საერთაშორისო მიმოხილვა. 12 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 12 მარტი. 2023 წელი

. . . . . . . . . . . . . . .

ბევრისთვის (მაგრამ არა ყველასთვის) მოულოდნელად, ჩინეთმა მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ წარმატებას: პეკინში საუდის არაბეთმა და ირანმა გააფორმეს შეთანხმება ურთიერთობათა სრულმასშტაბური აღდგენისა და `მორიგების` შესახებ რეგიონულ პრობლემებზე. მათ შორის იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაც.

საუდის არაბეთი არაბული სამყაროს `სულიერი` ლიდერია (თუმცა არაბული სამყაროს `ფიზიკური ლიდერი` ეგვიპტე იყო და არის, რაკი უდიდესი არაბული ქვეყანაა-დ.) ხოლო შიიტურ ირანთან არა მხოლოდ მსოფლმხედველობრივი და ღირებულებითი დაპირისპირება ჰქონდა სუნიტურ არაბეთს არამედ იემენში შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირების სხვადასხვა მხარეს იყო ეს ორი სახელმწიფო: საუდის არაბეთი და ირანი. ახლა მოილაპარაკეს, რომ ირანი შეწყვეტს შიიტური ანტისამთავრობო მეამბოხეების მხარდაჭერას იემენში, რაც ალბათ დაასრულებს ამ 32 მილიონიან ქვეყანაში საზარელ სამოქალაქო ომს.

შეგახსენებთ, რომ შარშან ირანმა დრონებით დაბომბა საუდის არაბეთის ნავთობსარეწები და ნავთობსაწარმოები. ეს ომის აქტი იყო! თუმცა ამერიკა დროულად ჩაერია და აღარ გაგრძელდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა, მისი მეექვსე ფლოტით, ბრიტანულ ფლოტთან ერთად უდიდეს ძალად რჩება რეგიონში თუნდაც იმიტომ, რომ ყველა საკვანძო კომუნიკაციას 100%-ით აკონტროლებს.  მათ შორის სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეს, საიდანაც რეგიონის ნავთობის 90% მიდის მსოფლიო ბაზრებზე.

აქ ნიშანდობლივია, რომ ჩინეთის შუამავლობით საუდის არაბეთის დე-ფაქტო მმართველმა, პრინც მუჰამედ ბინ სალმანმა შეძლო თავისი უნარიანობის დემონსტრირება არაბული სამყაროსთვისაც და დასავლეთისთვისაც.

პეკინმა არა მხოლოდ `ქულები ჩაიწერა`, არამედ გეოპოლიტიკური პოზიციებიც გაიმყარა ნავთობით ჯერ კიდევ ზღაპრულად მდიდარ არაბულ სამყაროში, სადაც პეკინი ასეულობით მილიარდი დოლარის `ჩასხმას` აპირებს, - პორტებსა და სხვა ინფრასტრუქტურას აშენებს......

მოსალოდნელია, რომ ეს გარიგება ისრაელ-ირანის კონფლიქტზეც მოახდენს ზეგავლენას, რაკი საუდის არაბეთი მაინც არ არის ისე აგრესიულად განწყობილი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ირანელი აიათოლლები.

ჩინეთისა და ამერიკის პოზიციები კი ერთმანეთს იმ აზრით ემთხვევა, რომ ორივეს სურს სტაბილური და პროგნოზირებადი ახლო აღოსაველთი.

ორივეს სურს ფანატიკოსი აიათოლლების რადიკალიზმის რაღაცნაირად `მოთოკვა`.

ამერიკას ეს სურს, რაკი ნებისმიერ დიდ ომში მოუწევს აქტიურად ჩართვა და ეს ნამდვილად არ უხარია. ჩინეთს კი იმიტომ, რომ დიდი ინვესტიციებისთვის ემზადება და აბა სად `ჩაასხას` ეს მილიარდობით დოლარი - ომის კერაში?!

ოღონდ აქ ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით ამ შეთანხმებას  (ურთიერთობათა აღდგენის შესახებ) ხელი მოაწერა არც ისე მაღალ დონეზე და ეს ნიშანდობლივია. ანუ ირანის მხრიდან ხელს აწერს  ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი  Ali Shamkhani-მ ხოლო საუდის მხარეს - სახელმწიფო მინისტრი Musaad bin Mohammed Al Aiban.

