რატომ ვერ ასახელებენ მინისტრები ტერორისტთა გვარებს?

რატომ ვერ ასახელებენ მინისტრები ტერორისტთა გვარებს?

  

    არის ეჭვი, რომ უშუალო მონაწილეთაგან დაპატიმრებული არავინაა
  ტერორისტული აქტიდან თითქმის ათი დღე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა უკვე «უპატაკეს» პრეზიდენტსა და «ფართო საზოგადოებას» დანაშაულის გახსნა, ვითარება კვლავინდებურად გაურკვეველია.
    თუმცა, ზოგიერთი სიახლე ნამდვილად არის, მაგრამ ეს სიახლენი კიდევ უფრო ართულებს ისედაც ჩახლართულ საქმეს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კულიკოვს კახა თარგამაძისათვის «რაღაცის თქმა უნდოდა», მაგრამ ბოლომდე ვერ გაბედა. ახლა ირკვევა, რაშიც იყო საქმე: ტერორისტებმა და ტერაქტის ორგანიზატორებმა წინასწარ დაიწყეს ზონდირება რუსეთის ხელისუფლებაში, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაციას.
    ეს უაღრესად სიმპტომატური და ნიშანდობლივი მომენტია. შეიძლება, კულიკოვმა ამიტომაც არ გახსნა კარტი ან არ სურდა რუსული აგენტურის გამოაშკარავება, რომელიც მოსკოვს ასეთი ინფორმაციით ამარაგებს.
    შესაძლოა, კულიკოვის გაფრთხილება ინფორმაციის «გაჟონვის» ცნობილი მეთოდით მოხდა, რათა შემდგომში რუსეთის ხელისუფლებას თავის გასამართლებელი საბუთი ჰქონდა - აკი გაგაფრთხილეთ და რა ჩვენი ბრალია, თუ თქვენ (ქართველებმა) საკუთარი პრეზიდენტის დაცვა ვერ შეძელით?!
    დღეისათვის დაპატიმრებულია ხუთი ტერორისტი. თუმცა, აქაც აუცილებელია დაზუსტება: კახა თარგამაძის თქმით, დაკავებულთა შორის არიან მათი ხელშემწყობნიც. არ არის გამორიცხული, «ტერორისტებში» იგულისხმებოდნენ არა მხოლოდ (ან არა იმდენად) უშუალო შემსრულებლები, რამდენადაც მათი ხელის შემწყობები: ისინი, ვინც დივერსანტებს ბინა მიაქირავა, ან ვინც მანქანა მიჰყიდა, ვიდეოფირზე გადაიღო აქცია და ა.შ.
    თუმცა, რაკი შინაგან საქმეთა მინისტრმა «ლოთი ქობალიას შეიარაღებული ფორმირება» ახსენა, მაშასადამე მას ეჭვი არ ეპარება ტერორისტთა «ზვიადისტურ» წარმომავლობაში, მაგრამ რატომ არ ასახელებს გვარებს? ეს მით უმეტეს განსაცვიფრებელია, რომ პრეზიდენტმა ტრადიციულ რადიოინტერვიუში პირდაპირ მოითხოვა: გვარებს მე არ დავასახელებ - ეს იმათ გააკეთონ, ვისაც ევალებათ.
    მიუხედავად ამისა, ბაბილაშვილი, თარგამაძე და გახოკიძე ტერორისტთა ვინაობას მაინც არ ასახელებენ და ამ უცნაურობას «გამოძიების ინტერესებით» ხსნიან.
    არადა, ყველას კარგად გვახსოვს: 29 აგვისტოს ტერორისტული აქტის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეჭვმიტანილის დაკავება ვერც მაშინ მოხერხდა - დაპატიმრებულთა გვარები შოთა კვირაიამ და იმავე ჯამლეთ ბაბილაშვილმა მეორე დღესვე დაასახელეს.
    რაღაცაშია აქ საქმე - რაღაც უცნაურობა იმალება «ძალოვანთა» სურვილში, არ გათქვან დაპატიმრებულთა ვინაობა, არადა, ასეთი საქციელით ისინი უახლოეს დღეებში ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან ხელისუფლებას.
    იგივე «ზვიადისტები» საშუალებას მიიღებენ ამტკიცონ, რომ ყოველივე ტყუილია და ქობალიას ხალხს არავითარი შეხება არ აქვს 9 თებერვლის დივერსიასთან.
    მეორე მხრივ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გვარების გაუმჟღავნებლობა, შესაძლოა სხვა კატეგორიის მიზეზთან იყოს დაკავშირებული: თუ ისინი მხოლოდ მეგრელები არიან, ამან შეიძლება არასასურველი საზოგადოებრივი ატმოსფერო შექმნას და ისედაც გამწვავებული პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს; მაგრამ საეჭვოა, ეს მხოლოდ თარგამაძე-ბაბილაშვილი-გახოკიძეს ესმოდეთ და არ ესმოდეს პრეზიდენტს, რომელიც, რასაკვირველია, მათზე მეტად არის დაინტერესებული სამეგრელოში სიმშვიდის შენარჩუნებით.
