კოდორის ხეობის ექომ ბერლინამდე მიაღწია

კოდორის ხეობის ექომ ბერლინამდე მიაღწია

 

        დღეს, გვიან ღამით (თუ რაიმე არ შეიცვალა) საქართველოს პრეზიდენტი თბილისში დაბრუნდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ.
        უნდა ვაღიარო, რომ ვიზიტმა, რომელიც დაგეგმილი იყო, როგორც ცერემონიალი (ვინაიდან, სწორედ ამ დღეებში სრულდება 10 წელი გერმანიის გაერთიანებიდან), ხოლო ქართველებისათვის - უაღრესად პრაქტიკული მნიშვნელობის ღონისძიება (ახალი კრედიტები, პოლიტიკური მხარდაჭერა) – რეალურად გაეროს დამკვირვებელთა გატაცების ნიშნით ჩაიარა.
        არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტისათვის ეს შეკითხვა გერმანელ ჟურნალისტებს არ დაესვათ. შევარდნაძე პასუხობდა, რომ გატაცება მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართული მხარე ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ გაეროს დამკვირვებელთა სიცოცხლეს (ბერლინში გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ორი გერმანელი იყო) საფრთხე არ ემუქრება.
        «ოფიციალური მასპინძლები» ბევრად მეტად თავშეკავებულნი იყვნენ, - ვიზიტი წინასწარდაგეგმილი პროგრამით გრძელდებოდა, მაგრამ დახურული შეხვედრებისას ეს თემა (ანუ, გაეროს დამკვირვებელთა გატაცება) მაინც განიხილეს.
        აღსანიშნავია, რომ ედუარდ შევარდნაძე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ რუდოლფ შარპინგს. საუბრის ძირითადი თემა აფხაზეთსა და კოდორის ხეობაში არსებული ვითარება გახლდათ.
        გფრ აქტიურად მონაწილეობს «საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის» მუშაობაში, მაგრამ ისეთი ინციდენტები, როგორიც კოდორის ხეობაში მოხდა (თანაც ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაეროს დამკვირვებლებს იტაცებენ), საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს ლახავს და «ნირს უფუჭებს» იმ ძალებს დასავლეთის ქვეყნებში, რომელთაც ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა შესაძლებლად მიაჩნიათ.
        ოღონდ «ურთიერთობაში» ნამდვილად არ იგულისხმება ჰუმანიტარული დახმარება - გერმანია სულ უფრო აქტიურად გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს (უპირველესად, შევარდნაძის ფაქტორის გათვალისწინებით), ნამდვილად ჰქონდა შანსი ეს კოზირი გამოეყენებინა.
        თუმცა, კოდორის ინციდენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა (სამწუხაროდ), რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა ძველებური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თვითონ არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში.
        სარწმუნო წყაროს ცნობით, გფრ-ს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება კოდორის ინციდენტის «უცხოურ წარმოშობაში».
        მისი თქმით, აქ უეჭველად იგრძნობა სპეცსამსახურთა (იგულისხმება, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურები) კვალი;
        მართლაც, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, საიდან შეიძლებოდა ჰქონდათ ტერორისტებს ასეთი ზუსტი ინფორმაცია გაეროს დამკვირვებელთა შესახებ? ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით – ვინ «მისცა მათ საქმე?» მივაქციოთ ყურადღება, რომ ინციდენტამდე მცირე ხნით ადრე რუსეთის ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა აკონტროლებს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ბასაევი სწორედ კოდორის ხეობაში აპირებდა გამოზამთრებას.
        გარდა ამისა, ამგვარი დამთხვევა შემთხვევითი ნამდვილად არ შეიძლება იყოს - თუ პროვოკაცია მიზნად ისახავდა გერმანიაში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის შესაძლო პოლიტიკურ შედეგთა ჩაშლას, - მან ნაწილობრივ მიზანს მიაღწია კიდეც;
        არავის უნდა ურთიერთობა სუსტ, მუდმივ არასტაბილურობაში ჩაფლულ ქვეყანასთან, რომელიც გაეროს სამხედრო დამკვირვებლებსაც ვერ იცავს.
