საერთაშორისო მიმოხილვა. 19 სექტემბერი. 2022 წელი
აფხაზი ბანდიტი, ახრა ავიძბა დონბასისა და რუსეთის საზღვართან დააკავეს და რუსეთში არ შეუშვეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ეს საინტერესო ინფორმაციაა, რადგან ახრა ავიძბა ბოლო დროს ერთის მხრივ დონბასზე იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჯანიას აკრიტიკებს ბიჭვინთის პუტინისთვის გადაცემის მცდელობისთვის.
ახრა ავიძბა ამის გამო `პრეზიდენტ ბჟანიას` ემუქრება, რომ მაინც დაბრუნდება აფხაზეთში და მერე..... ასლან ბჟანიას პასუხს მოსთხოვს.
მდგომარეობის `პიკანტურობას` ამწვავებს ის გარემოება, რომ ასლან ბჟანია სწორედ ბანდიტმა ავიძბამ მოიყვანა ხელისუფლებაში, როცა მისი წინამორბედი `პრეზიდენტი ჰაჯიმბა` დაამხო მას შემდეგ, რაც იმან `არ გამოიძია ახრა ავიძბას ნათესავი კანონიერი ქურდის მკვლელობა სოხუმის ცენტრში`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში დაიწყო დიდი დისკუსია თემაზე `რატომ უნდა ვიყოთ პუტინის მადლიერნი`....
ირკვევა, რომ ყოველწლიურად რუსეთი აფხაზეთს ურიცხავს 5 მილიარდ რუბლს ე.წ. `ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის`, კიდევ 5 მილიარდ რუბლს უხდის აფხაზეთის საბიუჯეტო ორგანიზაციებს, 10 მილიარდის საკვები აფხაზეთს სწორედ რუსეთიდან შემოაქვს.
ანუ 100%-ით რუსეთზე არიან დამოკიდებულნი და მაინც იმედი აქვთ, ამ ზეწოლას გაუძლებენ და ბიჭვინთას პუტინს არ გადასცემენ.
ისევე, როგორც არ შეასრულებენ პუტინის სხვა მოთხოვნებსაც: ორმაგი მოქალაქეობა (და არა მეორე მოქალაქეობა) რითაც ნებისმიერ რუსს მიეცემა აფხაზეთში იგივე უფლებები რაც აფხაზებს აქვთ რუსეთში. ესე იგი ექნება მიწის თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის უფლება. ასევე ენგურჰესი, მთელი ენერგეტიკა, დიდი სახელმწიფო საწარმოები, მათ შორის საკალმახე მეურნეობები, ყველაზე კარგ ადგილას მდებარე სანატორიუმები და....არის კიდევ ერთი არადეკლარირებული მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება ახალი ათონის მონასტერს.
რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მოითხოვს, რომ ეს მონასტერი რუსულ ეკლესიას გადაეცეს და იქ წინამძღვარი მოსკოვის საპატრიარქომ დანიშნოს. აფხაზები კატეგორიულ უარს ამბობენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსი შოვინისტი, სერგეი ბაბურინი (არც კი ვიცოდი თუ კიდევ ცოცხალი იყო), რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა 30 წლის წინ აფხაზეთის საქართველოსაგან მოგლეჯასა და აფხაზეთის ანექსიაში, ახლა აცხადებს, რომ საქართველოსთან რუსეთი უნდა შერიგდეს, ხოლო საქართველო, აფხაზეთი და `სამხრეთ ოსეთი` რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდნენო.
ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება ანტიქართველმა ბაბურინმა იმ ფონზე გააკეთა, რაც ახლა აფხაზეთში ხდება. იქ არ წყდება გამოსვლები და პროტესტები ბიჭვინთის `გაყიდვის` თაობაზე.
სოხუმში ყოველ დღე ეწყობა ახალგაზრდობის მსვლელობები სლოგანით `ხარახპიცუნდა` ანუ `გადაარჩინე პიცუნდა` ან `დაიცავი პიცუნდა`.
ეს დემონსტრაციები მზარდ უკმაყოფილებას იწვევს მოსკოვში.
