საპრეზიდენტო განხეთქილება

საპრეზიდენტო განხეთქილება

 ოთხშაბათს დილით, როდესაც ჟურნალისტებმა პირველად შენიშნეს მთავრობის საიტზე პრემიერის ბრძანებულება ირაკლი ალასანიას დაქვეითების შესახებ, ნამდვილად პროფესიული კითხვა ის უნდა ყოფილიყო, თუ როდის გაჩნდა იქ ეს ინფორმაცია: ეკა კვესიტაძის „აქცენტებში“ ალასანიას განცხადების შემდეგ თუ მანამდე? არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ბევრ ნიუანსს მოჰფენდა ნათელს.
    აქ ის კი არ არის საინტერესო, როდის მიიღო ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრის „ჩამოლაბორანტების“ გადაწყვეტილება, არამედ როდის მიიჩნია საჭიროდ ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნება: მას შემდეგ ხომ არა, რაც ირაკლიმ „საზოგადოებრივის“ ეთერში მედიდური ტონით განაცხადა, რომ „მძიმე და უხერხული საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან“ საპრეზიდენტო თემატიკაზე.
    ოთხშაბათს დილიდანვე, როგორც თვით ალასანია, ასევე მისი თანაპარტიელები გვიმტკიცებდნენ, თითქოს აქ რაიმე უთანხმოებაზე კი არ არის საუბარი, არამედ თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებაზე ვიცე-პრემიერის მოვალეობისაგან, რათა მას „თავისი ძირითადი საქმის უკეთ შესასრულებლად მეტი დრო ჰქონდეს“. თვით „თავისუფალ დემოკრატთა“ ლიდერის თქმით კი, გადაწყვეტილება მას და პრემიერს „ერთობლივად მიუღიათ“ და, საერთოდ, არანაირი პრობლემა არ არის.
    კი მაგრამ გვაბრმავებთ? თუ გვაყრუებთ?
    სინამდვილეში, ვიცე-პრემიერის რანგი (!) ირაკლი ალასანიას რამე დამატებით ფუნქციებს კი არ აკისრებდა, არამედ იმ დარგის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, რომელსაც იგი მესვეურობს მთავრობაში. ისევე, როგორც ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის ვიცე-პრემიერობა სულაც არ გულისხმობს, რომ იგი განათლებისა და სპორტის პრობლემატიკით უნდა დაკავდეს, არამედ მხოლოდ ენერგეტიკული დარგის პრიორიტეტულობას ადასტურებს. გარდა ამისა, გაუგებარია, რა იგულისხმება „ერთობლივ გადაწყვეტილებაში“: ეს გადაწყვეტილება სწორედ იმ „მძიმე და უხერხული საუბრის“ დროს იყო მიღებული? თუ მანამდე ან შემდეგ? თუ პრობლემა არ არის, მაშინ საუბარი მძიმე და უხერხული რატომღა იყო?

