რომელმა ცამ და მიწამ ჩაყლაპა ქობალია და აბსანძე?

რომელმა ცამ და მიწამ ჩაყლაპა ქობალია და აბსანძე?

        ლოთი ქობალია «მოძრაობის» მიერ გამოთაყვანებულ იმ «გულუბრყვილოთა» კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ძალიან გვიან მიხვდა, როგორ მოატყუეს, გამოიყენეს, ტაკიმასხარასავით ათამაშეს, შემდეგ მოისროლეს და ყველაფერი მასვე დააბრალეს.
        მაგრამ ამას ლოთი ძალიან გვიან მიხვდა: მაშინ, როდესაც უკვე ციეში იჯდა. გურამ აბსანძეზე იგივეს ვერ ვიტყვით. იგი საკმოად ჭკვიანი, მარიფათიანი ფინანსისტია და, ალბათ, ბევრი რამ მოასწრო იმ შორეულ ეპოქაში, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა. ან კი როგორ იცნობდა, როდესაც პრეზიდენტობის 7 თვიდან 4 თვე გამსახურდიამ და მისმა ხელისუფლებამს დაპირისპირებულ «დემოკრატიულ» კლანებთან ბრძოლას შეალია, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, სინამდვილეში (ყველას არ ეხება, თუმცა, ეხება უმრავლესობას), დემოკრატიის მხურვალე სიყვარული და ერთგულება იმდენად არ უთრთოლებდა გულს, რამდენადაც «ყვითელი კრავი» და ძალაუფლების ვნება. ლოთი ქობალია, თავდაპირველად, შეიძლება ბევრ მათგანზე უფრო, ასე ვთვქათ, სწორხაზოვანი ყოფილიყო თავის მოტივაციაში.
        ოფიციალური ცნობის თანახმად, კვირას დილით, ლოთი ქობალია, გურამ აბსანძე, ეჯიბია-გულუას თანამზრახველები (რომელთაც ბრალი ედებათ 9 თებერვალს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაში) საქართველოს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცნენ.
        მათთან ერთად «დრო იხელთეს» ჩვეულებრივმა მკვლელებმა და ყაჩაღებმა. სულ გაიქცა 12 პატიმარი ან ბრალდებული. ზოგიერთ მათგანს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა. სხვების სასამართლო ის-ის იყო მიმდინარეობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს ლოთი ქობალიას სიკვდილით დასჯა (დათო ბოლქვაძის მკვლელობისთვის) შეეცვალა სამუდამო პატიმრობით. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭომ მოითხოვა სიკვდილით დასჯის გაუქმება, პრეზიდენტმა ლოთი ქობალიას სასიკვდილო განაჩენი შეუცვალა არა სამუდამო პატიმრობით, არამედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთით, ვინაიდან იმ დროისათვის სამუდამო პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა, არ არსებობდა, ამიტომ პრეზიდენტმა ქობალიას შეუფარდა (შეწყალების ფორმით) უმაღლესი სასჯელი, რაც სიკვდილით დასჯის გარდა, იყო გათვალისწინებული სისხლი სამართლის კოდექსით, ანუ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
        მაშასადამე, 1994 წლის შემდეგ, როდესაც იგორ გიორგაძემ უკრაინელ კოლეგებთან შეთანხმებით ხელშებორკილი ქობალია თბილისში ჩამოიყვანა, ექსპრეზიდენტის ყოფილი გვარდიის სარდალი 6 წელს იჯდა ციხეში.
        თვით გაქცევას რაც შეეხება, იგი არათუ კვირეების, არამედ, შესაძლოა, წლების განმავლობაში მზადდებოდა. გამოთქმული ვერსიებიდან რამდენიმე აშკარად ფანტასტიკურია. მაგალითად, რომ გაქცეულებს კარი გაუღეს, ხოლო გვირაბი თვალის ასახვევად გაიყვანეს.
