საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ივნისი. 2024 წელი

პრეზიდენტ ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს შესაძლოა 25 წლით ციხე მიუსაჯონ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო იარაღის შეძენისას დოკუმენტების და ცნობების გაყალბებაში.

კერძოდ, ჰანტერ ბაიდენმა, როცა იარაღს ყიდულობდა 2018 წელს, მოიტყუა (დამალა), რომ ნარკოტიკებთან გათანაბრებულ ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა.

ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკში, იარაღის ყიდვა შესაძლებელია, მაგრამ იარაღს ვერ იყიდის ის პერსონა, ვინც იღებს ნარკოტიკებს ან მძიმე ფსიქოტროპულ პრეპარატებს.

ეს იმდენად ბუნებრივი ნორმაა (შეზღუდვაა), რომ თვით ამერიკის „მეთოფეთა ასოციაციაც“ კი (National Rifle Association of America - NRA) არ აყენებს ეჭვქვეშ.

ისინი იარაღზე ყოველგვარი შეზღუდვის დაწესების წინააღმდეგნი არიან ზოგადად, ოღონდ მხოლოდ ჯანმრთელი და სოციალურად პასუხისმგებელი ადამიანისთვის, რათა მან თავი დაიცვას!

ნარკოტიკების მომხმარებელი  სოციალურად პასუხისმგებელი ადამიანის კატეგორიაში არ გადის; შესაბამისად, ამერიკის კანონმდებლობა მისთვის შეზღუდვებს აწესებს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების საკითხში.

ჰანტერ ბაიდენმა კი მოიტყუა, როცა იარაღს ყიდულობდა და ამ ტყუილის სამ ეპიზოდზე, შესაძლოა იგი მოსამართლემ უმკაცრესად დასაჯოს, ანუ (ამერიკული კანონმდებლობით საპატიმრო ვადები ჯამდება და არ „გადაიფარება“) მიუსაჯოს 10+10+5 წლით ციხე.

აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, მათ შორის მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში:

 

ა) შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი თავის შვილს?

მოსამართლეს არ უთქვამს როდის გამოაცხადებს განაჩენს. ალბათ სადღაც ზაფხულის ბოლომდე ან სექტემბერში.

თუ ბაიდენს მოსამართლე ციხეს მიუსჯის 5 ნოემბრის არჩევნებამდე, ხოლო სახელმწიფოს მეთაური საკუთარ შვილს შეიწყალებს, მაშინ უმალვე შეიქმნება პრეცედენტი და თუკი ტრამპი დაბრუნდება თეთრ სახლში, მას რატომ არ ექნება პოლიტიკური და მორალური უფლება, ვთქვათ საკუთარი თავი შეიწყალოს?! და საერთოდ ყველა შეიწყალოს, ვისაც მასთან დაკავშირებულ საქმეებზე ედება ბრალი?

 

ბ) კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად გენიალურია ევრო-ამერიკული მართლმსაჯულების ეს ინსტიტუტი - ნაფიც მსაჯულთა საბჭო (ჟიური): ადამიანი გადაწყვეტილებებს იღებს გარემოებების მიხედვით, რომელშიც აღმოჩნდება. და მისივე პერსონალური  პასუხისმგებლობის შესაბამისად.

ტრამპის ქეისშიც და ჰანტერ ბაიდენის ქეისშიც ნაფიცებმა გადაწყვეტილებები მიიღეს საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად და აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ მიაქციეს პოლიტიკურ კონიუნქტურას: იქნება ამის გამო სამოქალაქო ომი.....არ იქნება.....აიგება ამის გამო ბარიკადები ნიუ იორკის, ლოს ანჟელესის ან ვაშინგტონის ქუჩებში....არ აიგება......ყველა  ამ კონიუნქტურული პოლიტიკური მომენტების გათვალისწინება უშუალოდ მოსამართლეს მოუწევს მისი პრეროგატივის ფარგლებში: მიუსჯის იგი ტრამპს ან ჰანტერ ბაიდენს ციხეს თუ მიუსჯის დიდ ჯარიმას ან პრობაციას. ამას კანონი ითვალისწინებს და ეს მოსამართლის დისკრეციული ფუნქციაა.

„ნაფიცებმა“ თავისი ფუნქცია შეასრულეს პირნათლად: იყო მტკიცებულებები, შეაფასეს ისინი ცივად და თქვეს Guilty!

აქვე: თუ მოსამართლემ ჰანტერ ბაიდენს ციხე მიუსაჯა, სხვა მოსამართლე ტრამპს.....ბევრად მძიმე ბრალდებაზე...... „რანაირადღა“ მიუსჯის მხოლოდ პრობაციას ან ჯარიმას?