ჰოდა მოსკოვი რომ ამ `საჭადრაკო დაფაზე` 100-150 წელია უდიდეს როლს ასრულებდა მუდამ, მათ შორის კომუნისტურ პერიოდში, ახლა სად არის?

უხერხულია დავწეროთ `სად არის`

და ეს დაემართა მისივე პრეზიდენტის აბსოლუტურად პარანოიდული  იდიოტიზმის გამო, რომელმაც დაიწყო სამხედრო  აგრესია და `გამოაგდო` რუსეთი ყველა `დიდი საჭადრაკო დაფიდან` მთელს პლანეტაზე, მათ შორის რუსეთის სამეზობლოშიც კი.

. . . . . . . . . . . . . . .

მტერმა ვერ შეძლო ბახმუტის (რუსულად მარიუპოლი) მთლიანად დაპყრობა.

 შაბათს და კვირას გამთენიას ბახმუტში გრძელდებოდა გააფთრებული ბრძოლები, ოღონდ ამ ბრძოლებმა მიიღო სხვა ხასიათი: ეს არის ე.წ. `ურბანული ბრძოლები`, რომელსაც სპეციალისტები `ჯოჯოხეთს` ეძახიან ანუ ბრძოლები ქალაქში, როცა ქუჩები ხელიდან- ხელში გადადის და, რაც მთავარია, შენობები გადადის ხელიდან-ხელში, ხოლო ამ შენობების პირველ სართულზე რუსები არიან, მეორეზე - უკრაინელები და მესამეზე - ისევ რუსები.

ვერ ხერხდება არტილერიის გამოყენება, რადგან ასეთ პირობებში არტილერიას `თავისიანებს` ურტყამს ხშირად (Friendly fire).

მოწინააღმდეგეები გაყოფილნი არიან პატარ-პატარა ჯგუფებად, მოქმედებენ დივერსიის ტაქტიკით და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, აქტიურად გამოიყენება სნაიპერული ცეცხლი.

ქალაქის ბრძოლებში, კარგად მომზადებული და აღჭურვილი სნაიპერი ცენტრალური ფიგურაა.

შაბათს, უკრაინელმა სნაიპერებმა, რომლებიც აღჭურვილნი არიან ისრაელის (!) წარმოების ღამის ხედვის აპარატურით, ათამდე `ვაგნერელი` მოკლეს ანუ პრიგოჟინის `კერძო არმიის` კარგად მომზადებული ბოევიკი.

სხვათა შორის აქვე უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თვით რუსი ექსპერტები და ჟურნალისტებიც აღიარებდნენ, რომ ისრაელში მომზადებულმა ქართველმა სნაიპერებმა `იმუშავეს` ბრწყინვალედ ცხინვალში ბრძოლების დროს.

ისინი `მუშაობდნენ` ცხინვალის მაღალსართულიანი შენობებიდან.

თუმცა, სამწუხაროდ, მათ შემდეგ რუსებმა/ოსებმა ალყა შემოარტყეს და თითქმის ყველა გმირულად დაიღუპა

`ურბანული ომი` უსასტიკესია.

კაცობრიობის ისტორიაში ამ ომის კლასიკა შექმნა 1942 წლის სტალინგრადის ეპიკურმა ბრძოლამ.

ერთადერთი საშუალება ამ სახის ბრძოლის სწრაფად დასრულებისა არის ქიმიური იარაღის გამოყენება შენობების და სარდაფების `გასაწმენდად`.

ჰიტლერმა ვერ გაბედა 1942 წელს და საეჭვოა პუტინმაც გაბედოს.

. . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვი აგრძელებს თავის ტაქტიკას და ევროპაში `სასარგებლო იდიოტებს` იყენებს ვითომ `ანტისაომარი მიტინგების` მოსაწყობოდ: ესპანურ ბილბაოში 2 000 ადამიანი ადგილბრივ მერიაში შეიჭრა, უკრაინული დროშები ჩამოაგდო და რუსული დროშები დაკიდა.

ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან უკრაინელებმა განადგურებული რუსული ტანკი Т-72 მიიტანეს და `სასარებლო იდიოტებმა` მეორე დღეს ყვავილებით მორთეს.

დაახლოებით იგივე ხდება პრაღაში.

აქ რუსული ფულიც ასრულებს როლს რასაკვირველია, ოღონდ `სასარგებლო იდიოტიზმთან` პარალელში.

. . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ხელისუფლებამ უბრძანა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინულ ფილიალს (Украинская православная церковь московского патриархата), 29 მარტამდე დატოვონ კიევო-პეჩორის ლავრა, რომელიც რუსეთშიც და უკრაინაშიც უდიდეს მართლმადიდებლურ სიწმიდედ ითვლება.

ეს არის კიდევ ერთი დარტყმა პუტინის არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ მის ეგოზეც.

ომის ერთ-ერთი მოტივი პუტინისთვის რელიგიური თემაც იყო: კიევო-პეჩორის ლავრაზე მოსკოვის არა მხოლოდ რელიგიური და საეკლესიო, არამედ პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის დამყარებისა, თუმცა ხელი მოეცარა.

კიევო-პეჩორის ლავრა დე-იურე უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაა და სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინულ ფილიალს.

ალბათ ახლა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას გადაეცემა სარგებლობაში და იქ უკრაინულ ენაზე აღევლინება წირვა-ლოცვა.

. . . . . . . . . . . . . . .

იანვარში 504 000 და თებერვალში 311 000 - ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა წლის დასაწყისიდან ამერიკაში.

ასეთი მცირე უმუშევრობა (სულ რაღაც 3,6%) ამერიკაში დიდი ხანია არ ყოფილა.

ეს ბაიდენისა და დემოკრატების ძააააააალიან დიდი პლიუსია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

თუმცა  ალბათ უფრო პოსტკოვიდური `აღდგენის` შედეგია და არა მათი გენიალობისა.

ფაქტია, ამერიკის გრანდიოზული ეკონომიკა იზრდება, ხოლო უმუშევრობა მცირდება.

არაფერი ამერიკელებს ისე არ აგიჟებთ, როგორც ორი `წყლული`:

ა) ბენზინზე ფასების ზრდა (ბაიდენმა ადმინისტრაციული ზომებით დაამუხრუჭა ეს ზრდა ბოლო დროს)

ბ) უმუშევრობა

 

ცუდი ნიუსი ის არის, რომ სილიკონის ველის Silicon Valley Bank გაკოტრდა, რომელსაც უამრავი გენიალური სტარტაპი დაუფინანსებია ფეისბუკის ჩათვლით.

მიზეზი გახდა ბიტკოინების ბაზრის მორიგი კრიზისი და ბევრ პასუხისმგებელ ანალიტიკოსს ათასჯერ აქვს ნათქვამი, რომ ეს კრიპტოვალუტები, ერთხელაც იქნება, მსოფლიო საფინანსო სისტემას ჩამოაქცევს!

როგორც იპოთეკურმა კრიზისმა ჩამოაქცია 2008 წელს

არ ისმენენ.

. . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის რესპუბლიკური პარტიის აქტივისტთა (!) კონფერენციაზე დონალდ ტრამპის ნომინირებას რესპუბლიკური პარტიისაგან დელეგატთა 64% დაუჭირა მხარი, ხოლო ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს - მხოლოდ 30%-მა.

ეს კონფერენცია არ არის იგივე, რაც `პრაიმერიზ` და მით უმეტეს არ არის ყრილობა, რომელზეც რესპუბლიკელებმა ნომინანტი უნდა დაასახელონ. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მარკერია, რომ რიგით და საშუალო რგოლის რესპუბლიკელთა დიდი უმრავლესობა სწორედ ტრამპს უჭერს მხარს და არა დესანტისს.

თუმცა ამერიკის პარტიული სისტემა ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტმა, ყრილობაზეც და პრაიმერიზის დროსაც სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით,  შესაძლოა მაინც დესანტისი დაასახელოს პრეზიდენტობის კანდიდატად.

ძალიან რთული საპროგნოზო თემაა.

ადრეა ჯერ მაინც.

. . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა საპენსიო რეფორმას საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდის შესახებ.

ეს არ არის საბოლოო, თუმცა გარდამტეხი გადაწყვეტილებაა - ახლა ეროვნული ასსამბლეის ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი ერთობლივ სხდომაზე.

ამ რეფორმის მოწინააღდმეგეები ამ დღეებში ბობოქარ მანიფესტაციებს აწყობენ.

პარიზის გადაწვით იმურებიან.

არ გაუჭირდებათ - ბევრჯერ გადაუწვავთ ეს გენიალური ქალაქი XIX საუკუნის პარიზის კომმუნადან  დაწყებული.