    მაშ რაშია საქმე? რატომ ლაპარაკობენ გაუთავებლად «ჩრდილოეთკავკასიურ კვალზე» და კონკრეტულ ადრესატს კი არ ასახელებენ? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩეჩნეთთან არ სურთ ურთიერთობის დაძაბვა - ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, ყოველივე გიჟსა და გადარეულ რადუევს დაბრალდეს?!
    რატომ არ ასახელებენ ქვეყანას, სადაც ტერორისტები გადიოდნენ მომზადებას? რატომ გაისმის (ყრუდ) მინიშნება იმაზე, რომ ტერორისტულ აქტში ჩარეულნი არიან «გარკვეული ძალები» არა მხოლოდ «ახლო», არამედ შორეულ საზღვარგარეთიდანაც? რუსეთი «შორეულში» ნამდვილად არ იგულისხმება. მაშ რომელი ქვეყანა იგულისხმება - ნუთუ თურქეთი? სხვათა შორის, არაფერია გამორიცხული! ვინ დაჰპირდა დივერსანტებს 200 ათას დოლარს?
    რაც შეეხება «ზვიადისტებს», წარმოუდგენელია, მათ თავად ჰქონოდათ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. «ზვიადისტური» ძალები დაქსაქსულნი და დისკრეტირებულნი არიან. «ვიღაცის» იმედი ჰქონდათო» - თქვა პრეზიდენტმა. მაშასადამე, არსებობს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე «რუხი კვიცი», რომლის გამოჭენება შევარდნაძის მკვლელობის შემდეგ მოხდებოდა.
    ლოთი ქობალიას რაზმში 1993 წლის ოქტომბრისათვის ხუთი ათასამდე მებრძოლი იყო. ეს ძალა, რასაკვირველია, უკვალოდ არ გაქრებოდა. არც იარაღი აორთქლდებოდა. უეჭველად გასათვალისწინებელია, რომ რუსული (და არა მხოლოდ რუსული) სპეცსამსახური აქტიურად მუშაობდა ზვიადისტებში; ისევე როგორც «მხედრიონელებსა» და ნებისმიერ სხვა ძალებში, ვინც კი რაიმეს წარმოადგენდა საქართველოში.
    იქნებ ტერორისტთა კონკრეტული გვარები იმიტომ არ სახელდება, რომ მათი კავშირი ლოთი ქობალიასთან არცთუ ადვილად დასამტკიცებელი იქნება (თუ მეგრულ გვარს არ მივიღებთ მხედველობაში)? ან იქნებ დივერსანტებს რაიმე კავშირი აქვთ აფხაზეთში მოქმედ პარტიზანულ დაჯგუფებებთან? - საეჭვოა.
    ყოველ შემთხვევაში, «თეთრ ლეგიონს» ისეთი პიროვნება უდგას სათავეში (ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან), რომლის გაიგივება «ზვიადისტებთან» აბსოლუტურად შეუძლებელია. მას სათანადო ინფორმაციაც გააჩნდა ადრე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ასე ადვილად არ მოტყუვდებოდა.
    წინასწარი მონაცემებით, ტერორისტულ ჯგუფში სამი ჩეჩენი იყო, რომლებსაც სხვები მხოლოდ სახელებით იცნობდნენ. «ჩეჩნური კვალი» აშკარა და მკაფიო ხდება. გავიხსენოთ ისიც, რომ ასლან მასხადოვმა რუსულ დელეგაციასთან ერთ-ერთი შეხვედრისას ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა: «სამხრეთ კავკასიაში» რუსეთისა და ჩეჩნეთის ინტერესები შეიძლება ერთმანეთს დაემთხვესო. არც რადუევის ბოლომდე გამიჯვნა შეიძლება იჩქერიის ამჟამინდელ ლიდერთაგან - ეს მაინც ერთი კომპანიაა.
    «ზვიადისტთა» განსაკუთრებით აგრესიული და შეურიგებელი ნაწილი მთელი ამ წლების განმავლობაში გროზნოში ცხოვრობდა. ბევრი მათგანი იმდენად გონებაშეზღუდულია, - სჯერა არძინბას კეთილგანწყობისა «ზვიადისტი ქართველების» მიმართ.
    ასეა თუ ისე, ეჭვმიტანილთა გვარები აუცილებლად უნდა დასახელდეს - სულ ერთია, მათმა თანამზრახველებმა მაინც იციან უკვე, კონკრეტულად ვინ არის დაპატიმრებულნი.
    ტერორისტთა ვინაობის დაფარვა მხოლოდ გააძლიერებს ეჭვებს, მითქმა-მოთქმას და საბოლოოდ ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას.
   
    7 დღე, 18 თებერვალი, 1998 წ.