დეკემბერ-იანვრის გადატრიალება ისტორიის კუთვნილებად იქცა

დეკემბერ-იანვრის გადატრიალება ისტორიის კუთვნილებად იქცა

 

        ვიდრე იმ ქარცეცხლიან მოვლენებს გავიხსენებდეთ, იმთავითვე უნდა ითქვას, რომ დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალებამ დღეს უკვე ყოველგვარი პოლიტიკური შინაარსი დაკარგა. ანუ იგი იქცა ჭეშმარიტად ისტორიულ ფენომენად, როდესაც ესა თუ ის ისტორიული ფაქტი მხოლოდ ისტორიული შეფასებისა და განყენებული მორალიზატორობის თვალსაზრისითაა საინტერესო, ხოლო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მათი ზეგავლენა უკვე ნულის ტოლია.
        არადა, ერთი შეხედვით, თითქოსდა როგორ შეიძლებოდა ასეთი მასშტაბის მოვლენას ესოდენ მცირე დროში (სულ რაღაც 6-7 წლის განმავლობაში) პოლიტიკური შინაარსი და დატვირთვა დაეკარგა?
        დღეს უკვე დეკემბერ-იანვრის მოვლენებისას ამა თუ იმ პოზიციის, ან ამა თუ იმ ქმედების შეხსენებით მოქმედი პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია შეუძლებელია.
        ვგულისხმობ პოლიტიკურ ძალებს, თორემ სიგუა-კიტოვანი და იოსელიანი იმთავითვე სხვა კატეგორიის ძალებს განეკუთვნებოდნენ.
        ამ უცნაურობის (კიდევ ერთი ქართული ფენომენის) მიზეზია მცირე გამონაკლისის გარეშე ქართული პოლიტიკური ელიტის გაუგონარი უსინდისობა, უსირცხვილობა და უზნეობა.
        იმ მოვლენებიდან გასული 7 წლის განმავლობაში ვინ-ვის შეეკრა, კახური ანეკდოტისა არ იყოს, - კაცი ვერ გაუგებს თავსა და ბოლოს.
        რაც შეეხება დეკემბერ-იანვრის გადატრიალებას და მთელს იმ საშინელებას, რაც მაშინ დატრიალდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სისხლიანი მარაზმი დაიწყო არა 1991 წლის 22 დეკემბერს, არამედ 1988 წლის 22 ნოემბერს, როდესაც იმავე რუსთაველზე «მოძრაობის» პირველი მასშტაბური აქცია გაიმართა.
        სწორედ ამ «მოძრაობის» ლიდერთა უმეტესობის შეურიგებლობამ, ურთიერთსიძულვილმა და უვიცობამ მიიყვანა საბოლოოდ საქართველო საზარელ ტრაგედიამდე.
        მაშინ, როდესაც იმავე 1988 წლიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის უკლებლივ ყველა ერი გაცილებით უფრო ჭკვიანურად, რაციონალურად, ფრთხილად, დინჯად და მიზანშეწონილად მოქმედებდა.
        გრუ-მ და კგბ-მ ვერსად მიაღწია ისეთ «ტრიუმფალურ» წარმატებას, როგორც საქართველოში.
        საოცარი სიზუსტით მაშინ (1988 წელს) განმეორდა მიხეილ ჯავახიშვილის «ჯაყოს ხიზნების» სიტუაცია, როდესაც თეიმურაზ ხევისთავი (ელიტა) სრული ცვედანი აღმოჩნდა უტვინო, რეგვენი, მაგრამ თავხედი «ჯაყოების» წინაშე.

მერიდიანი, 22 დეკემბერი, 1999 წელი