საერთაშორისო მიმოხილვა. 5 დეკემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 დეკემბერი. 2024 წელი

ევროკავშირის „საგარეოთა“ მომავალი შეხვედრა, - რამდენიმე დღის შემდეგ, - საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რასაკვირველია, მაგრამ უმთავრესი თემა მაინც უკრაინა და ევროპის უსაფრთხოება იქნება.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გუშინ განაცხადა, რომ წელს (ესე იგი 2024 წელს მხოლოდ) ევროპის მთელს ტერიტორიაზე „დაფიქსირდა 500-მდე საეჭვო ინციდენტი“ და ამ 500 „საეჭვო ინციდენტიდან“ 100 ინციდენტის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, უკვე გამოიკვეთა რუსეთის სპეცსამსახურთა დივერსიული და საბოტაჟური მონაწილეობაო.

თუ ევროპული პოლიტკორექტულობის და დიპლომატიის ენიდან „გადმოვთარგმნით“, დანარჩენ 400 ინციდენტში (აფეთქებების, დივერსიების, ხანძრებისა და ასე შემდეგ), არ „გამოკვეთილა“ ესოდენ აშკარად, თუმცა რუსეთის მონაწილეობა მაინც „გონივრულ ეჭვს მიღმაა“ ესე იგი ძალიან მაღალი ალბათობაა.

ბრიტანული MI6 (ესე იგი  საგარეო დაზვერვის) შეფი რიჩარდ მური ამბობს: „რუსეთი ძალიან უპასუხისმგებლოდ და უჭკუოდ იქცევა, როცა მთელს ევროპაში დივერსიებს აწყობსო“, რაკი ამით „მაინც ვერავის შეაშინებსო“.

მისი კოლეგა კენ მაკკალუმ ბრიტანული MI5 ანუ კონტრდაზვერვიდან აცხადებს, რომ რუსეთის მიზანია „ხელი შეუწყოს ქაოსს მთელს ევროპაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით“.

ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას? თანაც ასეთ დონეზე „გასიტყვებით?“

დივერსია - აგრესიის სახეობაა!

ბალტიის ზღვის ფსკერზე საერთო-ევროპული მნიშვნელობის საკომუნიკაციო ხაზების დაზიანება რუსული დივერსანტ-აკვალანგისტების მიერ კონკრეტული მაგალითია რას აკეთებს ახლა რუსული ГРУ და СВР.

კარგი მხოლოდ ისაა, რომ მიუხედავად ბრიტანეთის გასვლისა ევროკავშირიდან, არსებობს ისეთი „ჩარჩო“ როგორიცაა NATO და ბრიტანეთი, რასაკვირველია, ამ პლატფორმაზე თანამშრომლობს ევროპელებთან

 ხოლო MI6 და MI5 (ანუ ბრიტანული დაზვერვაც და კონტრდაზვერვაც) უძლიერესი იყო და რჩება ევროპაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს პარლამენტმა (ეროვნულმა ასამბლეამ) უნდობლობა გამოუცხადა.

შესაბამისად, საფრანგეთის მთავრობა გადადგა.

ძალიან ცუდი ამბავია!

 იმიტომ რომ ეს ასუსტებს საფრანგეთს, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკური (!) ლიდერია, როგორც ერთადერთი ევროპული (ევროკავშირის წევრი) ბირთვული სახელმწიფო. და ერთადერთი ევროპული (ევროკავშირის წევრი) სახელმწიფო, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში აქვს „ვეტო“-ს უფლება.

 EU ეკონომიკური ლიდერი გერმანიაა.

 

1962 წლის შემდეგ (ის სულ სხვა ეპოქა იყო) საფრანგეთის არც ერთი პრემიერ-მინისტრისთვის „უნდობლობის ვოტუმი“ Assamble Nacional-ს არ გამოუცხადებია.

ახლა უშუალო მიზეზი გახდა სოციალური ხარჯების 40 მილიარდი ევროთი შემცირება და გადასახადების 20 მილიარდ ევრომდე პერსპექტივით გაზრდა.

ბევრი საფრანგეთს „სოციალისტურ სახელმწიფოდ“ მიიჩნევს.

მით უმეტეს 1990-იანი წლების ანუ ფრანსუა მიტერანის ეპოქის შემდეგ.

 

საფრანგეთს უნდა ე ც ა ლ ო ს უკრაინისთვის. მით უმეტეს დონალდ ტრამპთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით

ისედაც ძლივს ძლივძლივობით შეაკოწიწა პრეზიდენტმა მაკრონმა ის უმრავლესობა, რაც პრემიერის ასარჩევად იყო აუცილებელი და ახლა თუ კრიზისი გაღრმავდა, თუ ახალი არჩევნები გახდა აუცილებელი კიდევ.... სიტუაცია ბევრად გამწვავდება ევროპის ყველა პარტნიორისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის „დაბრუნება“ მოსკოვის ინიციატივით 25 წლის წინ შექმნილ ორგანიზაციაში Договор о коллективной безопасности (ОДКБ) „უკვე შეუძლებელია“ და  „მაგათ საქმეებში აღარ ჩავერევითო“.