 

გ) გამორიცხულია ამ ქეისმა ზეგავლენა არ იქონიოს ჯერ თვით საარჩევნო კამპანიაზე და შემდეგ უკრაინის დახმარებაზე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან.

როგორც ცნობილია, ბაიდენსა და ზელენსკის შორის გარკვეული tensions (დაძაბულობა) არსებობდა ჰანტერის საქმის გამო, რაკი ჰანტერს კორუფციაშიც  ედებოდა ბრალი.

დონალდ ტრამპმა ამასთან დაკავშირებით გუშინ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: „ცდილობენ გადაფარონ ამ საქმით და იარაღის უკანონო შეძენის შესახებ განაჩენით ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქეისი, რომ ბაიდენების ოჯახი (!) კორუფციაში იყო ჩაფლული თავიდან ბოლომდეო“.

მეინსტრიმული დასავლური მედიის ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ ეს ყოველივე ძალიან ცუდად დასრულდება იმ დიდებული ქვეყნისთვის, რომელიც თავისი ისტორიის საკვანძო მომენტს უახლოვდება ახლა ნამდვილად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

თუმცა იგივე დამკვირვებლები არ არიან შეთანხმებულნი იმაზე, რა იქნება უარესი: ტრამპის დამარცხება არჩევნებზე თუ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში.

ბაიდენის მართებულ ფრაზას გავიმეორებდი ამ შემთხვევაში: „ერთადერთიო საშუალება, დონალდ ტრამპი ვერ დაბრუნდეს თეთრ სახლში, არა ციხე, არამედ საარჩევნო ურნაა“

ეს არ არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ უკეთესია ვიდრე ყველა სხვა გამოსავალი

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

სასიხარულო ინფორმაცია: პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ კიდევ ერთ საზენიტო სისტემას Patriot გადასცემს უკრაინას.

სულ ამჟამად უკრაინას ოთხი ასეთი სისტემა აქვს და ეს იარაღი იმდენად ქმედითია, ამ ოთხი Patriot-ითაც კი უკრაინა ახერხებს კიევის, ოდესის და სხვა სასიცოცხლო ცენტრების დიდწილად დაცვას.

NYT აქვეყნებს არაოფიციალურ მონაცემებს, რომ ამერიკას უშუალოდ ამერიკის ტერიტორიაზე 15 ასეთი სისტემა აქვს. ისინი ფარავენ ამერიკის მთელს ტერიტორიას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მეზობლები არიან „სისხლხორცეული ძმა“ კანადა და ასე თუ ისე პარტნიორ-მეგობარი მექსიკა.

კუბამ საეჭვოა რამე გაბედოს ისეთი, რაც ნიკიტა ხრუშჩოვის დროს გაბედა, როცა პრეზიდენტ კენედის „ცხვირწინ“ კუბაზე საშუალო სიშორის რაკეტები განათავსეს და კინაღამ ბირთვული ომი დაიწყო პლანეტაზე.

ახლა თითქოს სხვა ვითარებაა, მაგრამ......დიდ პოლიტიკაში, მით უმეტეს როცა საქმე სტრატეგიულ უსაფრთხოებას ეხება Never say never (არასდროს თქვა არასოდეს).

გარდა ამისა, ამერიკელი ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ ამ 15 დანადგარიდან ნაწილი გამოიყენება სასწავლებლად. იმიტომ, რომ ურთულესი სისტემაა Patriot.

ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთში და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარება არ აძლევს საშუალებას ამერიკას იქ რამე მოაკლოს „საზენიტო სისტემას“.

ცხადია, ისრაელის საზენიტო სისტემა „რკინის გუმბათი“, როგორი მაღალტექნოლოგიურიც არ უნდა ყოფილიყო, ვერ აუვიდოდა ირანის მიერ ნასროლ 300 (!) ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტას და დრონს, რომ არა.....Patriot.

ოღონდ მისი არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მოდიფიკაცია; არადა, საზღვაო მოდიფიკაციის განთავსების საშუალება ამერიკას უკრაინის საზღვრებთან არა აქვს ორი სისტემური მიზეზით:

 

ა) ეს ამერიკის უშუალო ჩართვა იქნებოდა საბრძოლო მოქმედებებში, რაც ვაშინგტონისთვის ამ ეტაპზე მიუღებელია და

 

ბ) „მონტრიოს“ 1936 წლის ოხერი კონვენცია კრძალავს არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების შემოსვლას და ყოფნას შავ ზღვაში.

 

აქ კიდევ ერთი არსებითი გარემოებაა: ვინ ემსახურება Patriot-ებს უკრაინაში? ეს ხომ ურთულესი სისტემაა?! სრულიად აშკარად, მას ემსახურებიან და „ამუშავებენ“ უმაღლესი კლასის სპეციალისტები: ან თვით ამერიკელები, რომლებიც საიდუმლოდ გააგზავნა პენტაგონმა უკრაინაში..... ან ამერიკელების მომზადებული ევროპელები.

