საერთაშორისო მიმოხილვა. 23 იანვარი. 2024 წელი
რუსეთი აგრძელებს ჯაშუშური სპეც-ოპერაციების განხორციელებას დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ.
რუსული სამხედრო დაზვერვის ГРУ (Главное разведывательное управление) სამხედრო გემი "Янтарь" გუშინ ისევ დააფიქსირეს ბრიტანეთის მახლობლად, საერთაშორისო წყლებში.
თუმცა არსებობს ასეთი საზღვაო ტერმინი „ეკონომიკური საზღვაო ზონა“, რაც უფრო ფართოა ვიდრე „სანაპირო სასაზღვრო წყლები“.
დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსული სამხედრო გემი აგროვებს ინფორმაციას ზღვის ფსკერზე განლაგებულ სტრატეგიულ საკომუნიკაციო კაბელებსა და მილსადენებზე.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
რამდენიმე თვის წინ "Янтарь" ბრიტანეთის დასავლეთ სანაპიროებთან შენიშნეს და როდესაც ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემი გამოეკიდა, ირლანდიისკენ გაიპარა, სადაც ბრიტანული სამხედრო გემები ვერ შევიდოდნენ მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა NATO-ს წევრია.
ლონდონსა და დუბლინს ბოლომდე მაინც არ აქვთ „დალაგებული“ ურთიერთობა ჩრდილო ირლანდიის გამო.
ირლანდიისა და ბრიტანეთის სანაპიროებთან რუსული სამხედრო-სადაზვერვო გემის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ეს ოპერაცია ხორციელდება აგრეთვე ამერიკა-ბრიტანეთის წყალქვეშა კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად.
და რომ შეაგროვებენ ინფორმაციას, მერე უკვე დივერსიას ახორციელებს იგივე ГРУ:
რამდენიმე კვირის წინ ევროპის ჩრდილოეთით დააკავეს რუსული სატვირთო/სავაჭრო (!!!) გემი, რომლის კაპიტანი იყო ვინმე ვადაჭკორია და ეკიპაჟი სანახევროდ ქართული. ეს „მშვიდობიანი გემი“ ღუზას ათრევდა ზღვის ფსკერზე იმ ადგილებში, სადაც წყალქვეშა კომუნიკაციები გადის და რამდენიმე კაბელი გაგლიჯა კიდეც.
გემი დაპატიმრებულია ერთ-ერთ პორტში, მაგრამ ევროპელმა „სასარგებლო იდიოტებმა“ ჯერ ამ ვადაჭკორიას თუ სხვა დივერსანტების დაკავება ვერ მოახერხეს: „მტკიცებულებები არ გვაქვს, რომ ის ღუზა სპეციალურად ჩაუშვესო და.....“
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესოდ და საგულისხმოდ ვითარდება ომი რუსულ სპეცსამსახურებსა და გენიალურ Google-ს შორის.
როგორც ცნობილია, დასავლური სანქციების კონტექსტში Google-მა და მისმა ქვეგანყოფილებამ YouTube დაბლოკეს რუსული პროპაგანდისტული რესურსები Russia Today (RT), "Спас" და "Царьград", ასევე უამრავი სხვა ექაუნთი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები და კრემლის პროპაგანდა თავის დეზინფორმაციებს ავრცელებდნენ.
პასუხად, რუსულმა სპეცსამსახურებმა და პროპაგანდისტულმა „საინფორმაციო ჯარებმა“ (შეიარაღებული ძალების ეს სახეობა პუტინმა 2006 წელს შექმნა საიდუმლო ბრძანებულებით) Google-ს რუსეთის სასამართლოებში უჩივლეს.
პუტინის სასამართლომ Google 2 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 დოლარით (უნდეცილიონი ჰქვია ამ ციფრს - 36 ნულით) დააჯარიმა.
მერე უკვე მოსკოვმა Google-ს მთელს მსოფლიოში უჩივლა (გაგეცინებათ, ამერიკის სასამართლოს ჩათვლით-დ.) და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სამხრეთ აფრიკის სასამართლომ, ამ სარჩელის საფუძველზე Google-ის ქონება დააყადაღა იმ ორი უნდეცილიონი დოლარის ჯარიმის გადასახდელად.
