სპირტი, როგორც გეოპოლიტიკური მატერია

სპირტი, როგორც გეოპოლიტიკური მატერია

    სპირტის კრიზისი, რომელიც აგვისტოში დაიწყო და, თავდაპირველად, ჩვეულებრივი სასაზღვრო დავის ხასიათი ჰქონდა მუდმივად «მოდავე» საბაჟო უწყებებს შორის, - ამჟამად უკვე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ფაქტორი გახდა.
    ამ ფაქტორის მოქმედების გამო გენერალი ნიკოლაევი საქართველოს საავიაციო დარტყმით დაემუქრა, შევარდნაძემ მოსკოვში წასვლაზე უარი განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი საპროტესტო ნოტა გაგზავნა მოსკოვში, ხოლო საქართველოს სამხედრო გზაზე საქმე ლამის შეიარაღებულ შეტაკებამდე მივიდა მას შემდეგ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა განაპირა პოსტი 500 მეტრით სამხრეთით ჩამოსწიეს ხეობაში და, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ.
    ერთი სიტყვით, «კაზუს ბელი» (ომის მიზეზი) უკვე არსებობს - სხვა პირობებსა და ვითარებაში ყოველივე ამას უეჭველად ომი მოჰყვებოდა ორ სახელმწიფოს შორის; თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, საბედნიეროდ, ინციდენტი ალბათ დემარშებითა და ნერვების წყვეტით ამოიწურება.
    ყველაზე საინტერესო მაინც იმ ხუთასმეტრიანი მონაკვეთის თაობაზე ატეხილი აურზაურია. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო «ინტერფაქსმა», რომლის გაიძვერა თანამშრომლები სრულყოფილად ფლობენ «ტყუილნარევი სიმართლის» ხელოვნებას, ოთხშაბათს გაავრცელა ცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მალხაზ კაკაბაძის «სენსაციური განცხადების» თაობაზე. ამ უკანასკნელმა, თითქოს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ «საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს რუსეთისადმი». ბუნებრივია, ქართველი დიპლომატი შლეგი უნდა ყოფილიყო - ასეთი რამ ეთქვა. სინამდვილეში, მალხაზ კაკაბაძემ უბრალოდ დაგმო რუსი მესაზღვრეების თავხედური ქმედება და მოითხოვა სასაზღვრო პოსტის დაბრუნება ზემო ლარსთან, სადაც იგი 22 აგვისტომდე იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, რუსეთსა და საქართველოს შორის დავა (გზის ამ მონაკვეთის გამო) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველო აპელირებს 1949 წლის დროინდელ რუკებზე, ხოლო რუსეთი - 1957 წლის რუკებს იშველიებს. ორმხრივმა კომისიამ, რომლის მიზანია საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია, ვლადიკავკაზში გამართულ შეხვედრაზე (1997 წლის ივნისში) დაადგინა: ეს ტერიტორია ჩაითვალოს ნეიტრალურ ზონად და მხარეებმა არ მოიმოქმედონ არაფერი, რაც დაარღვევს ამჟამინდელ სტატუს-კვოს.
    რუსეთმა ეს შეთანხმება ცალმხრივად დაარღვია, შემოიჭრა ნეიტრალურ ზოლში (რომელიც ქართულ მხარეს თავის ტერიტორიად მიაჩნდა) და «ხელსაყრელ» პოზიციებზე განალაგა საცეცხლე წერტილები.
    რუსეთის სასაზღვრო ძალების «კავკასიის განსაკუთრებული ოლქის» სარდალი, გენერალი ვლადიმერ რუზლაევი, რომელიც პარასკევს ყაზბეგში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ უკლებას, რუს მესაზღვრეთა მოქმედებას «გადაუდებელი აუცილებლობით» ხსნის - აქაოდა, «საზღვარზე იმდენად დაძაბული ვითარება შეიქმნა, მესაზღვრეები იძულებული გახდნენ, პოზიციები გაემაგრებინათ. ამაზე უკეთეს საცეცხლე წერტილს კი ვერ იპოვიდნენ - ამ ადგილას დარიალის ხეობა ისე ვიწროვდება, ორ შემხვედრ მანქანას უჭირს გავლა».
