საერთაშორისო მიმოხილვა. 16 მაისი. 2024 წელი
კვლავაც ვადევნებთ თვალს პუტინის სახელმწიფო ვიზიტს ჩინეთში.
საოცრად მეტყველი ვიზიტია დასავლური, რუსული და ევროა-ტლანტიკური კულტურის თვალსაზრისით.
რედიარდ კიპლინგი გაგახსენდება ადამიანს: „აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი - დასავლეთია და ისინი არასდროს შეხვდებიან განკითხვის დღემდე“. (East is East and West is West and the two shall never meet until Judgment Day).
მაგალითად, ვნახოთ როგორ ინფორმაციას ავრცელებს ჩინური ოფიციოზი, ჩინეთის ოფიციალური სააგენტო „სინჰუია“ (ეს ფაქტობრივად სი ძინპინის პრეს-სამსახურია) პუტინისა და სი-ს შეხვედრის შესახებ: „ჟონგნაჰაიში, მენქსიას სეზონზე, მსუბუქი ნიავი უბერავს და წყალი ანათებს... ორი სახელმწიფოს მეთაურები საუბრობდნენ სეირნობისას.... ათვალიერებდნენ პავილიონებსა და კოშკებს და აღფრთოვანდნენ მათი სილამაზით“. შემდეგ ისინი „ისხდნენ წყალთან, ერთად სვამდნენ ჩაის და მშვიდ გარემოში დეტალურად განიხილავდნენ სტრატეგიულ საკითხებს“. ორი ლიდერის შეხვედრა ასე დასრულებულა: „ღამე ბნელდება და მთვარე მაინც კაშკაშებს..... სი ძინპინმა პუტინს ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა“. (ციტატის დასასრული და.....მეტი არაფერი).
გაიგეთ რამე? მე ვერაფერი გავიგე - ან რაზე ილაპარაკეს, ან რაზე მოილაპარაკეს ან რაზე ვერ მოილაპარაკეს....
გასაგებია, რომ დიპლომატია, მათ შორის დიპლომატიური ენა რთულია და ყველაფერს ვერ გამოაქვეყნებ, ბევრი რამ დახურულ კარს მიღმაა, თუმცა....მაინც....ძნელი წარმოსადგენია „თეთრი სახლის“ პრეს-სამსახურმა გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია რომელიმე მსოფლიო ლიდერთან ჯო ბაიდენის მოლაპარაკების შემდეგ: „ვაშინგტონში, პოტომაკის პირას.... მსუბუქი ნიავი უბერავს და მთვარე წყალს ანათებს... ორი სახელმწიფოს მეთაურები საუბრობდნენ სეირნობისას.... ათვალიერებდნენ შენობებს და წრუპავდნენ ჩაის“
ჯერ-ჯერობით, პეკინში პუტინის ვიზიტის არსებითი შედეგი ისაა, რომ როგორც ჩანს კრემლის ბინადარმა მიიღო „სი“-სგან წინასწარი ცალყბა დაპირება: ჩინეთი არ წავა შვეიცარიაში მაღალ დონეზე (! - ანუ მაღალი დონის წარმომადგენელს არ გააგზავნის) უკრაინისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე თუ......რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობს იმ კონფერენციაში.
აი ეს კი ნამდვიალდ პირდაპირ ითქვა: ჩინეთი მხოლოდ იმგვარი კონფერენციის მომხრეა, რომელშიც არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც მიიღებს მონაწილეობასო.
რამდენიმე დღის წინ გატყობინებდით, რომ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აკრძალა რუსეთიდან მცირედგამდიდრებული ურანის იმპორტი „გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვა წყარო არ არის“.
„მცირედგამდიდრებული“ ანუ „დაბალგამდიდრებული“ ურანი გამოიყენება ატომურ ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც ამერიკაში უამრავია.
ახლა კი ირკვევა, რომ თურმე (მე, მაგალითად ეს არ ვიცოდი-დ.) ამერიკას საკუთარ ტერიტორიაზე აქვს ურანის საბადოები და მთელი ამ წლების განმავლობაში ჰქონდა საშუალება ამერიკაშივე მოეპოვებინა ურანი, რათა შემდეგ ეს ნედლეული საკუთარ გამამდიდრებელ სისტემებში მიეყვანა საჭირო კონდიციამდე.
