მიუგდებდნენ ხოლმე საჯიჯგნად. კულიკოვი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს - პრეზიდენტი ჩეჩნეთის ომის შემდეგ ამ უწყებას უფრო ენდობოდა, ვიდრე შერცხვენილ და თავსლაფდასხმულ არმიას. სწორედ ანატოლი კულიკოვს დაეყრდნო ელცინი ლებედთან «შესკდომისას» და გაიმარჯვა კიდეც. თითქოს გაუგებარია, რით განარისხა შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსეთის ყოვლისშემძლე მონარქი?! რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე სარწმუნოდ მაინც ის მეჩვენება, რომელიც კულიკოვის გაძევებას ხსნის ისევ და ისევ თბილისში 9 თებერვლის აქციასთან დაკავშირებული ამბებით. ანატოლი კულიკოვმა თებერვლის მოვლენებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბაქოში შეხვედრისას გააფრთხილა ქართველი კოლეგა, რომ «ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა მზადდება». ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ სათანადოდ ვერ გამოიყენა. თუმცა, კულიკოვს კონკრეტული არაფერი უთქვამს, - მხოლოდ ზოგადი ქარაგმით შემოიფარგლა.
    პრეზიდენტის დაცვა გააძლიერეს, სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტში დამატებითი აპარატურაც დაამონტაჟეს, მაგრამ ტერაქტის თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლეს.
    სამაგიეროდ, ტერაქტის შემდეგ, კულიკოვის განცხადება ოფიციალური თბილისისათვის სერიოზულ ხელჩასაჭიდ არგუმენტად იქცა, რათა რუსეთი დაედანაშაულებინა: «მოსკოვში იცოდნენ ედუარდ შევარდნაძეზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გვითხრესო». საკმაოდ ლოგიკური ბრალდებაა. მაგალითად - ძნელი დასაჯერებელია, რუსეთის დაზვერვის შეფმა არ იცოდა ის, რაც იცოდა კულიკოვმა. ბორის ელცინმა ასეთი «სიბრიყვისთვის» კულიკოვი დასაჯა ისევე, როგორც დასაჯა გენერალი როდიონოვი - სომხეთში იარაღის მიწოდების შესახებ ცნობილი ბრიყვული აღიარების გამო.

    რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი ფაქტობრივად შეუზღუდავი მონარქია. აქვე გავიხსენებ, რა ისტერიკას სტეხდა რუსული მას-მედია საქართველოს პირველი პრეზიდენტის «უფლებამოსილებათა» გამო. არადა, გამსახურდიას, კანონით, იმის მეათედი უფლებებიც არ ჰქონდა, რაც ამჟამად ბორის ელცინს აქვს მიკუთვნებული კონსტიტუციის შესაბამისად; თუმცა რუსეთში ეს არავის უკვირს. ელცინს აქვს უფლება რუსული გოსდუმა (პარლამენტი) დაშალოს მას შემდეგ, თუ ეს უკანასკნელი სამჯერ უარყოფს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას.
    დამკვირვებელთა აზრით, შესაძლოა ელცინი საბაბს ეძებდეს გოსდუმის გასარეკად, რაკი შესანიშნავად უწყის, რომ კომუნისტური უმრავლესობა კირიენკოს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. მეორეს მხრივ, ბორის ელცინი არ შეიძლება არ აცნობიერებდეს (ერთი გონიერი მრჩეველი მაინც გამოჩნდებოდა) რომ ახალი საპარლამენტო არჩევნებიც მისთვის დამღუპველი იქნება, ვინაიდან კომუნისტები კვლავ გაიმარჯვებენ - კიდევ უფრო დიდი უპირატესობით, ვიდრე 1995 წელს.
    ყველაზე მეტად საინტერესო მაინც სერგეი კირიენკოს ფიგურაა. როგორც ჩანს, ელცინი სერიოზულადაა უკმაყოფილო რუსეთის მთავრობის მოქმედებით კასპიის აუზთან დაკავშირებულ ბატალიებში. რუსეთი ამ ბრძოლაში სასტიკად მარცხდება. სტამბოლის «ხუთეულის» სენსაციურმა განცხადებამ დაადასტურა: კასპიის დიდი ნავთობი დასავლეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაიტვირთება. ანალოგიურ გადაწყვეტილებამდე მიდის ყაზახეთიც. რუსეთი კარგავს უმნიშვნელოვანეს რეგიონში უმძლავრესი გავლენის ბერკეტს - ტრანზიტის გაკონტროლების უფლებას. ვიქტორ ჩერნომირდინმა ვერაფერი მოუხერხა «სამხრეთელ ლიდერთა» რაფინირებულ პოლიტიკურ ოსტატობას, - რუსეთს გეგმაზომიერად ავიწროებენ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში.
    კონფლიქტების პროვოცირებით ამ არხების გადაკეტვა ვერ ხერხდება, სომხური «თრომბი» ჯერ არ ამუშავებულა და გაურკვეველია, რამდენად სარგებლიანი იქნება იგი საერთოდ; ასეთ ვითარებაში, ახალგაზრდა კირიენკოს მიზანია, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა დასავლეთი დაარწმუნოს რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაში.
    თურქმენებს, აზერბაიჯანელებსა და ქართველებს კირიენკო ვეღარ დაარწმუნებს – ეს უკვე ცხადია! მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრობა რუსეთში შეიცვალა უმალვე, როგორც კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა. რუსეთი დასავლეთის «ენერგეტიკულ დანამატად» რჩება - ეს სტრატეგიული ხასიათის გეოპოლიტიკური რეალობაა. ტრანზიტის პრობლემა კი ძალიან მძლავრ კოზირად რჩება. საქართველო აქტიურად თამაშობს და უნდა ითამაშოს ამ წინააღმდეგობაზე, თუმცა რუსეთს შეიძლება მალე კომუნიკაციებისთვის აღარც ეცალოს. ეს ხომ რუსეთია! რუსი კვლავ ნაჯახისაკენ იყურება.

7 დღე, 25 მარტი, 1998 წ.