საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ივლისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ივლისი 2022 წელი

ჩინეთის `გზა-სარტყელის` გლობალურ კონცეპტში რაიმე არსებით ცვლილებებზე ლაპარაკი, ქართველი მკვლევარის, პაატა ჩეკურიშვილის თქმით, ამჟამად არ მიმდინარეობს.

როგორც სჩანს `კორექტირება` შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ კონცეპტის განხორციელების პარამეტრებზე და `მოდის ოპერანდიზე` - იმ გრანდიოზული ცვლილებების გათვალისწინებით, რაც Covid-19ის პანდემიას მოყვა.

 

Belt and road კონცეპტი, ბატონ პაატა ჩეკურიშვილის განმარტებით, არის მსოფლიო ეკონომიკის `სიმძიმის წერტილის` შეცვლა და ევრაზიაში ახალი რეალობის დაფუძნება, რომელიც გულისხმობს ჩინეთის ბევრად აქტიურ `შეღწევას` ევრაზიის ყველა რეგიონში. მათ შორის, პოტენციურად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.

ასევე იგულისხმება ახალი საკომუნიკაციო ხაზები, რომლებიც სისტემურად ცვლიან (ზოგ შემთხვევაში ცვლიან, ზოგ შემთხვევაში ემატებიან და აძლიერებენ) უკვე არსებულს. მაგალითად, ირანულ პორტ ბენდერ-აბასიდან, ასევე თუნდაც ცენტრალური აზიის გავლით - ანაკლიამდე ჰაიფერლუფ აბსოლუტურად რეალისტური (თუმცა ძვირი, მაგრამ ჩინეთისთვის შესაძლებელი) ტექნოლოგიით, რომელიც მთლიანად არ ჩაანაცვლებს, მაგრამ დიდწილად იქცევა სუეცის არხის ალტერნატივად.

ანუ სამხრეთ კავკასიას აქცევს `სახმელეთო სუეცის არხად`.

`გზა-სარტყელის` კონცეპტი არა ერთი პროგრამა, არამედ პროგრამათა და პროექტთა მთელი სისტემაა, რასაც აერთიანებს საერთო `ფილოსოფია` - ჩინეთის ისტორიული გეოპოლიტიკური გავლენა/შეღწევისა ევრაზიის მთელს რეგიონში.

ხოლო ზბიგნევ ბჟეზინკის ცნობილი გამონათქვამით, ის, ვინც ბატონობს ევრაზიაში, ბატონობს მსოფლიოშიც.

 

`ერთი გზა - ერთი სარტყელი` ანუ `გზა-სარტყელი` Belt and road  ისტორიული გამოთქმისა და რეალობის (`დიდი აბრეშუმის გზის`)  ინტერპრეტაციაა, რომელიც ჩინეთს აკავშირებდა ევრაზიის ისტორიულ ცენტრებთან, მათ შორის ევროპასთან.

დღეს მისი არსია საკომუნიკაციო ურთიერთობის განვითარება არა მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ ზღვაზე (ოკეანეებზე) გასასვლელი, არამედ იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც ამგვარი გასასვლელი არა აქვთ და ამ მხრივ სახმელეთო სახელმწიფოებს წარმოადგენენ.

მაშასადამე, ჩინეთი მზად არის დაეხმაროს კიდეც  მათ ამგვარი  გასასვლელის სტაბილურად მოპოვებაში ერთიანი სისტემის შექმნით., ამ გზით იქმნება `ინტერესთა სტრატეგიული ბალანსი` ანუ ერთგვარი გეოპოლიტიკური სინერგია, რაც მკვლევართა დიდი ნაწილის, მათ შორის ქართველი მკვლევარის, პაატა ჩეკურიშვიულის ტქმით, ძალიან ამხვილგონივრული და პესრპექტიული მიდგომაა.

დავაკვირდეთ იმ გარემოებას, რომ `გზა/სარტყელის სტრატეგიას ჩინეთში ეწოდება `ჩინელი ერის აღორძინების პროგრამა`. სხვა სახელის აქვს:  `ჩინური ოცნება`

იგულისხმება ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაცია ევრაზიის სახელმწიფოებთან, სატრანსპორტო სისტემების ერთობლივი მოდერნიზაცია, ვაჭრობის სტიმულირება, ინვესტიციები თანამონაწილეობის პრინციპის დაცვით, ფინანსური ინტეგრაცია, ჰუმანიტარული კავშირების განვითარება; ასევე win-win ფილოსოფიის დამკვიდრება ანუ `საერთო მოეგბა`. ერთობლივი მოგება და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯერ-ჯერობით საუკეთესო კვლევა საქართველოში Belt and road კონცეპტზე ბატონ პაატა ჩეკურიშვილს ეკუთვნის.

ჩეკურიშვილი ამტკიცებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი ცვლილება ჩინეთის, როგორც გლობალური ზესახელმწიფოს მსოფლიო პოზიციონირებაში ისაა, რომ თუ ადრე, ჯერ კიდევ 30, თუნდაც 20 წლის წინათ, პეკინი ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა თავისი ეკონომიკური გავლენის „უზრუნველყოფას“ სტრატეგიული უსაფრთხოების ინსტრუმენტებით, ანუ არ ცდილობდა სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას მსოფლიო ბაზრებზე თავისი მზარდი ეკონომიკური ძალის პროეცირების პარალელურად, ამჟამად ვითარება კარდინალურად იცვლება.

ნებისმიერი აღმოსავლეთმცოდნე დაადასტურებს: ჩინეთი ადრე მართლაც ძალზე ფრთხილი იყო სამხედრო კომპონენტის განხილვისას ქვეყნის გარეთ. იმ რეგიონებშიც კი, სადაც მისი ეკონომიკური შეღწევა თვალში საცემი ხდებოდა და სხვა გლობალურ მოთამაშეებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. დღეს უკვე სრულიად ახალი რეალობაა: ამერიკელმა ანალიტიკოსებმა, პეკინის ახალი საგარეო პოლიტიკის აღსანიშნავად, დაამკვიდრეს ტერმინი ჩინეთის „მარგალიტის მძივი“ („String of Pearls“). ეს ტერმინი არ არის მიღებული თვით ჩინეთში, რაკი ექსპანსიონისტური ზრახვების დაბრალებად აღიქმება.

შინაარსობრივად String of Pearls ასახავს ჩინეთის სტრატეგიას, შექმნას სტრატეგიული „საყრდენები“ (პირობითად, სამხედრო ბაზები) მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, უპირველესად რა თქმა უნდა წყნარ ოკეანესა და ევრაზიაში, რათა „მძივივით“ აწყობილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა პარალელურად „მისდევდეს“ ეკონომიკურ და სავაჭრო ხაზებს. უპირველესად, პეკინის გლობალური გზა/სარტყელის ინიციატივის განსამტკიცებლად.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიისათვის აბსოლუტურად უცნობია „ჩინური აგრესიის“ ცნება და ეს ქვეყანა არასდროს, არც ერთ ათასწლეულში, არც ერთი დინასტიის ეპოქაში არ ახორციელებდა ექსპანსიონისტურ პოლიტიკას არათუ შორეული რეგიონების, არამედ სხვა კულტურული იდენტობის მატარებელი მეზობლების მიმართ და ხშირ შემთხვევაში თავად ხდებოდა სამხედრო ექსპანსიის მსხვერპლი, ვალდებული ვართ დავასკვნათ: „მარგალიტის მძივის“ პოლიტიკა თანამედროვე მსოფლიოს რეალიებმა უფრო მოიტანა, ვიდრე ჩინეთის ისტორიულმა არჩევანმა: ეს დიდი ქვეყანა, მისი ობიექტურად მზარდი გლობალური გავლენით, უბრალოდ ვალდებულია  მკაცრი რეალიები გაითვალისწინოს და სტრატეგიული „საყრდენებით“ უზრუნველყოს მის მიერ მსოფლიოსათვის შეთავაზებულ ეკონომიკურ და სავაჭრო მაგისტრალთა სტაბილური ფუნქციონირება.

სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ჩინეთი აძლიერებს სამხედრო ყოფნას საკვანძო საკომუნიკაციო წერტილებში: წყნარი ოკეანის სრუტეები, სამხრეთ ჩინეთის ზღვა (სპრატლის კუნძულები), მიანმარი, ბანგლადეში, შრილანკა, მალდივები, პაკისტანი (პორტი გვადარი), ომანი, აფრიკის რქაზე, ორმუზის ყურესთან; (ჯიბუტი), სუდანში (პორტ-სუდანი), აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებზე; კენია, ტანზანია, სეიშელები და ა.შ.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს სტრატეგია განვითარდება, გაღრმავდება და („რეალური პოლიტიკის“ კანონებიდან გამომდინარე), იგივე ხაზი აუცილებლად გაგრძელდება „გზა/სარტყელის“ ევრაზიულ და პოსტსაბჭოურ მიმართულებაზეც, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. ანუ, როგორც პაატა ჩეკურიშვილი ვარაუდობს, ჩინეთი ჩვნშიც შემოვა არა მხოლოდ ეკონომიკური და სატრანსპორტო, არამედ სხვა სტრატეგიული კომპონენტებითაც - უსაფრთXოებსი კომპონენტთა ჩათვლით.

