საერთაშორისო მიმოხილვა. 17 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 სექტემბერი. 2024 წელი

გუშინ პუტინმა გამოსცა მორიგი ბრძანებულება რუსული არმიის ოდენობის გაზრდის შესახებ 180 000 სამხედრო მოსამსახურით.

შესაბამისად, რუსული არმიის სამხედრო (!) პერსონალი უნდა გაიზარდოს 1 მილიონ 500 ათასამდე.

მთლიანობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 2 მილიონზე მეტი ადამიანი მსახურობს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია; იმიტომ, რომ როდესაც 2022 წელს პუტინმა გამოსცა ბრძანებულება არმიის 130 000 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ, ამას მელევე  მოჰყვა მობილიზაცია!

თუმცა კრემლის ოფიციოზი დღეს დილიდან ჯიუტად აცხადებს: „მიუხედავად პუტინის ამ ახალი ბრძანებულებისა „მობილიზაცია არ იგეგმებაო“.

მათი არგუმენტი ისაა, რომ (როგორც ვწერდით) 300 000 კონტრაქტორი მოვიდა არმიაში, - რაღა საჭიროა მობილიზაციაო.

ანუ  რუსები ნებაყოფლობით მიდიან ჯარში და აფორმებენ კონტრაქტებს თვეში 4-5 ათასი დოლარის შემოსავლით.

თუმცა......სკეპტიკოსები, ვინც მაინც გამოთქვამს ეჭვს, რომ პუტინმა შესაძლოა გამოაცხადოს მობილიზაცია, ყურადღებას აქცევენ იმ ნიუანსს, რომ „მობილიზაციისას“ არმიას აქვს საშუალება გაიწვიოს სამხედრო სპეციალისტები, ხოლო „კონტრაქტის“ და მაღალი ხელფასის გასაფორმებლად მოდის ის კონტინგენტი, რომელმაც შესაძლოა ავტომატის ხელში დაჭერაც არ იცოდეს ხეირიანად, არათუ რთული სამხედრო სისტემების, ტანკების, ჯავშანმანქანების, თვითმავალი ქვემეხების, რაკეტების, დრონები მართვა და გამოყენება.

ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 2022 წლიდან რუსეთის ცოცხალი ძალის სამხედრო დანაკარგმა 610 000 შეადგინა.

ამას ამტკიცებს  არა რომელიმე ლონდონური ტაბლოიდი მერდოკის იმპერიიდან, არამედ თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც უძლიერესი სამხედრო დაზვერვა ჰყავს.

ოღონდ აქ არ იგულისხმება, რასაკვირველია, მხოლოდ დაღუპულები: „სამხედრო დანაკარგის“ ტერმინი არ გულისხმობს მხოლოდ დაღუპულებს: იგულისხმება მთლიანი დანაკარგი - დაჭრილების ჩათვლით.

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველაზე სახიფათო სამხედრო მოკავშირე უკრაინისთვის არის......ჩრდილო კორეა!

არა ირანი, არა ჩინეთი, არამედ ჩრდილო კორეა.

იმიტომ, რომ სწორედ ჩრდილო კორეა აწვდის რუსულ არმიას ყველაზე მეტ საარტილერიო ჭურვს და ყველაზე მეტ რაკეტას.

ამას რა შეიძლება ეშველოს არავინ იცის: ჩრდილო კორეის ე.წ. „სახელმწიფო“ არის „კოსმოსური შავი ხვრელი“ დედამიწაზე.

დღესაც ზეიმობენ, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია დაამარცხეს, რაკი ასე უთხრეს ტელევიზიით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

Bild აქვეყნებს საინტერესო ტექსტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ.

ირკვევა, რომ 2024 წლის ივლისისთვის, გერმანიამ კატარს (!) 100 მილიონ ევროდ მიჰყიდა გერმანული წარმოების ჰაუბიცები, თვითმავალი ქვემეხები RCH 155.

ამაში თითქოს განსაკუთრებული არც არაფერია: კატარი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა. მცირერიცხოვანი, თუმცა ძალიან კარგად შეიარაღებული არმია ჰყავს და ამერიკული ბაზებიც განლაგებულია მის ტერიტორიაზე.

