რესპუბლიკურ პარტიას ისევ ამბიცია დაღუპავს

რესპუბლიკურ პარტიას ისევ ამბიცია დაღუპავს

  

    «რესპუბლიკელთა» უკანასკნელი პრესკონფერენცია გვაფიქრებინებს, რომ ამ პარტიამ ვერა და ვერ გააცნობიერა სამი წლის წინანდელი მარცხის ძირითადი მიზეზი. ისინი კვლავინდებურად ჯიუტად არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ დემოკრატია არის არა თვითმიზანი, არამედ საშუალება - საშუალება სახელმწიფოს, საზოგადოების უფრო სამართლიანად, რაციონალურად და მიზანშეწონილად მოწყობისა.
    თუ ნებისმიერი დემოკრატიული ინსტიტუტის თუ ინსტიტუციის შემოღება - დამკვიდრება ხელს უშლის ძირითადი მიზნის მიღწევას, მაშინ ეს დემოკრატია კი არა, სისულელეა ან (უარეს შემთხვევაში) - პროვოკაცია, რომელიც ისევ და ისევ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იმუშავებს.
    მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლება ყველა დონეზე (როგორც აღმასრულებელი, ასევე წარმომადგენლობითი) არჩევითი უნდა იყოს, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითობა უეჭველად უზრუნველყოფს სახელმწიფოს უფრო სამართლიანად, რაციონალურად, მიზანშეწონილად მოწყობას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების მენტალიტეტი და მთლიანად, ერის სახელმწიფოებრივი კულტურის დონე შეესაბამება ამ ურთულესი ინსტიტუტის (რეგიონული ხელისუფლების არჩევითობის) ნორმალურად ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პირობებს.
    იმთავითვე შევთანხმდეთ, რომ «ნორმალურ ფუნქციონირებაში» ვგულისხმობ ისეთ ფუნქციონირებას, რომელიც პრობლემებს არ შეუქმნის მთლიანობაში სახელმწიფო ორგანიზმის ცხოველმყოფელობას და დაიცავს ბალანსს საერთონაციონალურ, საზოგადოებრივ და ადგილობრივ ინტერესებს შორის.
    ძალიან მეეჭვება, დღევანდელ პირობებში ამ ინსტიტუტმა საქართველოში თავისი ფუნქცია შეასრულოს; მაგრამ ასეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას «რესპუბლიკელებს» ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ. დაუჟინიათ: ქართველ ხალხს ადგილობრივი თვითმმართველობის დიდი გამოცდილება აქვს - აკი ხევისბერებს ხევის მოსახლეობა ირჩევდაო. კი, მაგრამ, თქვე დალოცვილებო, სულმნათი ყაზბეგის «ხევისბერი გოჩა» მაინც არ წაგიკითხავთ? ხევისბერს რომ მოხევეები ირჩევდნენ, ის შემდგომ ვინმეს ემორჩილებოდა ან ვინმეს სუვერენიტეტს აღიარებდა?
    ამ მენტალობიდან გამომდინარე, დღეს თუ მოხევეები გამგებელს პირდაპირ კენჭისყრით აირჩევენ, შედეგად ხევში მივიღებთ არა გამგებელს, არამედ იგივე ხევისბერს ან (დღევანდელი ტერმინოლოგიით) «ხევის პრეზიდენტს» - შეუზღუდავი უფლებამოსილებით, საკუთარი არმიითა და სასაზღვრო ჯარით. უყარეთ მერე «კაკალი», ანუ იძახეთ: რა უნიათო ცენტრალური ხელისუფლება გვყავს, ხევი ვეღარ დაიმორჩილაო. არადა, ხევი შევარდნაძემ კი არა, ნუგზარ ერისთავმაც ვერ დაიპყრო.
    ისიც გაითვალისწინეთ, რომ მოხევეებს (ეკონომიკურად) ვლადიკავკაზი უფრო სჭირდებათ, ვიდრე თბილისი. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ მოხევე დეპუტატი გამოდიოდა «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» შესახებ კანონის ყველაზე აქტიურ მომხრედ საპარლამენტო დებატებისას.
    ხევს ენაცვალოს ჩვენი თავი, მხოლოდ მაგალითად მოვიყვანეთ, თორემ იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ სხვა რაიონზე, მითუმეტეს - არაქართულ რაიონებზე.
    რესპუბლიკელები აღფრთოვანებას ვერ მალავენ საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმის გამო. ეს რეფორმა ნამდვილად პროგრესულია, იგი ხელს უწყობს მოსამართლეთა რეალური დამოუკიდებლობის დამკვიდრებას და სასამართლოს ჩამოყალიბებას ნამდვილ «მესამე ხელისუფლებად». მაგრამ ვაითუ (ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების მენტალობიდან და სახელმწიფოებრივი კულტურის დონიდან გამომდინარე) მოსამართლეთა «დამოუკიდებლობა» ქრთამის აღებაში დამოუკიდებლობად იქცევს?
    ერთი გაბედე და ჰკითხე - სადისტ მკვლელს მინიმუმი რატომ მიუსაჯეს - «რა შენი საქმეაო», გიპასუხებს!
    არადა ისევ იმავე პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო სისტემის ფორმა სახელმწიფოს უფრო სამართლიანად, რაციონალურად და მიზანშეწონილად მოწყობას უნდა ემსახურებოდეს. «რეფორმის მამები» თვლიან, რომ ასეც მოხდება - თქვენ პირს შაქარი! აღდგომა და ხვალეო.
    «რესპუბლიკელები» კვლავინდებური მედიდურობით აცხადებენ: საზოგადოება ჩვენი იდეებისათვის ჯერ არ მომწიფებულაო. იქნება ამით სწორედაც აღიარებენ, რომ ქართული საზოგადოება მისი მენტალიტეტით და სახელმწიფოებრივი კულტურის დონით, მზად არ არის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის დაუყოვნებლივ და სრულად ამოქმედებისათვის?
    არავინ ამბობს, თითქოს სამუდამოდ ასე უნდა დარჩეს, მაგრამ იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ საზოგადოებაში «კანონიერი ქურდისათვის» ხელის ჩამორთმევა სამარცხვინოდ ითვლებოდეს და არა საამაყოდ.
    რამდენად მზად არიან «რესპუბლიკები» ამის გასაგებად, არჩევნების დროს გამოჩნდება, - თუ დამოუკიდებლად იყრიან კენჭს, მაშასადამე, ვერაფერი უსწავლიათ, თუ ბლოკ «საქართველოში» გაერთიანდებიან ყველა ეროვნულ ძალასთან ერთად, უეჭველად დაბრუნდებიან დიდ პოლიტიკაში, სადაც ყოველთვის ექნებათ ადგილი და ფუნქცია.

მერიდიანი, 12 ოქტომბერი, 1998 წ.