საერთაშორისო მიმოხილვა. 1 მარტი 2023 წელი
აფხაზეთის თვითმარქვია `პრეზიდენტის`, ასლან ბჟანიას ე.წ. `ვიზიტები` მოსკოვში და მინსკში სრული კრახით დასრულდა: ბელორუსის ავტორიტარმა მმართველმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბჟანია მიიღო, როგორც რომელიღაც სოფლის მმართველი; ელაპარაკა (მისთვის უსიამოვნოდ) საქართველოსთან `შეწეპებაზე`, არ დაუშვა მაგიდასთან დაედოთ აფხაზური დროშა და თვითონ იჯდა არა ე.წ. `დამოუკიდებელი აფხაზეთის პრეზიდენტის` პირისპირ, არამედ ის დასვა თავისგან მარჯვნივ, როგორც ხელქვეითი.
რაც მთავარია ლუკაშენკომ ბჟანიას აგრძნობინა, რომ არანაირი `დამოუკიდებლობის აღიარება` არ იქნება; რასაც სინამდვილეში ორი მიზეზი აქვს: ლუკაშენკოს ეშინია ასე საბოლოოდ `დაწვას` ხიდები საქართველოსთან (ასევე დასავლეთთან) და რაც ბევრად მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც კი სცნობს აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობას`, აფხაზეთი მოითხოვს რუსეთ-ბელორუსეთის ე.წ. `სამოკავშირეო სახელმწიფოში` მესამე სუბიექტად შესვლას. მეოთხე სუბიექტი `სამხრეთ ოსეთი` უნდა ყოფილიყო თითქოს. ეს `ახალი სამოკავშირეო სახელმწიფო` კი, ჯუჯა სეპარატისტული ტერიტორიებით, დაამცირებდა ბელორუსს და მის პრეზიდენტს.
მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალიან არ ეპიტნავება ლუკაშენკოს. მას კვლავინდებურად უნდა პუტინის ერთადერთ პარტნიორად დარჩეს და ეს ორი `ჯუჯა სახელმწიფო` არ შემოუშვას თავის ურთიერთობებში პუტინთან.
ასეთივე სამარცხვინო აღმოჩნდა ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში. რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ნოვაკმა იგი მიიღო, როგორც რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი. `დავალებები მისცა`, რომ რუსული ინვესტიციები შეუშვას აფხაზეთში. პირველ რიგში ეს ეხება ენგურჰესს: რუსები კბილებს ილესავენ ენგურჰესზე, მაგრამ აფხაზები არ ეთანხმებიან, რადგან იციან: თუ რუსები შევლენ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ენგურჰესის სამართავ პულტზე, აფხაზები ვეღარ შეძლებენ `წამოიღონ` ენგურჰესიდან რამდენიც უნდათ იმდენი ელექტროენერგია და არც არაფერი გადაიხადონ.როგორც ახლა აკეთებენ.
ეს საქართველოსთან `გასდით`, თორემ რუს ოლიგაქრებთან და რუსულ კორპორაციებთან (პუტინის მძარცველ რეჟიმთან) არ გაუვათ. ესე იგი კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში დასრულდება! ამ მაინინგით აფხაზურმა ბიუროკრატიამ და საქმოსნებმა მილიარდი დოლარი გააკეთეს ბოლო 5 წელიწადში.
ბჟანიას ძალიან უნდოდა პუტინთან შეხვედრა, მაგრამ ვერ მოახერხა. პუტინი აფხაზ სეპარატისტებზე გაბრაზებულია: არა მხოლოდ ენგურჰესის გამო, არამედ ბიჭვინთის `ხრუშჩოვის აგარაკი` რომ არ მისცეს. შესაბამისად, პუტინმა ბჟანია `გაუშვა`....იქით; და რაკი მას არ შეხვდა, `ცხინვალის პრეზიდენტთან` შეხვედრაც გაუქმდა - მოიმიზეზეს, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერ ალან გაგლოევს ვითომ `კოვიდი` აქვს, რაც ბოლო წამს გამომჟღავნდა.
აქვე უნდა შევნიშნოთ მნიშვნელოვანი სისტემური გარემოება: პუტინი ცდილობს ცხინვალი და აფხაზეთი განიხილოს ერთიან კონტექსტში, რომ თუ გარემო-პირობები მომწიფდება, ერთიანად მოახდინოს საქართველოს ამ ორი ისტორიული რეგიონის საბოლოოდ ანექსია. ამიტომაც არ შეხვდა ცალკე ოს სეპარატისტ გაგლოევს, რაკი გადაწყვიტა `დაესაჯა` აფხაზი სეპარატისტი ბჟანია მისი დემონსტრაციული იგნორით.