 

ოღონდ მკვლევარი აღნიშნავს, რომ ჩინეთი, ამ კომუნიკაციათა აგებისას, ანუ სხვადასხვა რეგიონში ეკონომიკური შეღწევის პროცესში, მოქმედებს ხაზგასმულად ფრთხილად, ფაქიზად, საშინაო საქმეებში ჩაურევლად, პარტნიორი ქვეყნების კულტურული და პოლიტიკური თავისებურებებისა და თვითმყოფადობის მაქსიმალური პატივისცემით, ანუ სრული კორექტულობით. არ არსებობს არანაირი საფუძველი ვისაუბროთ „ჩინურ იმპერიალიზმზე“, რაკი მსოფლიოს ყველა რეგიონში პეკინის პოლიტიკის შინაარსია ურთიერთხელსაყრელობაზე დამყარებული კოოპერაცია, კომუნიკაციების განვითარება, წარმოება, სამუშაო ადგილების შექმნა, ენერგიის წყაროებსა და მათი მიწოდების გზებზე წვდომა. თუმცაღა, სრულიად ობიექტურად, ამ ქვეყნის გარეშე უკვე წარმოუდგენელია გლობალური გეოპოლიტიკური არქიტექტურა არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლოდაც.

 

ამავე სტრატეგიული „ხაზის“ გაგრძელებაა ჩინეთის აქტიური თანამშრომლობა ირანთან და 400 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის მომზადება, რომლის წარმატებული განხორციელება მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა არჩევანზე იქნება დამოკიდებული.

ასევე გავითვალისწინოთ ის უდავო მოცემულობა, რომ ჩინეთი ცენტრალური აზიის „პოსტსაბჭოური“ ნაწილის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის უკვე სრულიად განუყოფელი ნაწილია: პოსტსაბჭოურ ცენტრალურ აზიაში მისი ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და კულტურული გავლენა იმდენად დიდია, რომ  მნიშვნელოვნად „აბალანსებს“ მოსკოვის გავლენას. სულ უფრო ხშირად იმართება სამხედრო სწავლებები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიის მონაწილეობით. ხოლო თუ ამ ფონზე ვიგულისხმებთ, რომ პუტინის რეჟიმი აშკარად ემზადებოდა პოსტსაბჭოური ცენტრალური აზიის ქვეყნებში „საქართველოსა“ და „უკრაინის“ სცენართა გასამეორებლად, უდავოა: პეკინი არათუ არ დაუშვებს იმ რეგიონში კრემლის აგრესიას, არამედ აუცილებლად იქცევა სასურველ სამხედრო-პოლიტიკურ ალტერნატივად ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ელიტებისთვის, მათ მიერ გრძელვადიანი სტრატეგიის გამომუშავებისას.

 

საგულისხმოა, რომ ჩინეთის მხრიდან ცენტრალური აზიის უსაფრთხოების საკითხებით არმია კი არ არის დაკავებული, არამედ მილიცია. სწორედ ის აძლიერებს სასაზღვრო პუნქტებს ტაჯიკეთში და ავღანეთში; ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალებთან ერთად პატრულირებს საზღვარზე. ასევე, ჩინეთის სახალხო მილიციის ხელმძღვანელობამ მიაღწია შეთანხმებას ერთობლივი პატრულირების ჩატარების შესაძლებლობაზე ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან. ეს ყოველივე აღიზიანებს რუსეთს, მაგრამ ღიად ვერ უპირისპირდება ჩინეთის მუდმივად მზარდ „შემოსვლას“ ცენტრალურ აზიაში.

თუმცა მოსკოვმა „ჰიბრიდული ომის“ ელემენტები მაინც აამუშავა და რეგიონში ანტი-ჩინური განწყობილებების გაღვივებას ფარულად უწყობს ხელს. მიუხედავად რუსეთის „ჩქმეტებისა“, პეკინი თანმიმდევრულად ავითარებს თავის სტრატეგიულ ხაზს: ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ზრდის საკუთარ „ყოფნასა“ და გავლენას ცენტრალურ აზიაში.