საბედნიეროდ, ყველა ამ გაურკვევლობას თვით ბიძინა ივანიშვილმა დაუსვა წერტილი, როდესაც დავოსის ფორუმზე ყოფნისას განაცხადა: გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლების შესახებ იმის გამო მივიღე, რომ იგი პარტიულ წრეში საკუთარ საპრეზიდენტო გეგმებს განიხილავდაო. ანუ, ეს იყო არა უბრალოდ „ძირითადი მოვალეობის უკეთ შესრულების“ უზრუნველყოფა, არამედ სასჯელი, - „მისი ადგილის მიჩენა“ და პრემიერის მხრიდან ალასანიასადმი ნდობი შემცირების საჯარო დემონსტრაცია.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მეორეს მხრივ, პრემიერის ამ განცხადებამ გაურკვევლობა კი მოხსნა, მაგრამ გაუგებრობა გააჩინა: რას ნიშნავს „საპრეზიდენტო გეგმებს პარტიულ წრეში განიხილავდა?“ აბა სად უნდა განეხილა და რატომ არ ჰქონდა უფლება ემსჯელა ამაზე, თუკი, მაგალითად GORBI-ს მონაცემებით, ირაკლი ალასანია რამდენჯერმე უსწრებს ორ სხვა პოტენციურად სერიოზულ კანდიდატს: ნინო ბურჯანაძეს და ვანო მერაბიშვილს?
    პრობლემის არსიც სწორედ ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილს აშკარად არ სურს „კოჰაბიტაცია“ არა მხოლოდ მიშა სააკაშვილთან, არამედ ნებისმიერ სხვა პრეზიდენტთან! პრემიერ-მინისტრს, როგორც ჩანს, კარგად ესმის, რომ ყველა საუბარი, თითქოს საყოველთაო სახალხო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტი „გუდურა“ იქნება, რაკი ვითომდაც „ახალი კონსტიტუციით არანაირი უფლებები არ გააჩნია“ - ცრუპენტელობაა და სხვა არაფერი!
    ჯერ ერთი, იმ ცვლილებების შესაბამისად, რაც ძალაში ოქტომბრის შემდეგ შევა, სახელმწიფოს მეთაურს არც თუ მცირე ბერკეტები რჩება. გარდა ამისა, საქართველოს პირობებში, -ჩვენი პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციის გათვალისწინებით, - საყოველთაო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტი მაინც ძალიან ძლიერი და გავლენიანი ფიგურა იქნება. მით უმეტეს, თუ ამ პოსტს არა მეცნიერი-კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, არამედ რომელიმე სერიოზული და თვითკმარი პოლიტიკოსი დაეუფლება.
    აქედან მომდინარეობს სწორედ პრემიერის აშკარა სურვილი (რასაც „რესპუბლიკელები“ აჟღერებენ) რომ პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩიოს, ხოლო ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, მისივე ფრაზეოლოგიით, აღარ იყოს „ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გასული ოქტომბრის საპარლამენტო“.
    აქ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტიც იხსნება როგორც იქნა: მისთვის ოქტომბრის გამარჯვება ემოციურად იმდენად ძვირფასია, რომ ღირებულებით ხასიათს იძენს და ნამდვილად არ სურს ეს ღირებულება „გადაფაროს“ რომელიმე სხვა მოვლენამ. არადა, საყოველთაო-სახალხო არჩევნები „მოსაწყენი“ საქართველოში ვერაფრით იქნება. ისევე, როგორც ამ წესით არჩეული პრეზიდენტი არ გამოდგება „გუდურად“.
    გარდა ამისა, მწარედ ცდება ის (მათ შორის თვით ალასანიაც), ვისაც ჰგონია, რომ ბესო სურმავას მიერ ნაკისრი ცნობილი ჩანაწერი „აუუუუუ.....მე რა ვქნა მე . . . . .“ ბიძინა ივანიშვილისთვის არაფერს ნიშნავს. როგორ გეკადრებათ! თავდაცვის მინისტრად ანუ ხელქვეითად კიდევ მოითმენდა ამის მთქმელს, მაგრამ პრეზიდენტად? გამორიცხულია!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ეს დაპირისპირება რომ კარგა ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, ბიძინა ივანივილის წინა განცხადება ადასტურებს, რომელიც მან ირმა ინაშვილთან ინტერვიუში გააჟღერა: „მე მათ გარეშც წარმატებული ვიყავი და იმათ კი ჩემს გარეშე რას მიაღწიესო?“
    სავსებით ლოგიკური კითხვაა, მაგრამ პასუხი და პასუხიდან გამომდინარე დასკვნა, სრულიად სამართლიანი და კორექტულიც რომ იყოს, პოლიტიკურ რეალიებს არ შეესაბამება: სინამდვილეში, ემოციებს აყოლილი ბიძინა ივანიშვილი ძალიან სახიფათო თამაშს იწყებს იმ პირობებში, როდესაც აპარატულ ინტრიგებში არც ისე დახელოვნებულია, როგორც ოდესღაც ედუარდ შევარდნაძე, და არც ისეთი უპირობო გავლენა აქვს კოალიციაში, როგორც მიშას ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2004 წელს, როდესაც „ბურჯანაძე-დემოკრატები“ „გადაყლაპა“.
    უკვე სავსებით შესაძლებელია, ამ დაპირისპირებით (რასაც ხალხი „ერთმანეთის ჭამად“ აღიქვამს) საბოლოოდ სწორედ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისარგებლოს, ანუ ხელსაყრელ მომენტში მთავრობაც გარეკოს და პარლამენტიც. ამჟამად მიშა ჩასაფრებულია და მხოლოდ იმას ფიქრობს, როდის გამოვიდეს საფარიდან: დღესვე რომ მოხსნას ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობიდან (დავაკვირდეთ: პრემიერისგან განსხვავებით, მას ჯერ კიდევ აქვს ამის უფლება) ეს უფრო ხელსაყრელი იქნება „ნაციონალებისთვის“ თუ დაელოდოს, სანამ „ესენი საბოლოოდ დაჭამენ ერთმანეთს?“
    საინტერესოა, როგორ აპირებს ივანიშვილი არათუ საკონსტიტუციო, არამედ აბსოლუტური უმრავლესობის შენარჩუნებას პარლამენტში - „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდაჭერის გარეშე? ან როგორ შეძლებს სიტუაციის მართვას მთავრობაში, სადაც იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრები ალასანაის კადრები არიან?
    როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს გულწრფელად ეგონა, რომ ბრწყინვალე წარმატებები ბიზნესში პოლიტიკური ტექნოლოგიის იოლად ათვისებასაც გულისხმობს. სინამდვილეში, სირთულით პოლიტიკა ბიზნესისგან ისევე განსხვავდება, როგორც ჭადრაკი - ჯოკერისგან.

2013