«საბჭოთა ავტონომიის სინდრომი»

«საბჭოთა ავტონომიის სინდრომი»

      საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ბათუმის მერის, თამაზ ხარაზის გახმაურებული ინტერვიუს შემდეგ, ვითარება აჭარაში დღითიდღე იძაბება.
    გავრცელდა ხმა, თითქოს «თბილისიდან რაღაც პროვოკაცია იგეგმება აჭარის ავტონომიის წინააღმდეგ». ხოლო ასლან აბაშიძემ ძალზე ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «ვერ ვგრძნობ ინტელიგენციის მხარდაჭერას». იგი თავად ვერ ხვდება, რომ ამჯერად «გადააჭარბა» და ისე «ნატიფად» ვეღარ ასრულებს თავის პარტიას, როგორც უწინ. ამიტომ თბილისელ ინტელიგენტთა ის ნაწილიც კი, რომელიც ადრე მას ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს, ამჯერად დუმილს ამჯობინებს.
    ყველას «ამოუვიდა ყელში» გაუთავებელი პროვოკაციები თუ ბრალდებები. და ეს მაშინ, როდესაც სავსებით აშკარაა: აჭარის ხელმძღვანელობა პირდაპირ არ ამბობს იმას, რაც სინამდვილეში აწუხებს - პრობლემის თავი და თავი კვლავინდებურად აჭარის ავტონომიის საკითხს უკავშირდება. ამ ავტონომიას თითქოს არავინ არაფრით ემუქრება, მაგრამ აბაშიძე (თავისი გარემოცვითურთ) კარგად გრძნობს: რაც უფრო მეტად დაშორდება მთლიანობაში საქართველო «საბჭოურ ავტონომიზაციის» მოდელს, რაც უფრო განვითარდება და გაფართოვდება საბაზრო ეკონომიკის არეალი და გაიზრდება საკომუნიკაციო საშუალებანი, მით უფრო სიმბოლური და ფორმალური გახდება აჭარის ავტონომია, რაც სავსებით ნორმალური პროცესია.
    იოტისოდენად არ იწვევს ეჭვს თვით ავტონომიის არსებობა (რელიგიური უმცირესობისათვის), მაგრამ სულ სხვა საკითხია ავტონომიური სახელმწიფოებრიობა - ეს უკვე ლენინის იმპერიულ-შოვინისტური დოქტრინის ნაყოფია და კარგს არაფერს უქადის არც სრულიად საქართველოს და არც საკუთრივ აჭარას.
    ბათუმში ორგანიზებული მიტინგები ასლან აბაშიძის დასაცავად სინამდვილეში მიზნად ისახავს ავტონომიის საბჭოური მოდელის დაცვას, თანაც, ცოტა არ იყოს, უცნაურ ვითარებაში: საკანონმდებლო დონეზე ამ ავტონომიას არაფერი ემუქრება. პირიქით, ყველა კანონს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, წითელ ზოლად გასდევს ამჟამინდელი თანაფარდობის შენარჩუნების მცდელობა ძალაუფლების განაწილებაში «ცენტრსა» და «ავტონომიას» შორის.
    მაგრამ ამ თანაფარდობას, როგორი კანონებიც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, თვით ცხოვრება ანგრევს - ნორმალური ეკონომიკა და საზოგადოებრივი ურთიერთობა ვერ ეგუება «საბჭოურ მოდელს».
    მაგალითად: დემოკრატიული სისტემისათვის მიუღებელია «ჩაწერის ინსტიტუტი», რომლის გარეშეც საბჭოური მოდელი ვერ იმუშავებს. საბაზრო ეკონომიკა გულისხმობს პრივატიზებას, აქციონირებას, ეკონომიკურ სუბიექტთა (არა თვით ავტონომიის, არამედ კონკრეტულ სუბიექტთა) დამოუკიდებულობას - აჭარაში კი ეკონომიკური რეფორმა ჯერაც არ დაწყებულა. სხვათა შორის, «თავისუფალი ეკონომიკური ზონით» აჭარის მმართველი ჯგუფი სწორედ საკუთარი ეკონომიკური არეალის «შემოზღუდვას», «შემოფარგვლას» ცდილობს.
    არადა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან ამას საერთო არაფერი აქვს. ასლან აბაშიძის ხელისუფლება გრძნობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ასე თუ ისე განვითარებასთან ერთად, ადრე არსებული თანაფარდობა იცვლება. სწორედ ეს გარემოება იწვევს მის გაღიზიანებას და არა მითიური «შეთქმულებანი».

მერიდიანი, 27 ოქტომბერი, 1997 წ.