მოსკოვის განსაკუთრებული სიფრთხილე იმითაა გამოწვეული, რომ ჩინეთი თავადაა ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისათვის. დასავლეთთან კონფლიქტში შესულ რუსეთს მინიმალური შანსიც კი არ აქვს ოდნავი წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის დომინანტურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სტრატეგიულ „ყოფნას“ ცენტრალურ აზიაში ან სხვა რეგიონებში. უკვე დღეს, რუსეთი ჩინეთის „უმცროსი პარტნიორია“ ყველა მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის „დაძვრას“ დასავლეთისკენ, ანუ ევრაზიის სიღრმეში, განაპირობებს უსაფრთხოების შეუვალი აუცილებლობა: უიგურული სეპარატიზმის იზოლირების სახით. გარდა ამისა, ჩინეთს აღელვებს ისლამური რადიკალიზმის ზოგიერთი გამოვლინება, რომლის სწრაფი ლოკალიზება შესაძლებელია სხვა ევრაზიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

როგორც გლობალური, მათ შორის ევრაზიული ზესახელმწიფო, ჩინეთი ვალდებულია იკისროს პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რაც დამახასიათებელია, ზოგადად ევრაზიის რეგიონისათვის.

ამასთან, ცენტრალურ აზიაში ჩინეთის „შესვლა“ ვერც გეოპოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად გამართლებული ვერ იქნება, თუკი პეკინმა სამხრეთ კავკასიური „ბოთლის ყელი“ არ გააკონტროლა და კონტროლი აქ რუსეთს დაუთმო. ჩინეთი ამას მიაღწევს მხოლოდ სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებთან, კერძოდ საქართველოსთან შეთანხმებით, რაც თავისთავად დიდ შესაძლებლობებს გვიქმნის ჩვენ, ქართველებს (და არა მარტო) საკუთარ ინტერესთა დაცვა/განხორციელების თვალსაზრისით.

სანაცვლოდ კი, ჩვენმა ქვეყანამ, მტკიცე სახელშეკრულებო სისტემით, პირველ რიგში გარანტირებული უსაფრთხოების „ქოლგა“ უნდა მიიღოს, ერთობლივ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგო-ინოვაციური პროექტებთან და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროგრამებთან ერთად, რომელთა განხორციელებამაც საქართველოში უმუშევრობის საგრძნობი შემცირება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ქართული სასოფლო სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის ახალ ბაზრებზე გასვლა და, საბოლოოდ, მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, ზოგადად კეთილდღეობის დამკვიდრება უნდა განაპირობოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ პერსპექტივათა ერთობლიობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად შორსმჭვრეტელური, კვალიფიციური და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც მთელს რეგიონში და საქართველოში პირველმა დასვა შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი და ამ იდეის პრაქტიკულ რეალიზებას შეუდგა.

დღეს უკვე უდავოა: პრეზიდენტი სააკაშვილი „ლაზიკის“ პროექტს განიხილავდა სწორედ ჩინური „გზა/სარტყლის“ ევრაზიული და გლობალური პროექტის განუყოფელ, სისტემურ ნაწილად. უფრო მეტიც - ამ პროექტის განხორციელების აუცილებელ პირობად.

სააკაშვილმა ზუსტად გათვალა, რომ ღრმაწყლოვანი პორტით შავ ზღვაზე უპირველეს ყოვლისა სწორედ ჩინეთი და ჩინელი ინვესტორები იქნებოდნენ დაინტერესებულნი, რაკი არავის ეს პორტი არ სჭირდება იმ აუცილებლობით, როგორც ჩინეთს - მისი სტრატეგიის განსახორციელებლად და რომ სწორედ ამ საფუძველზე უნდა მომხდარიყო შეთანხმება თბილისსა და პეკინს შორის, რაც ჩვენს ქვეყანას უამრავ სიკეთეს მოუტანდა.

 პრეზიდენტ სააკაშვილის ისტორიული როლი ისიცაა, რომ მან შეძლო გაეთვალა არა მხოლოდ ჩინეთის არამედ სხვა პოტენციური, თუ შესაძლო მოთამაშეთა რესურსები და არ დაიჯერა, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ევროკავშირს ეყოფოდათ რესურსები, ჩინეთისაგან დამოუკიდებლად ან მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ აეშენებინათ დიდი პორტი შავ ზღვაზე. აქვე უპრიანია გავიხსენოთ მისი ფრთიანი გამონათქვამი საქართველოს მეორე სინგაპურად გადაქცევის შესახებ!