აი რატომაც სჭირდებოდა პუტინს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ე.წ. BRICS-ში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა): რათა ამგვარი სპეცოპერაციები განახორციელონ დასავლეთის წინააღმდეგ იქაური „სასარგებლო იდიოტების“ და კორუმპირებული ჩინოსნების, მათ შორის „მოსამართლეების“ მეშვეობით.
გუშინ ინგლისის უმაღლესმა სასამართლომ აკრძალა ნებისმიერ იურისდიქციაში Google-ის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა.
მოსკოვი არ დაემორჩილება რასაკვირველია.
მაგრამ „სამხრეთ აფრიკის“ სასამართლო სისტემის მსგავსი „სასარგებლო იდიოტები“ კი უნდა დაფიქრდნენ: უღირთ კი ამგვარად „ორ სკამზე ჯდომა“ ანუ ერთის მხრივ დასავლური სამყაროს ნაწილია თითქოს „სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა“ ეკონომიკურად, ფინანსურად, ბოლოს და ბოლოს სპორტულად და მეორეს მხრივ პუტინისა და მისი სპეცსამსახურების თამაშს თამაშობს.
პუტინს YouTubeის სრული გაჩერება არ აწყობს, რაკი მილიონობით რუსი სპორტს და კონცერტებს სწორედ ამ პლატფორმაზე უყურებს, მაგრამ შ ე ა ნ ე ლ ა რუსეთის ტერიტორიაზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა პირველად გააკეთა მნიშვნელოვანი, არსებითი და კონკრეტული განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ანუ ისეთი განცხადება, რაც ნამდვილად არ მოეწონება პუტინს.
ტრამპმა თქვა, რომ თუ პუტინი არ დათანხმდება მის გეგმას უკრაინაში ომის დასრულებისა, მაშინ ამერიკა ეკონომიკურ სანქციებს შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ.
მათ შორის დაბლოკავს მთელს რუსულ იმპორტს ამერიკაში.
ეს განცხადება იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი და არსებითი, რომ რუსეთის ეკონომიკას რაიმეს დააკლებს ახლა (დღევანდელ სიტუაციაში) ამერიკის ბაზრებზე რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა (ისედაც მიზერია ეს იმპორტი, განსხვავებით ევროკავშირის იმპორტისგან რუსეთიდან) არამედ იმიტომ, რომ ეს არის პირველი ღია (!) მუქარა ტრამპის მხრიდან უკვე პრეზიდენტის რანგში და არა კანდიდატის ან President-elect-ისა.
ამიტომაა მნიშვნელოვანი, თორემ სინამდვილეში ამ მხრივ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ამერიკის ეკონომიკის სერიოზული ზიანის გარეშე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა. ბაიდენმა მაინც ვერ დაბლოკა რუსეთიდან ფერადი ლითონების და ზოგიერთი კოსმოსური თუ სხვა ტექნოლოგიის იმპორტი, რადგან ეს სერიოზული დარტყმა იქნებოდა თვით ამერიკისთვის და ამაზე ბაიდენი არ წავიდა.
ოღონდ ტრამპმა იქვე მეორე განცხადებაც მოაყოლა ამ მუქარას: უკრაინას იარაღს მივაწვდი თუ პუტინი ჩემს გეგმაზე უარს იტყვისო.
აი ეს ნამდვილად ბევრად არსებითია.
ამერიკას აქვს საშუალება უკრაინას ისეთი იარაღი მიაწოდოს, მოსკოვსაც მისწვდეს და პეტერბურგსაც.
თან გავითვალისწინოთ, რომ ეს „მიწოდება“ თავისთავად გულისხმობს ყოველგვარი (!) შეზღუდვის მოხსნას რუსული ქალაქების დაბომბვაზე.
დღეს ჯერ კიდევ მოქმედებს ასეთი შეზღუდვა, რომ რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს იმ თაღლითურ/ნაძირლური არგუმენტით, რომ მოსახლეობას კი არა, ამ ქალაქებში სამხედრო საწარმოებს ბომბავენ ვითომ, რათა უკრაინელები დაზაფრონ და ომით სასოწარკვეთილება შესძინონ, ხოლო ამერიკელებმა და ევროპელებმა იგივე არგუმენტით რუსული ქალაქების დაბომბვა აუკრძალა უკრაინელებს.