        ელემენტარული ლოგიკის შესაბამისად, ეს ვერსია მტკნარი სისულელეა. ვიმსჯელოთ ლოგიკურად: რა საჭირო იყო (30 მეტრის სიგრძის) გვირაბის გაყვანა, დროისა და ენერგიის ხარჯვა, რისკზე წასვლა, თუ კარიდან გასვლა შეიძლებოდა? ე.ი. კარში გურამ აბსანძე გაეტეოდა და სხვები ვერ გაეტეოდნენ? დავუშვათ, აბსანძე გვირაბში ვერ გაეტეოდა და იგი კარიდან ამის გამო გაუშვეს.
        კვლავ ვიმეორებ კითხვას: თუ კარიდან გასვლა შესაძლებელი იყო, სხვები რატომ არ ისარგებლებდნენ ამ საშუალებით და გვირაბის თხრას რატომ დაიწყებდნენ, ან მაინცდამაინც გვირაბში რატომ გაძვრებოდნენ – პრინციპის გულისთვის?
        არც ის უნდა იყოს მართალი, რომ გურამ აბსანძე გვირაბში ვერ გაეტეოდა – ციხე ისეთი საშინელებაა, ნემსის ყვუნწშიც გაძვრები! ჰკითხეთ ვინც იქ ყოფილა და დაგიდასტურებთ.
        ამრიგად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თორმეტივე პატიმარი გვირაბში გაძვრა და ისე გაიქცა. ახლა, რაც შეეხება პერსონალის მოსყიდვას. ყველას, ვისაც რაიმე სახის ქრთამთან ჰქონია საქმე, თუნდაც წვრილმანთან (მაგალითად, სახლმმართველობაში ან საპასპორტო განყოფილებაში და ა.შ.), დაადასტურებს: არის შემთხვევები, როცა მილიონიც რომ შესთავაზო, საქმეს ვერ გააკეთებ, ვინაიდან «საციხო საქმე» იქნება.
        დავუშვათ, ციხის პერსონალმა, მართლაც, ქრთამი აიღო და პატიმრები გააპარა. მაშინ გაუგებარია, ეს პერსონალი სრული შემადგენლობით რატომ დარჩა იზოლატორში? აქაც ხომ ელემენტარული ლოგიკაა: ის, ვინც პატიმრებს გაქცევაში დაეხმარებოდა (ვთქვათ, ქრთამის საფასურად ან იდეური მოსაზრებით), უეჭველად, მათთან ერთად გაიქცეოდა! ასიდან ას შემთხვევაში, ეს სწორედ ასე მოხდებოდა. აბა, გიჟი იყო იქ დარჩენილიყო? არადა, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალიდან არავინ გაქცეულა. 9 მათგანი უკვე დააპატიმრეს ხელშეწყობის ბრალდებით, ოღონდ აქაც გარჩევაა საჭირო: ერთია «შეგნებული ხელშეწყობა ქრთამის საფასურად» და მეორეა, «უნებლიე ხელშეწყობა სამსახურებრივი დაუდევრობით». ორივე სისხლის სამართლის დანაშაულია. ოღონდ სხვადასხვა რანგისა და ხარისხის.
        ჩვენს შემთხვევაში, ალბათ, უფრო მეორესთან გვაქვს საქმე – შესაძლოა, პერსონალის ნაწილი ქრთამს იღებდა, მაგრამ ქრთამს არა გაქცევაში ხელშეწყობისათვის, არამედ იმის საფასურად, რომ, მაგალითად, აბსანძეს ცალკე «კამერა «ჰქონდა» ტელევიზორით, საკუჭნაოთი, აბაზანით, საპირფარეშოთი და შეძლებოდა გარეთ არ გამოსულიყო დღეებისა და კვირეების განმავლობაში.