ცოტა არ იყოს უცნაური განცხადებაა, რაც ზოგადად ახასიათებს ამ ქვეყნის დიპლომატიას.

რას ნიშნავს „არ დავბრუნდებით?“ - სომხეთი არ(ც) გამოსულა ОДКБ-დან.

კი, შეაჩერა მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ა პროექტებში, მანევრებში, სხდომებში, თუმცა არ განუცხადებია ამ ალიანსის დატოვების შესახებ, რომელსაც ჯერ ელცინი, შემდეგ პუტინი განიხილავდნენ, როგორც Anti-NATO.

„პოლიტიკური ერევანი“ გაბრაზებულია იმის გამო, რომ ალიანსმა მხარი არ დაუჭირა აზერბაიჯანის წინააღმდეგ (არადა ბაქო ОДКБ-დან 1999 წელს გავიდა ოფიციალურად) მაგრამ უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას სომხეთი ვერ ბედავს აზერბაიჯანისა და თურქეთის შიშით.

ეს ამბავი ჩვენთვის იმ აზრით არის საინტერესო, რომ ადასტურებს: მოარული ხმები, მოლოდინები, ვარაუდები, იმედები იმის შესახებ, რომ რაკი რუსეთმა ყოვლად სამარცხვინოდ „ჩააბარა“ ყარაბაღი აზერბაიჯანს, ამის პასუხად სომხეთი რუსული ორბიტადან გამოვიდოდა, დასავლურ ტრაექტორიაზე გადაეწყობოდა და ასე შემდეგ, ცოტა არ იყოს გადაჭარბებული აღმოჩნდა.

ჯერ ერთი უსაფრთხოების მომენტებია და მეორეც, სომხეთი ტოტალურად რუსეთზეა დამოკიდებული ენერგეტიკულად და ეკონომიკურად - ბაზრების თვალსაზრისით.

სომხური გარგარი ვერსად რუსეთის გარდა ამ რაოდენობით ვერ გავა...... სომხური კონიაკი ვერსად ამ რაოდენობით და ამ სახელწოდებით ვერ გავა!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპმა კი მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და კი მოიგო სენატი ანუ შეინარჩუნა „რესპუბლიკური უმრავლესობა“ კონგრესში, მაგრამ.....აშშ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში მისი პარტიის უმრავლესობა მაინც შემცირდა: იყო 220 „რესპუბლიკელი“ 213 „დემოკრატის“ მოწინააღმდეგედ/შემაკავებლად და ახლა სხვაობა არის 220-213.

NYT დღეს წერს, რომ ეს ძალიან „ფეხდასაცურებელი“ უმრავლესობაა ანუ არასაიმედო, არამდგრადი, რაც პირველივე სერიოზული კრიზისის დროს (გამარჯვების „თაფლობის თვე“ გაივლის) შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს დონალდ ტრამპს.

NYT შეგვახსენებს, რომ ამგვარი კრიზისების დროს „რესპუბლიკელობა“ და „დემოკრატობა“ კონგრესში პირობითი ცნებები ხდება. აქ ერთი საინტერესო ნიუანსია და ამიტომ მივაქციე ყურადღება: პრეზიდენტ ტრამპის ერთ ერთი „საკადრო ტექნოლოგია“ იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მათ შორის თავის კაბინეტში კონგრესმენების მოწვევა. ისევე როგორც სენატორებისა, რასაკვირველია, მაგრამ განსაკუთრებით კონგრესმენების.

იგივეს აკეთებს ახლაც.

ამას აქვს ღრმა სისტემური მიზეზი: ტრამპი ცდილობს „რესპუბლიკურ პარტიაში“ განიმტკიცოს პოზიციები, მაგრამ იძულებულია ამ პროცესში „თავისი უმრავლესობა“ დაასუსტოს და ეს რესურსი ამოუწურავი არ არის ასეთი „მარგინალური“ უპირატესობის დროს, როგორც NYT ედითორიალი აღნიშნავს.

Representatives Elise Stefanik of New York and Mike Waltz of Florida უკვე დაწერეს განცხადებები გადადგომაზე, რაკი აპირებენ დაიკავონ თანამდებობები ტრამპის ადმინისტრაციაში.

