რუსული კაპიტალი საქართველოს ზვერავს

რუსული კაპიტალი საქართველოს ზვერავს

  
   

        გუშინ დაწყებულ ბიზნეს-კონფერენციას, როგორც ყველა საზოგადოდ მნიშვნელოვან და რეზონანსულ ღონისძიებას საქართველოში, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართულმა მედიამ იგი გაცილებით ფართოდ გააშუქა (რაც ნიშანდობლივია), ვიდრე რუსულმა.

        არადა, თუ «ეკონომიურ ექსპანსიაზეა» საუბარი, აქ პარიტეტი ნამდვილად უნდა ყოფილიყო. ესოდენ სერიოზულ ღონისძიებას, იუმორი, შესაძლოა, არც უხდებოდეს, მაგრამ ბიზნეს-კონფერენციასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, მართლაც კომიკური ვითარება იქმნება.
    გარეშე დამკვირვებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, თითქოს, რუსი კაპიტალისტები გვეხვეწებიან, გვემუდარებიან, კალთებს გვახევენ, რათა მივიღოთ და შემოვუშვათ მათი კაპიტალი, ჩვენ კი წინააღმდეგი ვართ პოლიტიკური მოსაზრებებით, რათა «დამოუკიდებლობა არ დავთმოთ».
    აეადა, სინამდვილეში, თუ საკითხს უემოციოდ შევისწავლით, არაფერი განსაკუთრებული გუშინ არ მომხდარა. გრანდიოზული პროექტები არ გაფორმებულა, მილიარდობით დოლარი საქართველოში არ დაბანდებულა, მნიშვნელოვანი კონტრაქტები არ გაფორმებულა, საქართველოს ეკონომიკა რუსებს ხელთ არ უგდიათ და (თუ ინვესტიციებზეა საუბარი), როგორც ჩანს, არც აპირებენ მის «ხელში ჩაგდებას», ვინაიდან აუტკივარი თავის ატკივება და რისკზე წასვლა ნამდვილად არ ეპიტნავებათ.
    ერთ-ერთმა რუსმა ბიზნესმენმა პირდაპირ თქვა კიდეც, არავითარი ინვესტირება ჯერ არ მომხდარა და გასაცნობი შეხვედრიდან მეტს ნურც ელითო. იგულისხმება: ინვესტორს იქეთ ეხვეწებიან, რათა კაპიტალი დააბანდოს, ხოლო ნებისმიერ საუბარს «პოლიტიკური ექსპანსიის» შესახებ იგი აღიქვამს, როგორ პოლიტიკურ რისკს.
    შესაბამისად. საქართველო მაღალი საინვესტიციო რისკის ქვეყნად ითვლება და ეს არის სწორედ მთავარი მიზეზი იმისა, თი რატომ არ შემოდის ჩვენს ქვეყანაში რუსული (ან ფრანგული, თურქული, არგენტინული და ნებისმიერი სხვა) ინვესტიცია.
    დავაკვირდეთ ამ მხრივ საქართველოს რეალიებს: ერთადერთი მსხვილი კაპიტალდაბანდება არის რუსული სახელმწიფო კაპიტალი, ანუ იგივე «რაო-ეეს»-I, რომელშიც რუსეთის სახელმწიფო საკონტროლო პაკეტს ფლობს.
    მაშასადამე, არასახელმწიფო კაპიტალს მუდმივად ვაფრთხობთ ალარმისტული განცხადებებით «დაპყრობისა» და «ექსპანსიის» შესახებ და შემდეგ გვიკვირს, რატომ შემოდის ქვეყანაში მხოლოდ კრემლის მიერ კონტროლირებადი ინვესტიცია.
    სხვათა შორის, ამგვარი ვითარება ძალზე ხელსაყრელია იმავე კრემლისათვის, მისი ექსპანსიონისტური მიზნებიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩუბაისის «სახელმწიფო კაპიტალს» იგი, რა თქმა უნდა, ბევრად წარმატებით მართავს, ვიდრე სხვა ჯგუფების თუ ჰოლდინგების ეკონომიკურ და საინვესტიციო პოლიტიკას.
    ამიტომაც, გუშინ, მთელი ამ ხმაურიანი ღონისძიების ერთადერთი რეალური შედეგი იყო «ვნეშტორგბანკის» შემოსვლა «გაერთიანებული ქართული ბანკის» საწესდებო კაპიტალში, მაგრამ ამის თაობაზე მოლაპარაკება ბანკებს შორის უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს.
    სხვა ყველაფერი შემოიფარგლა «საქართველოსადმი ნოსტალგიის» დაკმაყოფილებით, «კაი სმა-ჭამით» და მომავალი თანამშრომლობის შეპირებით.
    აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი (სამწუხაროდ) იმისათვის, რათა ვისაუბროთ რუსული კაპიტალის «მასშტაბურ ექსპანსიაზე» საქართველოში, ამჟამად არა გვაქვს.
    ამის მთავარი მიზეზი კი, ისევ და ისევ, პოლიტიკური რისკებია. ჩვენში ხომ ნებისმიერი დიდი ინვესტიცია შეიძლება გამოცხადდეს «საქართველოს დაპყრობის მცდელობად», ხოლო კაფეებისა და საუნების მშენებლობით ეკონომიკური ვითარება ბევრად ვერ გამოსწორდება.
    კონფერენციაზე განხილული მიმართულებებიდან (ჭიათურა-ზესტაფონის კომპლექსი, სოფლის მეურნეობა, პორტები, ტელეკომუნიკაციები, რკინიგზა და ასე შემდეგ) _ უდავოდ ყველა პერსპექტიულია სინვესტიციო თვალსაზრისით, მაგრამ ამ დარგებში ნამდვილად თავისუფალ რუსულ ინვესტიციებს, ჯერ-ჯერობით, არ უნდა ველოდოთ, სანამ არსებობს «საზოგადოებრივი შეკვეთა» ნებისმიერი მსხვილი რუსული კაპიტალისადმი ხისტ პოზოციაზე.
    ბუნებრივია, კაპიტალი მოგებისაკენ ისწრაფვის,, თორემ, თუ ჩვენ გვინდა, მხოლოდ წამგებიანი და უვარგისი საწარმოები მივყიდოთ რუსებს, ხოლო «კარგი და მომგებიანი» ჩვენთვის, ან მხოლოდ ამერიკა-ევროპისთვის შემოვინახოთ, რუსები ასეთი გულუბრყვილონი ნამდვილად არ არიან, თვლა მათაც კარგად ისწავლეს ბოლო 10-15 წლის განმავლობაში.
    რაც შეეხება «თავისუფალ კაპიტალს», ჩუბაისისა და მილერის კაპიტალი «თავისუფლად» ნამდვილად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ასეთივე მიდგომა ნებისმიერი დიდი რუსული კაპიტალისადმი სრული გაუგებრობაა. ამ აზრით «თავისუფალი» (იგულისხმება «დამოუკიდებელი») კაპიტალი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ხოლო, თუ მხოლოდ საქეიფოდ ჩამოვიყვანეთ ეს მილეთის ხალხი რუსეთიდან _ კი, ბატონო, მადლობას გვეტყვიან, მაგრამ საქართველოსადმი ნოსტალგიის შემდგომ შემოტევამდე აღარ გავახსენდებით.
    ოღონდ, მაშინაც გაგვიხსენებენ მხოლოდ დროსტარებისთვის და არა ბიზნესის საკეთებლად. სამწუხაროდ, ყალიბდება სტერეოტიპი საქართველოს შესახებ (რასაც ხელს ვუწყობთ ყველა საკითხის გაუთავებელი პოლიტიზებით), რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეილება ჩახვიდე გასართობად და ილაპარაკო ყველაფერზე, ხელოვნებიდან _ სპორტამდე, კინემატოგრაფიიდან _ ფეხბურთამდე, პოლიტიკისა და ეკონომიკის გარდა.
    აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხსენებული «საზოგადოებრივი შეკვეთის» წყალობით, კვლავაც გვექნება საქმე ნამდვილად სახელმწიფო კაპიტალთან და არა იმ ინვესტიციებთან, რაც საქართველოს ეკონომიკის დამოუკიდებელ განვითარებას შეუწყობდა ხელს.
    თუ ეს დასკვნა არ არის სამართლიანი, მაშინ დავასახელოთ, თუნდაც, ესრთი რუსული ინვესტიცია, რაც მართლაც კაპიტალისტური ტენდენციით იქნებოდა განხორციელებული და კრემლის იმპერიალისტურ-ექსპანსიონისტური შეკვეთით არა

29 მაისი, შაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი