საერთაშორისო მიმოხილვა. 19 დეკემბერი. 2021 წელი.
რატომ არ რეაგირებს დასავლეთი მწვავედ და ადეკვატურად პუტინის თავხედურ ულტიმატუმზე უკრაინის და საქართველოს შესახებ?
პუტინმა სრულიად თავხედური ულტიმატუმი წაუყენა დასავლეთს: ხელი მოუწეროს იურიდიულად აუცილებელ ხელშერულებაზე, რომ არასდროს მიიღებს უკრაინას და საქართველოს NATO-ში და საერთოდაც მიატოვებს ჩვენს ქვეყნებს მოსკოვის აგრესიის პირისპირ.
რა თქმა უნდა დასავლეთი ამ ულტიმატუმს ხელს არ მოაწერს, რაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ არ გაითვალისწინებს რეალ-პოლიტიკაში.
დასავლური რეაქცია ამ თავხედურ ულტიმატუმზე ჯერ-ჯერობით ძალიან სუსტია.
მაგალითად სალივანის გუშინდელი განცხადება. ბაიდენის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.
ანუ.....შინაარსობრივად იქით ებოდიშებიან: `კი, განვიხილავთ თქვენს ულტიმატუმს და დიალოგისთვის მზად ვართო`.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისმის კითხვა: რატომ აღარ არიან დღეს დასავლეთში რეიგანები და ტეტჩერები?
იმიტომ, რომ აღარ არსებობს მათზე ელიტათა მოთხოვნა! კვლავაც რომ არსებობდეს....იცოცხლე. `ხის ფუღუროდან გამოვარდებოდნენ`, როგორც ქართველი მწერალი წერდა.
მერედა, რატომ აღარ არსებობს ეს მოთხოვნა?
ამაზე უზარმაზარი ტექსტის დაწერა შეიძლება.
ახლა ძალიან მოკლედ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიუსელის Grand Place - ზე ხომ ხართ ნამყოფი?
ევროპის ულამაზესი მოედანია. მე ყოველ შემთხვევაში ასე მიმაჩნია.
ზის იმ მოედანზე `ევროპელი ადამიანი`.......იქ ოჯახთან, პატარა ბავშვებთან ერთადაა მისული......ბავშვები დარბიან, ჟრიამულობენ, თვითონ XVII საუკუნის, ჯერ კიდევ ლუი XIV `მეფე მზის` მიერ დღევანდელ მეპატრონეთა წინაპრებისთვის დამტკიცებულ რესტორანში წრუპავს ცივ `პორტერს`, მისი ცოლი `ლატეს` მიირთმევს და გაჰყურებენ ამ ულამაზეს მოედანს, თავისი უჭკნობი სილამაზით რომ გამშვიდებს ადამიანს.
ჰოდა რას ხედავენ იმ ტერასადან? მათ შორის ხედავენ რუსი ტურისტების ბრბოებს.
ცოტა თავხედებს, ცოტა გოიმებს, უზრდელებს, თუმცა `ფულიანებს`, მხარჯველებს......განსხვავდებიან მისგან, მაგრამ ისინიც ბავშვებთან ერთად არიან, ისინიც ცოლებთან ერთად არიან, მის შვილებს არაფერს უშავებენ----არიან რა........თავისთვის.
ყოველ შემთხვევაში იმ ნატიფ, მშვენიერ მოედანზე ტყაპუჭებით ანუ `ტელეგრეიკებით` არ შემოვარდნილან და ისტორიული რატუშას წინ, კიბეებზე ჩამომსხდარნი არ იცვლიან ბინურ სალდათურ `პორტიანკებს` (ვინც არ იცის ეს რა არის, გულს არ აგირევთ-დ.), როგორც იცვლიდნენ 1956 წელს ბუდაპეშტში, 1968 წელს პრაღაში და 1989 წელს თბილისის რუსთაველის გამზირზე.