ასეთი სისტემები რომ გააჩნია ამერიკას, ყველამ ვიცოდით, რასაკვირველია: აბა ატომური მუხტებისთვის აუცილებელ დონემდე გამდიდრებულ ურანსაც კი არ ყიდულობდა რუსეთში - თავად „ამდიდრებდა“ 90%-მდე, რაც აუცილებელია ბირთვული იარაღის დასამზადებლად, მაგრამ აი ნედლეულიც რომ მოიპოვება ამერიკაში, ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული ამბავია.
როდესაც გუშინ აშშ კონგრესში ამერიკის ენერგეტიკის მინისტრს, ჯენიფერ გრენჰოლმს ჰკითხეს: „პრეზიდენტის აკრძალვის შემდეგ რომელი ქვეყნიდან აპირებთ ურანის იმპორტს - სამხრეთ აფრიკიდან? აფრიკის რომელიმე სხვა ქვეყნიდან? ნიგერიდან?“.....მან ბევრისთვის მოულოდნელად უპასუხა: „ურანის საბადოების მეტი რა გვაქვს ამერიკაში, მათ შორის ალასკაში....ეს პრობლემა საერთოდაც არ არსებობსო“.
მერედა, თუკი არ არსებობდა ეს პრობლემა და არ არსებობს, რად უნდოდათ რუსეთიდან ურანის იმპორტი, მით უმეტეს უკვე გამდიდრებული სახით? პასუხი ნათელია: ეს ეკოლოგიური თემაა და კრემლის დაფინანსებული „მწვანეები“ (ზოგჯერ ნაყიდები, ზოგჯერ ფანატიკოსები, ზოგჯერ ორივე ერთად) ახლა „ჩასაფრებული“ არიან, რათა ბაიდენს ამის გამო ომი გაუმართონ და მოსახლეობა დააშინონ.
თუმცა, ბაიდენმა მიიჩნია, რომ ეს „ნაკლები ბოროტება“ და „ნაკლები რისკია“, ვიდრე რუსეთის ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის გადახდა ამ აგრესიული ომის დროს.
ბაიდენის ბრძანებულებით, რასაც კონგრესი იმედია დაეთანხმება, ამერიკის ტერიტორიაზე (!) ურანის მოსაპოვებლად და შემდეგ მის გასამდიდრებლად იმ დონეზე, რაც ატომურ ენერგეტიკაში გამოსაყენებლადაა საკმარისი, გამოიყო $3,4 მილიარდი!
ანუ.....ამ კოლოსალური თანხით პუტინის ომს აფინანსებდა დღემდე ამერიკა?!!!
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენ ვწერდით, რომ უკრაინას „ცოცხალი ძალის“ პრობლემა აქვს.
თუმცა ამგვარი პრობლემა რუსეთსაც აქვს, როგორც ირკვევა...... აი ნიშანდობლივი ფაქტი: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში (პარლამენტში) ქალმა დეპუტატებმა დიდი ხნის წინ შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც სამხედრო მობილიზაცია (არა გაწვევა წელიწადში ორჯერ, არამედ მობილიზაცია, როგორც 2022 წლის სექტემბერში, რაც სხვაა) არ უნდა შეხებოდა „მრავალშვილიან მამებს“, რომლებსაც სამი შვილი მაინც ჰყავს.
თუმცა კრემლიდან მმართველ პარტიას „ედინაია როსსია“ შეუღრინეს: დარჩეს როგორც არის, ანუ 4 შვილის შემთხვევაში ითვლებოდეს მამაკაცი „მრავალშვილიანად“ და არა 3 შვილის ყოლისას - სამობილიზაციო რესურსს ნუ გვიმცირებთო.
ეს კარგი ნიშანია იმ მხრივ, რომ პუტინსაც აქვს „ცოცხალი ძალის“ პრობლემები მიუხედავად მისი მრავალმილიონიანი მოსახლეობისა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ უკრაინამ საკუთარი წარმოების (!) საჰაერო დრონებით მასირებულად შეუტია რუსულ ნოვოროსიისკს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ოჩამჩირესაც ნამდვილად მისწვდებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო ფაქტია: შრი ლანკამ ოფიციალური დელეგაცია გააგზავნა მოსკოვში, რათა გამოიძიოს უკრაინის ფრონტზე 16 გადამდგარი სამხედროს დაღუპვა.
ირკვევა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ათასობით შრი ლანკელი გაიტყუეს უკრაინის ფრონტზე თვეში სულ რაღაც 1500 დოლარად, რაკი იმ სახელმწიფოში მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისია.
