საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ივლისი 2022 წელი
გუშინ ვწერდი, რომ აფხაზეთის `პრეზიდენტი` ბჟანია თათრეთში ჩავიდა `ვიზიტით`.
თათარსტანის პრეზიდენტმა რუსლან მინიხანოვმა შესთავაზა: ჩვენი გამოშვებული` კამაზები` (უზარმაზარი საკარიერო სატვირთო მანქანები, რომლის ბორბალი ადამიანზე მაღალია-დ.) იყიდე, იაფად მოგცემთო.
ამაზე ბჟანიამ მარტივად თუ ვიტყვით, უპასუხა: `თქვენი კამაზები რად გვინდა, მე ბენზინის სათხოვნელად ჩამოვედიო.’
თათრეთი კი, ჯერ ჯერობით, მოსკოვის ნებართვის გარეშე ვერ იმეტებს იაფად ბენზინს აფხაზეთისთვის.
ამაზე ვაჭრობა იქ გრძელდება.
. . . . . . . . . .
ბრწყინვალე შედეგი გამოიღო ამერიკული ზალპური ცეცხლის დანადგარ HIMARS მიწოდებამ უკრაინის არმიისთვის.
ამ დანადგარს აშკარა უპირატესობა აქვთ რუსულ `ურაგანზე` და `გრადზე`, რადგან ბევრად შორსმსროლელია.
გარდა ამისა, HIMARS მაინც სხვა კლასს განეკუთვნება, რაკი არა უბრალოდ ჭურვებს, არამედ ფრთოსან რაკეტებს ისვრის, ანუ ბევრად შორს, ვიდრე რუსული არტილერია.
ოღონდ ამერიკელებმა თხოვეს/გააფრთხილეს უკრაინელები: ამ ფრთოსან რაკეტებს ნუ ესვრით ნურც ყირიმს, ნურც ყირიმის ხიდს, ნურც რუსეთის ქალაქებს, მათ შორის არ ესროლოთ მოსკოვს და სანკტ-პეტერბურგსო.
უკრაინის არმია ამ რაკეტებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში ბომბავდა რუსეთის არმიის საწყობებს დონბასზეც და ხერსონშიც. ათეულობით დიდი საწყობი გაანადგურა.
. . . . . . . . . .
საშინლად მზაკვრული გადაწყვეტილება მიიღო პუტინმა: დღეიდან ყველა უკრაინელს, ვინც უკრაინის პასპორტს ჩააბარებს რუს ოკუპანტებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ეს უკრაინელი, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეეძლება დაჩქარებულად აიღოს რუსეთის მოქალაქეობა ანუ რუსეთის პასპორტი.
დავაკვირდეთ რა არჩევანის წინაშე აყენებს პუტინი ამით მაგალითად ოკუპირებული ხერსონის მოსახლეობას: უკრაინელი, ვინც რუსულ პასპორტს აიღებს და/ანუ უკრაინულ პასპორტს დათმობს, ამით მაშინვე ხდება სამშობლოს მოღალატე და მას შემდეგ, რაც უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს, იძულებული გახდება გაიქცეს რუსის ჯართან ერთად.
მაგრამ თუ ხერსონელი რუსულ პასპორტს არ აიღებს, რუსული სპეცსამსახურები მას შეიტანენ პოტენციურ დივერსანტთა სიაში` და სიცოცხლეს გაუმწარებენ როგორც მინიმუმ.
ანუ, ამ შემთხვევაში იძულებული გახდება უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიქცეს.
. . . . . . . . . .
პუტინმა შეწყვიტა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით `ჩრდილო ნაკადი`.
`გაზპრომი` ამბობს მხოლოდ დროებით - ათი დღითო, მაგრამ....სინამდვილეში გერმანელები შიშობენ (სწორადაც შიშობენ), რომ პუტინი ახლა ეცდება არ მისცეს გერმანიას საშუალება, შეავსოს გერმანიაში მდებარე გრანდიოზული ხელოვნური გაზსაცავები, რათა გერმანიამ ვერ შექმნას მარაგი ზამთრისათვის.
ზამთარი გერმანიის ჩრდილოეთ რაიონებში სასტიკი და სუსხიანია.