რაც შეეხება „ტრამპის გეგმას“, ბევრჯერ გვითქვამს: გეგმის თანახმად, უკრაინაში უნდა განხორციელდეს „კორეული კონცეპტი“: დაფიქსირდეს ცეცხლის ხაზი და ამ პროცესში რაღაც ტერიტორიები „ცეცხლის შეწყვეტის„ პარადიგმის კონტექსტში გაიცვალოს სხვა ტერიტორიებზე - - მკაფიო „ხაზის“ დასაფიქსირებლად (მაგალითად კურსკიდან უკრაინული ჯარები გავიდნენ, მაგრამ რუსებმაც რაღაც მონაკვეთებზე უფრო აღმოსავლეთით დააფიქსირონ „ხაზი“) და რაც მთავარია, უკრაინის „გადარჩენილ“ ტერიტორიაზე შეიქმნას რუსული აგრესიის არგანახლების გარანტიები.
რა გარანტიები იქნება ეს, სხვა საკითხია: „ცის ჩაკეტვიდან“ NATO-ს საჰაერო ძალებით, - უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე ფრანგული და ბრიტანული სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანამდე“.
რა თქმა უნდა ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ ტრამპმა მოსთხოვოს უკრაინას აღიაროს ყირიმი და დონბასი იურიდიულად რუსეთის კუთვნილებად.
გუშინ ზელენსკიმ სპეციალური განცხადებით ამას ხაზი გაუსვა „ყოველი შემთხვევისთვის“: „არასდროს კიევი არათუ დონბასის არამედ ყირიმის იურიდიულად დაკარგვას არ აღიარებსო“.
აი ეს არის ტრამპის გეგმა, რომელიც.....კატეგორიულად მიუღებელია პუტინისთვის.
გამორიცხულია ის ამ გეგმას დათანხმდეს.
გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა.
რადგან ომის დასრულება (დროებით) და ცეცხლის შეწყვეტა (დროებით) როგორ არ უნდა დღევანდელ ვითარებაში! კი, ნამდვილად უნდა, ოღონდ...... მხოლოდ იმ მოდალობით და იმ კონფიგურაციით, რაც რუსეთს (მას ან მის მემკვიდრეს) რამდენიმე წლის ან თუნდაც 10-20 წლის შემდეგ აგრესიის განახლების შანსს დაუტოვებს.
„კორეული ვარიანტი“ ამის შანსს არ დაუტოვებს: კორეის „ცეცხლის შეწყვეტის ხაზს“ ძლევამოსილი ამერიკული არმია იცავს 1950-იანი წლებიდან და იმიტომაც აყვავდა სამხრეთ კორეა, ამიტომაც იქცა ერთ-ერთ გლობალურ ლიდერად გემთმშენებლობიდან - კინემატოგრაფამდეც კი.
ტრამპმა ისიც თქვა, რომ ეს ომი „უაზროა“ რუსეთისთვის.
„დაამთავროს ეს უაზრო ომიო“.
სინამდვილეში კი.....ანტიუკრაინული აგრესია უდიდესი ნაძირლობაა, თუმცა „უაზრო“ პუტინისთვის ნამდვილად არ არის:
უკრაინა ხომ რუსული იმპერიული „დერჟავული“ იდენტობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. „უაზრო“ როგორ შეიძლება იყოს პუტინისთვის, რომ უბრალოდ მეტი ტერიტორია კი არ მიიღო, არამედ ყირიმი დაიპურო, რითაც შავ ზღვას მთლიანად აკონტროლებს, ასევე უკრაინის ინდუსტრიული აღმოსავლეთი დაიპყრო, სადაც უამრავი დიდი საწარმო და წიაღისეული საბადოა და უკვე მოიპოვა სახმელეთო გასასვლელი ყირიმისკენ მარიუპოლის გავლით, რაც არ გააჩნდა ამ აგრესიამდე.
„უაზრო“ პუტინისთვის და მისი იმპერიისთვის ნამდვილად არ არის ეს ომი.
მით უმეტეს, დაუშვებელია, პუტინმა რაც დაიპყრო ის დაიკანონოს იურიდიულად და ისტორიულად...... ორგზის უმეტეს, კიდევ უფრო მეტი დაიპყროს..... ან სამგზის უმეტეს, უკრაინა როგორც სახელმწიფო გაანადგუროს.
აი ეს ნამდვილად არ იქნებოდა „უაზრო“ პუტინისთვის.
მას სწორედ ეს საბოლოო მიზანი აქვს გააზრებული: უკრაინის განადგურება და მის რუსულ პროვინციად ქცევა.