    მაგრამ ასეთი ლოგიკით კიდევ უფრო «ხელსაყრელი» პოზიციაა თვით ჯვრის უღელტეხილი (ვთქვათ, გუდაური). ბარემ ეს «საცეცხლე წერტილიც» დაეპყროთ რუსებს და ყოველმხრივ გარანტირებული იქნებოდნენ - მათ შორის, ჩრდილო ოსეთში კონტრაბანდული სპირტის შეტანისაგან. მიხეილ უკლებას სასახელოდ უნდა ითქვას: მან შეძლო რუზლიაევის დარწმუნება. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ საგუშაგოს ნეიტრალურ ზოლში (!) განლაგება ორმხრივი შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს 22 აგვისტომდე არსებული «სტატუს-კვოს» აღდგენას. რუზლიაევის თქმით, საგუშაგოს უკან დააბრუნებენ მაშინვე, როგორც კი «დაძაბულობა განიმუხტება». მაშასადამე, უნდა ველოდოთ, როდის მიიჩნევს «განმუხტულად» სიტუაციას გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევი - ალბათ მაშინ, როცა საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის საერთოდ აღარ იარსებებს.
    როგორც მოსალოდნელი იყო, ბორის ელცინმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი მესაზღვრეთა ქმედებას. ოღონდ მისთვის, ეს, უპირველეს ყოვლისა, «შიდაპოლიტიკური არგუმენტი» იყო. ყველაფერი, რაც არაყთან არის დაკავშირებული, რუსეთში უდიდეს რეზონანსს იწვევს. ამჯერადაც, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპირტის შეტანა რუსეთში შეიზღუდა, რათა არყის ვაჭრობით მიღებული შემოსავალი სახელმწიფოს ჯიბეში ხვდებოდეს და არა «საქმოსნებისა» - იგულისხმება არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ ჩრდილოეთ ოსეთის მმართველი «გალაზოვის კლანი», რომელიც დიდწილად იყო დამოკიდებული სწორედ არაყის წარმოებაზე.
    ამრიგად, საქართველო სპირტის სატრანზიტო ქვეყნად უკვე ვეღარ გამოდგება, - მამისონის უღელტეხილით «გაპარებული» რამდენიმე ტრაილერი საქმეს ვერ შველის, სამი მათგანი რუსებმა მაინც «დააპატიმრეს». როგორც ჩანს, რუსეთმა მიაღწია უმთავრესს - შელახა საქართველოს პრესტიჟი როგორც სატრანზიტო ქვეყნისა. ამ პრესტიჟის ზრდა კრემლში სერიოზულ ეჭვსა და უკმაყოფილებას იწვევდა. მით უმეტეს, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ საქართველო უსამართლოდ სარგებლობს პრივილეგიებით: იმავე სპირტის შეტანა ხომ ნოვოროსიისკის პორტითაც შეიძლება? მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, სპირტშიც არ არის საქმე - რაც უფრო შეილახება საქართველოს სატრანზიტო «იმიჯი» - მით უფრო გაძლიერდება რუსეთის პოზიციები ამიერკავკასიაში და, პირიქით, სპირტი ამ შემთხვევაში მხოლოდ საბაბია, ოღონდ ჭეშმარიტი მიზანი კარგად არის ამ საბაბით დაფარული და შენიღბული - ვერ შეედავები.
    საქართველოს შეუძლია მიიღოს საპასუხო ზომები: გარკვეულწილად შეზღუდოს რუსეთის სამხედრო კოლონების გადაადგილება საკუთარ ტერიტორიაზე და მიმართოს ისეთსავე სიმბოლურ დემარშებს, როგორიც იყო შევარდნაძის უარი მოსკოვში გამართულ დღესასწაულში მონაწილეობაზე. სხვა შესაძლებლობა, ჯერჯერობით, ქვეყანას არა აქვს.
   
