სეპარატისტები დასავლეთ საქართველოს ემუქრებიან

სეპარატისტები დასავლეთ საქართველოს ემუქრებიან

   

    აფხაზეთის ე.წ. «უშიშროების მინისტრმა» ასტამურ თარბამ ოთხშაბათს სოხუმში სენსაციური პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელმაც ძალზე ყრუ ასახვა ჰპოვა საქართველოს მასმედიაში მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მიღება სავსებით შესაძლებელი იყო.
    მეტიც, აფხაზები თავად ცდილობდნენ ამ პრესკონფერენციის მასალები საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით რაც შეიძლება ფართოდ გაშუქებულიყო, რასაც კონკრეტული მიზეზი და მიზანი ჰქონდა.
    ასტამურ თარბამ პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს წარუდგინა სქემები, სტატისტიკური მონაცემები, რუქები, რომლებიც ასახავდნენ «საქართველოდან შემოგზავნილი დივერსიული ჯგუფების» აქტიურობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
    მონაცემების თანახმად (არავინ გვავალდებულებს, თარბას განცხადება უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, მაგრამ მაინც), უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში «თეთრი ლეგიონისა» და «ტყის ძმების» დივერსიული საქმიანობის შედეგად აფხაზეთში 500 ადამიანი დაიღუპა. მეტად ნიშანდობლივი ციფრია, რომელიც, ამ შემთხვევაში, თარბას გულწრფელობაზე მეტყველებს. აფხაზური მხარე ყოველთვის მალავდა თავის დანაკარგებს, ამჟამად კი საჭიროდ ჩათვალა, ციფრი დაესახელებინა.
    მისი თქმით, 500 ადამიანი დაიღუპა, 200 ტერორისტული აქტის შედეგად. ვიმეორებ: თარბას ამ ციფრის გამომზეურება ხელს არაფერში აძლევდა იმის გარდა, რომ დაესაბუთებინა შემდგომი მუქარა. ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ციფრი რეალობას შეესაბამება, ამდენად, სრულიად საქართველოს სახელით პარტიზანებს დიდი მადლობა ეთქმით ასეულობით აფსუა ფაშისტის ლიკვიდაციისათვის. თანაც მათ სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მშვიდობიან აფხაზურ მოსახლეობას ისინი თავს არც ერთხელ არ დასხმიან, თუმცა ამის შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდათ.
    შემდგომ თარბამ მოახდინა სპეციალური რუქების დემონსტრაცია, რომლებზეც აღნიშნულია ქართული პარტიზანული რაზმების დისლოკაციის ადგილები დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე, იმ ბაზების ადგილმდებარეობა, სადაც დივერსანტებს (თარბას თქმით) ისრაელისა და ამერიკის დივერსიულ ქვედანაყოფთა წარმომადგენლები ამზადებენ. მისივე განცხადებით, ქართველი დივერსანტები თითოეული სამხედრო ოპერაციისათვის გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ: 50-დან 500 ლარამდე.
    რა თქმა უნდა, ამ პრესკონფერენციის გამართვა სოხუმში სწორედ დღევანდელ ვითარებაში (როდესაც იწურება რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადა) შემთხვევითი არ უნდა იყოს. აფხაზ სეპარატისტთა ხელმძღვანელობა ამით გვაფრთხილებს, რომ სამშვიდობო ძალთა გაყვანის შემთხვევაში «აფხაზეთის რესპუბლიკას» საკმარისი საბაბი გააჩნია, რათა განახორციელოს შეტევა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით - დივერსანტთა ბაზების განადგურების მიზნით. ეს ფუჭი მუქარა არ გეგონოთ: მაისის მოვლენების დროს დადასტურდა, რომ საქართველოს, ფაქტობრივად, ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთი არა ჰყავს, სეპარატისტთა ფორმირებებმა (რუსეთის ფარული, მაგრამ აქტიური მხარდაჭერით) შესაძლოა ენგური გადმოლახონ და ქუთაისამდეც მოაღწიონ.
    არძინბამ უკვე განაცხადა კიდეც: ქუთაისი აფხაზთა ძველი დედაქალაქი იყოო.
    ამდენად, პარტიზანთა აქტიურობას გალის რაიონში აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი, არ დაუშვან აფსუათა «არმიის» შემოჭრა დასავლეთ საქართველოში ან თუნდაც ზუგდიდის მასობრივი დაბომბვა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

მერიდიანი, 27 ივლისი, 1998 წ.