ჰააგის სასამართლოში არძინბას ჯერ არ ელიან

ჰააგის სასამართლოში არძინბას ჯერ არ ელიან

        რამდენიმე დღის წინ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება სავსებით რეალურია, ხოლო მათი ჩამდენნი, შეიძლება წარდგნენ სასამართლოს წინაშე ისევე, როგორც მილოშევიჩი და ბალკანეთის ომის მონაწილე მრავალი გენერალი თუ პოლიტიკური მოღვაწე.
        ამ განცხადებამ, როგორც ყოველთვის, ჩვენში დიდი აჟიოტაჟი გაომიწვია: არიქა, გვეშველა არძინბას მალე დააკავებენ და ასე შემდეგ.
        სინამდვილეში საქმე აქ ბევრად რთულად არის და (მით უმეტეს) ეიფორიისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დავიწყოთ იმით, რაც მკითხველთა დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი იქნება: თუ ჰააგის სასამართლო მართლაც დაიწყებს აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას, ამ გამოძიებას კონკრეტული ხასიათი ექნება და ტყუილად გვგონია, თითქოს სასამართლოს წინაშე მხოლოდ აფხაზი სამხედროები წარდგებიან, ხოლო ქართველებს -–თავზე ხელს გადაუსვამენ. საბოლოოდ ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა, საერთაშორისო სამართლისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც საქმე კონკრეტულ ფაქტებს ეხება.
        სწორედ ამიტომ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგნენ არა მარტო სერბი გენერლები, არამედ ხორვატი და ბოსნიელი (მუსლიმი) სამხედროებიც. კონკრეტული ფაქტების განხილვისას მათ სულაც არ უშველა იმ ფაქტმა, რომ, მთლიანობაში მაინც, თავს იცავდნენ სერბი ნაცისტების აგრესიისა და გენოციდისაგან.
        ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა არა მხოლოდ რადკო მლადიჩს (დაუსწრებლად), არამედ ხორვატ გენერლებს, ვინც ხორვატიის მიწა-წყალი სერბი ოკუპანტებისაგან გაწმინდა, ან ხომ არ გვგონია, თუ საქმე ჰააგის სასამართლომდე მივიდა, აფხაზი სეპარატისტები გულხელდაკრეფილნი იქნებიან და იქ თავიანთი პოზიციის დამადასტურებელ დოკუმენტებს არ გააგზავნიან?
        რასაკვირველია, ქართული მხარის უმთავრესი არგუმენტი იქნება ეთნოწმენდა და ქართული მოსახლეობის გამოძევება, მაგრამ, აი, კიდევ ერთი საოცარი, გამაოგნებელი ფაქტი: 1994 წელს, საქართველოს მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთში გააგზავნა «ფაქტების დამდგენი მისია», რომელმაც ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ (დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია) ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინა!!! საერთაშორისო სამართლის თანახმად, «ეთნიკურ წმენდად» მიიჩნევა მოსახლეობის გამოქცევა მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალასთან უშუალოდ კონტაქტის შემდეგ: თუ უშუალოდ შინ შეუვარდებიან და გააძევებენ.
        ამ იდიოტური ლოგიკით გამოდის, თუ მოსახლეობამ აფსუა ნაცისტთა გენოციდის შიშით, ჯერ კიდევ «უშუალო კონტაქტამდე» დატოვა სახლი სოხუმში, ოჩამჩირესა თუ გალში - ეს ეთნოწმენდად ვერ ჩაითვლება...
        ამგვარი რამ არც არის გასაკვირი, ეგრეთ წოდებული, «საერთაშორისო სამართალი» ხომ დიდ სახელმწიფოთა კომპრომისის შედეგია და სხვა არაფერი, ისევე როგორც, უკლებლივ ყველა საერთაშორისო ორგანო და ინსტიტუტი. ჰააგაში ბალკანეთის ომის მონაწილეთა გასამართლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ ერთი, დასავლეთი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებით და ამ რეგიონის დასავლურ სისტემებში ინტეგრირებით, გარდა ამისა, არსებობდა გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე ისტორიული რეზოლუცია (სწორედ მათ საფუძველზე მოქმედებდა და მოქმედებს ჰააგის სასამართლო), რომელსაც რუსეთმა ვეტო არ დაადო (1992-1995 წლებში) სწორედ იმ პირობით, რომ დასავლეთი რეალურად არ ჩაერეოდა მისი გეოპოლიტიკური სივრცის საქმეებში და შესაბამის კონფლიქტებშიც (აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ყარაბაღი და ასე შემდეგ) თუ თვით რუსეთი უზრუნველყოფდა იქ ცეცხლის შეწყვეტას.
        შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ჰააგის სასამართლომ ხელი მოჰკიდოს აფხაზეთის პრობლემას, მაშინ ამისთვის აუცილებელია ჯერ ერთი, დასავლეთი ასევე სისხლხორცეულად დაინტერესდეს აფხაზეთის საკითხით და გაერომ მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია «ეთნოწმენდის აღიარებით». აი, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ეთნოწმენდის კვალიფიცირებას მაშინ, როდესაც ეუთოს დოკუმენტებში ანალოგიური ჩანაწერის გაკეთებას ხელს არ უშლის, ვინაიდან ეუთოს რეზოლუცია შესაბამის სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისგან განსხვავებით.
        რომც წარმოვიდგინოთ არარეალური და გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო ასეთი რეზოლუცია, გამოაცხადა აფხაზური რეჟიმი «კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენად», (რაც სავსებით სამართლიანი შეფასება იქნება) მთავარ პრობლემად აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური სუვერენიტეტის გავრცელება იქნება. სლობოდან მილოშევიჩი (არძინბაზე არანაკლებ ძაღლთაპირი) და მისი გენერლები სწორედ იმიტომ წარდგნენ სასამართლოს წინაშე, რომ დასავლეთმა დაამარცხა სერბეთი და, ფაქტობრივად, კაპიტულაციაზე მოაწერინა ხელი. თუ სერბები თავად არ დააპატიმრებდნენ, მას დასავლური «სპეცნაზი» აიყვანდა.
        ვიდრე ამგვარი ვითარება არ შეიქმნება, არძინბა-ჯერგენია-შამბას ხროვა, რა თქმა უნდა, თავისი ნებით არ გამოცხადდება ჰააგაში სასამართლოს წინაშე წარსადგომად.

დილის გაზეთი, 8 თებერვალი, 2003 წელი