   

აფხაზეთში «სამშვიდობო პროცესი» კულმინაციას უახლოვდება

    ორიოდე წლის წინ, ნებისმიერი კონტაქტი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებთან სენსაციად აღიქმებოდა. ყველას გვახსოვს, რა აურზაური გამოიწვია შევარდნაძის ჩაფრენამ გუდაუთაში ან მოლაპარაკებებმა (გაგრაში) ვლადისლავ არძინბას და ავთანდილ იოსელიანს შორის. მაგრამ ბოლო დროს შეხვედრები იმდენად ხშირად იმართება, რომ განსაკუთრებულ აჟიოტაჟს აღარ იწვევს. როგორც ჩანს, «სამშვიდობო პროცესმა» ისეთ სტადიას მიაღწია, როდესაც სეპარატისტთა ლიდერები ქართველ «კოლეგებთან» შეხვედრას «აფხაზეთის სუვერენიტეტის შელახვად» აღარ მიიჩნევენ. მოლაპარაკებათა ძირითადი საგანი კვლავინდებურად ის ყბადაღებული «პროტოკოლია», რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ათჯერ მაინც მომზადდა ხელმოსაწერად, მაგრამ აფხაზურმა მხარემ უკანასკნელ მომენტში ათჯერვე უარი განაცხადა ხელმოწერაზე.
    ეს «აფხაზური ტაქტიკაა» - იქმნება ილუზია იმისა, თითქოს ოფიციალური სოხუმი მზად არის კომპრომისზე წავიდეს; მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტზე, კამათი თითოეულ სიტყვაზე, შემდგომ კი, როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება, აფხაზები ხელს არ აწერენ უკვე ვიზირებულ შეთანხმებას. უკან დასახევი გზაც წინასწარ გათვალისწინებული აქვთ: «ჩვენ (აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას) ძალიან გვინდა, მოვაწეროთ ხელი, მაგრამ აფხაზეთის პარლამენტი ნებას არ გვრთავსო».
    ასეთი ხერხით ჩაშალეს ხელმოწერა 1995 წლის ივნისში - ახლაც იმავე ტაქტიკას მიმართავენ და ბოლო მომენტში უარს იტყვიან «პროტოკოლის» პარაფირებაზე. თუ, რასაკვირველია, დოკუმენტში არ იქნება გათვალისწინებული მხარეთა «თანასწორსუბიექტურობა». ამ პოზიციიდან აფხაზები იოტისოდენად უკან არ იხევენ და არც დაიხევენ. მათი აღშფოთება გამოიწვია სოხუმში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის «ახალმა წინადადებებმა», რომლებიც სწორედ «თანასწორსუბიექტურობას» არ ითვალისწინებდნენ და ეფუძნებოდნენ ბორის ელცინის ადრინდელ განცხადებას «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის» შესახებ.
    არძინბასათვის ეს წინადადება კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ მას არ სურს გაითვალისწინოს, რომ მისი პროექტი ასევე მიუღებელია შევარდნაძისათვის: თუ საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომლითაც დაფიქსირდება აფხაზეთისა და საქართველოს თანასწორსუბიექტურობა, ანუ ერთიანი კონსტიტუციური სივრცის არარსებობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, - პრეზიდენტი ამით დაარღვევს კონსტიტუციას და საბაბს მისცემს ოპოზიციას (მათ შორის, გარესაპარლამენტო ოპოზიციას), აღძრას მის წინააღმდეგ სარჩელი კონსტიტუციურ სასამართლოში იმპიჩმენტის მოთხოვნით.
    აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საპარლამენტო უმრავლესობისა და მმართველი პარტიის პოზიციას. თუმცა, ზოგიერთი ცნობით, ზურაბ ჟვანიას გუნდი «ოქმის» ხელმოწერის კატეგორიულად წინააღმდეგია.
    შეიძლება ითქვას, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიცია დააფიქსირა მამუკა გიორგაძემ, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: «თუ ჩვენს თაობას არ ძალუძს აფხაზეთის დაბრუნება, ისეთ დოკუმენტს მაინც ნუ მოვაწერთ ხელს, რომელიც მომავალ თაობებსაც წაართმევს ამის საშუალებას».
    რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, იგი დარწმუნებულია «ოქმის» უპერსპექტივობაში - აფხაზები (როგორც არაერთგზის მომხდარა) თავად მიიღებენ იმას რაც სურთ, ანუ დააფიქსირებენ თანასწორსუბიექტურობას, სამაგიეროდ, არ შეასრულებენ არც ერთ სხვა პუნქტს, არ დააბრუნებენ ლტოლვილებს და არ შექმნიან მათი უსაფრთხოების გარანტიებს; ანუ საქართველო კვლავ დარჩება «პირში ჩალაგამოვლებული».

რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა?