არ დაგვავიწყდეს, რომ 2024 წელს ვადა ეწურება 2014 წლის შეთანხმებას რუსეთსა და ე.წ. `დამოუკიდებელ აფხაზეთს` შორის, რის საფუძველზეც რუსეთი ახორციელებდა აფხაზეთის ბიუჯეტის დოტირებას და მრავალმხრივ დაფინანსებას.
თუ პუტინის მოთხოვნებს არ შეასრულებენ (მათ შორის ქართველი ლტოლვილების ბინების მიყიდვა რუსებზე), საბოლოოდ შეუწყვეტენ სეპარატისტებს დაფინანსებას. ახლა აფხაზეთი 100%-ით რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ასევე რუს ტურისტებზე და რუსულ ბაზარზე.
თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თურქეთიც ცდილობს ჩუმ-ჩუმად იქ ჩარევას და არა ვარ დარწმუნებული, რამდენად არის ეს ჩარევა შეთანხმებული საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
2023 წლის აფხაზეთის ბიუჯეტის დეფიციტი, სარწმუნო წყაროთა ცნობით, საიდუმლო არხებით სწორედ თურქეთმა შეუვსო სეპარატისტებს.
აფხაზეთის მთელი ბიუჯეტი სულ 200 მილიონი დოლარია
ეს სასაცილო თანხაა ორივე ჩვენი რეგიონული მეზობლისთვის.
რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას, ემზადება ანექსიისთვის, ხოლო თურქეთი სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ღიად არ მოქმედებს და თუ რაიმე სახსრებს რიცხავს, ამას ხსნის მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებით.
თურქეთში დაახლოებით 300 000 აფხაზი და აბაზინი ცხოვრობს. ასევე მათი მონათესავე ადიღები ( ჩერქეზები)
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი (ძალიან გავლენიანი ფიგურაა პუტინის გარემოცვაში) ვენესუელაში ჩავიდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
რა უნდა პუტინს ვენესუელაში? როგორც ჩანს, უკრაინის ომის ფონზე რუსი დიქტატორი აპირებს დააშანტაჟოს ამერიკა, რომ დღევანდელ ვენესუელას გადააქცევს იმად, რადაც ხრუშჩოვმა სცადა გადაექცია კუბა 1960-იან წლებში, თუმცა მაშინ საქმე კინაღამ ბირთვულ ომამდე მივიდა და მხარეებმა კომპრომისი გამოძებნეს.
არ არის გამორიცხული, პუტინმა ვენესუელაში თავისი სტრატეგიული ბომბდამშენები განალაგოს, ესე იგი სამხედრო ბაზები შექმნას. რასაკვირველია, ეს სახიფათოა ამერიკისთვის, რადგან ვენესუელა, მართალია სამხრეთ ნახევარსფეროზე მდებარეობს, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგემებში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ისევე, როგორც მთელს სამხრეთ ამერიკის რეგიონს.
თუმცა მოსკოვს ამერიკის წინააღმდეგობის გარდა კიდევ ისიც შეუშლის ხელს ამ გეგმის შესრულებაში, რომ ლათინური ამერიკის სხვა დიდ სახელმწიფოებს (ბრაზილია, არგენტინა, ჩილე) არ მოეწონებათ უცხო ქვეყნის ბაზების შექმნა ვენესუელაში და იქ ბირთვული იარაღის განლაგება. სხვაგვარად (ბირთვული იარაღის გარეშე) პუტინის ამ პროექტს განსაკუთრებული აზრი არა აქვს.
ის ბომბდამშენები სწორედ ატომური და წყალბადის ბომბების `მატარებელნი` არიან.
ლაპარაკია ТУ-160 სტრატეგიულ ბომბდამშენებზე.
პუტინი რომ ასეთ სარისკო შანტაჟზე მიდის, აშკარად ადასტურებს, რამდენად ცუდად აქვს საქმე უკრაინაში.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (წარმოშობით თბილისელი სომეხი, - მამის გვარით კალანტარიანი) ბაქოში ჩავიდა.
მოლაპარაკებათა თემატიკა ადასტურებს, რომ რუსეთი მზად არის სომხეთი გაწიროს, ოღონდ კი მიიღოს მთავარი: `სატრანზიტო დერეფნები` აზერბაიჯან-სომხეთის გავლით ირანისა და თურქეთისკენ.......საქართველოს გვერდის ავლით!