მაგრამ არანაკლებ საგულისხმოა, რომ ბობოქარი რეაქციაა თვით აფხაზურ საზოგადოებაში, რომელიც ცხოვრობს ეთიკური კოდექსით `აფსუარა` და ამ კოდექსის თანახმად ახალგაზრდები, ისევე როგორც ქალები, ნაკლები სოციალური სტატუსით სარგებლობენ, ხოლო მათი აქტიურობა პოლიტიკურ საკითხებზე, ან ისეთ საკითხებზე, რაც `დიდების` კომპეტენციაში შედის, არანორმალურად ითვლება.
სტუდენტური მოძრაობა აფხაზეთში `ლეგიტიმური` იყო მხოლოდ გასული საუკუნის 1970-იან წლებში, როცა აფხაზეთის იმდროინდელი კომუნისტური ხელისუფლება იყენებდა მას ანქტიქართული მიზნებით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის ომზე საუბრისას, აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის მხარდაჭერაში ისე შორს წავა, რამდენადაც საჭირო იქნება უკრაინის გამარჯვებისთვისო.
ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა ამერიკულ ელიტებში ცხარე დისკუსიაა, მიაწოდონ თუ არა უკრაინსი არმიას შორსმსროლელი რაკეტები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროკავშირის წევრი უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი სულ უფრო პარანოიდულ განცხადებებს აკეთებს: უკრაინაში ომი 2030 წლამდე გაგრძელდება, უკრაინა თავისი ტერიტორიის ნახევარს დაკარგავს და 2030 წლამდე ევროკავშირიც დაიშლება, ხოლო 2040 წლისთვის მაჰმადიანები ევროპელთა უმრავლესობა იქნებაო.
და ამას ამბობს ევროპული სახელმწიფოს ლიდერი?!!!
ასეთი განწყობა (!) რომ აქვს, იმ ლიდერს (ვინც უამრავჯერ აირჩიეს უნგრელებმა დემოკრატიულ არჩევნებზე) და მის ქვეყანასაც......ევროკავშირში რატომ აჩერებენ? იგი ხომ არა უბრალოდ აკრიტიკებს ამით ევროკავშირს, არამედ მის მიმართ განწყობასაც გამოხატავს!
მართალია თავის დროზე შლიმანმა, ადენაუერმა, დე გოლმა ევროკავშირი შექმნეს, როგორც `სამშობლოთა ერთობა`, მაგრამ ევროპის პატრიოტობაც ხომ უნდა არსებობდეს? და ორბანის ამ განცხადებებს რაიმენაირად ეტყობა, რომ არათუ `ევროპის პატრიოტია`, არამედ თუნდაც გული შესტკივა ევროპაზე?
რა შოვინისტური და ქსენოფობიური განცხადებაა ეს, რომ 2040 წლისთვის ევროპელთა უმრავლესობა მაჰმადიანი იქნება? საიდან მოიტანა ამგვარი სისულელე? მოსკოვის მიერ ფარულად დაფინანსებული ყველაზე ბნელი მემარჯვენე პოპულისტური, ფაშისტური ჯგუფების ნარატივია ევროპაში.
ეს ადამიანი ევროპის სერიოზული პრობლემა ხდება, ევროკავშირს კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ამგვარი ანტიევროპელობა დასაჯოს. არადა, საკმარისია ოდნავ შეუზღუდოს უნგრეთს ის ბენეფიტი, რასაც ევროკავშირის წევრობით იღებენ და ორბანს აღარავინ აღარ აირჩევს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ირანში პროტესტებია 22 წლის ირანელი ქალის, მახსი ამინის დაღუპვის გამო: ქალი მეტროდან გამოსვლისას დააკავა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა ერთ-ერთმა განყოფილებამ იმის გამო, რომ თურმე ქალს ჰიჯაბი არ ეცვა სწორად: მთლიანად არ ფარავდა თმებს. ქალი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარეს სპეციალური ძალადობრივი გაკვეთილი `თუ როგორ უნდა ეცვას ქალს ჰიჯაბი სწორად, რომ მამაკაცებმა მისი თმები არ დაინახონ`.
ამ `გაკვეთილის დროს ქალი დაისტრესა, დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა.
ეს არ არის გასაკვირი ქვეყანაში, სადაც ქალებს საჯაროდ ქვებით ქოლავენ ადიულტერის ან ვითომ ადიულტერის გამო.
