საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ნოემბერი. 2024 წელი
პენტაგონმა დაადასტურა, რომ რუსეთმა გამოიყენა 3 000 კილომეტრი შორსმსწვდომობის ანუ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა უკრაინის ქალაქ დნეპრში სამხედრო საწარმოს გასანადგურებლად.
ბოლომდე ვერ გაანადგურა.
დააზიანა.
თუმცა ამ რაკეტის გამოყენება მაინც მნიშვნელოვანია.
ეს არ არის კონტინენტთაშორისო რაკეტა, როგორც ადრე იტყობინებოდა კიევი, მაგრამ რაკეტა Орешник დამზადებულია საბჭოთა კონტინენტთაშორისო რაკეტა RS-26 ბაზაზე.
რაც მთავარია, მას მიაქვს ერთდროულად რამდენიმე ჭურვი და მოძრაობს 8 მახის ანუ 8 ხმის სისწრაფით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰააგას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა!
პირველი შემთხვევაა ისრაელ-პალესტინის 76 წლიანი კონფლიქტის ისტორიაში. საინტერესო ისაა, რომ დაპატიმრების ორდერი გაიცა არა ღაზას დაბომბვის და 40 000-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის გამო, არამედ, როგორ წერია ორდერში, „შიმშილის ხელოვნური პროვოცირებისთვის“ და „შიმშილის ინსტრუმენტალიზებისთვის ომის იარაღად“
ისევე, როგორც პუტინის წინააღმდეგ იმავე ICC ორდერი გასცა არა უკრაინული მიწების ოკუპაციისთვის, არამედ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის.
ასევე გაცემულია ორდერი თავდაცვის მინისტრ გალანტის დასაპატიმრებლად.
ბუნებრივია, ისრაელის მთავრობამ ეს ორდერი დაგმო.
ისრაელი არ არის ICC წევრი.
არც ამერიკა არ არის ამ სასამართლოს წევრი.
ანუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კვლავინდებურად ჩავა ამერიკაში, თუმცა ევროპაში ნამდვილად ვეღარ ჩავა.
პუტინის გარემოცვა ახლა ყურადღებით მიადევნებს თვალს, სად ჩავა ისრაელის პრემიერი და სად ვერა, რათა შემდეგ იყვიროს „ორმაგ სტანდარტზე“
ოღონდ....... პუტინისგან განსხვავებით, ნეთანიაჰუს ჩირად არ უღირს ის თანამდებობა (როგორც ასეთი) რაც უკავია - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იგი თუნდაც დღეს გადადგება და პოსტს დაუთმობს სხვა პრემიერ-მინისტრს, რომელიც მის საქმეს გააგრძელებს.
აი პუტინი კი ამას არ გააკეთებს და ვერ გააკეთებს - 2036 წლამდე აპირებს პრეზიდენტობას.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპი ემზადება გამოიყენოს არმია მასობრივი დეპორტაციისთვის.
ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე ამერიკული ინფორმირებული რესურსი იტყობინება.
მათი ინფორმაციით, იანვარში, ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს ბრძანებულებას, რომ მასობრივი დეპორტაცია გახდეს ამერიკული არმიის ამოცანა.
ასეთი რამ ამერიკის ისტორიაში არასდროს მომხდარა.
ზოგადად, ამერიკის არმია XIX საუკუნის სამოქალაქო ომის შემდეგ არც ერთხელ არ აუმოქმედებიათ რაიმე შიდა პრობლემების მოსაგვარებლად თუ არ ჩავთვლით 1990-იანი წლების მცირე ინციდენტს კალიფორნიაში, როცა ლამის გადაწვეს და დაანგრიეს ეს ქალაქი მიგრანტებმა და ლუმპენიზებულმა ელემენტებმა.
გავითვალისწინოთ, რომ არმია ერთია და „ეროვნული გვარდია“ - სულ სხვა.
გვარდია იგივე შინაგანი ჯარია და ძალიან ხშირად გამოიყენებოდა.
