საერთაშორისო მიმოხილვა. 18 ოქტომბერი. 2023 წელი
საზარელი ტრაგედია მოხდა გუშინ ღაზაში: ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად ერთბაშად 500 ადამიანი დაიღუპა. თუმცა მსხვერპლი შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. ათასობით ადამიანი დაჭრილია.
ისრაელი უარყოფს, რომ საავადმყოფო მან დაბომბა და `ჰამასს` ადანაშაულებს. `ცახალმა` (ისრაელის არმიამ) განაცხადა, რომ საავადმყოფოს დაეცა `ისლამური ჯიჰადის` ნასროლი რაკეტა.
მივაქციოთ ყურადღება, რომ საავადმყოფო ღაზაში ბაპტისტურმა ეკლესიამ გახსნა.
ეს საშინელი ინციდენტი მოხდა სულ რამდენიმე საათით ადრე ისრაელში პრეზიდენტ ბაიდენის ჩასვლამდე.
ამ ვიზიტს მთელი მსოფლიო ელის, როგორც დიდი ომის თავიდან აცილების უკანასკნელ შანსს. თუმცა ანალიტიკოსები `მხრებს იჩეჩენ`: განა რა შეიძლება შესთავაზოს აშშ პრეზიდენტმა მეომარ მხარეებს ისეთი, რაც განვლილი 75 წლის მანძილზე არ გაჟღერებულა?
გამორიცხულია ისრაელი რაიმე არსებით კომპრომისზე წავიდეს მას შედეგ რაც `ჰამასმა` 1 400 ებრაელი მოკლა - პირველად `ჰოლოკოსტის` შემდეგ, რამაც ებრაელ ერს ძველი ჭრილობები `გაუხსნა`.
`ჰამასის` ფანატიკოსთა მხრიდან უკან დახევაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ `პალესტინის ავტონომიის` ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა, ასევე იორდანიის მეფემ უარი თქვეს ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რაც სრულებით მოსალოდნელი იყო.
როგორც ჩანს ბაიდენის ვიზიტის მისიაა, როგორმე `შეაკავოს` ისრაელი `რაღაც ჩარჩოებში` მაინც და რაც მთავარია, არ დაუშვას ირანის ლიდერობით ანტიისრაელური და ანტიდასავლური კოალიციის ჩამოყალიბება.
ეს სტრატეგიული ამოცანაა: მივაქციოთ ყურადღება, რომ გუშინ მალაიზიის და პაკისტანის ხელისუფლებებმაც დაგმეს ისრაელის მოქმედება.
პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი ისევე, როგორც ისრაელს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ დაგმო ისრაელის მხრიდან საავადმყოფოს დაბომბვა და მოუწოდა ისრაელს `დაიცვას ომის კანონები საპასუხო ოპერაციის განხორციელებისას`.
თუმცა მოგვიანებით ტრიუდოს პრეს-სამსახურმა დააზუსტა, რომ პრემიერ-მინისტრი ეყრდნობოდა ცნობებს ისრაელის მიერ საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ, რაც `ჯერ ვერიფიცირებული არ არის`.
ახლა მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს მძვინვარე საინფორმაციო ომი ამ ინციდენტის ირგვლივ: ვერიფიცირება შეუძლიათ კოსმოსური დაზვერვის სისტემებს, რომლებიც აქვთ ამერიკას, ჩინეთს, რუსეთს....
ამ ფაქტის დასაბუთებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ვიმეორებ: ისრაელის არმია კატეგორიულად უარყოფს და პასუხისმგებლობას აკისრებს არა `ჰამასს` არამედ მის `მონათესავე` ორგანიზაციას `ისლამური ჯიჰადი`, რომელმაც გაუშვა რაკეტა ისრაელის მიმართულებით; ეს რაკეტა კურსს ასცდა - მოხვდა საავადმყოფოს და მის გვერდით მდებარე იარაღის საწყობს.
