რუსეთ-საქართველოს ომი: ერთი წლის შემდეგ

რუსეთ-საქართველოს ომი: ერთი წლის შემდეგ

        გასულ კვირას შესრულდა 1 წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი და ტრაგიკული მოვლენიდან: 2008 წლის აგვისტოში, ოსი სეპარატისტების მეშვეობით, რუსეთმა მოახერხა ომის პროვოცირება, განახორციელა სამხედრო ინტერვენცია და ცალმხრივად სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის «დამოუკიდებლობა».
        მოსკოვის გარდა ეს «სახელმწიფოები» აღიარა აგრეთვე მხოლოდ ნიკარაგუას აღმასრულებელმა ხელისუფლებამ – თუმცა ნიკარაგუას პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება არ დაამტკიცა. ანუ, პრაქტიკულად, რუსეთი იზოლაციაში აღმოჩნდა და ეს ამ ქვეყნისათვის სამარცხვინოა იმდენად, რამდენადაც მას აქვს პრეტენზია, ერქვას ზესახელმწიფო.
        ხშირად ადარებენ ხოლმე რუსეთის ქმედებას თურქეთის სამხედრო აქციას (გასული საუკუნის 70-იან წლებში), როდესაც თურქეთის არმიამ, თურქი-კიპრიოტების დაცვის საბაბით, კუნძულის ნახევარი დაიპყრო.
        არავინ, თურქეთის გარდა «კვიპროსის თურქული რესპუბლიკა» არ სცნო. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ თურქეთს არ ჰქონია და არც ახლა აქვს პრეტენზია, ერქვას გლობალური ზესახელმწიფო. რუსეთი კი «ჰამასისა» და »დანიელ ორტეგას» სამარცხვინო კამპანიაში აღმოჩნდა.

შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?

        როგორც ყველა კონფლიქტის შემდეგ, საქართველოში პირველ რიგში ამ კითხვას სვამენ. ისტორია (ისევე, როგორც პოლიტიკა და ფეხბურთი) ქართველების საყვარელი სპორტია: დიდიდან - პატარამდე ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ მას ესმის ფეხბურთი ყველაზე უკეთ. ისევე, როგორც ყველა მეტ-ნაკლებად «გაპიარებული» პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ სწორედ ის შეძლებდა ამ ომის თავიდან აცილებას.
        თუმცა კი არასდროს პასუხობენ კითხვაზე: როგორ?
        მაგალითად, 2006 წელს, როდესაც სააკაშვილი და პუტინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, საქართველოს პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ნატოში ინტეგრაციის გეგმაზე იმ პირობით, თუ რუსეთი დაეხმარებოდა «სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში».
        რუსეთის პრეზიდენტმა კი, საქართველოს ხელმძღვანელს შემდეგი «სია» წარუდგინა იმ მოქმედებებისა, რომლითაც ქვეყანას შეეძლო «კატასტროფა თავიდან აეცილებინა».
        ხაზს ვუსვამ - არა ტერიტორიული მთლიანობა აღედგინა, არამედ ომი და გენოციდი აეცილებინა თავიდან:
        1) განცხადება ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმის შესახებ
        2) დაბრუნება რუსეთის ინიციატივით შექმნილ «კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში», რომლის წევრები არიან ტაჯიკეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ბელორუსი
        3) საქართველოდან რუსული ბაზების გატანაზე უარის თქმა
        4) აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» ყველაფრის დატოვება ისე, როგორც იყო შევარდნაძის დროს ანუ, მაგალითად, «ხელის არხლება» ერგნეთის ბაზრობისთვის, საიდანაც გამანადგურებელი კონტრაბანდა მოედინებოდა და ასე შემდეგ
        5) უპირობო თანხმობა რუსეთის გაწევრიანებაზე «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში» და ამ საკითხის აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» პრობლემებთან მიბმაზე უარის თქმა. სანაცვლოდ, გენადი ონიშენკოს რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა ქართული ღვინო და ბორჯომი დაებრუნებინა.
        აი, ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რუსეთი აღარ მისცემდა ოს სეპარატისტებს თანხმობას, აღესრულებინათ მრავალწლიანი ოცნება და გაეწმინდათ ქართველებისაგან ლიახვის ხეობა, რათა უფრო «კომფორტულად» ემგზავრათ ვლადიკავკაზიდან – ცხინვალში.
        ვკითხოთ ნებისმიერ იმ პოლიტიკოსს, რომელიც დღეს დემაგოგიურად აცხადებს, რომ «ომს თავიდან აიცილებდა» – რომელი მათგანი იქნებოდა მზად გადაედგა ეს ნაბიჯები, რათა (ვიმეორებ) არა ქვეყნის მთლიანობა აღედგინა, არამედ ომი აეცილებინა თავიდან? არც ერთი! ალბათ იგორ გიორგაძის გარდა.
        ყოველ შემთხვევაში, არც ნინო ბურჯანაძე და არც ირაკლი ალასანია ამაზე წამსვლელები ნამდვილად არ იყვნენ და მათი დღევანდელი განცხადებები ელემენტარული პოლიტიკური ხრიკია.

