რატომ უთმობს საქართველო რუსეთს სამხედრო ბაზებს?!

რატომ უთმობს საქართველო რუსეთს სამხედრო ბაზებს?!

 

    ოთხშაბათს დასრულდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, პაველ გრაჩოვის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ძირითადი შედეგი გახდა რუსეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გადაცემა.
    მართალია ხელშეკრულება ჯერ მხოლოდ პარაფირებულია (ანუ წინასწარ შეთანხმებულია) თავდაცვის მინისტრების მიერ, მაგრამ მთავარი გახლავთ, რომ ქვეყნის დღევანდელმა ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო უთმობს რუსეთს თავის ტერიტორიაზე ოთხ სამხედრო ბაზას (თბილისში, ბათუმში, ახალქალაქსა და გუდაუთაში) 25 წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება შეიძლება კიდევ რამდენჯერმე (ან უსასრულოდ) გაგრძელდეს ხუთ-ხუთი წლით.
    ხელშეკრულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირი - რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. იურიდიული თვალსაზრისით, საბოლოო აქტი იქნება ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტის რატიფიცირება, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა (საქართველოსათვის) უკვე აღარ აქვს და აი, რატომ:
    სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას ექნება უდიდესი პოლიტიკური რეზონანსი - იმ თვალსაზრისით, რომ ამ აქტით საქართველო საბოლოოდ განაცხადებს მთელი მსოფლიოს თვალწინ თავის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. ამით დასრულდება ყოველგვარი «ბალანსირება» და საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხომალდი დაიმკვიდრებს ადგილს კრემლის პოლიტიკის ფარვატერში. სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის თვალშისაცემი სხვაობის გამო (პოლიტიკურ წონათა კატეგორიების თვალსაზრისით), რატიფიცირების საკითხი ვერ შეიძენს განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას. მით უმეტეს, რომ ამჟამინდელი პარლამენტი ნამდვილად ვერ მოაგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას ხელშეკრულების დენონსირებისათვის. მართალია, იგი მის რატიფიცირებასაც ვერ შეძლებს, მაგრამ ამას უკვე წმინდა იურიდიული მნიშვნელობა ექნება მხოლოდ და არა პოლიტიკური. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, იურიდიული პრობლემა - პოლიტიკურში უკვე ვეღარ გადაიზრდება: შევარდნაძისა და ელცინის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერა დაადასტურებს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომლის თანახმად საქართველო იმყოფება რუსეთის გავლენის სფეროში.
    რა თქმა უნდა, დოკუმენტის პარაფირებას, მით უმეტეს მის მომავალ (გარდაუვალ) ხელმოწერას საპარლამენტო ოპოზიციის გამძვინვარება მოჰყვება. მაგრამ ეს ოპოზიციონერები, თუ «შუბლს ოდნავ დაიგრილებენ» და «გულზე ხელს დაიდებენ», იძულებულნი გახდებიან აღიარონ: რუსეთისათვის სამხედრო ბაზების გადაცემით არ მომხდარა არაფერი ისეთი, რაც ეწინააღმდეგება 1994 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებას საქართველოს СНГ-ში შესვლის შესახებ. მეტიც, საქართველოს СНГ-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების განლაგება უკვე ლოგიკურიც კი ხდება,  ვინაიდან СНГ არის რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცე და, აქედან გამომდინარე, ქვეყანა, რომელიც შედის СНГ-ში, შედის რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეშიც. ამრიგად, უფრო გასაკვირი ის იქნებოდა, საქართველო რომ СНГ-ში გაწევრიანებულიყო და, მიუხედავად ამისა (ზოგიერთი სხვა, თანამდევი ფაქტორის გათვალისწინებით), უარი ეთქვა კრემლის უპირველეს, უმთავრეს მოთხოვნაზე - ბაზებთან დაკავშირებით.
    რაკი საპარლამენტო ოპოზიცია შეურიგდა საქართველოს შესვლას СНГ-ში (მან არ დატოვა ხელისუფლება, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო), მას ასევე მოუწევს ბაზებთან შერიგებაც. რაც შეეხება პარლამენტში ყვირილსა და წივილ-კივილს - ეს არავის ეკრძალება, მაგრამ არც უცოდველობის შარავანდედით შემოსავს ვინმეს.
    კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ხელშეკრულების ვადას - ოცდახუთი წელი (!). რასაკვირველია, მსოფლიო პრაქტიკა უფრო დიდ ვადებსაც იცნობს (სამოცი, ოთხმოცდაცხრამეტი წელი და ა.შ.), მაგრამ ჩვენი პირობები განსაკუთრებულია და ვერ შეედრება ჰონკონგსა და ფილიპინებს.
    ოცდახუთი წელი მთელი ეპოქაა! მით უმეტეს, დღევანდელ კოსმოსურ სიჩქარეთა გათვალისწინებით, რომლითაც პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი პროცესები ვითარდება.
    სავსებით სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური თავდაპირველად მხოლოდ ხუთ წელზე იყო თანახმა (ინფორმაცია ამის თაობაზე «ინტერფაქსმა» გაავრცელა); ბევრი კომპეტენტური პირი ირწმუნებოდა, რომ მაქსიმუმი, რაზეც შევარდნაძე შეიძლება დათანხმდეს, ეს არის ათი წელი; მაგრამ ოცდახუთი - უკვე «რუსული ციფრია»! ეს უკვე გრაჩოვის ტრიუმფია, რადგან რუსეთის მხარე სწორედ ამ ვადას მოითხოვდა - სომხეთმა სწორედ ამ ვადით გადასცა რუსეთს თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა - ქალაქ გიუმრიში.
    ყველასათვის მოულოდნელად, დასკვნით პრესკონფერენციაზე პაველ გრაჩოვმა გამარჯვებულის იერით განაცხადა: «პარაფირებულ ხელშეკრულებაში ვადა განისაზღვრა ოცდახუთი წლით». გადაწყდა მრავალი სხვა თანამდევი საკითხიც - საერთო საჰაერო თავდაცვითი სისტემის შექმნა, მატარიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამუშავება და სხვა.

    ყოველივე ამის შემდეგ და გათვალისწინებით კი, ბუნებრივად ისმის ყველაზე მთავარი, შეიძლება ითქვას სამკვდრო-სასიცოცხლო კითხვა: რას მიიღებს საქართველო სანაცვლოდ?
    შეუძლებელი ამ ქვეყნად არაფერია, მაგრამ ლოგიკურად წარმოუდგენელია, ედუარდ შევარდნაძე «ოცდახუთ წელზე» ისე დათანხმდებოდა, რომ სანაცვლოდ არაფერი მიეღო. თუნდაც აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ალბათ მისცეს კიდეც გარკვეული გარანტიები, მაგრამ რამდენად მყარია ისინი? თუ ეს გარანტიები მხოლოდ იარაღში გამოიხატება, ან რუსეთი მხოლოდ იმ ვალდებულებას კისრულობს, რომ ბაზების სანაცვლოდ საქართველოს ტექნიკისა და შეიარაღების გარკვეული რაოდენობა გადასცეს, მაშინ ეს უდავოდ მორიგი ბლეფია - ვერავითარი ძალა ვერ დაუშლის რუსეთს ამდენივე და კიდევ უფრო მეტი ტექნიკა გადასცეს მოწინააღმდეგე მხარეს, ხოლო აფხაზეთში წარუმატებელი «ბლიცკრიგის» შემდეგ უბრალოდ «მხრები აიჩეჩოს».
    სხვა რა გარანტიის მოცემა შეუძლია რუსეთს? მდინარე ფსოუზე საზღვრის ჩაკეტვა აბსურდად იქცევა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვა რუსეთის პრემიერ-მინისტრი და გაფორმდება ხელშეკრულება აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედების თაობაზე. ამავე დროს, რუსეთი ნამდვილად არ არის დაინტერესებული, საქართველომ პრობლემა თავად გადაჭრას ძალის მეშვეობით, რადგან ეს უეჭველად გამოიწვევს დესტაბილიზაციას ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ადიღური მოდგმის ტომები ცხოვრობენ.
    ერთადერთი გარანტია, რომელიც შეიძლება საქართველოს მისცეს რუსეთმა, არის აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის თვისებრივი სახეცვლილება. ანუ რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის საპოლიციო ფუნქციების დაკისრება (ლტოლვილთა დაბრუნების უზრუნველსაყოფად) და (რაც მთავარია) საქართველოს ფედერალიზაცია ანუ ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
    სხვათა შორის, პაველ გრაჩოვმა ამასთან დაკავშირებით ვიზიტის პირველივე დღეს გააკეთა სენსაციური განცხადება, რომელსაც, სამწუხაროდ, სერიოზული ყურადღება არ მიექცა: «რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით, საქართველო უნდა გახდეს ფედერაციული სახელმწიფო». თუ ამ ორ მომენტს ერთიან კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ არ შეიძლება იმ დასკვნამდე არ მივიდეთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ამ ნაბიჯის გადადგმაც გადაწყვეტილი აქვს.
    ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე კი, ჩვენ ალბათ უფრო ზუსტად და ნათლად უნდა მოვახდინოთ იმის განსაზღვრა, თუ როგორ გვესმის საქართველოს დამოუკიდებლობა ან აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა: თუ ეს უკანასკნელი გვესმის, როგორც აფხაზეთში ლტოლვილთა უმრავლესობის დაბრუნება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის ნაწილობრივ აღდგენა, - ვართ თუ არა თანახმა ეს მოხდეს სუვერენიტეტის ფასად?
    ერთი კი ცხადია: ვინც ამ დღეებში, თბილისის ქუჩებში, გრაჩოვის ესკორტს მოჰკრავდა თვალს, არ შეიძლება თანაქალაქელების სახეზე სიმწრის ღიმილიც არ შეემჩნია - თბილისელები კეთილ სტუმრებს ასეთი ღიმილით არ ხვდებიან.

«ივერია-ექსპრესი», 24 მარტი, 1995 წელი.