საერთაშორისო მიმოხილვა. 13 იანვარი. 2025 წელი
აფხაზეთში ენერგოკრიზისი კვლავ მწვავდება: შეზღუდვები 6 საათამდე გაზარდეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა „ჰუმანიტარული ელექტროენერგია“ მიაწოდა სეპარატისტულ წარმონაქმნს.
აფხაზეთის დროებითი „მთავრობა“ ანუ ე.წ. „მოვალეობის შემსრულებლები“ ამას ხსნიან იმით, რომ „რუსული დენი“ უნდა ეყოთ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
არჩევნები 15 თებერვლისთვისაა დანიშნული.
სინამდვილეში, ის რაოდენობა, რასაც რუსეთი აწვდით, სრულიად საკმარისია არჩევნებამდე, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლება და აფხაზური ელიტები არჩევნებამდე კი არ „წელავენ“ დროს, არამედ მარტ-აპრილამდე, როდესაც ენგურის წყალსაცავში წყლის დონე მოიმატებს და რუსული ელექტროენერგია არც დასჭირდებათ.
გაქნილმა აფხაზურმა ელიტებმა ძალიან კარგად იციან: ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის ხელისუფლებაში, ის არ დააკმაყოფილებს მოსკოვის მოთხოვნებს „აპარტამენტების“ შესახებ კანონის მიღებაზე და არც სხვა რაიმე მოთხოვნას შეუსრულებს:
მაგალითად აფხაზეთის აქტივთა (იქ ყველაფერი ჯერ კიდევ ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფოს“ საკუთრებაა) რუსული ოლიგარქიული კაპიტალისთვის მიყიდვაზე.
მაგრამ „პოლიტესს“ ახლა აფხაზები იცავენ და უქმნიან მოსკოვს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მზად არიან აირჩიონ პრეზიდენტად „ასლან ბჟანია - II“
ანუ მისი ვიცე-პრეზიდენტი ბადრ(ა) გუნბა.
შეიძლება მართლაც აირჩიონ გუნბა და ოპოზიციური ლიდერები (ადგურ არძინბა და სხვები) ფორმალურად მონაწილეობდნენ არჩევნებში; თუმცა ეს არ არის არსებითი: არსებითი ისაა, რომ აფხაზები ამ ეშმაკურ თამაშს გააგრძელებენ.
ბუნებრივად ისმის კითხვა: განა პუტინი ან მისი ადმინისტრაცია მართლა იმდენად იდიოტები არიან, ამდენს ვერ ხვდებიან?
ოღონდ რეალურ პოლიტიკაში ასე არ არის: „ხვდებიან-ვერ ხვდებიან“
რა თქმა უნდა ხვდებიან, თუმცა ესეც თამაშის წესია:
ერთ-ერთი ვერსიით ერდოღანი ჩაერია რაკი აფხაზეთში ამ „პერეტოკამდე“ ნამდვილად ჰუმანიტარულ კატასტროფას ჰგავდა ეს ყოველივე (ელექტროენერგია 2 საათი დღე-ღამის მანძილზე.... სომალიშიც კი არ არის ასე), ხოლო თურქეთში უდიდესი აფხაზურ-ადიღეური დიასპორა ცხოვრობს. ბევრად მრავალრიცხოვანი, ვიდრე მოსკოვში და ბევრად უფრო გავლენიანი, ვიდრე მოსკოვში.
კომედიაა რომ ამ ვითარებაში აფხაზეთის პარლამენტი უარს ამბობს დაამტკიცოს კანონი კრიპტოვალუტის მაინინგის შესახებ. „დაუბრუნეს უკან პრეზიდენტის ადმინისტრაციას“.
რატომ? იმიტომ, რომ ენგურის წყალსაცავში წყალი მალე მოიმატებს. აფხაზეთს ელექტროენერგია ისედაც ბევრი ექნება. საქართველოსთან 60%-40% შეთანხმებას მაინც არ შეასრულებენ, ხოლო საქართველო რუსეთი არ არის - იოლად დასაჩაგრია.