პუტინი თითქოს ეუბნება გერმანელებს: `აჰ, თქვენ გინდათ იპოვოთ ჩემი ანუ რუსული გაზის ალტერნატივა და ამბობთ: `4-5 წელიწადში ამას მოვახერხებთო?`.....და რატომ გგონიათ, რომ ამ 4-5 წლის განმავლობაში მე გულხელდაკრეფილი ვიჯდები და ძველებურად მოგაწვდით გაზს, რათა კომფორტულად იყოთ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ჩემი გაზის ალტერნატივას ეძებთ?`
ანუ, პუტინმა შესაძლოა 10 დღეში კიდეც განაახლოს ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიისთვის, მაგრამ ეს ცინიკური მესიჯი გაგზავნილია.
გერმანია რომ ძალიან დაინტერესებულია ამ 4-5 წლის განმავლობაში რუსული გაზი შეინარჩუნოს და ზაფხულობით გაზსაცავები შეავსოს ზამთრის მარაგად, იქედანაც ჩანს, რომ როცა `სიმენსის` ტურბინა, რომელიც `ჩრდილო ნაკადით` ბუნებრივი გაზის გადაქაჩვას ახორციელებდა რუსეთიდან - ევროპაში, მწყობრიდან გამოვიდა (3 კვირის წინ), რუსებმა გერმანელებს გადასცეს, შეგვიკეთეთო. გერმანელებმა კი კანადას, რაკი კანადელთა გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა ამ დიდი ტურბინას შეკეთება მიუხედავად იმისა, რომ გერმანული `სიმენსის` გაკეთებულია.
კანადა რუსეთს ბოლო დრომდე არ უბრუნებდა ამ ტურბინას, რადგან როცა უკრაინაში პუტინმა აგრესია წამოიწყო, კანადამ სრულად დაასანქცირა ყველაფერი, რაც ენერგეტიკას ეხება.
მაშინ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა G7 ბოლო სამიტზე ლამის დაუჩოქა კანადის პრემიერ-მინისტრს: `მაგ ტურბინის გარეშე წელსვე დავიღუპებით და რუსებს დაუბრუნეო`.
კანადელმა პრემიერმა ცივად უპასუხა: `ჩემი ქვეყნის სანქციებს მევე ვერ დავარღვევ, ამიტომ ტურბინას შენ დაგიბრუნებ და შენ თუ დაუბრუნებ მერე რუსეთს, უკრაინელებს შენვე გაეცი პასუხი, - `კრიტიკას` (რბილად თუ ვიტყვით) რომ დაგიწყებენო`.
დაუბრუნა უკვე და გერმანიაც მალე დაუბრუნებს რუსეთს.
აი, ასეთ საზარელ მდგომარეობაშია გერმანია (მაშასადამე მთელი ევროპა) იმიტომ, რომ 20 წლის წინ, მოსკოვის `სასარგებლო იდიოტებმა` და სექსოტებმა ანუ რუსულ სპეცსამსახურთა ფარულმა აგენტებმა ე.წ. `მწვანეთა` იდეოლოგიის საფარქვეშ, გააჩერეს ატომური ელექტროსადგურები და აკრძალეს ქვანახშირის გამოყენებაც - რა თავში ვიხლით ან ატომს, ან ქვანახშირს, როცა აგერ არის რუსული, ყველაზე სუფთა და იაფი ენერგია - ბუნებრივი გაზიო.
ჰოდა ეხვეწონ ახლა პუტინს: `ჩვენ შენს წინააღდმეგ სანქციებს შემოვიღებთ, შენს მეგობარ ქალ ალინა კაბაევას ევროპაში არ შემოვუშვებთ, ვიზებს გავუუქმებთ, ქონებას ჩამოვართმევთ და შენ კი გერმანელი ბავშვები შეიბრალე, ნუ გაყინავო....`
კი არ გაყინავს, შეებრალება, როგორ არა.....ღვთისნიერი კაცია პუტინი. `ქრისტიანი`.
. . . . . . . . . .
ამერიკაში გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის შედეგი.
ავტორიტეტული The new york times -ის შეკვეთით, `დაიდო` დასკვნა, რომ ორივე პოლიტიკური შეხედულების ამერიკელები, ანუ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, რომლებიც მტკიცედ აცხადებენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას მისცემენ ან რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს (შუაშისტები, ესე იგი ისინი, ვინც ეს არ იცის, საერთოდ არ დაუთვლიათ) იმავდროულად დიდი უმრავლესობით ამბობენ, რომ არ სურთ თეთრ სახლში დარჩეს ჯო ბაიდენი (ამას ამბობენ მტკიცე დემოკრატები) და არ სურთ თეთრ სახლში დაბრუნდეს დონალდ ტრამპი.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როგორც ბაიდენი, ასევე ტრამპი, მტკიცედ აცხადებენ, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას 2024 წელს კენჭისყრაში.