მისმა გარდაცვალებამ ბობოქარი პროტესტი გამოიწვია მთელს ირანში, სადაც არსებობენ ლიბერალურად ან შედარებით ლიბერალურად განწყობილი სოციალური ფენები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რა ატმოსფერო სუფევს ამჟამად რუსეთში, ამაზე მეტყველებს ცნობილი რუსების განცხადებები და პოზიციები უკრაინელი ერის გენოციდის დროს.
რუსული საზოგადოება პირველ ეტაპზე სამოქალაქო დაპირისპირების დონეს უახლოვდება და შემდეგ მოსალოდნელია ეს წითელი ხაზიც გადაილახოს, რაც უფრო გაჭიანურდება ომი უკრაინაში.
მაგალითად, ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრე ტიხონოვმა (ბიატლონი) განაცხადა, რომ ბიატლონისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია რუსი ბიატლონისტების დისკრიმინაციას ცდილობს, როცა შეჯიბრებებზე არ უშვებს.
არ უშვებს, რადგან ბიატლონი რუსეთში მჭიდროდაა დაკავშირებული რუსულ არმიასთან. სპორტის ამ სახეობას კურირებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ტიხონოვის თქმით, ევროპაში წელს თოვლი არ მოვა, შეჯიბრებებს ვერ გამართავენ და `მუხლებზე მოფორთხდებიან რუსეთთან, შეგვეხვეწებიან - ჩვენთან არ მოთოვა, თქვენ თოვლის მეტი რა გაქვთ, ეგება შეჯიბრი გაგვამართვინოთო`.
აი ამ დონეზე აზროვნებენ, არადა რომც დავიჯეროთ, ევროპაში თოვლი არ მოვა და ეკოლოგიური კატასტროფა მოხდება, არც შვედეთში არ მოვა თოვლი? არც ფინეთში? არც ნორვეგიაში? ესენი ხომ რუსეთზე არანაკლებ `ბიატლონური` ქვეყნები არიან, სადაც ასევე ძალიან პოპულარულია (ფანტასტიურად პოპულარულია) ბიატლონი?
ტიხონოვი იმასაც ამატებს, უკრაინაზე ვიძიოთ შური დაბომბვებით, რაკი ბიატლონისტთა საერთაშორის ფედერაცია რუსებს გვჩაგრავსო.
მეორეს მხრივ, რუსულ შოვინისტურ საზოგადოებაში მძვინვარე რეაქცია გამოიწვია ალლა პუგაჩოვას განცხადებამ: `თუკი ჩემი ქმარი `უცხოელ აგენტად ` გამოაცხადეთ, მეც შემიყვანეთ მაშინ უცხოელი აგენტების სიაშიო.
ამავე დროს, მსოფლიო მედია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ მოსკოვის, პეტერბურგის, სხვა ქალაქების მუნიციპალურ საბჭოთა დეპუტატების ნაწილმა პუტინის გადადგომა მოითხოვა.
ამაზე აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ ისინი არჩეულები არიან (!) და არა დანიშნულები, ესე იგი რუსი ხალხის გარკვეული ნაწილის პოზიციას გამოხატავენ.
ეს კარგის ნიშანია, მაგრამ მხოლოდ ნიშანია ჯერ-ჯერობით: შავბნელი მასა ანუ შავბნელი მილიონები, ათეულობით მილიონი, ასზე მეტი მილიონი ჯერ კიდევ პუტინს უჭერს მხარს.
სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ყველამ ვიცით ბოლო დროს უკრაინელთა წარმატებული შეტევის შესახებ; ასევე ამის შესახებ ყველამ იცის დასაველთში, მაგრამ.....რუსების უმრავლესობამ ამის თაობაზე არაფერიც არ აიცის: საერთონაციონალური არხები ამაზე მას არაფერს ეუბნებიან. სოციალური ქსელით კი ინფორმაციას მოსახლეობის მცირე ნაწილი იღებს - აბსოლუტური უმრავლესობისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო კვლავინდებურად ტელევიზორია.
«Дождь» და «Настоящее время« რუსეთში `უცხოელ აგენტებად` არიან გამოცხადებული და აკრძალულია.