რატომღა მიიღონ კანონი კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვაზე?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სევდიანი ისტორია განვითარდა იტალიაში: ირანელი ბიზნესმენი Mohammad Abedini, რომელიც დეკემბერში დააკავეს მილანში, გათავისუფლებულია.
ამერიკა მას ბრალად სდებდა ირანისთვის იმ „უპილოტო“ ტექნოლოგიების გადაცემას, რომლითაც პროირანულმა ჯგუფმა სამი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა 2024 წლის იანვარში, იორდანიის (ტერიტორიაზე) მდებარე ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო პოსტის დაბომბვისას.
აქ პირველ რიგში ვიგულისხმოთ საინტერესო ფაქტი, რომ ამერიკული სამხედრო პოსტები დგას იორდანიის სამეფოში.
თუმცა მთავარი ეს არ არის: მთავარი ისაა, რომ აბედინის დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ, ირანის სპეცსამსახურებმა დააკავეს იტალიელი ჟურნალისტი ქალი Cecilia Sala და მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ირანელებმა ეს ქალი დააპატიმრეს აბედინში გასაცვლელად.
ეს ვერსია რომ სრულიად ლეგიტიმურია, დადასტურდა რამდენიმე დღის წინ, როცა იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი შეხვდა მარ ა ლაგოს რეზიდენციაში დონალდ ტრამპს და სარწმუნო წყაროთა ცნობით, სწორედ ეს გაცვლის ქეისი განიხილეს ანუ მელონიმ სთხოვა ტრამპს არ „გაბრაზებულიყო“ თუ იტალია ირანელ ბიზნესმენს გაათავისუფლებდა.
იტალიის იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს უარყოფს რასაკვირველია და აცხადებს, რომ აბედინის გამოშვებას არაფერი აქვს საერთო „უდანაშაულო ჟურნალისტი გოგონას“ ქეისთან, თუმცა ეს თამაშის წესია ამგვარი დიდ პოლიტიკაში: უარყონ ის, რაც აბსოლუტურად ცხადი და უეჭველია.
ქალბატონი სალა გასულ კვირას გაათავისუფლეს და დაბრუნდა იტალიაში.
აქ ყველაფერი გასაგებია. გაუგებარი მხოლოდ ის არის, როდემდე მიეცემა „საკვები-მძევლები“ ასეთ სისხლიან რეჟიმებს, როგორიც ირანის რეჟიმია და პუტინის რუსეთის რეჟიმია: პუტინსაც არაერთხელ წარმატებით „უვაჭრია“ ამგვარი მძევლებით და კილერები გაუთავისუფლებია, ასევე ბობოლა შპიონები - დაპატიმრებული ამერიკელების სანაცვლოდ.
თუმცა არა, უამრავი გაფრთხილების და პრეცედენტის მიუხედავად..... მაინც ჩადიან რუსეთში, მაინც ჩადიან ირანში და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ცუდი ამბავია ხორვატეთიდანაც: ოპოზიციის მხარდაჭერილმა Zoran Milanović (ჩ) კვლავ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. 74% მიიღო მაშინ, როდესაც Dragan Primorac-მა მხოლოდ 26%.
მილანოვიჩი NATO-ს კრიტიკოსი და უკრაინის მტერია.
ის ხშირად აკრიტიკებს პროუკრაინული პოზიციისთვის ხორვატეთის კონსერვატიულ მთავრობას Andrej Plenković-ის პრემიერობით.
ხორვატეთი საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა პუტინმა კიდევ ერთი „უნგრეთი“ და კიდევ ერთი „სლოვაკეთი“ მიიღოს ევროპაში. თუ ამ „ოპოზიციამ“ საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა. მით უმეტეს ასეთი უპირატესობით.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელებმა რამდენიმე ჩრდილო კორეელი დაქირავებული მებრძოლი აიყვანეს ტყვედ კურსკის რეგიონში და X-ზე გამოქვეყნებული პოსტით ჩრდილოკორეელ დიქტატორს Kim Jong Un შესთავაზა მათი გაცვლა უკრაინელ მებრძოლებში.
ანუ პუტინს კი არ შესთავაზა, არამედ კიმს შესთავაზა პუტინთან ამ თემაზე მოლაპარაკების დაწყება.