თუ მოსკოვი შეძლებს აიძულოს სომხეთი, აღიაროს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, მაშინ სომხეთი და აზერბაიჯანი იმაზეც მოილაპარაკებენ, რომ გაიხსნას საზღვრები ანუ ამოქმედდეს კომუნიკაციები (სარკინიგზო და საავტომობილო) თურქეთისა და ირანისკენ.
საქართველოსთვის ეს ძალიან ცუდია, რადგან ჩვენი სატრანზიტო მნიშვნელობა შემცირდება.
. . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ღამით მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ სცადა კრასნოდარის მხარის დაბომბვა დრონებით. `სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება უნდოდათ, მაგრამ მოვიგერიეთო`.
სინამდვილეში უკრაინელებმა სცადეს სამხედრო ბაზის განადგურება.
ადრეც ხომ დაუბომბავთ სტრატეგიული სამხედრო ობიექტები რუსეთის სიღრმეში. მაგალითად `ენგელსკის` ზესაიდუმლო აეროდრომი, სადაც ხსენებული ТУ – 160 სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული.
რა თქმა უნდა `მიზანდასახულობა` (ანუ მარტივად რომ ვთქვათ `დამიზნება`) ხდება ამერიკული კოსმოსური დაზვერვის დახმარებით. ამერიკელები ეხმარებიან უკრაინელებს, ზუსტად მიმართონ დრონები მიზნისკენ.
ოღონდ ამერიკა ჯერ მაინც არ აწვდის უკრაინას დიდი სიშორის რაკეტებს, რომელთა ჩამოგდება ბევრად ძნელია, ვიდრე უპილოტო თვითმფრინავებისა (დრონების)
რუსებმა რომ გუშინ უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ დრონების ჩამოსაგდებად იყენებენ უძვირეს С-400 და C-300 რაკეტებს. ამოუწურავი მარაგი როდი აქვთ ამ რაკეტებისა, რომლებიც კოსმოსური თანამგზავრების ჩამოსაგდებადაა განკუთვნილი.
სასაცილოა პუტინის ამასწინანდელი განცხადება, რომ რუსეთი ეკონომიკურად გაუძლებს პაექრობას დასავლეთის ამოუწურავ რესურსებთან.
. . . . . . . . . . . . . . .
იენს სტოლტენბერგმა, რომელიც მალე დატოვებს NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს და ამ მიზეზით ბევრად გულწრფელი თუ `არაპოლიტკორექტულია` ვიდრე ადრე იყო, გუშინ განაცხადა, რომ...... მაშინაც კი, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, NATO-რუსეთის ურთიერთობები უკვე ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც ამ ომამდე იყოო.
ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც გამოხატავს ევროატლანტიკური ელიტების დამოკიდებულებას რუსეთისადმი: ``დამარცხდებით ამ ომში, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა ჩვენთან არ გექნებათ მანამ, სანამ რუსეთი არ გახდება ჩვეულებრივი, დემოკრატიული, მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო``.
ეს მესიჯი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის ე.წ. `უშიშროების საბჭოს მდივანმა`, სერგეი შამბამ, რომელიც საქართველოს ისტორიული და ფანატიკური მტერია, განაცხადა, რომ აფხაზეთმა `უნდა შეამოწმოს სამობილიზაციო შესაძლებლობები`, თუ აუცილებელი გახდა აფხაზეთის დაცვა საქართველოს მომავალი აგრესიისაგანო.
შამბა დარწმუნებულია, რომ საქართველო ახალი ომისთვის ემზადება აფხაზეთის დასაბრუნებლად.
ზოგადად კი, აფხაზებს (ეს ბევრი მარკერით ჩანს) მასობრივად აქვთ სოციალური, საზარელი შიში, რომ `ქართველები ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგვესხმებიან თავს, რათა სამაგიერო გადაგვიხადონო`.
. . . . . . . . . . . . . . .
გუშინ აფხაზეთის ე.წ. `მთავრობამ` აფხაზეთის `პარლამენტში` გააგზავნა კანონპროექტი `Appart-hotel` - ების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს იმ აფხაზებს, ვინც ქართველ ლტოლვილთა ბინებს დაეუფლა 1993 წელს, გადააკეთონ ეს ბინები `სასტუმროებად`.
თუმცა აფხაზური ოპოზიცია წინააღმდეგია, რაკი ეშინიათ, რომ `ეს ბინები ჩვენ თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის გვინდა, მაგრამ მათ ამ კანონით რუსები იყიდიან ვითომ სასტუმროდო`.