რუსეთმა სტამბოლის ხელშეკრულება დაარღვია

რუსეთმა სტამბოლის ხელშეკრულება დაარღვია

     

        1999 წლის ნოემბერში, სტამბოლში გაიმართა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია, რომელიც ევროატლანტიკური გაერთიანების «ათასწლეულის სამიტად» იქცა.
        მის მნიშვნელობას ერთდროულად რამდენიმე მომენტი განსაზღვრავდა. მათ შორის, მწვავე დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის ჩეჩნეთისა და იუგოსლავიის პრობლემათა გამო; მოსკოვში მიმდინარეობდა სახელისუფლებო ცვლის პროცესი და, რაც მთავარია, სწორედ სტაბმოლში გაფორმდა 1990 წელს პარიზსა და ვენაში ხელმოწერილი «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა» და ფლანგური შეზღუდვების ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი.
        საქართველოსთვის სამიტის მნიშვნელობას განაპირობებდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თაობაზე საბოლოო შეთანხმების ხელმოწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მონაწილეობით.
        «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» ადაპტირებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად იქცა (და თან დაერთო ოფიციალური დოკუმენტის სახით) რუსეთ-საქართველოს ერთობლივი განცხადება, რომლითაც საქართველომ თანხმობა განაცხადა ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო დაჯგუფებათა დროებით საბაზო განლაგებაზე.
        სამაგიეროდ, რუსეთმა იკისრა ვალდებულება, 2001 წლის 1 ივლისამდე დაეხურა გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები.
        ვაზიანის საკითხი ხანმოკლე დიპლომატიური «პიკირების» შემდეგ, ასე თუ ისე, გაადწყდა. ეს ბაზა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, რუსული დროშა დაეშვა, ლენინის ძეგლი ჯართში ჩააბარეს. ბაზაზე განლაგდება მე-11 ბრიგადა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ძარცვა-განადგურების მიუხედავად, ვაზიანის ობიექტი ერთ-ერთი საუკეთესოა სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, გუდაუთის ბაზა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რუსებს იგი არ ეთმობათ. ისევე, როგორც რუსული სამხედრო ტექნიკა არ ეთმობათ აფსუებს: ისინი მოითხოვენ ბაზის რუსეთისათვის შენარჩუნებას, ან სამხედრო ტექნიკის გადაცემას თავიანთი შეიარაღებული ძალებისათვის. გუდაუთის ბაზის გარშემო ორგანიზებული პიკეტი «ორმხრივ ინტერესთა თანხვედრის» საფუძველზე მოწყობილი სპექტაკლი იყო. ამ აქციის საბაბით, რუსეთმა შეაჩერა სამხედრო ტექნიკის გაყვანა გუდაუთიდან, რითაც დაირღვა სტამბოლის შეთანხმება, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ უდიდესი პრიმიტივიზმია იმის იმედად ყოფნა, თითქოს საკმარისია საქართველომ პროტესტით მიმართოს დასავლეთის ორგანიზაციებს და ნატო რუსეთს ომს თუ არ გამოუცხადებს, ყოველ შემთხვევაში, მას მკაცრი სანქციები არ ასცდება.
        სინამდვილეში ასე მარტივად არ არის საქმე: თვალწინ გვაქვს მოლდოვას მაგალითი, რომელმაც (საქართველოსგან განსხვავებით) საეროთდ უარი განაცხადა რუსეთის ბაზის დროებით განლაგებაზე, მაგრამ დნესტრისპირეთში ის ბაზა კვლავ ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებული სანქციებისათვის (ან თუნდაც პოლიტიკური დემარშებისთვის) დასავლეთს არ მიუმართავს.
        უკიდურეს შემთხვევაში, რუსეთს დნესტრისპირეთშიც შეუძლია ანალოგიური სპექტაკლის მოწყობა (როგორც აფხაზეთში). მით უმეტეს, რომ როგორც «ქართულ-რუსული», ასევე «რუსულ-მოლდავურ» შეთანხმებაში ჩადებულია ერთი და იგივე ეშმაკური პუნქტი: «საქართველო (მოლდოვა) ვალდებულია, უზრუნველყოს უშიშროება რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესში». აქ უეჭველად იგულისხმება კომუნიკაციათა (ვთქვათ, საავტომობილო გზების) უშიშროება და მათი გახსნილობაც.; თუ, მაგალითად, «საქართველო ვერ უზრუნველყოფს» (არადა, ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს, გასაგები მიზეზების გამო) გუდაუთიდან რუსული სამხედრო ტექნიკის შეუფერხებელ გასვლას, ანუ არ გააგზავნის გუდაუთაში თემურ მღებრიშვილის რაზმს აფსუა «მოპიკეტეების» დასარბევად, რუსეთი იტყვის, რომ საქართველომ არ შეასრულა სტამბოლის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი დებულება. ამიტომ, გუდაუთიდან ჯარების გაუსვლელობა რუსეთის ბრალი კი არ არის (თურმე), არამედ საქართველოს უმოქმედობის შედეგია.
        დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ის ძალები დასავლეთში, რომელთაც, სულაც არ ეპიტნავებათ საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება (მათთვის მთავარია, რუსეთი არ არღვევდეს სტამბოლის ხელშეკრულებას «ფლანგური შეზღუდვების» ნაწილში, რასაც მოსკოვი პირნათლად ასრულებს) ამ არგუმენტს უეჭველად გამოიყენებენ საბაბად, რათა თბილისს «ზომიერებისკენ» მოუწოდონ.
        კიდევ ერთი საბაბია გუდაუთაში საქართველოს შეიარაღებულ ძალთა წარმომადგენლების ჩასვლის შეუძლებლობა - «ჩამოდით და ჩაიბარეთ ბაზაო», რაც რასაკივრველია, შეუძლებელია და თვითონაც შესანიშნავად იციან, რომ შეუძლებელია.
        გარდა ამისა, სარწმუნო წყაროთა ცნობით, პარასკევს და შაბათს, მთელი დღის განმავლობაში, რუსული გენერალიტეტი ქართველ კოლეგებს სთავაზობდა გუდაუთაში ე.წ. «საკომენდანტო როტის» დატოვებას 300 მედესანტის შემადგენლობით - სამხედრო აეროდრომის დასაცავად. როგორი «საკომენდანტო როტაა?» - თანაც ქვეითთა საბრძოლო მანქანებით და საარტილერიო დანადგარებით. ეს, ფაქტობრივად, ბაზის შენარჩუნებას ნიშნავდა. მაშასადამე, რაკი ბაზის «ტრანსფორმაციას» ვერ მიაღწიეს («სამშვიდობო ძალთა» სარეაბილიტაციო ცენტრად) ახლა ცდილობენ, ისარგებლონ იმ გარემოებით, რომ საქართველო მართლაც არ არის დაინტერესებული, რომ გუდაუთის ბაზაზე სეპარატისტთა ფორმირებები განლაგდნენ.
        მაგრამ ეს დაინტერესება არც იმდენად ძლიერია, თბილისი, ფაქტობრივად, «სტატუს კვოს» შენარჩუნებას დათანხმდეს «საკომენდანტო როტის» სახით.
        აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომლის გამოყენებაც, როგორც ჩანს, თბილისმა გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ სეპარატისტთა პარლამენტმა მიმართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რუს დეპუტატებს ეს სულაც არ ეპიტნავათ და იქ უკვე დაიწყეს საუბარი აფხაზეთის «პროთურქულ ორიენტაციაზე», აფხაზეთში მოჰაჯირთა მომძლარვებასა და ჩრდილო კავკასიაში აფხაზეთიდან საშიშ ტენდენციათა გავრცელებაზე.
        ძალიან კარგი! გაძლიერდეს ეს ეჭვიანობა და ნევროზულობა - გუდაუთის ბაზაზე აფხაზური ფორმირებების გადანაცვლება ამ ტენდენციას მხოლოდ გააძლიერებს. უკვე ისეთი შთაბეჭდილებაც რჩება, რუსეთი «თბილისს» სამშივდობო ძალთა გაყვანითაც რომ დაემუქროს, მაინც ვეღარ დაითანხმებს გუდაუთაში რუსის ჯარის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციაზე.
        რაც შეეხება საქართველოს საპასუხო დემარშებს, დიპლომატიური ზეწოლა ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მაგრამ გაცილებით უფრო ქმედითი იქნება, საქართველომ, ჯერ ერთი, უარი განაცხადოს ვაზიანის აეროდრომზე რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღებაზე (ყოველწლიურად 48 რეისი მიგვეღო უფასოდ), სანამ რუსეთი არ დაცლის გუდაუთის ბაზას.
        კიდევ ერთი (თუმცა უკიდურესი) ნაბიჯია ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო დაჯგუფებათა დროებით განლაგებაზე უარის თქმა და მათი დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნა.
        რა თქმა უნდა, ამასაც ხანგრძლივი მოლაპარაკება და პოლიტიკურრ დემარშები დასჭირდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუ რუს სამხედროთაგან საქართველოს ტერიტორიის გათავისუფლება გვინდა, უპრობლემოდ და «ყოველმხრივი კომფორტის შენარჩუნებით» ეს ვერ მოხერხდება.

დილის გაზეთი, 2 ივლისი, 2001 წელი