რამდენად შეძლებენ მონაწილეობას სხვა თემაა, რაკი ამერიკული საარჩევნო სისტემა პარტიულ `ფილტრებს` ითვალისწინებეს, მაგრამ რომ ამბობენ, უკვე არსებითია.
ამ კვლევის თანახმად, იმ ამერიკელთა 64%-მა, ვინ თქვა, რომ აუცილებლად დემოკარტებს მისცემს ხმას, იმავე დროს აღნიშნა, რომ სურს ვინმე ახალი დემოკრატი პრეზიდენტი 2024 წელს და არა ისევ ჯო ბაიდენი.
ეს არავის გაკვირვებია კოვიდ-პანდემიის, ასევე უკრაინის ომის ფონზე წარმოშობილი ეკონომიკური პრობლემების გამო, როცა 1 ლიტრი საწვავი, პირველად ისტორიაში, 3 ლარზე მეტი ღირს ჩვენს ფულზე გადაანგარიშებით!
უფრო ზუსტად, დღეს დილით 1 ლიტრი - 3,178 ლარი.
ამერიკისთვის კატასტროფულად ძვირია.
(როგორც მოგახსენეთ, ბაიდენი ეცდება საუდის არაბეთის პირსისხლიან ლიდერს, მუჰჰამედ იბნ სალმანს გამოჰგლიჯოს ნავთობის მოპოვების ზრდა. ერთის მხრივ რათა პუტინს გადაუკეტოს ჟანგბადი, მეორეს მხრივ ამერიკულ ეკონომიკას გაუხსნას ჟანგბადი. არავინ იცის ზუსტად, ბაიდენი მიაღწევს თუ არა რაიმეს)
’ნახევრად ხუმრობით` ვიტყვი: როგორც სსრკ დროს საშუალო რუსი თავის კეთილდღეობას იმით განსაზღვრავდა, რა ღირს `პოლლიტრა` ანუ ნახევარი ლიტრი არყის ბოთლი, საშუალო ამერიკელიც, ტრადიციულად, თავის კეთილდღეობას განსაზღვრავს იმით, რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი, რომელიც მანქანაში უნდა ჩაასხას.
როგორც მოგეხსენებათ, მანქანა და ამერიკელი - განუყოფელია.
სადმე თუ ცხოვრობ დიდი მეგაპოლისების გარდა (ნიუ იორკი, ლოს ანჟელესი და ა.შ), მანქანის გარეშე უბრალოდ ვერ იცხოვრებ.
მაგრამ....საქმე ისაა, რომ იგივე კვლევებით, ჯერ ჯერობით ბაიდენი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც, საერთოაემრიკული კვლევის თანახმად, უეჭველად გამოვა გამარჯვებული (44%-41% ანუ ცდომილებაზე მაღლა) თუკი 2024 წელს მისი კონკურენტი ისევ ტრამპი იქნება.
ესე იგი განმეორდება 2020 წლის არჩევნების შედეგი.
ბაიდენი 82 წლისაა. 2024 წელს 84 წლის იქნება, ხოლო მეორე საპრეზიდენტო ვადის მიწურულს უკვე 88 წლისა, თუ აირჩიეს.....ან თუ გაძლო.
დონალდ ტრამპი, ჩვეული ცინიზმით ამბობს: ეგ ბებრუხანა როგორ უნდა აირჩიოთო, თუმცა არც თავად არის ახალგაზრდა: 76 წლისაა ახლა. 2024 წელს 78 წლის იქნება.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამ გერონტოკრატიული ტრაგი-კომედიისა, ორივემ (ბაიდენმაც და ტრამპმაც) მაინც შეიძლება მოიპოვონ თავიანთი პარტიების მხარდაჭერა 2024 წლის საარჩევნო კამპანიაში, რადგან პარტიულ ელიტებს შეეშინდებათ: თუ ლიდერს ახლა შევცვლით, ვაითუ კონკურენტი პარტიის ლიდერმა გაიმარჯვოსო.