რა ვუყოთ 8 მარტს?

რა ვუყოთ 8 მარტს?

        გუშინ პარლამენტში დიდი აურზაური და ვნებათაღელვა (თუმცა, რაფინირებული და არააფიშირებული) მოჰყვა დეპუტატ ნატო ჩხეიძის წინადადებას 8 მარტის დღესასწაულის გაუქმების და თამარ მეფის დღედ 14 მაისის გამოცხადების შესახებ. ქალბატონი ნატო ჩხეიძე და მასთან ერთად (შეიძლება ვივარაუდოთ)9 «ტრადიციონალისტები», 8 მარტს «ბოლშევიკურ» დღესასწაულად განიხილავენ და ამ დღის აღნიშვნა (პოსტკომუნისტური სივრცისსა და აფრიკული სახელმწიფოების პარალელურად), სამარცხვინოდ მიაჩნიათ. ხოლო თამარ მეფის დღის აღნიშვნა ეროვნული სულისკვეთების აღორძინების საწყისად და გამოხატულებად აცხადებენ.

        ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, რომელიც უდავოდ მეტყველებს, რა პროცესები ვითარდება საზოგადოებრივ ცნობიერებაში. კანონპროექტის ინიციატორები არა უბრალოდ 14 მაისის «თამარის» დღედ გამოცხადება ითხოვენ, არამედ სწორედ 8 მარტის გაუქმებას. ხვაგვარად თუ ვიტყვით, მაგალითდა, ორივე დღესასწაულის დაწესება (ერთდროულად) მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
        არსებობს სათანადო არგუმენტაცია, რომელშიც ახალი
        ან ორიგინალური არაფერია: ჯერ კიდევ წინა საუკუნის შუა წლებში, გერმანიაშიც და მრავალ სხვა ქვეყანაშიც გამოითქმოდა ვერსია, რომ გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა – კლარა ცეტკინმა და როზა ლუქსემბურგმა, 8 მარტი «ქალთა დღედ» გ ამოაცხადეს ებრაელი ხალხის ბიბლიური გმირის, ესთერის პატივსაცემად. რაკი ორივენი ებრაელები იყვნენ, ამ ვერსიას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა.
        ბევრ ქვეყანაში 8 მარტი სახელმწიფო დსესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს იმ ქვეყნებში, სადაც 8 მარტი უქმე დღე არ იყო – იგი არ აღინიშნებოდა.
        რა ამოძრავებდათ ებრაული წარმოშობის გერმანელ ქალებს – განმსაზღვრელი მნიშვნელობის არ არის, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ მათი იდეა ნოყიერ ნიადაგში მოხვდა და ფემინისტური მოძრაობის სიმბოლოდაც იქცა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა იმ ქვეყნებისთვის, სადაც სოციალური სტატუსით ქალი საქონლისაგან დიდად არ გნანსხვავდებოდა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, რომელზეც აღბეჭდილია უზბეკი ქალების დემონსტრაცია, როდესაც 8 მარტს მათ საჯაროდ დაწვეს ჩადრები.
        ცივილიზებულ ქვეყანაში 8 მარტის აღნიშვნა მართლაც, უბრალოდ, სამარცხვინოა, ვინაიდან თუნდაც ამ ფაქტით დასტურდება უთანასწორობა. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც არაფრის დიდებით არ ითვალისწინებენ ცვლილების ინიციატორები: 8 მარტის აღნიშვნა უკვე ტრადიციაა, ხოლო ტრადიციას აქვს თავისთავადი ღირებულება.
        არ შეიძლება რაიმე აკვიატებული სქემით ტრადიციის დანგრევა, თუ მან კეთილშობილი შინაარსი შეიძინა. აბსოლუტურად სქემატური და გაუმართლებელი იყო 8 მარტის არაოფიციალური დღესასწაულის სახელმწიფო სიმბოლოს ფუნქციით დატვირთვა, მაგრამ ასევე სქემატურია ამჟამად აბსოლუტურად გაუგებარი მოთხოვნა, რომ ქალთა დღე საერთოდ არ აღინიშნებოდეს, ანუ გაუქმდეს თვით ტრადიცია, რომელიც რეალურად არსებობს. ეს არის სრულიად უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიული მცდელობა, რადგან პარლამენტის დადგენილებით ტრადიციის გაუქმება შეუძლებელია.
        ასეთივე წარმატებით პარლამენტს შეეძლო მიეღო კანონი ახალი წლის აღნიშვნის აკრძალვის შესახებ, მაშინ, როდესაც იგი ჭეშმარიტად სახალხო ტრადიციაა და აგრეთვე კომუნისტების დროს, მათი ინიციატივით დამკვიდრდა საქართველოში.
        მთელ მოსფლიოში აღნიშნავენ ქრისტეშობას, მაგრამ არა 1 იანვარს – მით უმეტეს, იმ მასშტაბით, როგორც საქართველოში. აბსოლუტურად ლოგიკური იქნება (ასეთ შემთხვევაში)9 რომ რაკი მართლმდაიდებელი ქვეყანა ვართ, 25 დეკემბერი გამოვაცხადოთ უქმედ, ხოლო 1 იანვარი – ჩვეულებრივ სადაგ დღედ. უცნაურია, ამას რატომ არ მოითხოვენ?
        რაც შეეხება თამარ მეფის დღეს, სრულიად გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამას 8 მარტთან და ქალთა დღის აღნიშვნასთან. თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის დღე აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს, მაგრამ თამარი სახელმწიფო იდეის მატარებელი მოღვაწეა, ანუ ეს სულ სხვა შინაარსის სიმბოლოა და «ქალთა დღეს» (როგორც 8 მარტს აღინიშნებოდა) იგი ნამდვილად ვერ შეცვლის. ეს კანონის ინიციატორებმაც აღიარეს ბოლოს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში ისიც საკითხავია, მაშინ რა საჭირო იყო ამ აბსოლუტურად განსხვავებული თემების ურთიერთდაკავშირება – მიზანშეწონილი იქნებოდა დაესვათ, უბრალოდ, 8 მარტის გაუქმების საეკითხი, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის დღის დაწესება კი სულ სხვა თემაა.
        საქართველოს პოლიტიკურმა ბაკჰანალიამ, ჯერ კიედვ 1990 წელს, ბუნებრივად დასვა დღის წესრიგში 8 მარტის გაუქმების საკითხი. სანაცვლოდ დააწესეს «დედის ღდე», რაც ზუსტად ასეთივე აბსურდული გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან აქაც ორ სხვადასხვა სიმბოლოსთან და განსხვავებული შინაარსის ფენომენთან გვქონდა საქმე. «დედის ღდე» ამერიკაშიც აღინიშნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც «გაზაფხულის დღესასწაულის» ალტერნატივა.
        8 მარტის გაუქმებას რეალურად ვერავინ შეძლებს, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფო დღესასწაული – იგი ტრადიციაა (უკვე საკმაოდ უწყინარი და ლამაზი ტრადიციაა) ანუ განურჩევლად იმისა, სახელმწიფო აღნიშნავს თუ არა, განსაკუთრებულ მოვლენად მაინც დარჩება, ისევე, როგორც ახალი წელი.
        აქ ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ ვაი, იმ სახელმწიფოს და იმ ქვეყანას, რომელიც ტრადიციის ბუნებრივი მივიწყების ნაცვლად (ეს ადრე თუ გვიან შეიძლება მართლაც მოხდეს, ოღონდ თავისთავად და ბუნებრივად), მის ძალით გაუქმებას აპირებს!

დილის გაზეთი, 10 მაისი, 2003 წელი