ჰოდა ეს ევროპელი ამ რუს ტურისტებში იმას ხედავს, რომ მას, კონკრეტულად, მის ოჯახს, მის მშვიდ და ლაღ ცხოვრებას, ოჯახურ მყუდროებას, თანამედროვე რუსეთი არაფრით ემუქრება.......განსხვავებით იმ წარსული ეპოქისგან, როცა სსრკ-დ წოდებული რუსეთი მთელს ევროპაში, მათ შორის მის სამშობლოში (საფრანგეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ნიდერლანდში, ბელგიაში, ინგლისში, შვეიცარიაში, შვედეთში.....) ე.წ. `კომუნიზმის` გავრცელებას ცდილობდა, `მსოფლიო სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის` (Всемирный союз социалистических республик) ცეცხლით, მახვილითა და სისხლით დაფუძნებას ლამობდა.......სსრკ ღერბზე კი მთელი პლანეტა იყო გამოსახული.
დღეს? დღეს რუსეთის ღერბზე რუსული იმპერიული ორთავა არწივია გამოსახული.
აგრესიულია, კი ბატონო. ყოველთვის აგრესიული იყო. თუმცა იმ ევროპელის უკვე უცდომელი (!) აღქმით ის ორთავა არწივი მას, მის ოჯახს, მის ცხოვრებას არაფრით ემუქრება, მთელს მსოფლიოში და ევროპაში `კომუნიზმის` გავრცელებას აღარ ცდილობს......
ვის ემუქრება?
ემუქრება `შორეულ` (ბრჭყალებში) უკრაინას, ემუქრება სადღაც კიდევ უფრო შორს მდებარე, გაუგებარ `Georgia`-ს, რომელსაც ჰყოფნის თავხედობა, - 1992 წელს ატლანტაში გამართული საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, - მიითვისოს იმ მშვენიერი შტატის სახელი, ემუქრება ბალტიის ღარიბ `ნათესავებს`, რომლებიც სულ ცდილობენ, საკუთარი შიშები და ისტორიული ფობიები მოახვიონ თავს, ჩააბან კონფრონტაციაში დათვთან, რომელიც ისტორიულად ძლივს მოათვინიერა და დაუდგინა მისი ღრენისა თუ ნადირობის არეალი, სადაც (XIX საუკუნისაგან განსხვავებით) აღარ შედის პოლონეთი, აღარ შედის უნგრეთი, აღარ შედის პრაღა.....მით უმეტეს აღარ შედის Grand Place, თუმცა მას, ევროპელ ობივატელს, ცივ ლუდს რომ წრუპავს, კაცმა რომ თქვას, სრულიად ნორმალურად მიაჩნია შედიოდეს კიევი, ასევე ის გაუგებარი Georgia, ნაწილობრივ თუნდაც რიგა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთხელ ვლადიმერ პუტინმა, რომელიც გველურად ცბიერი პოლიტიკოსია, ამ თემებზე საუბრისას ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვა:
`რატომ უნდა ეშინოდეთ ფრანგებს ან ინგლისელებს ან ამერიკელებს რუსებისა? ჩვენი კაპიტალისტები ისეთივე კაპიტალისტები არიან, როგორც მათი კაპიტალისტები, ისევე უყვართ კარგი ცხოვრება და ფული, როგორც მათ, ისევე ცდილობენ ააშენონ კაპიტალიზმი, ფულს ინახავენ დასავლურ ბანკებში, მათი შვილები დასავლეთში ცხოვრობენ და ჩვენ ეს სრულიად ნორმალურად მიგვაჩნია......`
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი სწორედაც ამაშია საქმე: ეს არის ჩვენი პრობლემის `გულანი`: თანამედროვე რუსეთი არ უქმნის ევროპულ ცივილიზაციას ყოფნა-არყოფნის ანუ ე გ ზ ი ს ტ ე ნ ც ი უ რ ს ა ფ რ თ ხ ე ს, როგორსაც სსრკ უქმნიდა.
არ ცდილობს მოახვიოს მას სულ სხვა `წყობა`, სხვა ცხოვრების წესი.