ბუნებრივია, პუტინს ურჩევნია უკრაინაში „საზარბაზნე ხორცად“ შრი ლანკელები, პაპუასები, აფრიკელები აომოს და არა რუსები.
მით უმეტეს, რუსებსაც კი მეტი უნდა გადაუხადოს: დაახლოებით $3 000 - 4 000. შრი ლანკაში, ისევე როგორც ყველა სახელმწიფოში, ამგვარი რამ „ტრეფიკინგად“ ითვლება და ისჯება.
ყველა შრი-ლანკელი რუსეთში ჩადის ტურისტულად და მერე ხვდება ფრონტზე.
შეგახსენებთ: შრი ლანკა, ყოფილი ბრიტანული კუნძული „ცეილონი“, რომელიც XIX საუკუნეში ლონდონის უკიდეგანო იმპერიის „ბრილიანტად“ ითვლებოდა, ინდოსტანის ნახევარკუნძულის „წვეროსთან“ მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში.
ღარიბი სახელმწიფოა. მშიერი მოსახლეობით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გაეროში დიდი პოლიტიკური ომი და დიპლომატიური ინტრიგაა გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე, რომელიც „გენოციდად“ აცხადებს 1995 წლის მოვლენებს სრებრენიაცში, სადაც სერბმა ნაციონალისტებმა, იუგოსლავიის საზარელი ომის დროს, ასეულობით მუსლიმი დახოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ.
რუსეთი და, რასაკვირველია, თვით სერბეთი ამ რეზოლუციის წინააღმდეგნი არიან.
ოღონდ რუსეთი ამ რეზოლუციას ვერ დაბლოკავს, რადგან ლაპარაკია არა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, სადაც მოსკოვს ვეტოს უფლება აქვს, არამედ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე, სადაც ვეტოს უფლება არ მოქმედებს.
საინტერესოა, რით იმუქრება ამ შემთხვევაში მოსკოვი: „ჩვენც შემოვიტანთ რეზოლუციას, სადაც გერმანელებს დავადანაშაულებთ რუსი ხალხის გენოციდში მეორე მსოფლიო ომის დროსო“.
აქვე შევნიშნავ, რომ ისრაელი მუდამ, ყოველთვის, ყველგან წინააღმდეგია „გენოციდის“ ნებისმიერი რეზოლუციისა, რადგან ისრაელის სახელმწიფო პოლიტიკაა, რომ გენოციდი მხოლოდ ის იყო, რაც გერმანელმა ნაცისტებმა უყვეს ებრაელებს გასული საუკუნის 1930-იანი წლებიდან.
ისრაელში სომხების გენოციდსაც (1914 წელს - ოსმალეთში) სკეპტიკურად უყურებენ ამ მიზეზით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, სერგეი შამბამ (აფხაზ სეპარატისტთა ისტორიული ლიდერია) როგორც იქნა „მოჰფინა ნათელი“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას „გადადგომა/გადაყენების“ გარემოებებს.
ეს გადადგომა/გადაყენება რომ „უცხოელ აგენტთა კანონის“ მიღება-არმიღებას უკავშირდებოდა (აფხაზეთში ამ კანონის მთავარი ლობისტი სწორედ არძინბა იყო) შამბას არ უთქვამს, თუმცა ის კი თქვა, რომ არძინბამ, თურმე „თვითონ დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ“ ოღონდ......ოღონდ......მხოლოდ მას შემდეგ რაც აფხაზეთი დატოვა და მოსკოვში იმყოფებოდაო.
ანუ ჯერ გაიქცა მოსკოვში და მერე გამოაგზავნა ეტყობა ელექტრონული ფოსტით „განცხადება“ - ახალ სამუშაოზე გადასვლის გამო“.
ეს „ახალი სამუშაო“ კი.......რუსულ პროპაგანდისტულ არხზე პოლიტიკური თოლქ-შოუს წამყვანობაა.
ვერაფერს იტყვი ადამიანი: დიდებული „საგარეო საქმეთა მინისტრია“ ე.წ. „დამოუკიდებელი ქვეყნისა“
რეალურად არავითარი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა არ ყოფილა: ბუტაფორიად სჭირდებოდათ.
სინამდვილეში აფხაზური „საგარეოს“ ყველა განცხადებას იგივე შამბა წერდა.
ეს სერგეი შამბა აფხაზ სეპარატისტთა შორის განსაკუთრებული ეშმაკობით და გაქნილობით გამოირჩეოდა მუდამ.