ბოლო ცნობებით, დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმა მთლიანობაში 7 ოქტომბრიდან 3 000 ს გადააჭარბა. 11 000 დაჭრილია.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ (თავმჯდომარე თვითონ პუტინია) ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ღაზას საავადმყოფოზე დარტყმა `სამხედრო დანაშაულია` და ამისთვის პასუხს აგებს ამერიკა, რომელიც, თურმე, `იარაღს და ფულს აძლევს ისრაელს`.
ისრაელმა ამერიკას სთხოვა სასწრაფო ფინანსური დახმარება 10 მილიარდი დოლარის ოდენობით. თეთრი სახლი ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 მილიარდი დოლარის გადაცემას განიხილავს.
კონგრესის გარეშე ბაიდენის ადმინისტრაცია ვერც ერთ დოლარს ვერ გადასცემს ისრაელს. კონგრესში კი ამჟამად დიდი ომია `რესპუბლიკელებსა` და `დემოკრატებს` შორის ახალი სპიკერის არჩევის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ უკვე დაახლოებით 60 წლის მანძილზე, ამერიკა ყოველწლიურად ჩუქნის (დიახ, ჩუქნის - გრანტის სახით) ისრაელს 3 მილიარდ დოლარს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბაიდენის ვიზიტს ფონზე `ჩაიკარგა` გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვიზიტი ისრაელში.
შოლცის თვითმფრინავი თელ ავივის აეროპორტიდან ეგვიპტეში უნდა გაფრენილიყო, რომ აეროპორტი `ჰამასმა` დაბომბა.
ყველა რაკეტა ჩამოაგდო ისრაელის `რკინის გუმბათმა`, მაგრამ შოლცი სასწრაფოდ გამოიყვანეს თვითმფრინავიდან.
შემდეგ კი მას დაცვამ უბრძანა მიწაზე დაწოლილიყო. ასევე განერთხნენ ისრაელის მიწაზე გერმანული დელეგაციის სხვა წევრებიც და ეს კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკული შორსმწვდომი რაკეტები ATACMS უკრაინაშია!
ამ რაკეტებით უკრაინამ გუშინ დაბომბა რუსეთის სამხედრო აეროდრომები ლუგანსკსა და ბერდიანსკში.
9 რუსული საბრძოლო ვერტმფრენი განადგურებულია.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ სწორედ ATACMS გამოიყენეს.
ანუ....მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა ვაშინგტონი თითქოს ყოყმანობდა, გადაეცა თუ არა ეს შორსმწვდომი რაკეტები უკრაინისთვის, სინამდვილეში რაკეტები უკვე მიჰქონდათ უკრაინისკენ და ფრონტზე პოზიციებს, ასევე სამიზნეებს აზუსტებდნენ.
ამერიკას ადრეც არაერთხელ გამოუყენებია ეს `ტექნოლოგია`: იარაღის მიწოდებას არ ადასტურებენ და საწინააღმდეგო შთაბეჭდილებასაც კი უქმნიან რუსებს მანამ, სანამ იარაღი ადგილზე არ ჩავა და ფრონტის ხაზზე არ განლაგდება.
ვაშინგტონში ამერიკის ელჩმა, გენერალმა (!) ანტონოვმა განაცხადა, რომ ამ რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის `უდიდესი შეცდომაა`, რაც ამერიაკს შეასძლოა ძვირად დაუჯდეს.
ATACMS წვდომის სიშორე 300 კილომეტრიდან 900 კილომეტრამდეა. გააჩნია, რომელი მოდიფიკაცია მიიღო უკრაინამ.
თუმცა ფრონტის სიღრმეში მტრის აეროდრომების დაბომბვა უკვე თავისთავად მეტყველი ფაქტია. იგულისხმება, რომ ამერიკა უკრაინას ამ იარაღს აწვდის მკაცრი პირობით: არ გამოიყენონ იგი უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვის და პეტერბურგის დასაბომბად. ოღონდ....ყირიმი რუსეთის ტერიტორია არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა, ჩინეთში ყოფნისას, პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდა`პატივი სცეს სხვა ქვეყნებს`.
თავისთავად ტრაგი-კომედიაა, რომ ამას ამბობს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც `პატივს სცემს` კი არა, მეზობელ ქვეყნებს იპყრობს.
პუტინის კომენტარი მოჰყვა ბაიდენის ინტერვიუს CBC-თვის, სადაც აშშ პრეზიდენტმა განაცხადა: `წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა ამერიკა და ევროპა ერთად `დაწნეხავს` პუტინს`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
შვედეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გუშინ, რომ ბალტიის ზღვაში უცნაურად დაზიანდა საკომუნიკაციო კაბელი, რომელიც შვედეთს აკავშირებდა ესტონეთთან.
მანამდე, 7 ოქტომბერს ასევე `უცნაურად` დაზიანდა გაზსადენი, რომელიც სკანდინავიას აკავშირებდა იმავე ესტონეთთან და ბალტიის სხვა ქვეყნებთან.
აღნიშნავენ, რომ ავარიის მომენტში იმ რაიონში მოძრაობა ჩინური გემი ჰონკონგის დროშით.
ორი ასეთი ინციდენტი `შემთხვევით` შეუძლებელია. ორ სხვადასხვა კომუნიკაციაზე.....ალბათობის თეორიაც კი გამორიცხავს ამგვარ `დამთხვევებს`
რამდენიმე წლის წინ პუტინმა მიიღო სამხედრო დოქტრინა, რომელიც გულისხმობს მცირე ზომის წყალქვეშა ნავების (მათ შორის დრონების) განვითარებას ტრანსატლანტიკური და სხვა საზღვაო კომუნიკაციების დასაზიანებლად ომის დროს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა კაჩინსკების პარტიას `სამართალი და სამართლიანობა` დაავალებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო - 35,4%
მმართველ პარტიას, თეორიულად შეუძლია ჩამოაყალიბოს კოალიცია თუ მოილაპარაკებს `მესამე ძალასთან`(14,4%) და უკიდურესად მემარჯვენე `კონფედერაციასთან` (7,2%). მაგრამ.....საქმე ისაა, რომ `მესამე ძალას` ბევრად მეტად აძლევს ხელს შევიდეს კოალიციაში დონალდ ტუსკის `სამოქალაქო პლატფორმასთან` (30,7%) და `ახალ მემარცხენეებთან` (8,6%), რადგან ამ კოალიციაში შეიძლება მეტი პორტფელი მიიღოს მინისტრთა კაბინეტში.
შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ `სამართალი და სამართლიანობა` ანუ მათი პრემიერ-მინისტრი მორავეცკი და კაჩინსკი ვერ შეძლებენ კოალიციის ჩამოყალიბებას და პრეზიდენტი დუდა უკვე მეორე ადგილზე გასულ `პლატფორმას` დაავალებს ახალი მთავრობის შექმნას.
ისევ და ისევ მივაქცევ თქვენს ყურადღებას იმ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რომ დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ამ არჩევნებზე ოპოზიციის წარმატება განაპირობა მმართველი პარტიის მეტისმეტად კონსერვატიულმა და `საეკლესიო` დამოკიდებულებამ ფემინისტური პრობლემატიკისადმი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტებს აქვთ `მულტიპლიკაციის` ეფექტი...... თითქოსდა ერთმანეთისგან დიდად დაშორებულ რეგიონებში
ისრაელში მძვინვარე ომის და უკრაინის ომის პარალელურად, მწვავდება სიტუაცია შორეულ აღმოსავლეთში: ფილიპინებმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის `სახიფათო მანევრებს` შესაძლოა სამხედრო შეტაკება და ომი მოჰყვეს.
რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინურმა ხომალდმა გზა გადაუღობა ფილიპინურ სამხედრო გემს კუნძულ ტიიტუსთან.
ზღვის ეს ნაწილი სადავოა ფილიპინებსა და ჩინეთს შორის.
ბევრი რამ ამ `გლობალურ მულტიპლიკაციაში` იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შესწევს უნარი ამერიკას, ერთდროულად განახორციელოს რამდენიმე რეგიონული კონფლიქტის მონიტორინგი და მოდერირება.
აქ ინიციატორი აშკარად ჩინეთია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ამერიკის ხსენებულ უნარს `ტესტავს`.