ოღონდ ახალი გერმანული თვითმავალი ქვემეხების მიღებისთანავე, კატარმა უკრაინას გადასცა 24 ერთეული თვითმავალი ქვემეხი PzH 2 000.

ანუ ეს ერთგვარი „გაცვლა“ იყო, რადგან შესაძლოა ბერლინს პოლიტიკური მოსაზრებებით არ აძლევდა ხელს პირდაპირ გადაეცა ეს შორსმსროლელი იარაღი უკრაინისთვის. და ასეთ „ირიბ“ სქემას მიმართა.

ან მეორე მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ „ბუნდესვერს“ (გერმანიის არმიას) თავად სჭირდება იარაღი და იმდენი არა აქვს, საკუთარი რეზერვებიდან გასცეს.

Bild წერს, რომ გერმანიამ მეორე ადგილზეა (!!!) უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ოდენობით ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. 28 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას ბერლინმა პირდაპირი ან ამგვარი „ირიბი ხაზით“.

ეს მხოლოდ სამხედრო დახმარება.

აქ არ ითვლება ფინანსური დახმარება რაც გერმანიამ აღმოუჩინა უკრაინას პირდაპირ ან ევროკავშირის ხაზით.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უახლოეს მომავალში პრეზიდენტი ზელენსკი გეგმავს ჩავიდეს ვაშინგტონში რათა ბაიდენთან შეათანხმოს ობიექტების ნუსხა, რაც დაიბომბება ამერიკული და ბრიტანული იარაღით.

მართალია სახელმწიფო დეპარტამენტის სფოუქსპერსონმა მილერმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არა აქვს არანაირი News „ნებართვის“ შესახებ - უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში ობიექტთა დაბომბვის საკითხზე, თუმცა არც არავინ ელოდა, რომ ამაზე რაიმე ღია განცხადება გაკეთდებოდა მას შემდეგ, რაც „ოვალურ კაბინეტში“ იმსჯელეს აშშ პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა.

უკრაინა ამ თანხმობას აუცილებლად მიიღებს.

სულ მთლად ზუსტნი თუ ვიქნებით, უკრაინას უკვე მიღებული აქვს ვაშინგტონისგან თანხმობა დაბომბოს საზღვართან ახლოს (!) მდებარე რუსული სამხედრო ობიექტები და ეს ნუსხა შეთანხმებულია წინასწარ.

როგორც ჩანს ახლა ლაპარაკია, რომ ამ შეთანხმებულ (!) ობიექტთა ნუსხის გეოგრაფია გაიზარდოს - რუსეთის სიღრმისკენ.

არავინ დავობს, რომ არც ერთ შემთხვევაში ვაშინგტონი და ლონდონი არ დათანხმდებიან მათი იარაღით უკრაინის მიერ არანაირი ობიექტების დაბომბვას მოსკოვში, მოსკოვთან, პეტერბურგში ან პეტერბურგთან.

თუმცა ზელენსკი და უკრაინული გენერალიტეტი ამას არც მოითხოვენ: მათთვის საკმარისია თანხმობა შორს მდებარე რუსული აეროდრომების დაბომბვაზე, საიდანაც СУ-34 თვითმფრინავები ბომბავენ უკრაინის ქალაქებს „პლანირებადი“ 3 ტონიანი ბომბებით. ასევე სამხედრო საწყობებიs, ცოცხალი ძალის ბაზებიs და ა.შ.

ზელენსკი ყველანაირად მანიფესტირებს, რომ ის არ „გაჩუმდება“ თუ დასავლეთში გავლენიანი ძალები ან ხელისუფლებანი გააგრძელებენ პუტინთან „თამაშს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

Reuters-თან ინტერვიუში, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ დონბასზე უკრაინას ძალიან დიდი და მტკივნეული დანაკარგი აქვს ცოცხალ ძალაში ბოლო დროს.

მან დაასახელა მთავარი მიზეზი: დასავლეთი უკრაინას დაეხმარა რამდენიმე საშტურმო ბრიგადის გაწვრთნაში, მაგრამ ძალიან ნელა ეხმარება ამ ბრიგადების აღჭურვაში შესაბამისი შეიარაღებითო.

გამოდის, კარგად გაწვრთნილი უკრაინელი ჯარისკაცები იღუპებიან მასობრივად იმიტომ, რომ არა აქვთ საკმარისი ჯავშანმანქანები და არა აქვთ არტილერია.

ეს ინტერვიუ უკვე შენიშნეს თეთრ სახლში: აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკა ამუშავებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უკრაინისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . .. .

ყაზახეთის  პრეზიდენტმა ტოკაევმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტისას ასტანაში განაცხადა: „რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით „დაუმარცხებადია“ (???!!!) და დროა მასთან მშვიდობიანი მოლაპარაკება დაიწყოს ყველამო“.

რეალურად, ყაზახეთს ის აწუხებს, რომ მისი ნავთობის უდიდესი ნაწილი (90%) მსოფლიო ბაზრებზე რუსეთის ნავთობსადენებით გადის - ნოვოროსიისკამდე და მერე ტანკერებით.

არანაირი (ამასთან შესადარი!) ალტერნატივა ამ მხრივ ყაზახეთს სინამდვილეში არ გააჩნია.

ჩინეთის წყნარი ოკეანის პორტებამდე?

ძვირი გამოვა და ჩინეთიც მეტ წილს მოითხოვს - ფულის თვლა ჩინელებმა რომ ისწავლეს, ისეთი უნდა!

კასპიის ზღვის გავლით, ტანკერებით?....მოუხერხებელია მაინც.

შესაბამისად, ყაზახეთის პრეზიდენტის ეს განცხადება „პოლიტიკური კალკულაციის“ შედეგია: 2 წლის წინ, როცა დამხობას უპირებდნენ ყაზახები ნაზარბაევთან ერთად, ნამდვილად მიმართავდა ჩინეთს ან ყაზახეთს სამხედრო დახმარებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ეტყოდა უარს.

ამიტომაც არ უთხრა მოსკოვმა უარი სამხედრო დახმარებაზე, -  არმია გადაისროლა ყაზახეთში და ამბოხი ჩაახშო, მაგრამ....კასიმ ჟომარტ ტოკაევს იმდენად არ „უღირს“ უკრაინა, მის გამო შეიწუხოს ამდენად თავი, რომ რუსეთის გავლით 80 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება დააყენოს ეჭვქვეშ.

ზოგადად, ცენტრალური აზიის ელიტებმა „სოლიდარობის“ ღირებულება ისევე იციან და იმდენადვე უწყიან, როგორც ფორთოხალი „ესმით“ და „იციან“ ადამიანის მოშინაურებულმა მეგობრებმა.

. . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპზე მეორე სოციოპატის თავდასხმის შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი უკრაინას უჭერდა მხარს და „....ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სახიფათოა ცეცხლთან თამაშიო“.

ანუ კრემლის პროპაგანდისტები და ბინადარნი ახლა ფიქრობენ: „ეგება აქედან მაინც გამოდნეს რამეო“.

უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ დონალდ ტრამპის პუტინისთვის „სარგებლიანობის“ შესახებ  არანაირი გარანტია და მაღალი ალბათობა არ არსებობს: შესაძლოა ასეც მოხდეს და ისეც, რაკი ერთია რას ამბობს პოლიტიკოსი, როცა ოპოზიციაშია და ხელისუფლებისთვის იბრძვის და სულ სხვაა, როცა (თუკი) მოვა ხელისუფლებაში და სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება საკუთარი და გლობალური ელიტების მიმართ.

„საეჭვოა პუტინი ისეთი იდიოტი იყოს, ტრამპის „იმედი“ მართლა ჰქონდესო“ - წერს ბევრი მიმომხილველი….... უფრორე სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპი მას „ამრევად“ სჭირდება გათვლით: „ეგება სამოქალაქო ომი გამოდნეს ამერიკაში და ამით ხომ რუსეთს ეშველებაო“.