როგორ დაიწყო ომი

            ხშირად აღიარებენ ხოლმე, რომ «ომი არ დაწყებულა 7 აგვისტოს». რასაკვირველია იგი ბევრად ადრე დაიწყო. თუმცა აქვე ამატებენ, რომ თვითონ «7 აგვისტოს სხვანაირად მოიქცეოდნენ».
        მაინც როგორ? იქნებ უშუალოდ 7 აგვისტოს შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება? ნამდვილად შეიძლებოდა და არ არის ძნელი სათქმელი როგორ: თუ საქართველოს ხელისუფლება «ხელს არ გაანძრევდა» და შეურიგდებოდა იმას, როგორ იბომბებოდა ცხინვალიდან (!) ლიახვის ხეობის სოფლები, როგორ ემზადებოდნენ ოსები ჯავადან და ცხინვალიდან ერთდროული შეტევისათვის ლიახვის ანკლავის მიმართულებით, რათა იქედან ქართული პოლიცია და ქართული მოსახლეობა გაეძევებინათ.
        ბუნებრივია, თუ საქართველოს ხელისუფლება ამას ჩუმად შეურიგდებოდა და საპასუხო ზომებს არ მიმართავდა, თუ «შორიდან» დაუწყებდა ყურებას ოსების «წარმატებულ ოპერაციებს» ქურთაში, კეხვში, ვანათში და სხვა სოფლებში – რუსეთთან ომი ნამდვილად არ იქნებოდა.
        მაგრამ ეს ხომ არარეალურია? სწორედ ის ხალხი, ვინც ახლა დემაგოგიურად წუწუნებს: «ჯარი რას შეჰყავდა ოსეთში და ცხინვალს რას ბომბავდაო» – დასდებდნენ ბრალად ხელისუფლებას «უმოქმედობას» ან «დაგვიანებას» მაშინ, როდესაც ქართული სოფლების ეთნოწმენდა მიმდინარეობდა.
        თუ დააგვიანებდა – ესეც ბრალდებად გამოდგებოდა: რაღა მაშინ გაიღვიძა, როცა ოსები უკევ სოფლებს შეესიენ, რატომ პირველი დაბომბვების შემდეგ არ გასცაო ბრძანება?
        «ცხინვალში რა უნდოდაო». კი მაგრამ თამარაშენს ცხინვალიდან არ უტევდნენ და ბომბავდნენ ოსები? ყველაზე უტყუარი საბუთი იმისა, რომ ქართული მხარე წინასწარ ომისთვის არ ემზადებოდა, ლტოლვილთა საკითხია: ქართული მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ 7-8 აგვისტოს დაიწყო, ოსებმა კი ქალები, ბავშვები და მოხუცები ჯერ კიდევ 1 აგვისტოდან გაიყვანეს ვლადიკავკაზში. სწორედ იმიტომ, რომ ოსები და რუსები წინასწარ ემზადებოდნენ ომისათვის რაკი იცოდნენ, რომ ლიახვის ხეობის «გაწმენდის» მცდელობას აუცილებლად მოჰყვებოდა ქართული მხარის მასშტაბური საპასუხო რეაქცია, რასაც, თავის მხრივ, რუსეთი გამოიყენებდა საქართველოს დასასჯელად და ნატოში გაწევრების პროცესის შესაჩერებლად, რაც, სამწუხაროდ, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის დახმარებით, მოახერხეს კიდეც.

როდის დაიკარგა ტერიტორიები და რა მოიგო რუსეთმა?

