ვახტანგ გოგუაძე შევარდნაძესა და გიორგაძეს შორის შუამავლობას კისრულობს

ვახტანგ გოგუაძე შევარდნაძესა და გიორგაძეს შორის შუამავლობას კისრულობს


   

    საქართველოს პარლამენტის სპიკერი, რომელიც პრეზიდენტისა და მასზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი უშიშროების შეფყოფილის შეხვედრის თაობაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა, - თავად უდავოდ «ნახევრადტრაგიკული» ფიგურაა.
    კაცმა რომ თქვას, მან ყოველივე საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, - წინა პარლამენტში იმდენად აგდებულად ეკიდებოდა საკუთარ თანამდებობას, იმდენად ხშირად იძახდა «გენაცვალოთ ჩემი თავი, თქვენ 19 ხელმოწერა შეაგროვეთ, მეოცე მე ვიქნები და გადადგომის თაობაზე კენჭისყრა ჩავატაროთო», რომ ბოლოს მართლაც «უმტკივნეულოდ მოიშორეს». უფრო ზუსტად თავად ეგონათ, რომ უმტკივნეულოდ მოიშორეს, თორემ ქართველი ყველა ერთნაირია, ანუ ერთნაირად ამბიციური და პატივმოყვარე
    ვახტანგ გოგუაძე არც ისე «უბრალოა», როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მას აქვს თვისება, რომელიც მცირე გამონაკლისის გარდა, სერიოზული ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია; ანუ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით.
    თვით ეს პოზიცია რამდენად ჭკვიანურია და რაციონალური, - სხვა საკითხია, მაგრამ «უპოზიციობას» გოგუაძეს ვერ დააბრალებ. დღესაც იგივეს იმეორებს, რასაც 1988 და 1992 წელს ამბობდა;
    ოღონდ გოგუაძის უბედურება ბოლო დრომდე ის იყო, რომ პრაქტიკულ პოლიტიკაში (საქართველოს სპეციფიკურობის გათვალისწინებით) მისი პოზიცია ბევრს არაფერს ნიშნავდა.
    განცხადება «შევარდნაძესა და გიორგაძეს შორის შესაძლო შუამავლობის შესახებ» - რაღაც ახალია;
    ახალი გოგუაძის მოღვაწეობაში.
    ეს სიახლე შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გოგუაძემ საბოლოოდ ირწმუნა საკუთარი იდეაფიქსის (რუსეთისადმი უპირობო კაპიტულაციის) ჭეშმარიტება და უალტერნატივობა, ამიტომ მის პრაქტიკულ რეალიზაციას იწყებს და რაკი თავად არ ძალუძს ეს, შესაბამის ფიგურას (რეალიზატორს) ეძებს.
    იგორ გიორგაძე მას სწორედ ასეთ ფიგურად წარმოუდგენია და ამიტომაც ცდილობს «შეფყოფილს» ერთგვარი პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინოს.