        ეს «კომფორტული» პირობები ზოგიერთმა, შესაძლოა, მას ფულის საფასურად შეუქმნა, მაგრამ წარმოუდგენელია, აზრად მოსვლოდათ, რომ აბსანძე და ქობალია ამ პრირობებს გასაქცევად გამოიყენებდნენ. თანაც, მიაქციეთ ყურადღება – ეს ხომ ციხეში არ მომხდარა? თითქოს რა განსხვავებაა «ციხესა» და «ციხის საავადმყოფოს» შორის, მაგრამ სინამდვილეში, მაინც არის განსხვავება - «რეზბანნიცაში» ადამიანებს მეტი თავისუფლება აქვთ, მეტი საშუალება – იმიტომ ილტვის ყველა პატიმარი, რათა როგორმე მოხვდეს საავადმყოფოში. ციხეში, საეჭვოა, მათ იგივე გასვლოდათ, ვინაიდან «ციხეზე» უფრო გამოცდილი პერსონალია.
        როგორ და სად გაიქცნენ პატიმრები ისე, რომ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ შეიტყო? ამ კითხვაზე საპასუხოდ, ჯერ აუცილებელია ვუპასუხოთ სხვა კითხვაზე: როდის მოხდა გაქცევა? ზოგიერთი ამტკიცებს, თითქოს გაქცევა დილით მოხდა, რაკი 9 საათზე პატიმრები უკვე აღარ იმყოფებოდნენ საკანში. მაგრამ (ხვრელის არ იყოს) ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი მაინცდამიანც დილით გაიქცნენ. საუკეთესო დრო გასაქცევად იქნებოდა ღამის შემოწმების შემდეგ, დაახლოებით 1-2 საათზე. კიდევ უკეთესი, 3-4 საათზე, ღამით, როცა გარე დაცვასაც ყურადღება უკვე მოდუნებული აქვს.
        უეჭველია, რომ გაქცეულ თანამზრახველებმა (ციხის გარეთ) იცოდნენ გაქცევის შესახებ, იცოდნენ დრო, როდესაც პატიმრები ამოძვრებოდნენ ხვრელიდან და იქვე ახლოს ელოდეობდნენ 2-3 ავტომანქანით (ვთქვათ, 3 მსუბუქი მანქანით ან 2 «რაფით»). ოღონდ ძალიან ახლოს არა, ვინაიდან ძრავების ხმა ყურადღებას მიიპყრობდა, მაშასადამე, თუ ამ ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით, გაქცეული პატიმრები ღამის 3-4 საათზე ამოძვრნენ ხვრელიდან ციხის გარეთ, ფეხით იარეს დაახლოებით 2-3 კილომეტრი (არ არის ძნელი საქმე), იქ რომელიღაც სოფლის შარაზე დახვდათ ტრანსპორტი, განაწილდნენ მანქანებში და დაიძრნენ არა ცენტრალური, არამედ სხვა გზებით დასავლეთ საქართველოსკენ.
        ეჭვი არ მეპარება, რომ მათი საბოლოო მიზანი სწორედ დასავლეთ საქართველოში, უფრო ზუსტად, სამეგრელოში გადასხდომა იქნებოდა. მანქანებში დაახვედრებდნენ იარაღს, ანუ რიკოთის გვირაბთან ან სხვა ადგილას შემთხვევით პოლიცია რომ გადაჰყროდათ, 12 შეიaრaღეbული კაცის დაკავება ასე ადვილი არ არის.
        თუმცა, 11-12 საათამდე, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრს შეატყობინებდნენ მომხდარის შესხაებ, ვიდრე გზები გადაიკეტა, შინაგანი ჯარი გამოიყვანეს ყაზარმებიდან, ლოთისა და სხვებს ექნებოდათ 7-8 საათი სამეგრელომდე ჩასაღწევად.
        ეს სრულიად საკმარისი დროა. სამეგრელოში მათი დაპატიმრება კი გაჭირდება, ვინაიდან მოსახლეობა, როგორც მინიმუმ, ქობალიასადმი მტრულად არ არის განწყობილი: იქ კი მას მრავალი ხელშემწყობი ეყოლება.

მერიდიანი, 4 ოქტომბერი, 2000 წელი