საერთაშორისო მიმოხილვა. 17 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 სექტემბერი. 2023 წელი

ზელენსკი სიტყვით გამოვა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასსაბლეას  სხდომაზე; პუტინი კი ნიუ იორკში ჩასვლას ვერ ბედავს. იმიტომ, რომ ნიუ იორკი ამერიკაა და მართალია აშშ არ შეერთებია რომის სტატუტს სისხლის სამართლის ჰააგას სასამართლოს შექმნის შესახებ (რომელმაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა პუტინის წინააღმდეგ) მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ეშინია. `რა იცი რა ხდება`

აგრეთვე ეშინია, რომ ამერიკელები შეარცხვენენ, თავსლაფს დაასხამენ `სამსოფლიოდ` და უბრალოდ....... ვიზას არ მისცემენ.  მართალია გაერო გარკვეული ექსტერიტორიულობით სარგებლობს, თუმცა ამერიკული ვიზას გარეშე იქ მაინც ვერ მოხვდები.

პუტინის ნაცვლად ნიუ იორკში საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი გამოვა სფიჩით.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან ცუდად ვითარდება მოვლენები უკრაინული ხორბლის ირგვლივ. პუტინის ქვეწარმავლური გეგმა მიზანს აღწევს: გუშინ, პოლონეთის (!) პრემიერ-მინისტრმა მორავეცკიმ განაცხადა, რომ არ დაემორჩილება ევროკავშირის გადაწყვეტილებას და არ გააუქმებს ემბარგოს უკრაინულ ხორბალზე, რაკი `ეს პოლონელი ფერმერების ინტერესშია`.

ანალოგიური განცხადებები (ალბათ შეთანხმებულად) გააკეთეს ასევე სლოვაკეთის და უნგრეთის მთავრობებმა.

მოკლედ შეგახსენებთ რაშია საქმე: რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირების პარალელურად, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რომლებიც ევროკავშირში ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირის ზეთის დიდი მწარმოებლები არიან, ევროკავშირს მოსთხოვეს და მიაღწიეს, რომ ევროკავშირს აეკრძალა უკრაინული ხორბლის, სიმინდისა და ზეთის იმპორტი;

ამან უკრაინელთა სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია: `ჩვენ ვომობთ, ვიბრძვით და თქვენ ამ დროს.......`

შესაბამისად, ევროკავშირმა (ბუნებრივია გერმანიის ლობირებით, რაკი გერმანია ევროპაში სამართლიანობის ფორპოსტად იქცა ნამდვილად) გააუქმა შეზღუდვა უკრაინულ პროდუქციაზე, რასაც ვარშავას, ბრატისლავას და ბუდაპეშტის ხსენებული რეაქცია მოჰყვა: არ დაგემორჩილებით, არ გვაინტერესებს რას გადაწყვეტს ევროკომისია.

პუტინი ამით მოგებულია, რადგან ძალიან სერიოზულად ირღვევა ევროკავშირის ფუძემდებლური დოკუმენტები: ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს არა აქვს უფლება დაბლოკოს ევროკავშირის გადაწყვეტილება იმ საკითხებში, რაც ბრიუსელის კომპეტენციასაა მიკუთვნებული. ანუ პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი აცხადებენ, რომ წესი, რომელიც მოქმედებს მთელს ევროკავშირში, არ იმოქმედებს მათ ტერიტორიაზე.

ეს ერთის მხრივ არღვევს ეკონომიკური სივრცის მთლიანობას და, მეორეს მხრივ, ემუქრება ევროპის პოლიტიკურ ერთიანობას.

მართლაც დიდი საჩუქარია პუტინისთვის. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უნგრეთი და პოლონეთი ისედაც `ფრონდირებდნენ` ბრიუსელს ბევრ საკითხში, რაც დემოკრატიულ ნორმებს განეკუთვნება.

პოლონეთი მაინც ცდილობს `დააბალანსოს` ეს გადაწყვეტილებები იმით, რომ გუშინდელი დღიდან აკრძალა რუსულნომრიანი ავტომობილების შესვლა პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული საავტომობილო ტრანზიტი ევროპაში დამთავრდა!

