ჩაირთო! ჩაირთო!!!

ჩაირთო! ჩაირთო!!!

        ძალაუნებურად აქვსენტი ცაგარელის ერთ-ერთი პიესის პერსონაჟის ბღავილი გაახსენდებოდა ადამიანს (რადილსია, რადილსია!!!) ენერგეტიკოსთა აღტაცებული განცხადებების გამგონეს: «ორწლიანი «შესვენების» შემდეგ კვლავ ამოქმედდა გარდაბნის თბოელექტროსადგურის ლეგენდარული მე-9 ენერგობლოკი».
        მთლად საქართველოს და პრეზიდენტს კი «საუკუნის მოვლენა» თბილისის მერმა ვანო ზოდელავამ უპატაკა.
        ლამის მითოსურად ქცეული ეს ენერგობუმბერაზი, ტიტანივით რომ შესდგომია მხრებით ქართული პოლიტიკის ცარგვალს, გუშინ, მართლაც, ამოქმედდა.
        20 სააათისათვის იგი უკვე 200 მეგავატზე «გავიდა». დღეს დილით 250 უნდა «აეწია». შედარებით ნაკლები ტრადიციების მქონე მე-10 ენერგობლოკთან ერთად ეს უკვე 450 მეგავატია (მაქსიმუმ, 500), რაც საკმარისია თბილიოსის 12 საათიანი სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის. მით უმეტეს, რომ «ეი—ი-ეს-მტკვრის» ბუმბერაზებს ემატება რუსეთიდან მოწოდებული (ნაყიდი) 100 მეგავატი და სომხეთის 120 მეგავატი.
        ყველაფერთან ერთად, ასეთ ვითარებაში მუშაობა საშუალებას აძლევს ენერგოსისტემას, უფრო მეტად შეინარჩუნოს სტაბილურობა, მაგრამ არავინ ფიქრობს, რა ელის საქართველოს ისედაც განადგურებულ ენერგეტიკას, თუ მოსკოვი და ერევანი (სოხუმთან ერთად) საიდუმლოდ მოილაპარაკებენ და ერთბაშად გამოგვირთავენ ელექტროენერგიის მოწოდებას, რაც მე-9 და მე-10 ენერგობლოკებს კიდევ 2-3 წლით გამოიყვანს მწყობრიდან, ვინაიდან საქართველოს მოფამფალებული ენერგოსისტემა ასეთ დარტყმას ვეღარ გაუძლებს.
        სხვათა შორის, რატომღაც აღარავის ახსოვს ის ძალიან საინტერესო ვითარება, როდესაც მე-9 ენერგობლოკი 1998 წლის დეკემბერში მწყობრიდან გამოვიდა (ამ საქმეს უშიშროების სამინისტროც კი იძიებდა)- ძალიან საინიტერესო დამთხვევით. მე-9 ენერგობლოკი მაშინ «აფეთქდა», როდესაც ამერიკულ კომპანია «ეი-ი-ეს»თან თბილსრესის პრივატიზების თაობაზე ისტორიულ დოკუმენტს ჯერ «მელანი არ შეშრობოდა» - მას სულ ორი საათით (!) ადრე მოეწერა ხელი.
        ჭკუათმყოფელს არც მაშინ ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარგანზრახული მოქმედება (თუმცა, კონკრეტული შემსრულებლის მხრიდან, შესაძლოა, უნებლიეც) იმ კლანების ზედამხედველობითა და საბოტაჟით რომელთაც არ ეპიტნავათ ენერგეტიკაში პრივატიზებსი პროცესის დაწყება. არადა, ელემენტარული სინდისიერება მოითხოვს ვაღიაროთ: «მამაძაღლმა სქოულმა» ორი წლის განმავლობაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მხოლოდ თბილსრესის ორი ენერგობლოკის შეკეთებაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა!
        საქართველოს სახელმწიფო ამას იქამდე ვერ შეძლებდა, ვიდრე ყველანი არ შევიშლებოდით უშუქობითა და სიცივით. თუ ასეა, მაინც რატომ არ გვაქვს ელექტროენერგია? პასუხი უკვე საყოველთაოდ ცნობილია: იმიტომ, რომ ენერგეტიკამ ვერ მოიპოვა რეალური დამოუკიდებლობა და იგი იძულებულია, პროდუქცია (ელექტროენერგია) მიაწოდოს არგადამხდელს – გადამხდელის ხარჯზე. ვიდრე პრივატიზების პროცესი არ გაგრძელდება და არ მოიცავს მთელ ენერგოსისტემას (გენერაცია-დისპეტჩერიზაცია-დისტრიბუციას)- მანამდე ამ საქმეს არაფერი ეშველება.
        ჩვენი ერთადერთი რესურსია სისტემის რაციონალური ორგანიზაცია. ეს რესურსი (სოციალური გართულებების შიშით) დღემდე არ აგვიმოქმედებია, რაკი ამჟამინდელ სისტემას «რაციონალურად ორგანიზებული» ნამდვილად არ ეთქმის.
        თუმცა, ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან, განსაკუთრებით რეგიონებში, დისტრიბუციის სისტემა სხვადასხვა წვრილ-წვრილ, თუმცა ძალზე გავლენიან კლანებს შორისაა გადანაწილებული. ანალოგიური ვითარებაა «ადგილობრივ გენერაციაში», ოღონდ «იჯარის» ფორმით, რასაც ხშირად კორუფციული ურთიერთობები ახლავს თან. მთლიანობაში, ენერგოკრიზისმა აიძულა ხელისუფლება, გადაედგა სარისკო, მაგრამ აუცილებელიო ნაბიჯები.
        როგორც ჩანს, გაზაფხულისათვის განსახელმწიფოებრიობის პროცესი განახლდება.

დილის გაზეთი, 30 ნოემბერი 2000 წელი