            ოპოზიციის მტკიცება, თითქოს აფხაზეთი და სამაჩაბლო დღეს დაიკარგა – არის პირწავარდნილი და უსინდისო დემაგოგია!
        სინამდვილეში, ეს ტერიტორიები დაიკარგა 20 წლის წინანდელი მოვლენების შედეგად, ხოლო 2008 წლის ომმა რუსეთი უბრალოდ აიძულა ჩამოეხსნა «მშვიდობისმყოფელის» ნიღაბი და მის მიერ დაპყრობილმა ტერიტორიებმა იურიდიულადაც შეიძინა ის სტატუსი, რომელიც ფაქტობრივად ისედაც ჰქონდა: დაპყრობილი რეგიონებისა.
        თანაც, არც ერთმა სახელმწიფომ ეს სამართლიანად არ სცნო. არა მხოლოდ დასავლეთმა, არა მხოლოდ აფრიკის სახელმწიფოებმა, არამედ თვით რუსეთის უახლოესმა მოკავშირეებმაც კი.
        საქართველოს წინააღმდეგ აგრესია მოსკოვს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან ძვირად დაუჯდა:
        1) ფაქტობრივად დაიშალა და არ არ არსებობს ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა». საქმე მხოლოდ ის როდია, რომ საქართველომ დატოვა ეს გაერთიანება, არამედ სხვა ქვეყნების უნდობლობაში რუსეთის მიმართ. მათ ხომ ყველამ ძალიან კარგად იციან რა მოხდა სინამდვილეში და რომ რუსეთი ასევე «მართალი» იქნება მათ მიმართ აგრესიის განხორციელების დროსაც. დსთ-ს ბოლო სამიტს მოსკოვში სულ 5 პრეზიდენტი დაესწრო (თუ არ ჩავთვლით კოკოითსა და ბაღაფშს, რომლებიც სხვებმა ახლოს არ გაიკარეს); ბელორუსი რომ ბელორუსია, ისიც კი იმუქრება რუსეთთან შექმნილი კავშირიდან გასვლით და რუსული ბაზების გაძევებით იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ეკონომიკურ პროვოკაციებს არ შეწყვეტს სალდაფონი «სანიტარული ექიმ» ონიშენკოს ხელით. სწორედ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსული ფლოტი მაინც დატოვებს სევასტოპოლს 2017 წლისათვის, რაკი მეორე კონფლიქტს (ამჯერად ყირიმული სეპარატიზმის მხარდაჭერით) დასავლეთი უკვე აღარ მოითმენს
        2) დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების შედეგად რუსეთის ეკონომიკის რეალური სექტორი ასეულობით მილიარდი დოლარის ინვესტიციამ დატოვა. ეს ფული ბევრად «ღირებულია» ვიდრე ნავთობდოლარები, ვინაიდან იგი არა იმდენად ენერგეტიკაში, რამდენადაც სწორედ რეალურ სექტორში იყო დაბანდებული და რუსეთს კიდევ ჰქონდა იმედი, რომ დასავლეთის სანედლეულო ბაზიდან იგი როგორმე ტექნოლოგიურ სახელმწიფოდ იქცეოდა.
        3) დიპლომატიურ ასპარეზზე რუსეთს მხოლოდ ეწყება პრობლემები: აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში» ჯარების განლაგებით მან პირდაპირ დაარღვია პარიზის ადაპტირებული ხელშეკრულება «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების» შესახებ. ამიერიდან «ნატოს»-ს აქვს სრული საფუძველი თავისი ჯარები განალაგოს ბალტიის ქვეყნებში, რისიც მოსკოვს ძალიან ეშინოდა და სწორედ ამ ხელშეკრულებას იშველიებდა, რომელიც ფლანგებზე ჯარის განლაგებას ზღუდავს
        4) რუსეთს მხოლოდ ეწყება პრობლემები აფხაზეთში, რომლის ნაციონალიზმი მას «პრორუსული» ეგონა, მაგრამ სულ მალე დარწმუნდება, რამდენად შეცდა, როდესაც აფხაზეთის პრეცედენტით გულმოცემული ჩერქეზები ჩრდილოეთ კავკასიაში პრობლემებს შეუქმნიან.
        5) სწორედ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, დასავლეთმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება «ნაბუკოს» გაზსადენის მშენებლობის შესახებ ცენტრალური აზიიდან – კასპიის ზღვის ფსკერზე – ევროპისაკენ.

        და ეს ყოველივე მხოლოდ დასაწყისია: ერთადერთი, რითაც, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა ომი მათთვის საბოლოოდ მომგებიანი ყოფილიყო, იქნებოდა საქართველოს სრული დაპყრობა და პრორუსული ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში, მაგრამ ეს მათ ვერ მოახერხეს და იმედია ვერც მოახერხებენ.