პირიქით, ის ევროპელი ხედავს, რომ რუსები ცდილობენ მისი ცხოვრების წესით იცხოვრონ; დემოკარტია არა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი `გადმოიღონ` როგორც შეუძლიათ და ეხერხებათ ევროპული ცივილიზაციიდან: ე.წ. `კაპიტალიზმიდან`, საბანკო-ფინანსური წეს-წყობილებიდან, ნაწილობრივ საბაზრო ეკონომიკიდან დაწყებული - `გროლშისა` და `გინესის` სიყვარულამდე, `ჩელსიმდე`, `მერსედესამდე`, `ბუგატიმდე`, `ვალენტინომდე, `ვალენსიაგამდე` ......
`გამოსდით არ გამოსდით` სხვაა, მაგრამ განა საბჭოთა კავშირი ამას ცდილობდა სტალინის ან თუნდაც ბრეჟნევის ეპოქაში?
არა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰოდა რაკი აბსოლუტურად არ ემუქრება ამჟამად თანამედროვე რუსეთი ევროპულ ცივილიზაციას, ამიტომაც არ არიან დღეს რეიგანები და ტეტჩერები. მათ ნაცვლად არიან ობამები, ტრამპები, ბაიდენები, მერკელები, მაკრონები, ჯონსონები........
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თანამედროვე, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდგომდროინდელი ევროპული ცივილიზაცია მშვიდობიანი ცივილიზაციაა: მის ცენტრში დგას სწორედ ის `ობივატელი`(ამ ცნების ნეგატიური კონოტაცია კომუნისტური პროპაგანდის რელიქტია), `გრანდ პლაცზე` რომ ცივ ლუდს მიირთმევს და ტერასადან სიყვარულით გაჰყურებს ლაღად მოთამაშე შვილებს.
გენიალური დასავლური ელიტები, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს `რეიგანი`, შექმნეს `ტეტჩერი`, სულაც არ არიან მუდამ მოწოდებულნი, საკუთარი პოლიტიკა იმ ევროპელი ობივატელის ინტერესებზე `მომართონ`. ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემხვევაში, თუკი ხედავენ, რომ მოსკოვი უქმნის ამ ევროპელს ეგზისტენციურ საფრთხეს, რაც თვით ამ ადამიანს შეიძლება არც ესმოდეს და ამ საფრთხეს ვერც აცნობიერებდეს.
ოღონდ დღეს, ამჟამად `აქ და ახლა`, დასავლური ელიტები ასეთ ეგზისტენციურ საფრთხეს არ ხედავენ.
იმ უბრალო მიზეზით, რომ ასეთი საფრთხე (მათთვის და არა რაღაც მათთვის გაუგებარი უკრაინა - ჯორჯიისთვის) რუსეთის მხრიდან არ არსებობს!
ანუ პრაგმატული მიდგომაა:
``დათვი შეჭამს რაც მისი კუთვნილია და გამაძღარი დამშვიდდება``
სამწუხაროა, თუმცა ასეა.
ჩვენი უბედურება ისაა სწორედ, რომ ამ შეფასებაში (უკვე) არ ცდებიან!
რუსეთი ჩვენ ნამდვილად გვემუქრება. მაგრამ ევროპის დაპყრობას პუტინი არ აპირებს. მისი ორივე შვილი ევროპაშია გათხოვილი და უნდა იქ ომი? არა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოძმე უკრაინას კი, როგორც სამწუხაროდ სჩანს, მხოლოდ (მხოოოოოლოდ და მხოლოდ!) უკრაინელი ჯარისკაცის ვაჟკაცობა, თავგანწირვა და მეომრული სულისკვეთება თუ გადაარჩენს - აი ისეთი, დონეცკის აეროპორტის გმირული, მრავალთვიანი დაცვისას რომ გამოავლინეს უკრაინელმა `კიბორგებმა`.
ნათელი მათ ხსოვნას.
ისინი იქ საქართველოსაც იცავდნენ.