მაგრამ ახლა ტრამპს და მის გარემოცვას, რომელმაც „უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლა“ წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრალურ თემად აქცია, სხვა გზა არც აქვს - ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს რათა დაპირება შეასრულოს. მათ შორის არმია.
ყველაზე კონტრავერსიულ ჰოლივუდურ ფილმებშიც კი ეს თემა ღრმად ნეგატიურად ითვლებოდა, როცა არმია გამოიყენება ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ან ნებისმიერი სხვა მიზნით ქვეყნის შიგნით.
ზოგადად არ არის ეს არმის ფუნქცია, თუმცა პოლიცია და გვარდია ამ პრობლემის გადაჭრას არ ეყოფა.
ეს ცხადია.
მეორე მიმართულება, რასაც დონალდ ტრამპი გეგმავს უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, იქნება დიპლომატიური და ეკონომიკური (უკიდურეს შემთხვევაში სამხედრო) ზეწოლა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე, საიდანაც ემიგრანტები უკანონოდ შედიან ამერიკაში.
ემიგრანტთა ძირითადი მასაც სწორედ ამ რეგიონის მაცხოვრებელნი არიან (ე.წ. „ლათინოს“) და რაც მთავარია, სწორედ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების გავლით (!) შედიან ამერიკაში.
უპირველესად ეს არის მექსიკა, პანამა და ა.შ.
დიდი ხანია ამერიკა მექსიკისგან მოითხოვს, დაკეტეთ საზღვარიო, მაგრამ მეხიკო რეზონულად პასუხობს, რომ ამერიკამ თვითონ უნდა ჩაკეტოს ჯერ საზღვარი და ზოგადად ყველა სახელმწიფომ თავისი საზღვარი თვითონ უნდა დაიცვას სანამ სხვას წაუყენებს პრეტენზიასო.
არის ამაში რეზონი?
დიახ, არის.
ოღონდ დონალდ ტრამპი ვერ დაელოდება რამდენიმე წელს, სანამ მექსიკის საზღვარზე სრულყოფილი„ კედელი“ აშენდება - ემიგრანტთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება...... ამიტომ ტრამპი აპირებს კონგრესს შესთავაზოს სპეციალური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პირდაპირ „დალინკავს“ ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებთან ეკონომიკის თუ პოლიტიკის სფეროში - იმ ძალისხმევასთან და პოლიტიკასთან, რასაც ეს სახელმწიფოები გამოამჟღავნებენ ემიგრაციის შესაკავებლად.
ტრამპის გარემოცვაც სრულებით რეზონულად თვლის, რომ სამხრეთ ამერიკას, თუ მოინდომა, თუ რესურსები აქეთკენ მიმართა, ნამდვილად შეუძლია შეამციროს ემიგრანტთა ნაკადი ამერიკისკენ.
აქ დიდი რისკია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ღრმად გაიფუჭოს ურთიერთობა მთელს ამ უზარმაზარ რეგიონთან, რითაც ისარგებლებს პუტინი და, უფრო მეტადაც კი, ჩ ი ნ ე თ ი.
თუმცა დონალდ ტრამპი, ზოგადად, რისკიანად თამაშობს.
მათ შორის გეოპოლიტიკაშიც.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მრავლდება სექსუალური ხასიათის სკანდალები დონალდ ტრამპის მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრთა გარშემო.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის მიმართ („პედოფილია“) გუშინ მოგახსენეთ.
Mat Gaetz თავად მოხსნა კანდიდატურა და აღარ აპირებს ტრამპი მის წარდგენას.
თუმცა ახლა ოპოზიციურმა მედიამ გამოჩხრიკა, რომ თავდაცვის მინისტრობის (მდივნობის) კანდიდატი, Pete Hegseth 7 წლის წინ კინაღამ ციხეში აღმოჩნდა, როდესაც კალიფორნიაში, სასტუმროს დამლაგებელმა ქალმა უჩივლა - გამაუპატიურაო.
ბრალდებული ამბობდა, რომ არანაირ ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა სწორედ იმ დროს მძვინვარებდა ამერიკაშიც და მთელს ევროატლანტიკურ სივრცეშიც Metoo ფანატიკოსთა მოძრაობა, მაგრამ კალიფორნიის პოლიციამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა (ამერიკაში და ევროპაში მხოლოდ დაზარალებული ქალის ჩვენება საკმარისი არ არის - 2 მოწმეა აუცილებელი)
ამიტომ მხარეები ფულის გადახდით შემოიფარგლნენ.
Hegseth ტელეკომპანია FOX-News-ის შოუმენი გახდა.
მაგრამ ახლა იგი ტრამპმა თავდაცვის მინისტრობის (!) კანდიდატად დაასახელა და ბუნებრივია, ოპოზიციური მედია ყველაფერს „გამოჩხრიკავს“ თუ რაიმე აქვს წამოსაძახებელი „ბექგრაუნდში“
ამას ხელს უწყობს თვით დონალდ ტრამპის ბობოქარი სექსუალური წარსული და იმიჯი.
ანუ არსებობს ისეთი სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენები, როგორიცაა „მოლოდინი“ და აღქმა - Anticipation და Perception, რომლებიც ქმნიან ფონს, „ბულიონს“ ამგვარი სკანდალებისთვის.
აბა ჯო ბაიდენთან დაკავშირებით კი არ ყოფილა ასეთი არც „აღქმა“ და არც „მოლოდინი“.
თუ ტრამპი უკვე მეორედ გახდება იძულებული „უკან გაიწვიოს“ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი (ჯერ გენპროკურორი, ახლა უკვე თავდაცვის მდივანი) ეს სერიოზუალად დაარტყამს მის იმიჯს. გააძლიერებს დემოკრატებს კონგრესშიც და სენატშიც.
„დემოკრატები“ 5 ნოემბერს კი დამარცხდნენ, მაგრამ კაპიტულაცია არ გამოუცხადებიათ და ბრძოლას გააგრძელებენ რასაკვირველია.
არსებობს კიდევ მეორე სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენი, რაც აგრეთვე აქტუალურია ყველა ღია საზოგადოებაში (როგორიც ამერიკაა რასაკვირველია) რასაც პირობითად უწოდებენ What about-იზმი ანუ ქართულად, პირობითად თუ ვიტყვით „წამოძახება“
RFK-Jr. ანუ რობერტ კენედი-უმცროსს ხშირად წამოაძახებენ, რომ 2016 წელს დონალდ ტრამპს „ჰიტლერს“ უწოდებდა, ხოლო მის მომხრეებს უწოდებდა „ნაცისტებს“.
ახლა კი ტრამპის ნომინანტია ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე.... ანტივაქსერია, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრადაა წარდგენილი.....
ოღონდ ეს „წამოძახებები“ ტრამპს ვერ დააზიანებს.
იმიტომ, რომ განსხვავებით Sexual abuse სისხლის სამართლის დანაშაულისგან, კოლექტიური მეხსიერება წარსულში გამოთქმულ ბრალდებებს და შეურაცხყოფებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს: „მერე რა - ეგ დიდი ხნის წინ იყო“. ასეთია ამ შემთხვევაში სოციალური Perception.
ტრამპი ხომ არ „მივიდა“ კენედისთან? არა, კენედი „მოვიდა“ ტრამპთან.
შესაბამისად მან უარყო ამით ყველაფერი რასაც ტრამპზე ადრე ამბობდა.
თავად დაზიანდა ამით და არა ტრამპი.
ტრამპს არაფერი დაჰკლებია თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „მინისტრთა კაბინეტი“, რაც დონალდ ტრამპმა წარადგინა (უფრო ზუსტად, გამოაქვეყნა, - წარადგენს როცა ფიცს დადებს) ნამდვილად „უნიკუმების კრებულია“......ერთი მეორეზე უცნაური და „იმპოზანტური“ ტიპაჟებით.