მათ ოლქებში ახალი არჩევნები, როგორც ჩვენში ამბობენ „გამოკლებული დეპუტატის ჩასანაცვლებლად“ მხოლოდ გვიან გაზაფხულზე ჩატარდება, მაგრამ კაცმა არ იცის რა სიტუაცია იქნება იმ დროს უკვე  ამერიკაში და მათ საარჩევნო ოლქებშიც ამომრჩეველს რა განწყობა ექნებათ.

პალატის სპიკერი რესპუბლიკელი ჯონსონი კი ამბობს, რომ იცის, როგორ „მართოს მცირე უმრავლესობა“ ისე, პრეზიდენტის პოლიტიკას მხარი დაუჭიროს, მაგრამ ამის მიუხედავად, ხშირად მომხდარა, კონგრესში ორ პარტიას შორის ჯერ დიდი დებატები, შემდეგ დიდი ვაჭრობაც გამართულა, რათა დემოკრატებს მხარი დაეჭირათ იმ გადაწყვეტილებებისთვის, რასაც „რესპუბლიკელთა“ თუნდაც ნაწილი არ უჭერდა მხარს და ხმები არ ჰყოფნიდათ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის, როგორც ფენომენის ერთ-ერთი თვისებაა: ძალიან არ უყვარს „დემოკრატებთან“ ნებისმიერ „ვაჭრობაზე“ წასვლა, რაკი ეს არასდროს მოსწონდა, არ მოსწონს და არც ოდესმე მოეწონება მისი საყრდენ MAGA სოციო-მენტალურ კატეგორიას.

შესაბამისად, იმ საკითხებზე, რასაც თვით ტრამპი არ მიიჩნევს განსაკუთრებით პრიორიტეტულად (უკრაინა მაგალითად) დონალდ ტრამპი ამჯობინებს საერთოდ  არ „იმუშავოს დემოკარტებთან“, ვიდრე მისი სოციალური და ელექტორალური საყრდენი შეასუსტოს თვით ამერიკულ საზოგადოებაში.

განსხვავებით ბაიდენისგან!

აი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სხვაობაა „ტრამპსა“ და „„ბაიდენს“, როგორც პოლიტიკურ ფენომენებს შორის და ძალიან ცუდია მთელი მსოფლიოსთვის ტრამპის ეს პრიორიტეტი.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ნიუ იორკში რა არ მომხდარა, მაგრამ ასეთი......მხოლოდ კინოებში: კილერმა შუა მანჰეტენზე მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლა კომპანია Unitedhealthcare CEO (ტოპმენეჯერი) Brian Thompson მისივე სასტუმროსთან.

 ვრცელდება ვიდეო.

მერე მიიმალა ველოსიპედით Central park-ში.

საოცრად ცივსისხლიანი, აშკარად შეკვეთილი ან წინასწარ კარგად მომზადებული მკვლელობაა ქალაქში, რომელიც მსოფლიოს სევდიანი „ჩემპიონია“ კრიმინალით, ბანდიტიზმით, განგსტერობით, ძარცვა-ყაჩაღობით, მით უმეტეს ქურდობით, მაგრამ.....NYC სოციალური და ურბანული „ქსოვილის“ ერთ-ერთი მახასიათებელი იყო, რომ ამ ყველაფრის ფონზე ეს „მაყუჩიანი პისტოლეტით მკვლელობა“...... მით უმეტეს ესოდენ მაღალი სოციალური სტატუსის პერსონაჟისა, რაღაცნაირად უჩვეულო და არა ენდემურია.

მკვლელი აშკარად პროფესიონალია: ერთხელ ესროლა ზურგიდან, მეორედ ე.წ. „კანტროლკა“.

იდუმალი მკვლელობა მოხდა მეექვსე ავენიუსთან, სასტუმრო Hilton-ის შესასვლელთან, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა.

მოკლულის ქვრივმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე ხშირად უყვებოდა რაღაც „მუქარის“ და „საფრთხის“  შესახებ.

ამ შემთხვევაში ინვესტორთა კონფერენციიდან ბრუნდებოდა.

ამერიკის ჯანდაცვის ინდუსტრიაში (აქ ლაპარაკია სადაზღვევო ინდუსტრიაზე, რაკი ეს კომპანია კოლოსალური United healthcare group შვილობილია) ასეულობით მილიარდი ბრუნავს და ისეთი კონკურენციაა „დედა - შვილს არ აიყვანს ხელში“

ჰოლივუდის ფილმის სცენარია ლამის. მხოლოდ კინოში გვინახავს ამგვარი რამ.

სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ NYC Police department არამედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც: თუ კილერი ვერ იპოვეს, ეს პრეცედენტი სიტუაციას ააფეთქებს ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სფერო უმოწყალო კონკურენციის და გააფთრებული ბრძოლის გარეშე.