    მიუხედავად ზემოთქმულისა, ნამდვილად არის იმის ნიშნებიც, რომ ედუარდ შევარდნაძემ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, მოაწეროს ხელი «პროტოკოლს» და ამით დააფიქსიროს «საერთო სახელმწიფოს შექმნა».
    როგორც ჩანს, პრეზიდენტს აქვს იმედი ლტოლვილთა დიდი ნაწილის დაბრუნებისა გალისა და ოჩამჩირის რაიონებში. სწორედ ამისთვის მიდის იგი ძალიან დიდ რისკზე - ამ ოქმზე ხელისმოწერა ედუარდ შევარდნაძის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში; ამით საბოლოოდ დასრულდება «ბალანსირების» ეპოქა და გამოიკვეთება მყარი საგარეო-პოლიტიკური ორიენტირი - რუსეთი. ეს უკანასკნელი მიიღებს გეოპოლიტიკურ სარგებელს, ვინაიდან «საერთო სახელმწიფოს» მთლიანობის გარანტად იქცევა და ამ ბერკეტს ყოველთვის გამოიყენებს საქართველოში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ სჯერა საქართველოს ხელმძღვანელს «ოქმის» რეალურობისა, მაგრამ ეს შეიძლება მორიგი ხაფანგი აღმოჩნდეს.
    ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებაზე მეტყველებს... ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს განსახილველად. პროექტით თავდაცვის სამინისტროს გამოეყოფა სულ 70 მილიონი ლარი (დაახლოებით იმდენივე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს). ამით ვარდიკო ნადიბაიძე ძალზე უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად შესუსტდება. ედუარდ შევარდნაძე პასუხად შეიარაღებულ ძალთა შემცირებას სთავაზობს. მაშასადამე, სამხედრო ძალის გამოყენება მან უკვე საბოლოოდ გამორიცხა - წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კრიტიკულ მომენტში ჯარის შემცირებაზე არ ისაუბრებდა და არც სამხედრო საჭიროებისათვის გამოყოფილ თანხებს შეკვეცავდა.
    რჩება ორი ვარიანტი: ან ამჟამად არსებული მარაზმატული ვითარების შენარჩუნება, - სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაგრძელება და გაზაფხულზე გამოთქმული «რადიკალური განცხადებების» დეზავუირება (რაც ძლიერ შელახავს მთლიანად ხელისუფლების ავტორიტეტს) ან შემოთავაზებული ოქმის ხელმოწერა.

თენგიზ სიგუას 11 მილიონი დოლარი 11-ლარიანი პენსიიდან დაექვითება

    საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემების (აფხაზეთის საკითხის, თვითმმართველობის) განხილვის ფონზე, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ვაკის რაიონის სასამართლოს განაჩენი, რომლითაც საქართველოს ორგზის ექს-პრემიერ სიგუას მიესაჯა თერთმეტი მილიონი დოლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
    როგორც ცნობილია, 1992 წლის 14 თებერვალს (პროკურატურის მტკიცებით) იმდროინდელმა «დროებითმა» პრემიერ-მინისტრმა სიგუამ ერთ-ერთ ფირმას ნება დართო საქართველოდან გაეტანა ფერადი ლითონი (ალუმინი) და საბაჟო გადასახადი გადაეხადა 32-ჯერ შემცირებული კურსით. იმ პერიოდში საქართველო იმყოფებოდა რუბლის ზონაში, ამდენად, სავსებით ბუნებრივია, უნდა ეხელმძღვანელა რუსეთის ცენტრალური ბანკის ფიქსირებული კურსით, ვინაიდან ეს კურსი გამოხატავდა საბაზრო თანაფარდობას რუბლსა და დოლარს შორის მაშინ, როდესაც სსრკ ცენტრალური ბანკის მიერ 1991 წლის 30 დეკემბრისათვის დამტკიცებული კურსი თვენახევრის შემდეგ (1992 წლის 14 თებერვალს) უკვე არარეალური იყო.
    ამ ოპერაციის შედეგად, ზემოთხსენებულმა ფირმამ დიდძალი მოგება ნახა. პროკურატურამ თენგიზ სიგუას ქმედებაში სერიოზული კრიმინალი «ვერ აღმოაჩინა». ერთადერთი, რის გამოც შეეძლოთ პასუხისგებაში მიეცათ, «თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება» იყო, მაგრამ ამასაც ამნისტია შეეხო.
    სამაგიეროდ, სამოქალაქო სარჩელით, თენგიზ სიგუას დაეკისრა თერთმეტი მილიონი დოლარის გადახდა. ცოტა არ იყოს სასაცილოა, რომ ეს თანხა (როგორც ჩანს) სიგუას პენსიიდან დაექვითება.
    თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება სინამდვილეში არც ისე უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თენგიზ სიგუას და სოსო ცისკარიშვილს (იმდროინდელი მთავრობის წევრს) ამ გადაწყვეტილებით წაერთვათ საშუალება, აწარმოონ ნებისმიერი კომერციული საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან მცირე თანხაც კი, რომელიც მათ ანგარიშზე დაირიცხება, უმალვე ჩამოიწერება სახელმწიფოს სასარგებლოდ.
    ფაქტობრივად, თენგიზ სიგუასათვის ეს «სამოქალაქო იზოლაციის» ტოლფასია. საეჭვოა, ზემდგომმა სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალოს, ვინაიდან ფაქტი-ფაქტად რჩება: 1992 წლის 14 თებერვლისათვის არსებული სავალუტო კურსი ბევრად აღემატებოდა იმ კურსს, რომლითაც საბაჟო მოსაკრებელი იქნა გათვალისწინებული იაპონიაში ალუმინის გატანისას.

დილის გაზეთი, 15 სექტემბერი, 1997 წ.