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის რამდენიმე აქტი უკვე შედგა ბოლო 2 წლის განმავლობაში.
პუტინმა მხოლოდ ისინი არ გაათავისუფლა, ვინც მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ტყვეები.
მაგრამ თუ ახლა საქმეში „კიმი“ ჩაერთვება, ეს ურთიერთობა „კორეულ“ განზომილებას შეიძენს, რაც კრემლისთვის დისკომფორტულია: ერთის მხრივ კორეელები პუტინს მხოლოდ „საზარბაზნე ხორცად“ სჭირდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ასე აშკარად ჩრდო კორეას უარსაც ვერ ეტყვის ოღონდ......თუ კიმის მართლა ჩაერთვება პროცესში. ჩრდილო კორეა ამერიკა და იტალია არ არის: თუ კიმმა არ დართო ნება, კორეელები ვერც იმას გაიგებენ, რომ მათი ჯარისკაცები ტყვედ არიან აყვანილნი და ვერც იმას, რომ კორეელი „მოხალისეები“ საერთოდ იმყოფებიან რუსეთში და ომში მონაწილეობენ.
ჩრდილო კორეის საფეხბურთო ნაკრების ბრაზილიასთან გამარჯვებას ზეიმობენ დღემდე, რაკი კორეის ტელევიზიამ ასე უამბოთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისტორიული მოვლენა: 2024 წელს, ჩინეთში, გაყიდული ახალი (!) ელექტრომობილების საერთო რიცხვმა გადააჭარბა იმავე პერიოდში გაყიდული კლასიკური „შიდა წვის ძრავიანი“ ავტომობილების ოდენობას.
ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეს ახალი თანაფარდობა „დადგა“.
სამომავლოდ (ოღონდ ჯერ არა, არამედ სამომავლოდ - საშუალოვადიან პერსპექტივაში) ეს შესაძლოა კატასტროფა აღმოჩნდეს მსოფლიოს ნავთობინდუსტრიისთვის, მათ შორის რასაკვირველია რუსეთისა და სხვა ნავთობმწარმოებელი სახელმწიფოებისთვის.
ჩინეთი იყო და არის ჯერაც ნავთობის ყველაზე დიდი მომხმარებელი.
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, დღე-ღამეში ნავთობის მოპოვება ჩინეთში გაიზარდა 10 მილიონი ბარელიდან - 16 მილიონ ბარელამდე.
გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი ძალიან მძლავრად ასუბსიდირებს ელექტროწარმოებას და სტრატეგიულად ეს გასაგებია იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი, თავად ჩინეთი არ არის ნავთომწარმოებელი ქვეყანა და მეორეც, ჩინეთის სტრატეგიული ბაზარი ევროპაა (და არა ამერიკა), ხოლო ევროპაში 2030 წლიდან იკრძალება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები.
არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიდოს, რაკი ევროპული ავტომრეწვი საშინლად აპროტესტებს, თუმცა ჯერ-ჯერობით „გადადების“ ნიშან-წყალი არ ჩანს.
გარდა ამისა, ისიც ანგარიშში ჩასაგდებია, რომ სწორედ ჩინეთში აქვს გადატანილი უდიდესი საწარმოები ილონ მასკს და ჩინეთია „ბაზისი“ მისი ბრენდისა Tesla.
მთლიანად ევროპა არა, მაგრამ ნორვეგიაში უკვე დღეს (!) ავტომობილების 90% (!!!) ელექტროქარია.
ეს მთლიანობაში მაინც სამომავლო თემაა.
დღეს ტენდენცია სხვაა: ახალმა ამერიკულმა სანქციებმა რუსული ნავთობმრეწვის წინააღმდეგ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები გაზარდა:
ორშაბათს დილით ეტალონური Brent (ეს ნავთობის სახეობა და კლასია ანუ უმაღლესი ხარისხის) (Reuters ცნობით) 1 ბარელი $81,44 ღირს.
ამერიკული West Texas Intermediate - $77,97.
რუსული დაბალხარისხიანი Urals – 70,41$