არადა რუს ნუვორიშებს ძალიანაც უყვარდათ ევროპაში ავტომობილებით სეირნობა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი Li Shangfu გაქრა!

უბრალოდ გაუჩინარდა და არავინ იცის სადაა.

ბუნებრივია, ბირთვული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის ასე მოულოდნელად და იდუმალად `აორთქლებამ`მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. აბა მთავრობებთან კონტრაქტებით დაკავშირებული Think tank-ები (თვით სპეცსამსახურთა ანალიტიკურ დეპარტამენტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მეტს კი არაფერს აკეთებენ: ჩინეთის თავდაცვის მინისტრი გაქრა და ჩინური ოფიციოზი კი კომენტარს არ აკეთებს -  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სფოუქსპერსონმა ბრიფინგზე განაცხადა (როცა ჰკითხეს მინისტრი სად არისო): `წარმოდგენა არა მაქვს, ან კი მე საიდან უნდა ვიცოდეო`.

ზოგიერთი ცნობით Li Shangfu დაპატიმრებულია. მანამდე, ასევე `გაქრნენ` ჩინეთის შეიარაღებულ ძალთა სტრატეგიული სარაკეტო და ბირთვულ ძალთა მეთაურები.

ზაფხულში  `აორთქლდა` ჩინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი Qin Gang.

ეს ყოველივე ადასტურებს, რომ ჩინეთის კომპარტიის შარშანდელი  XX ყრილობის წინ და განსაკუთრებით ამ ყრილობის შემდეგ, როცა ჩინეთის თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა) სი ძინპინმა გაიფორმა და განიმტკიცა შეუზღუდავი, ფაქტობრივად საიმპერატორო ძალაუფლება, ჩინურ ელიტებში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ფარული. თანაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.

ანალიტიკოსები ასკვნიან: თავდაცვის მინისტრისა და ორი ელიტური გენერლის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის  გაუჩინარება უკავშირდება როგორც მინიმუმ (უკეთეს შემთხვევაში) კორუფციულ საქმეებს ან ამგვარი საქმეების ხელოვნურად პროდუცირებას ძალაუფლებისთვის ბრძოლის პროცესში; ხოლო უარეს შემთხვევაში........აი ამ `უარესისა` ყველას ეშინია, რაკი ჩინეთი აფრიკული ნიგერი არ არის......უარეს შემთხვევაში, რაც მაინც ნაკლებსავარაუდოა, ჩინეთში გენერალთა ამბოხის ნიშნები იყო - სი ძინპინის ავტოკრატიული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით, დონალდ ტრამპი რჩება `რესპუბლიკელი ამომრჩევლის` უპირობო რჩეულად. მისი ნომინაცია `რესპუბლიკელთა` კონვენტზე ეჭვს არ იწვევს ისევე, როგორც ეჭვს არ იწვევს მანამდე პრაიმერიზში მისი გამარჯვება.

ამერიკის მედია-ფლაგმანები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპი თანდათან იქცა `გარესისტემურ` პოლიტიკურ ფენომენად, რომელიც `ებრძვის სისტემას`, თუმცა იყენებს ამ სისტემის ინსტრუმენტებს.

ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში მომხდარა, თუმცა ამერიკაში - არასოდეს.

ტრამპს მხოლოდ გააძლიერებს ის გარემოება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის შვილს, ჰანტერ ბაიდენს ბრალი წაუყენეს. ოღონდ არა `უკრაინული` კომპანია `ბურისმას` საქმეზე, არამედ მანიპულაციებზე იარაღის შეძენის დროს.

სოციოლოგიური გამოკითხვები ამერიკაში აბსოლუტურად შეუვალი პოლიტიკური ფენომენია, რომლის იგნორირებას ვერავინ შეძლებს. გარკვეული აზრით, ეს ინსტრუმენტი (სოციოლოგია როგორც ასეთი) ამერიკელების მოგონილია. შესაბამისად ამერიკულ ისტებლიშმენტს არანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოსაზრებებით არ შეუძლია მისი იგნორირება.

დიდ ბრიტანეთშიც კი და, ზოგადად, ევროპაში  `ელიტური თამაშები` Deep state-ის მონაწილეობით უფრო მეტადაა შესაძლებელი, ვიდრე ამერიკაში.

ოღონდ.....ოღონდ...... სულ სხვაა Realpolicy.

აშშ ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი BBC-სთან ინტერვიუში საინტერესოდ პასუხობს კითხვას: რას იტყვით იმაზე, რომ `რესპუბლიკელების ლიდერი, დონალდ ტრამპი (შეგახსენებთ, რომ კონდი თვითონაც რესპუბლიკელია) იმუქრება, უკრაინას დახმარებას შევუწყვეტო`

კონდი ღიმილით პასუხობს: `ახლა ეს განცხადება სუფთად წინასაარჩევნო რიტორიკაა და როცა ხელისუფლებაში მოვლენ ეს `იზოლაციონისტები`, სულ სხვაგვარად ილაპარაკებენ`.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვში საავტომობილო საცობები გახშირდა - აღნიშნავს NYT რეპორტიორი - მიზეზი ის გახდა, რომ რუსეთის დედაქალაქში ჩართულია `ანტიდრონული` რადარი, რაც რადიოელექტრონული ბრძოლის შემადგენელი კომპონენტია: ეშინიათ უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმისა.

შესაბამისად, რაკი ეს სისტემა ჩართულია, საავტომობილო-სანავიგაციო აპლიკაციები ვეღარ მუშაობენ და მოსკოველი მძღოლები საცობებში იჭედებიან. ამისთვის ლანძღავენ პუტინს.

ეს მეორე შედეგია უკრაინის `შემაწუხებელი` საჰაერო შეტევებისა მოსკოვზე: აეროპორტების პერიოდულ `გაშეშებასთან` ერთად.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ  საფრანგეთის ელჩი ნიგერში ფაქტობრივად მძევლად აიყვანა ქვეყნის მმართველმა სამხედრო ხუნტამ, რომელიც ძალაუფლებას სამხედრო გადატრიალების შედეგად დაეუფლა საფრანგეთის ამ ყოფილ კოლონიაში.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის საელჩო ბლოკადაშია და ელჩი, ასევე სხვა ფრანგი დიპლომატები სამხედრო `მშრალ პაკეტებს` მიირთმევენ.

შეგახსენებთ, რომ `სამხედრო მშრალი პაკეტი` არის დაკონსერვებული და შეფუთული ულუფა, რომელიც ჯარისკაცებს ხანგრძლივი ექსპედიციისას თან მიაქვთ ხოლმე. სსრკ-ს დროს `Сухой паёк` ეწოდებოდა.

მაკრონის განცხადება ადასტურებს, რომ ნიგერის გარშემო კვანძი ინასკვება და უსისხლოდ ძნელად თუ გაიხსნება.  უნდა `გაიკვეთოს` საფრანგეთისა და აფრიკის მოკავშირე სახელმწიფოების ჩარევით, რაც ძალიან აწყობს პუტინს.

პუტინისთვის ხელსაყრელია, თუ ევროკავშირის პოლიტიკურად (!) ლიდერი რეგიონული ზესახელმწიფო, - საფრანგეთი, - აფრიკაში დაკავდება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

სამწუხაროდ, ყაზახეთის ხელისუფლებამ საშუალება მისცა სეპარატისტული აფხაზეთის ტურიზმის მინისტრ თეიმურაზ ხიშბას, სიტყვით გამოსულიყო საერთაშორისო ფორუმზე ყაზახეთში. ელაპარაკა `დამოუკიდებელი აფხაზეთის` ტურისტულ მიმზიდველობაზე.  

 . . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო მარკეტინგი ამერიკულ სტილში: მას შემდეგ რაც ლეო მესი გადავიდა ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) კლუბ `ინტერ-მაიამი`- ში,  სტრიმინგული პლატფორმა Apple TV+ საფეხბურთო ტრანსლაციათა გამომწერების რიცხვი გაორმაგდა: 1 მილიონიდან - 2 მილიონამდე.

მესი პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომლის კონტრაქტი ითვალისწინებს წილს სტრიმინგის გამომწერთა რიცხვიდან;

ანუ, რაც უფრო მეტი გამოიწერს ამ აპლიკაციით მატჩებს ლიონელ მესის მონაწილეობით, მით მეტი იქნება ფეხბურთელის ჰონორარი.