«პრეზიდენტი» კოკოითი(ს) «ერთობა»         ცხინვალის რეგიონი: არც ომი, არც მშვიდობა

«პრეზიდენტი» კოკოითი(ს) «ერთობა»         ცხინვალის რეგიონი: არც ომი, არც მშვიდობა

       
       

        გუშინ «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში», რომლის ნახევარს, საბედნიეროდ, საქართველოს ხელსუფლება, სულ უფრო მტკიცედ აკონტროლებს, ეგრეთ წოდებული, «პარლამენტის» არჩევნები გაიმართა. რასაც რუსულმა მედიამ და პოლიტიკურმა ბომონდმა, ლამის, საერთო რუსული და მთელი «დსთ»-სთვის მნიშვნელოვანი მოვლენის კვალიფიკაცია მიაკუთვნა..

        ეს არც არის გასაკვირი, რაკი აჭარაში განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ, რუსეთი ყოველნაირად ცდილობს მიაღწიოს საქართველოს სახელმწიფოებრივი უსუსურობის დემონსტრირებას, რათა ხელი შეუშალოს ქვეყნის წელში გამართვასა და აღორძინებას _ მისი საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდას. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში სეპარატული არჩევნების უპრობლემოდ ჩატარება, საქარტველოს დაფუძნებული «მეგობრობის», მათ შორის, ცხინვალში სტუმრად მყოფი კონსტანტინე ზატულინის აზრით, სწორედ ამგვარი დემონსტრაცია იქნებოდა.
        საბედნიეროდ, რუსული მედიის მხარდაჭერია მიუხედავად, ჩანაფიქრმა შედეგს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია. უპირველეს ყოვლისა, ლიახვისა და ფრონეს ხეობის ქართულმა მოსახლეობამ ამ ფსევდოარჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და ეს ფაქტი საერთაშორისო-სამართლებრივად დაფიქსირდა, რასაც დიდი დატვირთვა აქვს, რაკი ცხინვალის რეგიონის ქართული და ოსური მოსახლეობა, ეთნიკური სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთ ხალხად აღიქმება სამოქალაქო თვალსაზრისით, მაშასადამე, «სამხრეთ ოსეთის ხალხის» ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და სწორედ ასეთი ინტერპრეტაციით აღიქვეს ეს ფაქტი დასავლეთში. გარდა ამისა, სოფელ ქურთას ქართულმა პოლიციამ დააკავა და კარგა ხანს აყურყუტა ცხინვალის შესასვლელთან («საბუთების შემოწმების» საბაბით), ეგრეთ წოდებული, «საერთაშორისო დამკვირვებლები», რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სეპარატისტული რეგიონებიდან ჩამოვიდნენ _ «სამხრეთ ოსეთში». ამით, პირიქით, ქართულმა მხარემ მოახერხა იმის დემონსტრირება, რომ მის უნებართვოდ ცხინვალში ჩრდილოეთიდან ვერავინ შევა. სხვა გზა კი (დამოუკიდებელი რესპუბლიკის დედაქალაში შესასვლელად), უბრალოდ, არ არსებობს. რაც შეეხება «თვითგამოცხადებლი რესპუბლიკების» წარმომადგენლობებს, შიდა ქართლში ჩავიდნენ აფხაზეთის და დნესტრისპირეთის დელეგაციები. წელს ყარაბაღის წარგზავნილები (წინა წლებისაგან განსხვავებით) არ გამოჩენილან. როგორც ჩანს, პრეზიდენტ ალიევის განცხადებათა ფონზე, რომელიც სომხებს ახალი ომით ემუქრება, მათ გადაწყვიტეს, აუტკივარი თავი არ აეტკივებინათ. «არჩევნებს» არ გამოაკლდნენ, რასაკვირველია, ჩრდილოეთ ოსეთის ჩინოსნები, რომელთაც შიდა ქართლის ეს ნაწილი უკვე «დიდი ოსეთის» ნაწილად მიაჩნიათ. არჩევნები მიმდინარეობდა თვით ცხინვალის ხელისუფლებაში თავპირისმტვრევისა და შიდა დაპირისპირების პარალელურად.
        მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს საქართველოსთან მიმართებაში არავითარი წინააღმდეგობა და აზრთა სხვაობა არა აქვთ. _ დაპირისპირების ღია დემონსტრირება მაინც წამგებიანია და ზიანის მომტანია «სამხრეთ ოსეთის» ავტორირეტისათვის. ალბათ, ამითაც არის განპირობებული «პრეზიდენტ კოკითის» ისტერიული განცხადებები. ნიშანდობლივია, რომ აფხაზ სეპარატისტთა ხელმძღვანელები ბევრად უფრო თავდაჭერილები ჩანან, რადგან ნაკლებად არიან დარწმუნებულნი თავიანთ ძალებში. დეკორატიული «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» ხელმძღვანელი კი, თმების გლეჯითა და ტანისამოსის ხევით, ცდილობს მაღალი სტუმრების ყურადღების მიპყრობას.
        სეპარატისტების ლიდერი რეალობას კვლავ და კვლავ ვერ აღიქვამს, თორემ როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელმა ადამიანმა განაცხადოს, რომ იგი უარს ამბობს ევროკავშირის დახმარებაზე (ლაპარაკია, 3 მილიონ დოლარზე), რაკი ბრიუსელი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო «სამხრეთ ოსეთს» ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად აღიარებს?! მართალია, ქართული მხარე ამ დახმარებას კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთ ნიშნად აცხადებს, მაგრამ ეს უხერხულობა არაფერია იმ თავსლაფის დასხმასთან შედარებით, რაც კოკოითსა და მის კამარილიას ელის ევროკავშირსა და უკლებლივ ყველა ევროპულ ქვეყანაში. სადაც კი, სეპარატისტები «თავის გამოყოფას» გაბედავენ.
        ანალოგიური შიზოფრენიის გამოვლინებაა ახალგაზრდული ორგანიზაცია «კმარას» აქციების გამო გამომჟღავნებული მძვინვარედ მხდალი რეაქცია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ «კმარას» ცხინვალშიც, ისევე, როგორც ბათუმში, ნამდვილად შეუძლია ქართული საქმის გაკეთება.
        არჩევნებში კი, წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, გაიმარჯვებს პრეზიდენტ კოკოითის პარტია _ «ერთობა», რომელსაც ეს სახელი რუსეთის მმართველი პარტიის «პატივისცემით» დაარქვეს. მისი დევიზი კომენტარს ნამდვილად არ საჭიროებს: «ერთობა»: «შენი გზა _ რუსეთისკენ». ამ საკითხში ოს სეპარატისტებს აფხაზებზე მეტად შეურიგებელი პოზიცია აქვთ, თუმცა, თბილისში, რატომღაც, მიაჩნიათ, თითქოს, ცხინვალის კონფლიქტი უკვე გადაწყვეტილია და საჭიროა მხოლოდ «შერიგების» გაფორმება.

24 მაისი, ორშბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი