როგორ „გაყიდა“ რუსეთმა სტრატეგიული მოკავშირე

როგორ „გაყიდა“ რუსეთმა სტრატეგიული მოკავშირე

       თანამედროვე რუსეთში პოლიტიკური პრაგმატიზმის ხელოვნება იმდენად განავითარეს, რომ საერთოდ ძნელად გასავლებია ზღვარი «პრაგმატულ პოლიტიკასა» და ელემენტარულად ისეთ საქციელს შორის, რასაც უზნეობის კოეფიციენტსაც კი ვერ მოუძებნი.
        ის, რაც იუგოსლავიის პრეზიდენტს, ევროპაში რუსეთის ერთადერთ მოკავშირეს, სლობოდან მილოშევიჩს დაემართა, ძალიან ჭკუის სასწავლებელია უკლებლივ ყველა «პრორუსული პოლიტიკოსის» ან ასეთი «ორიენტაციის» თეორეტიკოსისთვის.
        არა პირადად სლობოდან მილოშევიჩი, არამედ «მოძმე სერბეთი» ერთმორწმუნე რუსეთმა ოცდაათ ვერცხლად გაყიდა! 1991 წლიდან სწორედ მოსკოვი უმაგრებდა ზურგს მილოშევიჩს, სწორედ მოსკოვი აგულიანებდა მას განეხორციელებინა აგრესია, არ შეშინებოდა დასავლეთის ზემოქმედებას, პრინციპით: «მიდი, ჩვენ აქა ვართ».
        შემდგომ, როდესაც მილოშევიჩმა ერთდროულად 5 ომი წამოიწყო, გადაიმტერა მთელი დასავლეთი და რუსეთმა მოიგო ის, რაც სწადდა (სამხედრო ყოფნა ე.წ. «სამშვიდობო ძალების» ფორმით), მილოშევიჩი და «ერთმორმწუნე სერბეთი» ვაშლის ნაფცქვენივით მოისროლეს კრემლიდან.
        ასეთია «ახალი რუსული პრაგმატიზმი».
        იუგოსლავიაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოსკოვში ჩავიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, გერხარდ შროიდერი და რუსებს ვალების გადავადებას დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აღარ დაეხმარებოდა მილოშევიჩს და ხელს არ შეუშლიდა კუშტუნიცას გაპრეზიდენტებას.
        მეთოდი მეტად «ქმედითი» აღმოჩნდა: რუსეთი ახალ კრედიტებს დახარბდა და... სტრატეგიული მოკავშირე სულ ადვილად ამოიგდო «გულიდან და თვალიდან». ეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რამდენად მტკნარი სისულელეა რუსეთზე ორიენტაცია და ამ ქვეყნის იმედად ყოფნა.