    ბოლო დრომდე, იგორ გიორგაძე საქართველოში პოლიტიკურ ფიგურად არ აღიქმებოდა. მართალია, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა 1994-1995 წლებში მას რამდენიმეჯერ უწოდეს «შევარდნაძის კონკურენტი», მაგრამ ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსისათვის ცხადია: არავითარი «კონკურენტი» სინამდვილეში იგი არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
    იგორ გიორგაძეს შესაძლოა კიდეც ჰქონდა პოლიტიკოსის თვისებები, მაგრამ არ გააჩნდა არც ერთი ის აუცილებელი ნიშანი, რომელიც საჭიროა საქართველოში (მითუმეტეს საქართველოში და მით უმეტეს იმ ეპოქაში) სერიოზული პოლიტიკის საწარმოებლად.
    ეს უბრალოდ «მადესტაბილიზებელი» ფაქტორი იყო, რომელიც ოსტატურად გამოიყენა რუსულმა სპეცსამსახურმა და კვლავაც ოსტატურად გამოიყენებს.
    ვახტანგ გოგუაძემ კი, თითქოს აბსოლუტურად არარეალური და (გულწრფელად თუ ვიტყვით) არც თუ გონიერი მიზანი დაისახა: შესძინოს იგორ გიორგაძეს ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფოებრივი კურსის ალტერნატივის ქარიზმა.
    ესე იგი თუ შევარდნაძე «პროდასავლური» (ანტირუსული) ორიენტაციისაა, ხოლო იგორ გიორგაძე - პრორუსულისა, მათი დაპირისპირება ამ ორ სახელმწიფოებრივ კურსს შორის დაპირისპირებაზე მეტყველებს.
    საქმე ის გახლავთ, რომ ვახტანგ გოგუაძე, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი, ვინც არ ეთანხმება ედუარდ შევარდნაძის «პროდასავლურ» კურსს და კვლავ ჩრდილოეთისაკენ უჭირავს თვალი (არა აქვს მნიშვნელობა, მერკანტილური თუ იდეური მოსაზრებებით). გოგუაძე ამ სოციალური ფენის ინტერესებს გამოხატავს და ამბობს იმას, რის თქმასაც სხვები ერიდებიან.
    მაგრამ ეს მოძრაობა სრულიად უპერსპექტივოა, დამარცხებისათვის განწირულია და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებისათვის სასარგებლოც კია, თუ მან იგორ გიორგაძის გარდა სხვა ალტერნატივა ვერ იპოვა თავისი კონცეფციის განსახორციელებლად.
    საქმე ის გახლავთ, რომ მიუხედავად «გიორგაძე უმცროსის» (ისევე, როგორც «გიორგაძე უფროსის») გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა, არავითარი რეალური გავლენა მას საქართველოში არ გააჩნია - არც საზოგადოებაში და არც (აღარც) სახელმწიფო სტრუქტურებში.
    მაშ რატომ აკეთებს ამას ვახტანგ გოგუაძე? ნუთუ ამდენად გულუბრყვილოა? არა მგონია. აქ უფრო სხვა ეშმაკობა იმალება. სინამდვილეში საქართველოს ყოფილი სპიკერი იგორ გიორგაძის სახით ქმნის ყალბ ალტერნატივას შევარდნაძის შესაშინებლად, ვინაიდან გულისა და გონის სიღრმეში ძალიან კარგად უწყის, რომ ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა საქართველოში ვერ შეძლებს «პრორუსული» კურსის განხორციელებას შევარდნაძეზე უკეთ – ოღონდ, იმავდროულად, ისე ეშმაკურად, რომ კვლავ ჩრდილოეთისკენ შემოტრიალებამ ახალი სამოქალაქო ომი არ გამოიწვიოს.
    ამიტომაც «წამოსცდება» ხოლმე ხშირად:. მაინც მჯერა ედუარდ შევარდნაძისა, მაინც არ ვკარგავ მის იმედსო და ა.შ.

    რამდენად საფუძვლიანია ეს იმედი, - ესეც სხვა საკითხია. მაგრამ ფაქტია: რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამჟამინდელი პრეზიდენტი კვლავინდებურად აღიქმება გარკვეულ წრეებში «ერეკლე მეფობის» კანდიდატად, რომელმაც კიდევ შეიძლება მოაწეროს ხელი «გიორგიევსკის ტრაქტატს».
    იმედის საფუძველს თვით შევარდნაძის პოლიტიკა ქმნის: საქართველოში კვლავინდებურად დგას რუსეთის ჯარი, ისევ ვმუშაობთ «დსთ»-ს სივრცეში და არავითარ რეალურ ნაბიჯებს არა ვდგამთ იქედან გამოსასვლელად უმთავრესი, - სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით.
    მიუხედავად ამისა, რუსი მესაზღვრეების გაყვანა საქართველოდან (თუ ეს პროცესი ფოთით არ შემოიფარგლა და რეალურად განვითარდა) ვახტანგ გოგუაძეს ამ უკანასკნელ იმედსაც გადაუწურავს.
    შევარდნაძე მას იმიტომ კი არ ესახება «ერთადერთ ერეკლედ», რომ იმავე იდეის სხვა გამტარებელს ვერ ხედავს, არამედ იმიტომ, რომ შევარდნაძე ერთადერთია, ვინც ამას რეალურად შეძლებს და მოახერხებს.

მერიდიანი, 26 ოქტომბერი, 1998 წ.