        განა შეიძლება შემთხვევითი იყოს, რომ გამტაცებლები (ესებუაც და ჭკადუებიც), რატომღაც სწორედ გაეროს უმწეო დამკვირვებლებთან აღმოჩნდნენ «ვაჟკაცები», თორემ რუსეთის ე.წ. «სამშვიდობო ძალთა ოფიცრებთან» მშვენიერი ურთიერთობა აქვთ. მათი მოტაცება, ან თუნდაც წყენინება აზრადაც არ მოსდით.
        იმის თაობაზე, თუ რა მიზანს ისახავდა კოდორის მორიგი პროვოკაცია, შეიძლება ვიმსჯელოთ, აგრეთვე, იმ განცხადებების დონითა და შინაარსით, რომელიც შევარდნაძემ გერმანიაში გააკეთა. ეს განცხადებები და პოლიტიკური წინადადებები ხომ მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი? მაგალითად, ბერლინის ტაძარში ლუდვიგ გიუნშეს პრემიის მიღებისას საქართველოს პრეზიდენტმა გარკვეულწილად სენსაციური რამ თქვა: «ამაოდ ცდილობენ «მარად გუშინდელნი» დააკნინო უდიდესი ცივილიზაციის შემოქმედი გერმანელი ერის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში და წარსული აჩრდილების ინსტრუმენტალიზებით ხელი შეუშალონ გერმანიის აქტიურ მონაწილეობას დემოკრატიული წესრიგის დამყარებაში მთელ მსოფლიოში. მე პირველი მივესალმე იმას, რომ გერმანია ბალკანეთზე სამართლიანი მშვიდობის დამყარებისათვის მებრძოლთა რიგებში იყო».
        ყურადღებით დავაკვირდეთ ამ განცხადებას: «წარსულის აჩრდილებში» შევარდნაძე, რა თქმა უნდა, გერმანელთა «დანაშაულის კომპლექსს» გულისხმობს, - ფაშიზმის მოქმედებებისათვის.
        გარკვეული ძალები მართლაც ცდილობდნენ და ცდილობენ ამ კომპლექსის ინსტრუმენტალიზებას, რათა გერმანია გადააქციონ იგივე ლუქსემბურგად, რომელსაც არც ევროპაში და არც მსოფლიოში არაფერს ეკითხებიან. უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია ამას ცდილობს რუსეთი. Aარადა, ბალკანეთზე გერმანია პირველად გათავისუფლდა ზემოხსენებული კომპლექსისაგან და ბომბავდა იმავე ქალაქს (ბელგრადს), რომელსაც ფაშისტური ავიაციაც ბომბავდა მეორე მსოფლიო ომის დროს.
        ედუარდ შევარდნაძემ, რომლის აზრს გერმანელები, გასაგები მიზეზების გამო, ყურადღებას აქცევენ, მათ მოუწოდა დროულად გათავისუფლდნენ ამ «დანაშაულის კომპლექსისაგან» – გერმანიას აქვს ყველაფერი, რათა ევროპულ და მსოფლიო ზესახელმწიფოდ იქცეს.
        შევარდნაძის თქმით, გერმანია კავკასიაშიც უფრო მეტად უნდა აქტიურობდეს; კერძოდ აფხაზეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით;
        იმავე სარწმუნო წყაროს ცნობით, შევარდნაძის ეს განცხადება სავსებით კონკრეტულ წინადადებებად იყო ჩამოყალიბებული ფედერალურ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან კონფიდენციალური საუბრისას.
        არავინ მოითხოვდა ბერლინისაგან (აწ უკვე ბერლინისაგან და არა ბონისაგან, ვინაიდან ბერლინი გახდა უკვე გერმანიის დედაქალაქი და პირველი უცხოელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ბერლინს, როგორც დედაქალაქს, სწორედ შევარდნაძე აღმოჩნდა), ჯარის გაგზავნას აფხაზეთში, მაგრამ გერმანიის პოლიტიკური პოტენციალი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ შევარდნაძემ სცადა მოეხდინა გერმანიის გეოპოლიტიკური ამბიციის სტიმულირებაც.
        სავსებით ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გახსნა საზღვარი ფსოუზე, მოსკოვის შუამავლობამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. შევარდნაძე იწყებს ალტერნატივის ძებნას აფხაზეთში სამშვიდობო პროცესებისადმი, ვინაიდან არ სჯერა, რომ ეს პრობლემა ძალისმიერი გზებით გადაწყდება.
        ასეთ ალტერნატივად შეიძლებოდა ქცეულიყო გერმანია, რომელიც, საბედნიეროდ, სულ უფრო აქტიურად თავისუფლდება «დანაშაულის კომპლექსისაგან»;
        რასაკვირველია, ეს პროცესი არ გამოეპარათ რუსეთის სპეცსამსახურებს, ამიტომ ისინი სხვა «სიურპრიზებსაც» მოაწყობენ იმ რეგიონში (საქართველოში), სადაც ყველაზე დიდი იყო ალბათობა გერმანიის «ახალი პოლიტიკური კურსის» განხორციელებისა.

დრონი, 16 ოქტომბერი, 1999 წელი