რა არ სცადა პუტინის არმიამ, როგორ არ „სდია“ ამ სისტემებს უკრაინის ტერიტორიაზე, რა ულტრაზებგერითი რაკეტები არ გამოიყენა, თუმცა ვერაფერი მოუხერხა.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ „მოქმედების შემდეგ“ სისტემა იოლად იცვლის ლოკაციას და მეორეც, მას საკუთარი თავის დაცვაც ძალიან კარგად ძალუძს.

შეგახსენებთ: ერთი Patriot  $1,2 მლრდ. ღირს.

მას შემდეგ, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ ერთ დივიზიონ Patriot-ს გადასცემს უკრაინას, გერმანიამ დაადასტურა, რომ კიდევ ერთს დაუმატებს.

ნიდერლანდი და ესპანეთი ჯერ ფიქრობენ.

ამერიკელები ცდილობენ ისინი დაარწმუნონ, რომ შავი ზღვისგან განსხვავებით, ამერიკული სამხედრო გემები, რომლებსაც საზღვაო ბაზირების ანალოგები გააჩნიათ, მათ ნამდვილად დაიცავენ ზღვიდან, რაკი არანაირი შეზღუდვა არ აქვთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

გაეროს უშიშროების საბჭომ, როგორც ამას წინათ ვწერდით, ერთხმად (უიშვიათესი შემთხვევაა) დაამტკიცა რეზოლუცია ამერიკული სამშვიდობო გეგმით ღაზის სექტორზე.

იგი გულისხმობს შემდეგ ალგორითმს:

ა) ცეცხლის შეწყვეტა; ისრაელის ჯარების გამოყვანა ღაზის დასახლებული პუნქტებიდან (და არა სრულიად ღაზიდან); მძევლების სრული გათავისუფლება და პალესტინელი პატიმრების არასრული გათავისუფლება ისრაელის ციხეებიდან. ეს პირველი პუნქტი გათვლილია 6 კვირაზე

 

ბ) ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება ისრაელის ციხეებიდან, სტრატეგიული სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება ღაზას მომავალ სტატუსზე და ზოგადა  არაბულ-ისრაელის მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულებაზე, რაც ზღაპარია რასაკვირველია (იერუსალიმის სტატუსის გარკვევამდე), თუმცა „მოლაპარაკებათა დაწყებას“ ხელს არაფერი უშლის

 

 გ) ღაზას აღდგენა ანუ მშენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

 ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს ახლა თავი ისე უჭირავს, თითქოს ეს მისი გეგმა არ იყოს და ამერიკელებმა მის გარეშე შეიმუშავეს.

რეალურად მისივე გეგმაა, რაც ამერიკელებს გააჟღერებინა ოღონდ ამის ღიად თქმა არ აწყობს „რენომეს“ მოსაზრებებით.

აშშ-ისრაელის ანუ ბაიდენ-ნეთანიაჰუს სამშვიდობო გეგმა ძალიან არ მოსწონს ირანს.

შემთხვევითი არ არის, რომ ზუსტად ამ დღეებში ლიბანის პროირანულმა დაჯგუფებამ Hezbollah გააძლიერა თავდასხმები ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე, საიდანაც დაახლოებით 150 000 ებრაელი ლტოლვილია გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის შიდა რაიონებში გადასახლებული.

ბუნებრივია, ისრაელი ბომბავს ლიბანის სამხრეთს, სადაც ეს დაჯგუფებაა დისლოცირებული და ამ შემთხვევაში ისრაელის არმიის მიზანია „გადარეკოს“ Hezbollah მდინარე Litani-ს ჩრდილოეთით, საიდანაც ვეღარ დაბომბავენ ასე ინტენსიურად ჩრდილო ისრაელს...... შესაბამისად 150 000 (! - ციფრს დავაკვირდეთ, რამდენად დიდია) ისრაელელი ლტოლვილი დაბრუნდება მშობლიურ კიბუცებში.

უნდა ვაღიაროთ, „გადარეკვის“ თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს მიაღწია „ცახალმა“.

სამაგიეროდ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ავიაციამ „ჰესბოლლას“ ერთ-ერთი ლიდერი, საველე მეთაური Taleb Abdallah (იგივე Abu Taleb) მოკლა სარაკეტო დარტყმით

მაგრამ  თვით ამ დაჯგუფების „აიათოლლა“ ვინც არის, მულლა Hassan Nasrallah იმდენად ღრმადაა სადღაც სოროში ჩამძვრალი ლიბანის ტერიტორიაზე, 20 წელია ისრაელის მძლეთამძლე „მოსსადმაც“ კი ვერ მიაგნო, რათა ისრაელის ავიაციას და დრონებს „დაათარგეთირებინოს“.