როგორ კეთდება პროვოკაცია

        გასულ კვირას რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა «სიხარულისა და ნიშნისმოგების კბილთა ხრჭიალით» ამცნეს რუსეთსაც და მთელ მსოფლიოს, რომ «როგორც იქნა» ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დაადასტურა საქართველოდან ჩეჩნეთში ტერორისტებისთვის იარაღის გადაზიდვის ფაქტი.
        ეს «დადასტურება» მოსკოვისათვის, რასაკვირველია, იმდენად არის საინტერესო და ფასეული, რამდენადაც ქმნის პრეცედენტსა და საბაბს საქართველოს დასაბომბად ზამთრის პერიოდში. ოღონდ, არა საცხოვრებელი კვარტალებისა.
        რასაკვირველია, თბილსრესის «დაბომბვაც» საკმარისი იქნებოდა, ანუ «ცივილიზებული მეთოდით» ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნის დასჯა.
        რუსეთის ტელეკომპანია «ორტ»-მ იმდენად სულისშემძვრელი ტონით აუწყა ეს «ქართული მზაკვრობა» ტელემაყურებელს, რომ გადავწყვიტე, დეტალურად გამერკვია, რაშია საქმე.
        ნუთუ მართლა დაადასტურა ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ (იგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე იმყოფება, სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებით), რომ საქართველოდან ჩეჩნეთში იარაღი იგზავნება?
        თუ დაადასტურა, მაშინ ცუდად ყოფილა საქმე – ეუთოს «კრემლის აგენტობაში» ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. თუმცა, დავაკვირდეთ «საინფორმაციო ტექნოლოგიას», რომელიც რუსეთს არაერთგზის გამოუყენებია ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს. არც ერთი სიტყვა საკუთრივ პირველწყაროს შესახებ; იცვლება თუნდაც ერთი წინადადება ან ერთი ტერმინიც კი – რაც სავსებით, საკმარისია აზრის შესაცვლელად.
        მაგალითად, ხსენებული საინფორმაციო პროვოკაციის» საფუძველი გახდა თბილისის ეუთოს მისიიდან ვენაში გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც, ავსტრიიდან მიღებული ცნობის შესაბამისად, დათარიღებულია 25 სექტემბრით.
        ასეთ ცნობებს ჩეჩნეთის სასაზღვრო მონაკვეთზე განლაგებული დამკვირვებლები პერიოდულად აგზავნიან თბილისში. აქედან კი იგზავნება ვენაში და რიგდება, როლგორც ეუთოს ოფიციალური დოკუმენტი.
        25 სექტემბრის «რიპორთ»-ში ნათქვამია, რომ 20 სექტემბერს (მიაქციეთ ყურადღება) «ეუთოს დამკვირვებლებმა, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე აღმოაჩინეს ბილიკი, «საქართველოდან-ჩეჩნეთში». თუმცა, ეს უკვე გადაჭარბებაა, «ბილიკი» არ შეიძლება საქართველოდან-ჩეჩნეთში მიდიოდეს. მაქსიმუმ, იგი შეიძლება სოფელ გირევს აკავშირებდეს «პირიქითა საქართველოს» რომელიმე სხვა დასახლებულ პრუნქტთან და არა მაინცდამაინც ჩეჩნეთთან, თუმცა, რუსეთ-საქართველოს საზღვარი იმ რეგიონში პირობითია იმდენად, რამდენადაც ყოველთვის პირობითი იყო საზღვარი საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის.
        ამიტომ დანამდვილებით იმის თქმა, რომ ბილიკი მაინცდამაინც «საქართველოდან - ჩეჩნეთში» მიდიოდა, იმთავითვე პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს.
        თუმცა, ეს კიდევ არაფერი. ეუთოს მისიის «შეტყობინებაში» შემდეგ ასეთ უცნაურობას ვკითხულობთ: «დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს ბილიკის გამოყენების ნიშნები, თუმცა, ვერ დაადგინეს, იქნა თუ არა იგი გამოყენებული».
        არ გეგონოთ, პატივცემლუო მკითხველო, რომ ცუდად და გაუგებრად გადმოვთარგმნე ინგლისურიდან. რა ვქნა, თუ სიტყვასიტყვით სწორედ ასე ითარგმნება? შინაარსობრივად კი იგულისხმება შემდეგი: ეუთოს დამკვირვებლებმა შატილის (გირევის) მიდამოებში აღმოაჩინეს ბილიკი, რომელიც საიდანღაც სადღაც მიდიოდა, მათ ჩათვალეს, რომ იგი მიდიოდა (მიდის), საქართველოდან ჩეჩნეთში, შემდგომ დააკვირდნენ და შენიშნეს ზედ (ბილიკზე) მისი (ამ «გზის») გამოყენების ნიშნები.
        რა იგულისხმება? – მოდი და იმტვრიე თავი, რა იგულისხმება.
        შეიძლება იგულისხმება ადამიანის ნაკვალევი, მაგრამ თუ ასეა, რატომ არ წერენ? ადამიანის ნაკვალევი რომ იყოს, უეჭველად ასე დაწერდნენ. მაშასადამე, ვივარაუდოთ, იგულისხმება ცხოველის ნაკვალევი, მაგრამ რა ცხოველისა? ცხენის, სახედრის, თხის? არ არის დაზუსტებული. რაკი ეს ვერ დააზუსტეს (ან კი რას დააზუსტებდნენ), გადაწყვიტეს, ასეთი აბდაუბდა დაეწერათ:. «კი აღმოვაჩინეთ, მაგრამ ვერ დავადგინეთ, იქნა თუ არა გამოყენებული».
        აზრი არ არის დამთავრებული, იგულისხმება: ვერ დავადგინეთ იქნა თუ არა გამოყენებული ჩვენს მიერ აღმოჩენილი ბილიკი, საქართველოდან ჩეჩნეთში იარაღის, ტანკების, საარტილერიო სისტემების, ჯავშნოსანი მატარებლის, «გრად»-ის ტიპის დანადგარების, «სუ-25» ტიპის თვითმფრინავების და ავღანეთიდან საქართველოში აქლემებით ჩამოსული «ცოცხალი ძალის» გადასასროლად!
        აი, მთელი ეს აბდაუბდა «ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის» თბილისის ოფისმა გაგზავნა ვენაში, როგორც ჩანს, «ვალმოხდილობის» სრული შეგნებით.
        დოკუმენტი დაურიგდათ წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს. რა გასაკვირია, თუ რუსეთის წარმომადგენელს (უეჭველად კგბ-ს ყოფილ გამოცდილ რეზიდენტს) თვალები სიხარულით გაუბრწყინდებოდა, როგორც კი ამ ინფორმაციას წაიკითხავდა, უმალვე დაიბარებდა კოლეგას რუსული სადეზინფორმაციო სააგენტოდან, «გამოაცხობდნენ» ჩვეულ ქვეწარმავლურად ეშმაკურ, შხამითა და პროვოკაციით აღსავსე «ინფორმაციას» და იმავე საღამოს იქუხა «ორტ»-ს ქვემეხმა.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის, ვინც ასეთი «ცნობა» გაგზავნა ვენაში, ან ელემენტარულად იდიოტია, ან (კიდევ უარესი, თუმცა გააჩნია, ვისთვის როგორ) პროვოკატორია! სხვა (მესამე) ახსნა ამ უცნაურობას არ გააჩნია, ორივე ალბათობა ამ შემთხვევაში თანაბარია.
        ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში იპოვით იდიოტებსაც და პროვოკატორებსაც.
        მოგებული კი დარჩა რუსეთი და გარწმუნებთ, თუ მომავალში რუსეთმა მართლაც დაბომბა საქართველოს ტერიტორია (რაც გამორიცხული არ არის) – ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სწორედ ეუთოს «რიპორთი» იქნება («ვნახეთ რაღაცა, მაგრამ ვერ დავადგინეთ, როდის და რისთვის და იყო თუ არა..), რომელიც რუსეთის საინფორმაციო იარაღის ჭურვად გამოდგა.
        «იტარ-ტასს» რას ვერჩით, - იგი თავისი «დერჟავის» ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და, რა თქმა უნდა, არ დაზუსტებულა, რომ შატილის მიდამოები (მათ შორის, გირევთან), რუსეთის მხრიდან მთლიანად გადაკეტილია სადესანტო ნაწილებით და მესაზღვრეებით ისე, რომ თაგვიც კი ვერ გაძვრება, ხოლო სადაც გაძვრება, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდება.
        აკი თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი ივანოვმა: საზღვარი იმდენად უხვად («გუსტო») არის დანაღმული, უახლოესი 50 წლის განმავლობაში იქ ვერავინ გაივლისო.

დილის გაზეთი, 9 ოქტომბერი, 2000 წელი